რუბრიკები
საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი

კურორტი ადგილია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა) და აუცილებელი პირობები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათ გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულების ძირითადი ტიპია სანატორიუმი. არსებობს სხვა ტიპის  დაწესებულებებიც- პანსიონატი, დასასვენებელი სახლი... კურორტის პროფილს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი განსაზღვრავს. განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს- კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს.

კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთისა, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველისა (სტეპისა), ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი - სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა, მაგალითად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-ტალახისა, კლიმატურ-ტალახისა, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა. საქართველო გამორჩეულია კურორტებით- ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი, დღეს უკვე სანატრელი გუდაუთა, გულრიფში, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა... თბილ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი (მრავალი მათგანი თავის დროზე საკავშირო მნიშვნელობისა იყო და არაერთ დამსვენებელს მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან). ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება მთის კურორტებზე, მათი ბუნებრივი ფაქტორების თავისებურებებსა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო-სამკურნალო მნიშვნელობაზე შევაჩეროთ. კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ემანუელ დვალიშვილს, რომელიც გახლავთ:

  • სს საბაზო სანატორიუმ "ლიკანის" სამეცნიერო-სასწავლო პედაგოგიური შემოქმედებითი გაერთიანება "დვალეთის" დირექტორი (ათეულობით წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიკანის სანატორიუმს, იყო მისი მთავარი ექიმი და დირექტორი);
  • საინჟინრო აკადემიის ბიოენერგოინფორმატიკის მართვისა და თვითმართვის სექტორის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის ხუთგზის აკადემიკოსი;
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • რუსეთის ფედერაციის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონის პროფესიონალი, მსოფლიოს წამყვანი პედაგოგ-თეორეტიკოსი;
  • უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი;
  • რესპუბლიკის დამსახურებული თერაპევტი;
  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
  • ღირსების ორდენის კავალერი;
  • რუსეთის სამედიცინო ტექნიკური აკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოქროს მედლის" კავალერი;
  • სამამულო ომის აქტიური მონაწილე და ძველი ალპინისტი.


- რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?
- მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია:

  • ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას);
  • ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ.


ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი:

  • დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე;
  • აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;
  • სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს;
  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს;
  • მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას.


კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.


- რას გვეტყვით ბალნეო¬ლოგიურ კურორტებზე?
- ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები