რუბრიკები
ექოსკოპია

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სამედიცინო გამოკვლევების რეიტინგული გამოკითხვა რომ ჩაგვეტარებინა, ექოსკოპია უდავო ლიდერი იქნებოდა. რას ემყარება ეს გამოკვლევა, რომელ ორგანოთა დაავადების დროს არის ის ინფორმაციული, რაზე მეტყველებს შემთხვევით აღმოჩენილი ცვლილებები? ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ულტრასონოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ულტრასონოგრაფიის სასწავლო ცენტრ GEOJEFF-ის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მიზანდარი.

- რას ემყარება ექოსკოპიური კვლევა, როგორ მიიღება აპარატის ეკრანზე გამოსახულება?
- ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა ემყარება გამოსაკვლევი ქსოვილების აკუსტიკურ თავისებურებათა განსხვავებას. სწორედ ეს განსხვავება გვაძლევს საშუალებას, ეკრანზე საკვლევი ორგანოების გამოსახულება მივიღოთ. ტრანსდუსერი, რომელსაც ადამიანს სხეულის განსაზღვრულ ადგილზე ათავსებენ, გამოსცემს ულტრაბგერას. ეს არის მაღალი სიხშირის ბგერა, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ულტრაბგერა ვრცელდება ქსოვილებში, მათი განსხვავებული აკუსტიკური თვისებების გამო სხვადასხვაგვარად აირეკლება და ექოს სახით უკან ბრუნდება. არეკლილი ულტრაბგერა აღიქმება ტრანსდუსერის მიერ და ეკრანზე ფიქსირდება მნათი წერტილების სახით. მარტივად და გასაგებად თუ ავხსნით, ექოსკოპია ექოლოკაციის პრინციპს ემყარება. ყველამ იცის, რომ ულტრაბგერითი ექოლოკაციის მეშვეობით განსაზღვრავენ ოკეანის სიღრმეს, ადგენენ ოკეანეში თევზების არსებობა-არარსებობას. ანალოგიური პრინციპით ხდება ადამიანის ორგანიზმის კვლევაც.


- რა განსხვავებაა ძველ და თანამედროვე აპარატებს შორის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება პაციენტისათვის?
- თანამედროვე და ძველი აპარატები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება უპირველეს ყოვლისა გამოსახულების ხარისხს და, ამის კვალობაზე, მიღებული ინფორმაციის სიზუსტეს ეხება. ძველ აპარატებს არ გააჩნდა "რუხი სკალა"; თანამედროვე დანადგარებს კი 256 გრადაციის მქონე რუხი სკალა აქვს, თუმცა არსებობს 32-64 გრადაციის მქონე აპარატებიც. ასეთი აპარატით მიღებული გამოსახულება ნაკლებად კონტრასტულია. წარსულში არ იყო არც დოპლერი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანოთა სისხლმომარაგების, სისხლის ნაკადის სიჩქარის შესაფასებლად. აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება ძველ და თანამედროვე აპარატებს შორის პაციენტისთვის არსებითია, რადგან თანამედროვე აპარატურა ნიშნავს უფრო უკეთეს გამოსახულებას, მეტ ინფორმაციას, ესე იგი უფრო ზუსტ დიაგნოზს.


- რომელ ორგანოთა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის ინფორმაციული ექოსკოპიური კვლევა და რომელი ორგანოებისთვის - არა?
- ექოსკოპიურად შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოსა და რბილი ქსოვილის გამოკვლევა. კვლევას დაბრკოლებას უქმნის აირები და ძვლები, ამიტომ ექოსკოპია არ მიიჩნევა კვლევის უმჯობეს მეთოდად კუჭისა და ნაწლავების გამოკვლევისას, თუმცა მისი მეშვეობით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება ამ ორგანოების მდგომარეობის შესახებაც არის შესაძლებელი.


- საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ექოსკოპიური კვლევისთვის?
- აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, პაციენტმა დილით საკვები არ მიიღოს, რათა კვლევის დროს ნაღვლის ბუშტი შეკუმშული არ იყოს. კარგი ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირი არ იყოს. წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის, ასევე საშვილოსნოსა და საკვერცხეების ექოსკოპიის დროს პაციენტს შარდის ბუშტი სავსე უნდა ჰქონდეს. სავსე შარდის ბუშტი ერთგვარი აკუსტიკური ფანჯრის როლს ასრულებს - ის საშუალებას გვაძლევს, ულტრაბგერა მცირე მენჯის ორგანოებისკენ მივმართოთ. როცა შარდის ბუშტი დაცლილია, ამ არეს ნაწლავები იკავებს, რაც ექოლოკაციას დაბრკოლებას უქმნის, სავსე შარდის ბუშტი კი ნაწლავებს მაღლა სწევს.


- ღვიძლის რომელ დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის არის ექოსკოპია ინფორმაციული? შესაძლებელია თუ არა, მისი მეშვეობით ერთმანეთისგან განვასხვაოთ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები?
- ექოსკოპია ინფორმაციულია ღვიძლის ნებისმიერი დაავადების დროს. მართალია, ზოგიერთი პათოლოგიის შემთხვევაში მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთის შემთხვევაში კი ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაზღვრულ წარმოდგენას ღვიძლის დაავადების შესახებ თითქმის ყოველთვის გვიქმნის. განსაკუთრებით ინფორმაციულია ექოსკოპია ღვიძლის კეროვანი დაზიანების - კისტის, სიმსივნის დროს. რაც შეეხება სიმსივნის ბუნებას, არის შემთხვევები, როცა ამის დადგენა შეუძლებელია არა მარტო ექოსკოპიის, არამედ კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მეშვეობითაც კი - საჭირო ხდება ღვიძლის პუნქციური ბიოფსია, თუმცა ხშირად ექოსკოპიური მონაცემები საშუალებას გვაძლევს, გამოვთქვათ ვარაუდი წარმონაქმნის ბუნების შესახებ და ზოგჯერ საკმაოდ მაღალი ალბათობითაც კი.


- როგორია ექოსკოპიის როლი ღვიძლის დიფუზური დაავადებების დიაგნოსტიკაში? პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, როგორი უნდა იყოს ღვიძლის სტრუქტურა, რას ნიშნავს ორგანოს წვრილ თუ მსხვილმარცვლოვნება, რამდენად მართებულია ექოსკოპიით ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის დიაგნოზის დასმა.
- ექოსკოპია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ღვიძლის დიფუზური დაავადებების (ჰეპატიტის, ციროზის) დროსაც. თუმცაღა ექოსკოპიური ცვლილებების მიხედვით დაავადების მიზეზსა და ორგანოს ფუნქციურ მდგომარეობაზე ვერ ვიმსჯელებთ - ამისთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. ჯანმრთელ ღვიძლს, ჩვეულებრივ, ერთგვაროვანი ან წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა აქვს. ღვიძლის არაერთგვაროვნება და მსხვილმარცვლოვანება დაავადების მანიშნებელია. ექოსკოპიურ მონაცემებზე დაყრდნობით ექიმს, რომელიც კვლევას ატარებს, შეუძლია დაადგინოს ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის არსებობა, თუმცა ცვლილების მიზეზზე ვერც ამ შემთხვევაში ვიტყვით რამეს. მის გამოსავლენად აუცილებელია შემდგომი კვლევა. ღვიძლის დიფუზური დაავადებების დროსაც ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ხშირად ბიოფსიაა აუცილებელი.



2014-33-07/09/14
მადლობა ასეტი საინტერესო სტატიისთვის
რა ცვლილებებზე მიანიშნებს ფარისებური ჯირკვლის ექოიგენობის შემცირება? ასევე რაზე მიგვანიშნებს ვასკულარიზაციის გაძლიერება?
ამ კატეგორიის სხვა სტატიები