რუბრიკები
რა არის კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია - ასე იხსენიებენ იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გულის კუნთის პირველად დაზიანებას იწვევს. პოპულარული ენით თუ ავხსნით, კარდიომიოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება გული, თუმცაღა ავადმყოფს არც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონია, არც გულის შეძენილი ან თანდაყოლილი მანკი, არც გულის იშემიური დაავადება თუ პერიკარდიუმის პათოლოგია.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება? გამომწვევი მიზეზის ანუ ეტიოლოგიის მიხედვით კარდიომიოპათია ორგვარია - პირველადი, როცა მიზეზი ამოუცნობია და მეორეული, როდესაც გულის კუნთი ამა თუ იმ დაავადების დროს ზიანდება.

კლინიკური გამოვლინების მიხედვით განასხვავებენ კარდიომიოპათიის დილატაციურ, ჰიპერტროფიულ და რესტრიქციულ ფორმებს.

 

რატომ იპყრობს კარდიომიოპათია ექიმთა და პაციენტთა ყურადღებას?

არამედიკოსთათვის ერთი შეხედვით უცნაური სახელწოდების მქონე ეს დაავადება პაციენტთა და სპეციალისტთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. განსაზღვრულ ეტაპამდე კარდიომიოპათია შესაძლოა ყოველგვარი ნიშნის გარეშე მიმდინარეობდეს, მერე კი ერთბაშად გამოვლინდეს გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით, რომელიც ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზადაც კი იქცევა. გულის უკმარისობას, რომელიც კარდიომიოპათიის გამო ვითარდება, შეუპოვარი მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას ნაკლებად ემორჩილება. დაავადების გამოვლინების ამ თავისებურების გამო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას, რომლებმაც შეიძლება კარდიომიოპათიის აღმოცენება გამოიწვიოს.

 

რატომ ვითარდება კარდიომიოპათია

მართალია, არის შემთხვევები, როდესაც კარდიომიოპათიის მიზეზი უცნობი რჩება, მაგრამ ცნობილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათია მეტწილად ამა თუ იმ ტოქსინის, ინფექციური აგენტისა თუ მეტაბოლური ფაქტორების გულის კუნთზე ზემოქმედების შედეგია. დაავადება შესაძლოა მწვავე ვირუსულ მიოკარდიტსაც მოჰყვეს. ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ორსულთა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კოკაინის მოხმარება და ხანგრძლივი ტაქიკარდია შეუქცევადი დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზია. დადგენილია, რომ იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი რაოდენობის ალკოჰოლს იღებენ, დილატაციური კარდიომიოპათია უვითარდებათ. ამ დაავადების რისკი მათ გარკვეულწილად გენეტიკურად აქვთ დეტერმინირებული. გახსოვდეთ: თუ ადამიანი ალკოჰოლის მიღებას გულის მძიმე უკმარისობის აღმოცენებამდე შეწყვეტს, დილატაციური კარდიომიოპათიის პროგრესირება შეფერხდება და შესაძლოა, უკუგანვითარდეს კიდეც. მათთვის კი, ვინც ალკოჰოლის მიღებას განაგრძობს და გულის უკმარისობაც აღენიშნება, პროგნოზი მძიმეა: მათი სამი მეოთხედი რამდენიმე წელიწადში იღუპება. ბევრს შესაძლოა არც კი სმენია, რომ მეტისმეტად დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებისას ვლინდება მისი კარდიოტოქსიკური ეფექტი, რაც განმეორებითი ტაქიკარდიის შეტევებით ვლინდება. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მიზეზად გენეტიკურ ფაქტორს მიიჩნევენ. დაავადებულთა თითქმის ნახევარს აღენიშნება კარდიომიოპათიის ოჯახური ისტორია. დაავადების აღმოცენებას ათამდე სხვადასხვა გენის 150-მდე განსხვავებული მუტაცია განაპირობებს. რესტრიქციული კარდიომიოპათია სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ ფორმის კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის დაზიანება ამილოიდოზს, ჰემოქრომატოზს, გლიკოგენის ჩალაგებას, სარკოიდოზს, სკლეროდერმიასა და სხვა დაავადებებს უკავშირდება.

 

როგორ იცვლება გული კარდიომიოპათიის დროს

ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რა ცვლილებები ვითარდება გულში კარდიომიოპათიის დროს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თვალსაზრისით კარდიომიოპათიის სამ ფორმას განარჩევენ. თითოეულ მათგანს განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის დაზიანების შედეგად ხდება გულის ღრუების გაფართოება ანუ დილატაცია. ეს თავისებურებაა ასახული დაავადების სახელწოდებაშიც. შედეგად ქვეითდება გულის კუნთის შეკუმშვისა და მის მიერ აორტაში სისხლის გადასროლის უნარი, რასაც მედიცინის ენაზე გულის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებას უწოდებენ. ამ სახის კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი გასქელებული არ არის. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას ვითარდება მარცხენა, უფრო იშვიათად - მარჯვენა პარკუჭის კედლების ჰიპერტროფია (გასქელება), რომელიც უმეტესად ასიმეტრიული ხასიათისაა. უპირატესად პარკუჭთაშუა ძგიდე ზიანდება. ის ძალზე მკვეთრად გასქელდება - შესაძლოა 40 მილიმეტრსაც კი მიაღწიოს. ეს პროცესი არა მარტო გულის აგებულებას, არამედ სისხლის მიმოქცევასაც ცვლის - გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს გულის სარქვლის აფრა და ძგიდე ისე უახლოვდება ერთმანეთს, რომ გულიდან აორტისაკენ სისხლის განდევნა ბრკოლდება. ამ მოვლენას მედიკოსები ობსტრუქციას უწოდებენ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ობსტრუქცია შეიძლება იყოს აშკარაც და ფარულიც (ლატენტური). ზოგიერთ პაციენტს კი ის სრულებით არ აღენიშნება. რესტრი-ქციულ კარდიომიოპათიას გულის შიგნითა გარსის ანუ ენდოკარდიუმის ცვლილება ახასიათებს - ის სქელდება და მკვრივდება. ენდოკარდიუმი, რომელიც ამგვარ ცვლილებებს განიცდის, ელასტიკურობას კარგავს და გულის მოდუნების ანუ დიასტოლის ფაზაში ვერ იჭიმება. ამის გამო მისი სისხლით ავსება მცირდება და გულის უკმარისობა ვითარდება. გარდა ამისა, დიასტოლის ფაზაში არასრულფასოვანი მოდუნების გამო ირღვევა გულის სისხლმომარაგება და კვება.

 

რა აწუხებს პაციენტს

აღწერილი ცვლილებები პაციენტის მდგომარეობაზე აისახება. დილატაციურ კარდიომიოპათიას, მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, მსგავსი კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. ის თავს მაშინ იჩენს, როდესაც გულის კუნთის დაზიანების გამო გულის უკმარისობა ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია:

  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. თავდაპირველად ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, მერე და მერე კი მოსვენების დროსაც აწუხებს პაციენტს. ზოგჯერ ვითარდება შეტევითი ქოშინი, რომლის მიზეზიც მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ანუ კარდიული ასთმაა;
  • ქვემო კიდურების შეშუპება;
  • ფილტვების ქვემო წილებში ხიხინი;
  • ღვიძლის გადიდება;
  • მუცლის ღრუში ან პლევრაში სითხის დაგროვება, რასაც მედიცინაში ასციტსა და ჰიდროთორაქსს უწოდებენ.

გარდა ამისა, ტიპურია კარდიალგია ანუ ტკივილი გულის არეში, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა, თრომბოემბოლიურ გართულებათა აღმოცენება. ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასაც თავისებური გამოვლინება ახასათებს. ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ იმ ჰემოდინამიკური დარღვევის შესახებ, რომელიც ძგიდის ჰიპერტროფიის გამო ვითარდება. ბუნებრივია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას აღმოცენებული ობსტრუქცია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. ფიზიკური დატვირთვის პიკზე მოსალოდნელია თავბრუხვევა, გულის წასვლა. ძალზე ტიპურია სტენოკარდიის შეტევა, ვინაიდან გულის გასქელებული კუნთის ჟანგბადით უზრუნველყოფა დაქვეითებულია. საკმაოდ ხშირია გულის რიტმის დარღვევა, რასაც ექსტრასისტოლური არითმია, პაროქსიზმული ტაქიკარდია მოსდევს. ზოგჯერ გულის წასვლის ეპიზოდები რიტმის დარღვევას უკავშირდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ზოგ შემთხვევაში ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ერთადერთი გამოვლინება გულის რიტმის ფატალური ანუ სასიკვდილო დარღვევაა. რესტრიქციულ კარდიომიოპათიასაც გულის უკმარისობის სიმპტომები ახასიათებს. ზოგჯერ დაავადება სწორედ გულის უკმარისობით იჩენს თავს.

 

კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა

პირველი ეჭვი კარდიომიოპათიის არსებობის შესახებ მაშინ ჩნდება, როდესაც გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთბაშად და მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იჩენს თავს.
ექიმის ვარაუდის პირველი დასტური ელექტროკარდიოგრამაზე აღმოჩენილი ცვლილებებია. მათ შესახებ დეტალური საუბარი არამედიკოსთათვის ნაკლებად საინტერესო იქნება. უბრალოდ, დავძენთ, რომ ელექტროკარდიოგრამა კარდიომიოპათიის დროს თითქმის ყოველთვის ავლენს ნორმიდან გადახრას.
თუ პაციენტს, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია აქვს, რენტგენოგრაფიას ჩავუტარებთ, გამოვლინდება გულის ჩრდილის ზომების მატება ყველა მიმართულებით, ხოლო გულისა და გულმკერდის სიგანის თანაფარდობა გაზრდილი იქნება. რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს გულის მარჯვენა ნაწილების გადიდება იპყრობს ყურადღებას. დაავადების დიაგნოსტიკის უმთავრესი მეთოდი ექოკარდიოსკოპიაა. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ის გულის ღრუების ზომების მატებასა და გულის შეკუმშვის უნარის დაქვეითებას ავლენს. ჰიპერტროფიის შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტად დავადგინოთ ძგიდის ჰიპერტროფიისა და ობსტრუქციის ხარისხი, დიასტოლური ფუნქციის დარღვევა. რესტრიქციული კარდიომიოპათიისას ვლინდება გულის შიგნითა გარსის გასქელება. ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება სპეციალური კვლევები - სცინტიგრაფია (გულის კუნთის გამოკვლევა რადიოიზოტოპური პრეპარატის მეშვეობით), მიოკარდიუმის ბიოფსია, ანგიოკარდიოგრაფია. მათი შედეგები დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.

 

როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს

სამწუხაროდ, უნდა ვაღაროთ, რომ კარდიომიოპათიის მკურნალობა სიმპტომურია. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვუმკურნალოთ დაავადების დამახასიათებელ გამოვლინებებს და არა თვით დაავადებას.
ისევე, როგორც ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში, კარდიომიოპათიის დროსაც მკურნალობა არამედიკამენტური ღონისძიებებით იწყება. აუცილებელია:

  • სითხის მიღების შეზღუდვა;
  • დიურეზის ანუ მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის ოდენობის თანაფარდობის კონტროლი (ნორმაში გამოყოფილი შარდის ოდენობა ოდნავ მეტი უნდა იყოს);
  • დოზირებული ფიზიკური დატვირთვა.

ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია!
კარდიომიოპათიისას გამოყენებულ მედიკამენტურ საშუალებებს შორის უნდა ვახსენოთ შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ 2-ის რეცეპტორების ბლოკერები, საგულე გლიკოზიდები. ამჟამად ტარდება ქირურგიული მკურნალობაც. კერძოდ, მიღებულია გულის ღრუების სტიმულაცია, გულის "შემოსვა" ელასტიკური ბადისებრი კარკასით, მიკროტუმბო, რომელიც გულის მარცხენა პარკუჭში უნდა ჩაიდგას. ამ მეთოდებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ გულის რიტმის დარღვევა და გავაუმჯობესოთ მისი კუმშვადობის ფუნქცია. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას შესაძლებელია გასქელებული ძგიდის ნაწილის მოკვეთა. მიუხედავად ჩამოთვლილი მეთოდების ეფექტიანობისა, რის შედეგადაც პაციენტთა სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, პროგნოზი კარდიომიოპათიის დროს მაინც სერიოზულია.

 

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები