რუბრიკები
სახსრები

სახსარი ორი ან რამდენიმე ძვლის თავისუფალი, მოძრავი და ნახევრად მოძრავი შეერთებაა, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან მოძრაობათა შესრულების უნარს სძენს. სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები, ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.

 

სახსრის ძირითადი ელემენტები
სახსრის ძირითადი ელემენტებია სასახსრე ზედაპირები, სახსრის ხრტილი, სასახსრე ჩანთა, სახსრის ღრუ, სახსარშიგა სინოვიური სითხე. სახსრის დამატებითი ელემენტებია სასახსრე ბაგე, სასახსრე დისკო, სასახსრე მენისკები, სახსარშიგა იოგები, სესამოიდური ძვლები. დამატებითი ელემენტები კიდევ უფრო სრულყოფენ და ხვეწენ სახსრის მოძრაობას.


სასახსრე ზედაპირები
სახსრის შემადგენელ ძვლებს ბოლოებზე სასახსრე ზედაპირები აქვთ, რომლებიც სადაა, გლუვი, ზოგჯერ მეტად რთული ფორმისა. სასახსრე ზედაპირები მხოლოდ ძვლების ბოლოებზეა განვითარებული, ძვლის სხვა უბნებზე ასეთი წარმონაქმნები არ არსებობს. ორი მეზობელი ძვლის სასახსრე ზედაპირი, ჩვეულებრივ, ერთმანეთის შესატყვისი, ურთიერთკონგრუენტულია, ანუ თუ ერთ ძვალზე სასახსრე ზედაპირს სფეროს ფორმა აქვს, მისი თანამოსახსრე მეორე ძვლის სასახსრე ზედაპირი დაახლოებით ასეთივე დიამეტრის ჩაღმავება იქნება (მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრები), თუ ერთი ძვლის სასახსრე ზედაპირი ცილინდრული ფორმისაა, მეორეს სასახსრე ზედაპირად ასეთივე ზომისა და დიამეტრის ღარი ექნება და ა. შ. ისეც ხდება, რომ ერთ სახსარში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირები ფორმით ერთმანეთს არ შეესაბამება. ასეთ ზედაპირებს ინკონგრუენტულს უწოდებენ. ასეთ სახრებში მეტ-ნაკლებად ამოდრეკილ სასახსრე ზედაპირს სასახსრე თავი ეწოდება, ხოლო ჩადრეკილს - სასახსრე ფოსო. სასახსრე თავისა და მისი შესატყვისი ფოსოს კონგრუენტულობის ხარისხსა და, საზოგადოდ, სახსრის გეომეტრიულ ფორმაზე ბევრად არის დამოკიდებული სახსრის მოძრაობის დიაპაზონი და მისი სიმტკიცე.


სასახსრე ხრტილი
სასახსრე ზედაპირები დაფარულია ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო-მოცისფრო, გლუვზედაპირიანი, შედარებით ხისტი ქსოვილოვანი აგებულების ჰიალინური ხრტილით, რომელიც მეზობელი ძვლების შემხებ ზედაპირებს კიდევ უფრო სადასა და პრიალას ხდის, რაც, თავის მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ხახუნს სასახსრე ზედაპირებს შორის. სასახსრე ხრტილი სხვადასხვა სახსარში სხვადასხვა სისქისაა. ზოგჯერ განსხვავება ერთი სახსრის სხვადასხვა უბანზეც კი შეიმჩნევა. ხრტილის სისქე სხვადასხვა სახსარში ფუნქციური დატვირთის მიხედვით 1-დან 7 მმ-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ იქ, სადაც სახსარი მეტად არის დატვირთული, სასახსრე ხრტილი უკეთ არის განვითარებული, ზოგ შემთხვევაში კი სასახსრე ხრტილის გასქელების ხარჯზე მყარდება შედარებით უკეთესი კონგრუენტულობა შესახსრებულ ძვლებს შორის. სახსრის ხრტილი არ შეიცავს ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს. მისი კვება სინოვიური სითხისა და ძვლის დამატებითი ელემენტების საშუალებით ხორციელდება. ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ხრტილის 50-60% წყალია, 10-15% - ორგანული ნივთიერება, 40-45%-ს კი მინერალური მარილები შეადგენს. ასეთი აგებულება მას ძლიერ ამსგავსებს ერთგვარ ღრუბელს, რომელიც მშვიდ მდგომარეობაში სითხეს ისრუტავს, დატვირთვისა და ზეწოლისას კი მას სახსრის ღრუში გამოყოფს, რითაც სასახსრე ზედაპირების დამატებით `შეზეთვას~ უზრუნველყოფს. ამრიგად, სახსარში ხრტილი ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ახორციელებს:

1. ის ძირითადი ამორტიზატორია, ამცირებს ხახუნს ზედაპირებს შორის;
2. მოძრაობისას უზრუნველყოფს სასახსრე ზედაპირების ჰაეროვან სრიალს.


სასახსრე ჩანთა
სასახსრე ჩანთა რამდენადმე სახეცვლილი ძვლისაზრდელას ერთიანი ფირფიტაა, რომელიც გრძელდება სახსარში მონაწილე ერთი ძვლიდან მეორეზე და მეზობელი გარემოდან გამოყოფს სახსრის ყველა მუდმივ ელემენტს. ერთი სიტყვით, ის კაფსულაა, რომელშიც სასახსრე ზედაპირები, ხრტილი, სახსარშიგა სითხე და სახსრის ღრუ თავსდება. სახსრის ჩანთა ორშრიანია. მისი გარეთა შრე საკმაოდ მკვრივი კაფსულაა, რომელიც დამცავი იოგებისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ეს შრე აკონტროლებს და ერთ მდგომარეობაში აფიქსირებს სახსარს. სახსრის ჩანთის შიგნითა შრე სინოვიური სითხის გამომმუშავებელი სინოვიური მემბრანაა.


სახსრის ღრუ
სახსრის ღრუ სასახსრე ჩანთაში მოქცეული სხვადასხვა ფორმისა და მიმართულების ნაპრალთა ერთიანობით შექმნილი ჰერმეტული სივრცეა. მაქსიმალური კონგრუირების სახსრებში ეს ღრუ სწორი ნაპრალის ფორმისაა, ვინაიდან სასახსრე თავისა და ფოსოს თანაბარი გეომეტრიული ფორმის გამო ეს უკანასკნელნი მჭიდროდ ეხებიან ერთმანეთს. ანთებითი პროცესის დროს დიდი ოდენობით ზედმეტი სითხის დაგროვების გამო სახსრის ღრუ ისე ფართოვდება, რომ შესაძლოა, სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს დასცილდეს კიდეც. სახსრის ღრუში წნევა ატმოსფერულზე დაბალია, უარყოფითია, რაც სახსრის სიმტკიცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი წნევის ზემოქმედება ზოგიერთ სახსარში საკმარისია იმისთვის, რომ პასიურ მდგომარეობაში შესახსრებული ძვლებისა და მათი თამხლები რბილი ქსოვილების საკმაოდ დიდი მასაც კი შეაკავოს, მაგალითად, თუUმენჯ-ბარძაყის სახსარს გავათავისუფლებთ მისი მაფიქსირებელი ყველა რბილი ქსოვილისგან, დაკიდებული კიდური სახსარშიგა უარყოფითი წნევის ხარჯზე მაინც შეინარჩუნებს თავის ჩვეულ მდგომარეობას. ასეთ პირობებში საკმარისია, მცირედი ჩხვლეტით სასახსრე ჩანთის ჰერმეტულობა დაირღვეს, რომ კიდური მყისიერად ჩამოვარდება.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...
"სასწრაფოდ იყიდება ფეხსაცმელი"