რუბრიკები
დედის ხელით

მომავალმა დედებმა კარგად იციან, რომ პატარას დაბადებამდე უნდა მოუმზადონ "მზითევი". ამ მზითევისთვის ბევრი რამ შეგიძლიათ საკუთარი ხელით შექმნათ. ცრურწმენა, თითქოს ბავშვისთვის ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების მომზადება დაბადებამდე არ შეიძლება, კარგა ხანია დავიწყებას მიეცა. თანამედროვე დედები ცდილობენ, ყველაფერი წინასწარ
მოიმარაგონ. სასიამოვნო განცდაა, როდესაც პატარას ტანსაცმელს საკუთარი გემოვნებით არჩევ და ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია, შვილი შენივე ხელით შეკერილი, მოქსოვილი თუ მოქარგული სამოსით გაახარო.

ტანსაცმელი
ბავშვის გარდერობის ყველაზე მომხიბლავი ნივთი ფაჩუჩებია. სწორედ მათი ქსოვის შესწავლა სურთ მომავალ დედებს. გამოცდილი მქსოველის ხელმძღვანელობით ლამაზი ფაჩუჩების შექმნა სულაც არ არის ძნელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქსოვის ელემენტარული ჩვევები გაქვთ. თუ მაინც შიშობთ, შეგიძლიათ, ქსოვა უფრო მარტივი ნივთებით, მაგალითად, პლედით დაიწყოთ. მაქსიმალური კომფორტისთვის დაგჭირებათ სულ პატარა - დაახლოებით 50X80სმ ზომის - პლედი. მის მოსაქსოვად დაახლოებით იმდენივე დრო და ძალისხმევაა საჭირო, რამდენიც ღაზლის მოსაქსოვად. პლედი მთლიანიც შეიძლება იყოს და პატარა, გეომეტრიული ფორმის დამოუკიდებელი ნაწილებისგან შეკერილიც. თუ კერვა უფრო მეტად გეხერხებათ, ვიდრე ქსოვა, შეგიძლიათ ფერადი ნაკუწებისგან ლამაზი საბანი შეკეროთ. თუ გრძნობთ, რომ მთელი საბნისპირის შესაკოწიწებლად მოთმინება არ გეყოფათ, შეგიძლიათ, პატარა ნაწილი შეკეროთ და შესატყვისი ფერის საბანს დააკეროთ. თუ არც ქსოვა გიტაცებთ და არც კერვა, გირჩევთ, ქარგვასა და აპლიკაციაში სცადოთ ბედი. გული, ყვავილი, დათვის ბელი ნებისმიერ ნივთს გაალამაზებს.

 

ინტერიერი
ხელსაქმის მეორე მიმართულება ინტერიერის გალამაზებაა. განსაზღვრული ხნის შემდეგ ბავშვი აუცილებლად დააფასებს ინტერიერის სილამაზეს. თქვენთვისაც უფრო სასიამოვნო იქნება მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ ოთახში ყოფნა. ყველაზე ეფექტური და მარტივი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაალამაზოთ ბავშვის ავეჯი, ყუთები და ჩარჩოები, ხელით ხატვის იმიტაციაა. შეგიძლიათ, გამოჭრათ ლამაზი ნახატი ან ფიგურა (უმჯობესია, ქაღალდი თხელი იყოს) და ავეჯის ზედაპირზე ჩვეულებრივი ხის წებოთი დააწებოთ. მომდევნო ეტაპი ნახატის ლაქით დაფარვაა. უმჯობესია, ეს სამუშაო ოჯახის წევრებმა მაშინ შეასრულონ, როცა მომავალი დედა სასეირნოდ წავა - თანამედროვე აკრილის ლაქები საკმაოდ სწრაფად შრება და სუნსაც არ ტოვებს. კერვის მოყვარულებსაც შეუძლიათ, ეფექტურად გამოიყენონ თავისი ნიჭი ინტერიერის გასალამაზებლად. მაგალითად, შექმნან ჯიბეებიანი ხალიჩა, რომელიც ლამაზიც არის და პრაქტიკულიც: აიღეთ უბრალო ტილოს ნაჭერი, კედლებზე ლამაზი არშია შემოავლეთ და ჯიბეები დააკერეთ.

ნაჭრის ზომა, ფერი, ჯიბეების ფორმა და რაოდენობა შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ. შემდეგ ეს ჯიბეებიანი ქსოვილი საწოლის კიდეებზე დაამაგრეთ ან კედელზე დაკიდეთ, მის ჯიბეებში კი საჭირო წვრილმანები ჩააწყვეთ - მათი ძებნაც აღარ დაგჭირდებათ. როცა პატარა წამოიზრდება, შეეძლება, თქვენი ქმნილება ფლომასტერებისა და ფანქრების შესანახად გამოიყენოს. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოამზადოთ, ბავშვის სიმაღლის საზომია. სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურად იზრდება. ამ პერიოდში დედას იმდენი საზრუნავი აქვს, რომ მსგავსი მოწყობილობის შესაქმნელად ნამდვილად ვერ მოიცლის, ამიტომ ჯობს, სიმაღლის საზომი პატარას დაბადებამდე მოამზადოს. ციფრების გასწვრივ ამოქარგული ვარსკვლავი, დათუნია ან ბურთი სიმაღლის გაზომვას თქვენი პატარას ერთ-ერთ უსაყვარლეს გართობად აქცევს. შემდეგ კი შეგიძლიათ, ეს საზომი შვილიშვილებს შეუნახოთ.

