რუბრიკები
მწვავე მუცელი

როდის სვამენ მწვავე მუცლის დიაგნოზს და აუცილებელია თუ არა ამ დროს ოპერაციის გაკეთება?

"მწვავე მუცელი" ერთგვარი კრებითი ტერმინია. ის აერთიანებს მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიულ დაავადებებს, რომლებსაც ხშირად პერიტონიტის სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. ასეთია მწვავე აპენდიციტი, მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრეატიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ჩაჭედილი თიაქარი, ნაწლავთა გაუვალობა, ტიფის, სიმსივნის, უცხო სხეულის ან სხვა მიზეზის გამო ნაწლავის პერფორაცია

(გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა), საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა, საკვერცხის ცისტის შემოგრეხა, საშვილოსნოს პერფორაცია, მეზენტერიულ სისხლძარღვთა თრომბოემბოლია, ზოგიერთი შედარებით იშვიათი დაავადება (მაგალითად, კრონის დაავადება, დივერტიკულიტი ან დივერტიკულის პერფორაცია). ტერმინ "მწვავე მუცელს" ექიმები ხშირად ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის დასაჩქარებლად იყენებენ. სტაციონარში ქირურგი ვალდებულია, დასვას დიაგნოზი - დააზუსტოს მწვავე მუცლის მიზეზი. როდესაც მწვავე მუცელზე ლაპარაკობენ, იგულისხმება შემდეგი ნიშნები:

  • მუცლის ტკივილი;
  • სუნთქვის აქტში მუცლის კედლის მეტ-ნაკლებად ჩამორჩენა;
  • პერკუსიით მტკივნეულობა;
  • მუცლის კედლის კუნთთა დაჭიმულობა;
  • ბლუმბერგის დადებითი ნიშანი (ბლუმბერგის სიმპტომის გამოკვლევის სქემა ასეთია: ხელის მტევნის მუცლის წინა ზედაპირზე თანდათანობით ზეწოლა სუსტად მტკივნეულია, ხელის მტევნის სწრაფად აღება კი მკვეთრად მტკივნეული);
  • გულისრევა, ღებინება;
  • აირებისა და განავლის გამოყოფის შეწყვეტა;
  • ენის (პირის) სიმშრალე;
  • ტემპერატურის მომატება (მაღალი ტემპერატურა იშვიათია);
  • პულსის გახშირება;
  • ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების დონის მომატება).

მწვავე მუცლის ნიშნების ანალიზი და მათზე დაკვირვება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მთავარია არა სიმპტომების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ერთი ან ორი წამყვანი სიმპტომის გამოყოფა და საჭიროებისას ავადმყოფზე ხანმოკლე დაკვირვება კლინიკის პირობებში. მუცლის კედლის დაჭიმულობა, ბლუმბერგის ნიშანი, შებერილობაც კი ნაწლავთა მწვავე გაუვალობის უმძიმეს ფორმას მხოლოდ მოგვიანებით ახასიათებს. უმძაფრესი (ხანჯლის ჩაცემის მსგავსი) ტკივილი, კუნთთა ფიცარივით (ქვასავით) დაჭიმულობა თავიდანვე გამოხატულია წყლულის პერფორაციის დროს, მაგრამ მუცელი არათუ შებერილი არ არის, არამედ ჩავარდნილია, შებერილობა მოგვიანებით ვითარდება. პულსი თავდაპირველად გაიშვიათებული - ბრადიკარდიულია, ღებინება, როგორც წესი, არ შეინიშნება, მაგრამ პერფორაციის სხვა ნიშნების არსებობისას ღებინება პერფორაციას არ გამორიცხავს. სუსტი ან ძლიერი, მაგრამ მუდმივი ტკივილი ახასიათებს მუცლის ფარის - პერიტონეუმის ანთებას, პერიტონიტს. შეტევისმაგვარი, მოვლითი ტკივილი ახასიათებს ნაწლავთა მწვავე გაუვალობას, ყოველგვარ ჭვალს, სპაზმს, შეტევებს შორის მეტ-ნაკლებად ნათელი პერიოდებით. მუცლის მოვლითი ტკივილი ახასიათებს საკვერცხის ცისტის შემოგრეხასაც. მაღალი ლეიკოციტოზი დამახასიათებელია ნაწლავის (ან სხვა ორგანოს) ნეკროზისათვის. მწვავე აპენდიციტის დროს კუნთთა დაჭიმულობა და ბლუმბერგის ნიშანი ყოველთვის არ შეინიშნება მოხუცებსა და ბავშვებში, აგრეთვე სიმსუქნის შემთხვევაში (დიდი მუცელი). ძლიერი ტკივილი ქრება პერფორაციის დროსაც, როცა მას დაემატება გასტროდუოდენური სისხლდენა (ბანაიტისის სიმპტომი). ახასიათებს ნაწლავის გაუვალობას. ღებინება მწვავე მუცლის დასაწყისში რეფლექსურია. ის ახასიათებს ნაწლავის გაუვალობას, მოგვიანებით სტადიაში - დიფუზურ პერიტონიტს. მუცლის დახურული ტრავმის დროს მოსალოდნელია შინაგან ორგანოთა (ე. წ. კანქვეშა) დაზიანება. ღვიძლისა და ელენთის დაზიანებისას თავს იჩეს შინაგანი სისხლდენის ნიშნები: არტერიული წნევის დაცემა, პულსის გახშირება, მოგვიანებით - ჰემოგლობინის შემცირება, ზომიერი ლეიკოციტოზი. მუცელი ამ დროს რბილი, მაგრამ პალპაციით მტკივნეულია (კულენკამფის ნიშანი). ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში ანემიას მოგვიანებით ერთვის ნაღვლოვანი პერიტონიტის ნიშნები. მუცლის ყოველგვარი ტკივილის შემთხვევაში, როცა ვარაუდობენ მწვავე მუცელს, მეტადრე - პერიტონიტის დაწყებას, აუცილებელია ავადმყოფის დაუყოვნებლივ ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსება. დაუშვებელია ბინაზე მკურნალობა, საფაღარათო საშუალებების მიცემა, მუცელზე თბილის ან ცივის დადება ტკივილის შესამცირებლად, პერისტალტიკის გამაძლიერებელი პრეპარატების გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ოყნის გაკეთება, ნარკოტიკული საშუალებების ან ანტიბიოტიკების გამოყენება. ისინი, მართალია, ზოგჯერ დროებით აუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას, მაგრამ დრო იკარგება, პერიტონიტის ძირითადი მიზეზი პროგრესირებს და საბოლოოდ დახმარება უშედეგო ხდება. არაერთხელ მომხდარა, რომ კუჭის წყლულის პერფორაცია ან მწვავე აპენდიციტი (გულის კუნთის ინფარქტიც კი) საკვებით გამოწვეულ მოწამვლად მიუჩნევიათ და ავადმყოფისთვის კუჭი ამოურეცხავთ. გახსოვდეთ, ყოველგვარი ჩარევისაგან თავი უნდა შეიკავოთ! აღნიშნულ ღონისძიებებს საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში ჩაუტარებენ პაციენტს, მას შემდეგ, რაც დიაგნოზს დააზუსტებენ და ოპერაციულ ჩარევას უარყოფენ ან გადაწყვეტენ. Mმხოლოდ კლინიკურ პირობებში სწრაფი გამოკვლევა და გამოცდილ სპეციალისტთა კონსულტაცია გვიხსნის სავალალო შეცდომებისგან.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები