როგორ ამოვიცნოთ ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ორსულობა

 

რა ხდება დღეს?

სადღეისოდ ორსულობის დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. დიდი ხანია ცნობილია ნიშნები,  რომლებიც ქალის ამ საინტერესო მდგომარეობაზე მიუთითებს. ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ორსულობის პირველ, სავარაუდო და უეჭველ ნიშნებად.

ორსულობის პირველი ნიშნები

. მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგენა მენსტრუაციის შეკავებამდე?

. მენსტრუაციის შეკავებამდე ორსულობის ძირითადი სარწმუნო ნიშანია ქორიონული გონადოტროპინის მატება. ქორიონული გონადოტროპინი (ორსულობის ჰორმონი) არის განსაკუთრებული ცილა, რომელსაც ჩანასახოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს. მისი გამომუშავება იწყება განაყოფიერებიდან 4-5 დღის შემდეგ, საშვილოსნოს კედელზე ჩანასახის მიმაგრებისას, და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად, სისხლსა და შარდში მისი კონცენტრაცია თანდათან იმატებს. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ. თუ ჩასახვა არ მომხდარა, ქორიონული გონადოტროპინის დონე ნულის ტოლია ან ნულს უახლოვდება. შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა ქალს თავადაც შეუძლია სწრაფი ტესტის საშუალებით, თუმცა ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. თუ ქალი ტესტს არ ენდობა, შეუძლია, ჩააბაროს შარდი ქორიონულ გონადოტროპინზე ქალთა კონსულტაციაში. ლაბორატორიულ პირობებში გამოიყენება კვლევის შედარებით რთული მეთოდი, რომელიც ეფუძნება უფრო მეტად სპეციფიკური ჰორმონის - ტროფობლასტური ბეტა-გლობულინის - ცვლილებას და იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას ორსულობასა და მის ვადაზე, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ პასუხს რამდენიმე დღე სჭირდება.

. ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი  და არა ელექტრონული თერმომეტრით.

თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე;

2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.

3. ადგომა რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.

მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, იკლებს, ხოლო ორსულობის დროს იმატებს. თუ სავარაუდო მენსტრუაციის პერიოდში მაღალი (37-37,3 გრადუსი) ტემპერატურა აღმოგაჩნდათ, ეს შესაძლოა ორსულობის ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ნაკლებად საიმედო მეთოდია სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა - მისი მატება ქალმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ან რომელიმე ინფექციას, თუნდაც გაციებას მიაწეროს. როგორც ბაზალური, ისე სხეულის ტემპერატურის მატება ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია.

. ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან  გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.


 

. მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღენიშნება ქალების 11%-ს).

. დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღენიშნება ქალების 5%-ს). ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის დაახლოებით მე-7 კვირიდან იწყება (იშვიათად - უფრო ადრეც) და მე-12-მდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც ქალები მოწამვლას ან ნაწლავურ ინფექციას ტოქსიკოზად მიიჩნევენ. არცთუ იშვიათია ფსიქოლოგიური ტოქსიკოზიც: ქალი ამჩნევს არარსებული ორსულობის ნიშნებს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომლებიც დიდხანს ვერ ახერხებენ დაორსულებას, ასევე მათ, რომელთაც ორსულობა აშინებთ.

. უჩვეულო შეგრძნებები და ტკივილი  მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში (აღენიშნება ქალების 5%-ს). ზოგიერთი ქალი ორსულობის მცირე ვადაზე მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს უჩივის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ხშირად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცისტიტის გართულება ან პიელონეფრიტია. წელისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი შესაძლოა იყოს არა მარტო ორსულობის, არამედ მისი მოსალოდნელი შეწყვეტის მაუწყებელიც. თუ ამ დროს ქალს ორსულობაზე აქვს ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მადისა და გემოვნების ცვლილებები (აღენიშნება ქალების 5%-ს). მომავალ დედებს ორსულობის პირველ კვირებში მადა ემატებათ ან, პირიქით, უმადობას უჩივიან. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და ზიზღი ეუფლება ჩვეული პროდუქტების მიმართ.

. განწყობის ცვალებადობა (აღენიშნება ქალების 4%-ს). ზოგ შემთხვევაში ეს პირველი სუბიექტური შეგრძნებაა.

. წონის ცვლილება. წესისამებრ, მომავალი დედა წონას მე-2-3 თვიდან იმატებს, ხოლო პირველ კვირებში უმეტესად კარგავს.

. გახშირებული შარდვა. თუ ქალს მენსტრუაცია 1-2 კვირით გადაუცდა და შარდვა გაუხშირდა, ცისტიტის გამორიცხვის შემთხვევაში ეს შეიძლება ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ორსულის საშვილოსნო დღიდან დღემდე იზრდება და აწვება შარდის ბუშტს, რის შედეგადაც ქალს ხშირ-ხშირად უხდება მოშარდვა. გარდა ამისა, იცვლება ჰორმონული ფონიც, რაც ასევე მოშარდვის ხშირ სურვილს იწვევს.

როგორ უნდა მივხვდეთ, ხშირი შარდვა ცისტიტის ნიშანია თუ ორსულობისა?

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს დაავადება უმეტესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს აწუხებთ. მისი მიზეზი შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციაა, რასაც ხშირად უწყობს ხელს ორგანიზმის გადაცივება. ცისტიტის დროს შარდვას თან სდევს წვა და წელის ტკივილი, რაც ორსულობას არ ახასიათებს. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია შარდის ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ორსულებს ცისტიტი 2-ჯერ უფრო ხშირად უმწვავდებათ.

. ძილიანობა, დაღლილობა. ამ მოვლენის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამასაც ორგანიზმის ჰორმონულ გადაწყობასთან აქვს კავშირი. გარდა ამისა, ქალი, რომელიც ეჭვობს, რომ ორსულადაა, ქვეცნობიერად ცდილობს, თავი და მომავალი ბავშვი ნეგატიური ფაქტორებისა და გადაღლისგან დაიცვას.

ორსულობის სავარაუდო ნიშნებია:

. ცვლილებები სასქესო ორგანოებში - საშვილოსნოსა და საშოში. გინეკოლოგს საშოს გამოკვლევით ორსულობის უკვე მე-5 კვირას (მენსტრუაციის 1 კვირით გადაცდენის შემდეგ) შეუძლია შეამჩნიოს საშვილოსნოს ზრდა და ფორმის შეცვლა. საშვილოსნოს ყელი იღებს მოლურჯო ელფერს, საშვილოსნო მსხვილდება და რბილდება, სანაყოფე კვერცხის ჩანერგვის გამო ასიმეტრიული ხდება.

ორსულობის უტყუარი ნიშნებია:

. ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მენსტრუაციის 1-2 კვირით გადაცდენის შემდეგ. ექოსკოპიურად ადგენენ ასევე ჩანასახის ლოკალიზაციას: ასიდან 1 შემთხვევაში იგი საშვილოსნოს გარეთ მდებარეობს. ასეთ დროს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე საუბრობენ.

. ნაყოფის გულისცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია ორსულობის მე-8-20 კვირას.

. ნაყოფის მოძრაობა, რასაც ქალი ორსულობის მე-16 კვირის შემდეგ შეიგრძნობს.