რას იწვევს პარვოვირუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს პარვოვირუსი

- როგორ ვლინდება დაავადება?

- დაავადება იწყება ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი სამ ეტაპად ჩნდება. თავდაპირველად თავს იჩენს ლოყების მკვეთრი სიწითლე - ალიყურის სინდრომი. ამის შემდეგ ტანსა და კიდურებზე ჩნდება წითელი, ლაქოვანი გამონაყარი. მცირე ზომის ელემენტები დიდდება და ერთმანეთს უერთდება. არის შემთხვევები, როცა ტანზე გამონაყარი ასწრებს სახეზე გამონაყარს. ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანი ფერმკრთალი რჩება. ცხვირის ზურგისა და ლოყების სიწითლე ქმნის პეპლის ფრთების სურათს. ასეთი სურათი წითელი მგლურას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ზოგჯერ - პირველსავე დღეს, ზოგჯერ - მეორე დღეს გამონაყარი მთელ ტანსა და კიდურებს მოედება. გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს, რაც ქმნის ერითემისთვის დამახასიათებელ სურათს. თან სდევს ზომიერი ქავილი. გამონაყარი გასტანს 2-დან 34 დღემდე. აქერცვლა (როგორც ქუნთრუშას) არ ახასიათებს. პერიოდულად შესაძლოა თავი იჩინოს გამონაყარის რეციდივმა, რომლის პროვოცირებას ახდენს გადაღლა, სტრესი, ცხელი აბაზანა და სხვა. მოზრდილები უჩივიან საერთო მდგომარეობის გაუარესებას, თავის ტკივილს, რინიტს (სურდოს), ფარინგიტს (ყელის ტკივილს, სიწითლეს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას. პარვოვირუსით გამოწვეული დაავადება უმეტესად თავისთავად იკურნება და არც ნარჩენ მოვლენებს ტოვებს, იშვიათად კი რამდენიმე თვე გრძელდება. ამ დროს რევმატოიდული ფაქტორიც (სპეციფიკური ცილაა) დადებითია. ერითემის მიმდინარეობა შესაძლოა დაამძიმოს სხვა, თანაარსებულმა დაავადებამ. მაგალითად, ქრონიკული ჰემოლიზური პრობლემების (სისხლის სისტემის დაავადებების) მქონე ავადმყოფებში პარვოვირუსი ბ19 იწვევს ერითროციტების ტრანზიტულ აპლაზიურ კრიზს, რაც ჰემოგლობინის დონის მკვეთრი დაცემით ვლინდება. ამ დროს შეინიშნება ცხელება, ძილად მივარდნა, ციანოზი, სიფითრე, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება. გამონაყარი იშვიათია. შესაძლოა განვითარდეს ტკივილით მიმდინარე ვაზოკონსტრიქციული კრიზი (სისხლძარღვების შევიწროება). ასეთივე მოვლენები გვხვდება ჰემოლიზით (წითელი სისხლის დაშლით) მიმდინარე დაავადებების - ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის, მემკვიდრეობითი სფეროციტოზისა და სხვათა - დროს. კიდევ ერთი გართულებაა ართროპათია. უმეტესად დიდი სახსრები ზიანდება, თუმცა არც ყველა სახსრის ჩართვაა გამორიცხული. იმუნიტეტდაქვეითებულ ავადმყოფებში დაავადებამ შესაძლოა ქრონიკული სახე მიიღოს.

- არსებობს თუ არა დაავადების თანდაყოლილი ფორმა?

- თუ დედას ორსულობის დროს, განსაკუთრებით - მის პირველ ნახევარში, შეხვდა ეს ინფექცია, ასიდან 5 შემთხვევაში ნაყოფს წყალმანკი ემუქრება. მისი დაღუპვაც კია მოსალოდნელი. თანდაყოლილი მანკები აღწერილი არ არის.

- ლაბორატორიული კვლევის რომელ მეთოდებს იყენებენ დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- იმისთვის, რომ ინფექციური ერითემა სხვა დაავადებაში არ აგვერიოს, საჭიროა მისი დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორებიც არის წითურა, ენტეროვირუსული ეგზანთემა, წითელას ატიპური, მსუბუქი ფორმა, წითელი მგლურა და მედიკამენტური ალერგია. ყველა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ინფექციური ერითემისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. გარეგნული ნიშნების შეფასების შემდეგ დიაგნოზის დასადასტურებლად ინიშნება სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა სისხლში ანტი-ბ19 Iგმ ანტივირუსების არსებობის დასადგენად, ასევე - პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) ვირუსის დნმ-ს გამოსავლენად.

- როგორ მკურნალობენ ავადმყოფ ბავშვს?

- დაავადება სპეციალურ თერაპიას არ მოითხოვს. მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია ანუ მიმართულია დაავადების ცალკეულ გამოვლინებათა - ქავილის, თავის ტკივილის, სურდოს, ყელის ტკივილის - წინააღმდეგ.

- საშიშია თუ არა ავადმყოფი სხვა ბავშვებისთვის?

- ავადმყოფი ბავშვი გადამდებია მხოლოდ გამონაყარის წინა პერიოდში და მაშინაც - სუსტად. ასე რომ, თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გამონაყარის გაჩენის შემდეგ ბაღში, სკოლაში მისი წაყვანა შეიძლება. პარვოვირუსით დაავადებული ბავშვი იმდენად სხვას არ უქმნის საფრთხეს, რამდენადაც თვითონ იგი უნდა დავიცვათ სხვა ვირუსებისგან. დასუსტებული ორგანიზმი ადვილად ინფიცირდება სხვა ინფექციით, რის შედეგადაც დაავადება ხანგრძლივდება და მძიმდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაავადებულ ბავშვს სჭირდება: სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი; სრულფასოვანი კვება; სიმშვიდე და ჯანსაღი გარემო.