რუბრიკები
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები

ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს დიდი როლი აკისრიათ კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალო-ბაში. მათი ეფექტი განპირობებულია ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედებით. გარდა ამისა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები თრგუნავენ ფიბრობლასტების მიერ კოლაგენების სინთეზს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რიგი ქრონიკული დერმატოზის მკურნალობისას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებაც, რომელიც ასევე მთავარ როლს ასრულებს მქავანა დერმატოზების მკურნალობაში.


ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები
დაბალი აქტიურობის კორტიკოსტეროიდები (I ჯგუფი)

  • ჰიდროკორტიზონის კრემი;
  • ჰიდროკორტიზონის მალამო;
  • პრედნიზოლონი;

ზომიერი აქტიურობის კორტიკოსტეროიდები (II ჯგუფი)

  • ლოკოიდი;
  • ლატიკორტი;
  • ფტიროკორტი;
  • პოლკორტოლონი;

აქტიური კორტიკოსტეროიდები (III ჯგუფი)

  • მეზოდერმი;
  • ცელესტოდერმი-V;
  • ფლუცინარი სინოფლანი;
  • სინოფლან-ფიტოფარმი;
  • ფლუცინარ-N;
  • ფლუციდერმი;
  • ადვანტანი;
  • ელოკომი;

მაღალი აქტიურობის კორტიკოსტეროიდები (IV ჯგუფი)

  • კლოვეიტი დელორი;
  • დერმოვეიტი;
  • აბისტანი.

ადგილობრივი ეფექტის განსახორციელებლად კორტიკოსტეროიდებმა ეპიდერმასა და დერმაში უნდა შეაღწიონ. შეღწევის დრო დამოკიდებულია გამოყენებული წამლის ფორმაზე (მალამო, კრემი, ლოსიონი) და თავად კორტიკოსტეროიდის მოლეკულების ლიპოფილურობაზე. რაც უფრო ლიპოფილურია ნივთიერება, მით უფრო მეტი კონცენტრაციით შეაღწევს კანის უჯრედებში და მით უფრო ნაკლებად გადავა იქიდან სისხლში. მალამოს ფორმის კორტიკოსტეროიდებს აქვთ უფრო მაღალი თერაპევტული პოტენციალი და საგრძნობლად ზრდიან კანის შეღწევადობას. მალამოებს იყენებენ მშრალი, დანაოჭებული და ლიქენიზებული კანის სამკურნალოდ.

კრემი, მალამოსგან განსხვავებით, ადგილობრივი გამოყენებისას ავლენს გამაშრობელ ეფექტს, ამიტომ უფრო მეტად გამოდგება კანის ისეთი მწვავე და ქვემწვავე დაზიანების დროს, რომელსაც თან ახლავს სისველე. ამ დროს ეფექტს აძლიერებს სისხლძარღვების შემავიწროებელი ადგილობრივი მოქმედება. ასეთი ფორმის კორტიკოსტეროიდები უფრო მეტად მისაღებია კანის ნამიან უბნებში (ტუჩები, იღლიები), დიდ ნაოჭებში (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, ჩამოკიდებული მუცლის ქვეშ), ასევე - სახსრის (იდაყვის, მუხლის) სახრელებში წასასმელად. თავის თმიანი ნაწილის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება გელის ფორმის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.


ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტები
I ჯგუფი

  • კანისა და კანქვეშა უჯრედების ატროფია;
  • კანზე სტრიები, ატროფიული ხაზები;
  • სტეროიდული პურპურა და სისხლდენა;
  • ტელეანგიექტაზია;
  • ჰიპო ან ჰიპერპიგმენტაცია;
  • პერიორალური, პერიოკულარული დერმატიტი;
  • ფოლიკულიტი;
  • გამონაყარი;
  • ალოპეცია;
  • მეორეული ინფექცია და ბაქტერიული ინფექციის გართულება;
  • სოკოვანი ინფექციის გენერალიზაცია;
  • კანის შეხორცების შეფერხება;
  • კატარაქტა და გლაუკომა;

II ჯგუფი

  • კონტაქტური დერმატიტი;

III ჯგუფი
კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენების დროს იმატებს შემდეგი გვერდითი ეფექტების რისკი:

  • შეშუპება;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ჰიპერგლიკემია;
  • ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეწყდეს.

რა უნდა გვახსოვდეს:
1. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის დაავადების სიმპტომების გაქრობისთანავე. დაუშვებელია ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით.
2. ეს სამკურნალო საშუალებები არ გამოიყენება ფერიმჭამელების, მათი გართულებული ფორმებისა და კანის ინფექციური ნიშნების მქონე დაზიანების სამკურნალოდ.
3. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებას სახესა და კანის მგრძნობიარე უბნებზე.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები