რუბრიკები
ფსიქიკური დარღვევები თავის ტვინის დაავადებების დროს

თავის ტვინის დაავადებების დროს სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, რაც ფსიქოლოგიურ დარღვევებს წარმოშობს. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა.


თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინსულტები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენცეფალიტი - ყველა ეს დაავადება ასახვას პოვებს ადამიანის ფსიქიკაზე და არღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორიც არის შემეცნებითი მოქმედების დარღვევა, აღქმის დარღვევა, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ტრავმული ნევროზი, ფსიქოზები, აკვიატებული ქცევები და სხვა.

 

თავის ტვინის სიმსივნის დროს
თავის ტვინის სიმსივნე საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დიდ სირთულეებს უკავშირდება: ამ დროს ხომ თავის ტვინთან - ადამიანის მთავარ და ყველაზე ფაქიზ ორგანოსთან გვაქვს საქმე. თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევები იმაზეა დამოკიდებული, თავის ტვინის რომელ ნაწილში იზრდება სიმსივნე, რომელ უბანს აწვება. ამ დროს ადამიანი არაადეკვატურად მეტყველებს და მოქმედებს, დელიკატური, ზრდილი პიროვნება მოულოდნელად იწყებს უხეშ მიმართვას, ბილწსიტყვაობს, ივიწყებს ეთიკის ნორმებს, მოკლედ, კარგავს საკუთარი ქცევის კრიტიკას. თუ სიმსივნე ლოკალიზებულია მარცხენა შუბლ-საფეთქლის საზღვარზე, ირღვევა მეტყველება და ზოგჯერ აზროვნებაც.

 

ეპილეფსიის დროს
ეპილეფსიის ეტიოლოგიის, ფორმისა და სიმძიმის კვალობაზე, ფსიქიკური პროცესები სხვადასხვაგვარად ზარალდება. მაგალითად, ფსიქომოტორულ ეპილეფსიას ზოგჯერ ავტომატური, გაუცნობიერებელი, ხანმოკლე ქცევის აქტები ავლენს - უცნაური იძულებითი მოძრაობები, უმიზეზო ჟესტიკულაცია, სიცილი, ტირილი... შეინიშნება მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებიც, ავადმყოფი თითქოს ზმანებებში იძირება. უცნაურად იქცევა - უმიზეზოდ და უმიზნოდ გადის სახლიდან და თვითონაც არ იცის, საით მიემართება. აფექტური პაროქსიზმები უეცრად, აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა და ასევე უეცრად სრულდება. ყველაზე ხშირად ისინი დისფორიით (ხასიათის დარღვევით) ვლინდება: ავადმყოფს ერთბაშად ეუფლება აუხსნელი სევდა, გაბოროტება, იშვიათად - მხიარულება, ირგვლივ მყოფებს ზოგჯერ უაზრო თხოვნით ჩააცივდება, შესაძლოა, აგრესიულიც გახდეს, ზოგჯერ კი უსაფუძვლო შიშები დარევს ხოლმე ხელს. ეს ავადმყოფობა გონებრივ სფეროზეც ტოვებს კვალს. ხშირი გულყრა უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიკურ ფუნქციებზე. მაგალითად, ეპილეფსიიანი ბავშვი ძალიან მოუსვენარია და კონცენტრაცია უჭირს. მის ყურადღებას ერთ საგანს მხოლოდ მცირე ხნით თუ მიაპყრობთ. ზოგჯერ გონებრივ სფეროში მძიმე და შეუქცევადი დარღვევები ვითარდება. ეპილეფსიის დროს ხასიათისა და პიროვნების ცვლილება თანდათან ფსიქიკურ დეგრადაციაში გადადის, ისე აშკარად და ძლიერ, რომ ხშირად ჭკუასუსტობაზეც კი ლაპარაკობენ. ეპილეპტიკის პიროვნების ცვლილებას ერთი მეტყველი ფაქტიც ამჟღავნებს: მას უჭირს, მოკლედ გადმოსცეს აზრი, დიდხანს ჩერდება უმნიშვნელო დეტალებზე, ძნელად განასხვავებს მთავარსა და მეორეხარისხოვანს. ზოგჯერ პიროვნულად დიამეტრულად იცვლება, ამჟღავნებს სისასტიკეს, ეგოიზმს, ბოროტი და აგრესიული ხდება. ამასთანავე, მეტისმეტად პედანტურია, ადვილად სწყინს და წყენა დიდხანს მიჰყვება. ეპილეპტიკებს, როგორც წესი, მეხსიერებაც უუარესდებათ.

