რუბრიკები
პროსტატიტი

პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. ითვლება, რომ 30 წლის შემდეგ პროსტატითით მამაკაცების 30% ავადდება, 40 წლის შემდეგ - 40%, 50 წლის შემდეგ - 50% და ა. შ.

 

პროსტატიტის მიზეზებია:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ნაწლავის ჩხირი (Eსჰერიცჰია ცოლი), რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;
  • მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები ჯირკვლის ანთებას იწვევს), მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
  • ხშირი გადაცივება (ექსტრემალური გართობის - დაივინგის, სერფინგის, ასევე - სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის);
  • შეკრულობა;
  • სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის - ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
  • არსებობს პროსტატიტის განვითარების ალბათობა შორისის ქრონიკული ტრავმის ნიადაგზე ველოსიპედისტებში, მოტოციკლისტებში, ავტომობილისტებში და ა. შ., თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორები ხელს უფრო უწყობს ლატენტურად (ფარულად) და ნაკლებ შესამჩნევი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას, ვიდრე თვითონვე წარმოადგენს პროსტატიტის განვითარების მიზეზს;
  • დაბოლოს, დათრგუნული იმუნური სისტემა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა და უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.

პროსტატა ანუ წინამდებარე ჯირკვალი არის მამაკაცის სასქესო სისტემის ნაწილი, რომელიც გამო-იმუშავებს სპეციფიკურ წვენს (სეკრეტს), კვებავს და იცავს სპერმატოზოიდს. ჯირკვლის გლუვი კუნთების შეკუმშვისას ხდება ეაკულაცია - ჯირკვლებიდან და სათესლე ბუშტუკებიდან სათესლე სითხის შარდსადინარში გადმოსროლა. პროსტატა ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ერექციას და მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების რეგულაციაში (ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომლის ზეგავლენითაც ხდება გარეგანი სასქესო ორგანოების ფორმირება და ზრდა, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება, ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის განვითარება და სხვა. ტესტოსტერონი განაპირობებს სქესობრივ მისწრაფებას, ლიბიდოს).

 

რას უჩივის ავადმყოფი პროსტატიტის დროს?

პროსტატიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. დაავადების მიმდინარეობაში გამოიყოფა ორი საფეხური:
I - ინფექციური სტადია, რომელიც გრძელდება 1-2 თვე და უშუალოდ ინფიცირებით არის განპირობებული. მწვავე პროსტატიტის დროს სხეულის ტემპერატურა 39-40Oჩ-მდეა მომატებული. ავადმყოფს ამცივნებს. გარდა ამისა, აღინიშნება:

  • შარდვასთან დაკავშირებული ჩივილები: ჯირკვალი შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის ზომის მომატებისას ვითარდება შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:
  • შარდვის დაწყების გაძნელება;
  • წყვეტილი შარდვა;
  • შარდის სუსტი ნაკადი;
  • წვეთ-წვეთად შარდვა;
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით - ღამის საათებში;
  • იმპერატიული ჭინთვა მოშარდვის სურვილით და ამ დროს შარდის შეუკავებლობა;
  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა: 
  • ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
  • სუსტი ერექცია;
  • ნაადრევი ეაკულაცია;
  • ორგაზმის დაკარგვა და სხვა;
  • ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა მიდამოში, საზარდულის არეში, თეძოების ან წელის არეში;
  • ნერვული სისტემის მოშლა (ნევროზული მდგომარეობა, რაც იმით არის განპირობებული, რომ ავადმყოფს მთელი ყურადღება თავის მდგომარეობაზე გადააქვს).

II - პოსტინფექციური სტადია, რომელიც შეიძლება უსასრულოდ მიმდინარეობდეს. ამ დროს ირღვევა ჯირკვლის სტრუქტურა. ამ პერიოდში ინფექციური აგენტი შეიძლება არც გამოვლინდეს, მაგრამ ანთებითი პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა ანთება არ არის მონოტონური, ერთნაირი ინტესივობის. დაავადებისთვის დამახასიათებელია პერიოდული გამწვავებისა და შედარებითი შვების მონაცვლეობა.

 

პროსტატიტის დიაგნოსტიკა

პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად, როგორც მწვავე ანთებითი დაავადება ყველა თანმხლები სიმპტომითურთ. ამ შემთხვევაში ავადმყოფი უჩივის ცხელებას, სხეულის ტემპერატურის 39-40Oჩ-მდე მომატებას, მწვავე ტკივილს შორისის, საზარდულის, ბოქვენის, უკანა ხვრელის მიდამოში, მტკივნეულ შარდვასა და დეფეკაციას, თანაც იმდენად მტკივნეულს, რომ ეს მარტივი ფიზიოლოგიური პროცესი გმირობის ტოლფასი ხდება. შესაძლოა, განვითარდეს აბსცესი - წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გადნობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. დაავადება უმეტესად ფარულად ვითარდება და თანდათან იძენს ქრონიკულ სახეს. ქრონიკული პროსტატიტის დროს ავადმყოფის ჩივილები მრავალფეროვანია: სქესობრივი ფუნქციის დარღვევით დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს - უსასრულოდ უჩივიან "წელის ტკივილს", "დაღლილობას", "გულის ტკივილს" და ა. შ. ხშირად ისმება მცდარი დიაგნოზი: რადიკულიტი, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზი, - და მხოლოდ ექიმის მიერ სწორად წარმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდილ მიზეზს.

 

გართულებები

პროსტატიტის მიშვებული ფორმა იწვევს ყველაზე მძიმე გართულებებს, რომლებიც პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მამაკაცს, არამედ მთელ ოჯახს. ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით – სათესლე ბუშტუკების ანთებით, ეპიდიდიმოორქიტით – საკვერცხეებისა და მისი დანამატების ანთებით. ყოველივე ამის შედეგია მამაკაცის უნაყოფობა, იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა)... პროსტატიტის დროს, გარდა იმისა, რომ ქვეითდება ლიბიდო და ირღვევა ერექციული ფუნქცია, ავადმყოფების დაახლოებით 40%-ს უნაყოფობა ემუქრება - ჯირკვალს აღარ ძალუძს, გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი სეკრეტი, რომელიც სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის აუცილებელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის წარმატება. უროლოგიური ავადმყოფის გამოკვლევის ძირითადი მეთოდებია სისხლის ანალიზი (კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოდეფიციტის ვირუსზე, RW და B  და C ჰეპატიტის მარკერებზე) და შარდის ანალიზი. უროლოგიური ავადმყოფის კვლევის სპეციალური მეთოდებია: წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის გამოკვლევა; სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე გამოკვლევა; რექტალური გამოკვლევა თითით; თირკმელების, შარდის ბუშტის ექოსკოპიური გამოკვლევა და წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა ტრანსრექტალურად;
უროფლუომეტრია (შარდის გამოყოფის გამოკვლევა პროსტატაზე ეჭვის დროს); სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია (ჩვენების მიხედვით) პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით. 

 

ვირუსული პროსტატიტი

ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი არცთუ იშვიათად იქცევა ურეთრიტის განვითარების მიზეზად, ართულებს პროსტატიტის მიმდინარეობას და იწვევს უშვილობას. ამგვარი გენეზის პროსტატიტი განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან, მაგალითად, გენიტალიური ჰერპესი ზოგჯერ კანსა და ლორწოვანზე ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს და ვირუსს მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ავლენს. ასეთი ავადმყოფები იტარებენ ანტიბიოტიკოთე-რაპიას, მაგრამ უშედეგოდ, მაშინ როცა დაავადების ვირუსული ფორმა მკურნალობის აბსოლუტურად სხვა ტაქტიკას (ანტივირუსულ მკურნალობას, იმუნოთერაპიას და ა. შ.) მოითხოვს.

 

პროსტატიტის პროფილაქტიკა

  • ერიდეთ გადაცივებას, დაუშვებელია ცივ ზედაპირზე ჯდომა;
  • რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ პროსტატიტის პროვოცირებას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.

ყოველი მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას. პირველ რიგში გამოკვლეულ უნდა იქნეს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი და ჩატარდეს უროლოგიური კვლევა;

  • აუცილებელია დამზოგველი დიეტა (ალკოჰოლის, მწარე, ცხიმიანი და კონსერვირებული საკვების გამორიცხვა);
  • ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას;
  • მათთვის, ვისაც მუშაობისას უმთავრესად ჯდომა უხდება, რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა, ფეხით სიარული, სპორტი - სირბილი, ცურვა, ტენისი და სხვა;
  • დაბოლოს, პროსტატიტისგან განკურნების შემდეგ საჭიროა პრევენციული კურსის ჩატარება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ თითო თვის განმავლობაში და კურორტული მკურნალობის ერთი კურსი.

 

მკურნალობა

მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგები ცნობილი გახდება, ექიმი უროლოგი შეადგენს მკურნალობის პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს. პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც მოქმედება საჭიროა რამდენიმე მიმართულებით. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის ანტიბიოტიკოთერაპია, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტო-ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, წურბელებით მკურნალობა), ასევე - ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. ინიშნება პროსტატის მასაჟის კურსი.  პროსტატის მასაჟის კურსი, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, აუცილებელია. პირველ რიგში - დიაგნოსტიკისთვის, როცა საჭიროა წინამდებარე ჯირკვლიდან სეკრეტის აღება. გარდა ამისა, განსაზღვრულ შემთხვევაში მასაჟს მიმართავენ, რათა მოხსნან შეგუბებითი მოვლენები ჯირკვალში.

 

პროსტატიტი და პოტენცია

პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას, თუმცა ნებაზე მიშვებულმა ქრონიკულმა პროსტატიტმა, ისევე როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, არასაკმარისი ერექცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და ე.წ. წაშლილი ორგაზმი. 

 

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

  • სვით სატაცურის წვენი, იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ. შესამჩნევი შედეგისათვის აუცილებელია დღეში არანაკლებ 600 მლ-ისა.
  • ცხოველური ცხიმების მუდმივი მიღება თირკმელებსა და სხვა გამომყოფ ორგანოებს ზედმეტად ტვირთავს, შედეგად ორგანიზმიდან სულ უფრო მცირე რაოდენობის შარდოვანა გამოიყოფა და მეტი შთაინთქმება. ეს პროცესი წინამდებარე ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია. ამ შემთხვევაში კარგია სატაცურის წვენი სტაფილოს, ჭარხლის და კიტრის წვენთან ერთად.
  • კარგია პროპოლისით მკურნალობა. პროპოლისის ექსტრაქტის მოსამზადებლად საჭიროა 40გ პროპოლისის 200მლ სამედიცინო სპირტთან აორთქლება. შემდეგ უნდა აიღოთ 0,1გ პროპოლისის ექსტრაქტი და 2გ კაკაოს ზეთი, ამ ნარევისგან გააკეთოთ სანთელი და დღეში ერთხელ, საღამოს, შეიყვანოთ სწორ ნაწლავში. მკურნალობის 30-დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ 2-3-ჯერ, 1-2-თვიანი შესვენებით.
  • ოხრახუშის თესლი უნდა დაიფქვას, 4 ჩაის კოვზ ფხვნილს დაესხას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, იდუღოს 15 წუთს, გაცივდეს, გაიწუროს. მიიღება 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ.
  • 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს და 8 საათით ვტოვებთ. უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
  • თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ და პროსტატის ზომა მომატებულია, რეკომენდებულია რამდენიმედღიანი შიმშილი, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ხნით შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას; აუცილებელია, შეიცვალოთ ცხოვრების წესი. შიმშილის დროს შარდვა შედარებით თავისუფალია და იხსნება ზოგიერთი უსიამოვნო შეგრძნება.

გახსოვდეთ: ეს დროებითი  და დამხმარე საშუალებებია. კვალიფიციური, პროფესიული დახმარების გარეშე შესაძლოა ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.

 

 

 

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
"იყიდება კოშკურა ამწე КБ-403 А გამართულ, მუშა...
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...
"იყიდება გერმანული მინი სამ პედლიანი ყავისფერი პიანინო,"პეტროფი",...