 

სათამაშოები
სათამაშოების ქსოვა და კერვა საკმაოდ მხიარული და სასიამოვნო საქმიანობაა. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ბავშვის განვითარებისთვის თვითნაკეთი სათამაშოები განსაკუთრებით სასარგებლოა. თანაც მათ დედის ხელების სითბო აქვთ შერჩენილი და ბუნებრივი ქსოვილებისგან არიან დამზადებულნი.
ალბათ უმჯობესია, პირველ რიგში მოძრავი სათამაშო დაამზადოთ. ჯერ ქაღალდის თარგი გამოჭერით დათუნიასთვის, კურდღლისთვის, ღრუბლისთვის (გაითვალისწინეთ: ამ სათამაშოების ზომა 8-10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს და დეტალებით არ უნდა იყოს გადატვირთული). გამოჭერით ფიგურები, ნაჭრები უკუღმა დაადეთ ერთმანეთს, პირი გაუკერეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ბამბით გამოტენეთ. როცა რამდენიმე სათამაშოს შეკერავთ, გააერთიანეთ - წვრილი თოკებით ერთ რგოლზე დაკიდეთ, ხოლო რგოლი საწოლის ზემოთ დაამაგრეთ. სათამაშო უბრალო შეხების დროსაც კი ამოძრავდება და უდავოდ მიიპყრობს პატარას ყურადღებას.

ძაფისთმიანი ნაჭრის თოჯინაც თქვენი შვილის საყვარელ სათამაშოდ იქცევა. პაწაწა მას ჯერ დაათვალიერებს, შემდეგ მოფერებასაც ისწავლის, როცა წამოიზრდება, საწოლშიც ჩაიწვენს...
სათამაშო წიგნის შესაქმნელად სხვადასხვა ფერის სქელ ნაჭრებზე სხვა ფერის ნაჭრისგან გამოჭრილი ფიგურები დააწებეთ ან დააკერეთ. ეცადეთ, განსხვავებული ფაქტურის ქსოვილები შეარჩიოთ. მათი შეხებისას პატარას ტაქტილური შეგრძნება და წვრილი მოტორიკა განუვითარდება. პატარას აუცილებლად განაცვიფრებთ "ფანჯრებიანი" წიგნით - მის ერთ "ფურცელზე" არსებული ფანჯარა იღება და იქიდან მეორე ფურცელზე "მობინადრე" დათუნია ან კურდღელი ჩანს. შეგიძლიათ, საამისოდ მზა აპლიკაციაც გამოიყენოთ.

 

საჩუქარი
არსებობს თვითნაკეთი ნივთები, რომელთა შექმნაც საკუთარი თავისთვის აზრადაც არ მოგივათ, მაგრამ ძალიან გესიამოვნებათ, თუ ვინმე მსგავს საჩუქარს მოგართმევთ. მაგალითად, ძალიან ლამაზია მოქარგული ღია ბარათი. ის საკმაოდ ეფექტურია და სულაც არ არის ძნელი დასამზადებელი. ქაღალდი ორად გაკეცეთ და მეორე ფურცელზე ნახატი ამოქარგეთ. დათვი, ბურთი, ყვავილი, ანგელოზი, პეპელა - არჩევანი საკმაოდ დიდია. ამის შემდეგ პირველ გვერდზე ოვალური ან მართკუთხა ფანჯარა გამოჭერით, რომლის "გაღებისას" ნაქარგი გამოჩნდება.

 

როგორ შევარჩიოთ მასალა
ქსოვილიც და ძაფიც, ცხადია, ნატურალური უნდა იყოს. როგორც არ უნდა გხიბლავდეთ პოლიესტერი, აჯობებს, ჩითი გამოიყენოთ, განსაკუთრებით - თუ ბავშვს ტანსაცმელს უკერავთ. შალის ძაფი, რა თქმა უნდა, ნატურალურია, მაგრამ შესაძლოა, ალერგიის მიზეზად იქცეს, ამიტომ ეცადეთ, შალი იშვიათად გამოიყენოთ, ხოლო ამ ძაფის ფაჩუჩები და ჯემპერი პატარას ტანსაცმლის ზემოდან ჩააცვით. ის ნივთები, რომლებსაც ბავშვი უშუალოდ ეხება, ჯობს, ბამბის ძაფისგან მოქსოვოთ. ხელით შეკერილი სათამაშოები უმჯობესია სინთეპონით გატენოთ. სინთეპონი ბამბაზე უკეთ ინარჩუნებს ფორმას და მალე შრება.
არ შეიძლება სათამაშოების გამოტენა გამხმარი მცენარეებით - შესაძლოა, პატარას ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. სათამაშოს ან ტანსაცმლის მოსაქსოვად არც ანგორის (მოხერის) ძაფის გამოყენებას გირჩევთ - მართალია, ღუნღულა კოფთაში პატარა საყვარელ დათვის ბელს ჰგავს, მაგრამ შესაძლოა, ძაფის ბუსუსები პირში ან ცხვირში ჩაუვიდეს.

ეცადეთ, არც ერთ სათამაშოს და, საზოგადოდ, არც ერთ საგანს, რომელიც ბავშვის ხელში ხვდება, არ ჰქონდეს პატარა დეტალები, რომლებიც შეიძლება მოწყდეს. ჯობს, თვალები ამოქარგოთ, ვიდრე ღილები დააკეროთ. თუ პატარა დეტალი აუცილებელია, ის ძალიან კარგად უნდა იყოს დამაგრებული. ფერადი პომპონები და თასმები კი თვალს ნამდვილად ახარებენ. შეარჩიეთ კაშკაშა ფერები, მაგრამ ჯობს, ერთ სათამაშოში 2-3 ფერზე მეტი არ იყოს შეხამებული. თუ ბევრი დეტალი აუცილებელია, გასანეიტრალებლად თეთრი ან ბაცი ყვითელი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ ჭადრაკისებრ და ზოლებიან ორნამენტებზე რეაგირებს.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო კომენტარები