 

ენცეფალიტის დროს
ენცეფალიტი თავის ტვინის ნივთიერების ანთებაა. ის საკმაოდ რთული დაავადებაა. პათოლოგიურ პროცესში ერთვება თავის ტვინის ცალკეული უბნები და სტრუქტურები. სერიოზული დარღვევები ხდება ფსიქიკურ სფეროში. მწვავე პერიოდში შესაძლოა ჩამოყალიბდეს შიში, ცნობიერების დარღვევა, სხვადასხვაგვარი მხედველობითი ჰალუცინაცია. ქრონიკული ენცეფალიტი, წესისამებრ, ნელა, პროგრესულად, ნორმალური ტემპერატურითა და ზოგადი ცერებრული მოვლენების გარეშე მიმდინარეობს. კლინიკური ნიშნების გამომჟღავნებას ხელს უწყობს ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა. ქრონიკულ ენცეფალიტს თან სდევს სხვადასხვა სახის ფსიქოპათოლოგიური აშლილობა - აბეზარი ქცევა, აპათია, დეპრესია ან ეიფორია, გარემოსადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება, ფსიქიკური პროცესების (აზროვნების, მეტყველების, მეხსიერების) შენელება, აგრესიულობა, დეპერსონალიზაციის მოვლენები. გვხვდება თვალებისა და თავის ტონური სპაზმის კრიზებიც, რომელთა დროსაც თვალები მაღლაა აქაჩული, თავი კი უკან არის გადაგდებული. ასეთ შეტევებს თან ახლავს შიშები.

 

ინსულტის დროს
ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ინსულტი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ. იმის მიხედვით, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული ან რამხელაა დაზიანების კერა, თავს იჩენს სხვადასხვა სახისა და სიღრმის კლინიკური ნიშნები. შესაბამისადვე ვითარდება ფსიქიკური დარღვევებიც. მცირე ინსულტის შედეგად წარმოშობილი დარღვევები ადვილად აღდგება, დიდი ინსულტი კი ხშირად დეფექტებს ტოვებს. ნებისმიერი ინსულტის კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სისხლძარღვი დაზიანდა, ტვინის რომელ უბანში ჩაიქცა სისხლი. ამის შესატყვისად ზიანდება ამ უბანში განლაგებული ფსიქიკური პროცესების მართვის ცენტრებიც. ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის ყველაზე ნატიფი ფუნქცია - მეტყველება. მეტყველების მოშლა ანუ აფაზია ორი სახისაა: მოტორული და სენსორული. მოტორული აფაზიის დროს ადამიანს სიტყვების გამოთქმა უჭირს, თუმცა სხვის ნათქვამს აღიქვამს, სენსორულის დროს კი სხვის მიერ წარმოთქმული ბგერები ესმის, მაგრამ ვერ აღიქვამს ნათქვამის აზრს, ე. ი. აღქმის პროცესია დარღვეული. ზოგჯერ ორივე ფუნქცია ძნელი აღსადგენია. მოტორული აფაზიის შემთხვევაში ლოგოპედი ავადმყოფს ტელეგრაფიულ მეტყველებას - აუცილებელი საჭიროების (წყალი მინდა, მშია...) სიტყვიერად გამოხატვას ასწავლის. როდესაც მეტყველების სენსორული მხარეა დაზიანებული, იგი უმნიშვნელოდ თუ აღდგება. როცა დაზიანება მხოლოდ ტვინის ქირურგიულ ნაწილშია, აფაზია გამოსწორდება. შესაძლოა, მცირე დარღვევა დარჩეს, ადამიანმა ერთი სიტყვის მაგივრად სხვა იხმაროს და ა. შ. შესაძლოა, დაქვეითებული იყოს მეხსიერება, ხოლო აზროვნება - შენელებული.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები