რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
გულის მკვებავი სისხლძარღვები

ადამიანის გული მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობს, ამიტომ მუდმივად სჭრიდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ამისთვის მას სისხლძარღვთა საკუთარი სისტემა გააჩნია, რომელიც გარეგნულად ძლიერ წააგავს გვირგვინს, ამიტომ გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარულ ანუ გვირგვინოვან სისხლძარღვებს უწოდებენ. ისინი გულის შეუჩერებელ მუშაობას და სისხლის მიმოქცევის მუდმივობას უზრუნველყოფენ. გვირგვინოვანი სისხლძარღვები აორტიდან გამოდიან, გულს სალტისებურად, გვირგვინივით უვლიან გარს და პერიფერიული ნაწილებით კვლავ ისე ერთდებიან, რომ მთლიან წრეს ქმნიან, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი გულის სისხლძარღვთა სისტემას სისხლის მიმოქცევის დამოუკიდებელ მესამე წრედ მიიჩნევს და გულის სისხლის მიმოქცევის წრეს უწოდებს.

გულის სისხლის მიმოქცევის წრე მუდმივი შეკუმშვითა და გაფართოებით მუდმივად კვებავს გულის მუშა კუნთს (მიოკარდიუმს) და გულის გამტარ სისტემას (კვანძებს), რომლებიც გულის შეკუმშვების მასტიმულირებელ იმპულსებს თავად გამოიმუშავებენ. გულის გამტარ სისტემას ეკუთვნის ის ნერვული გზებიც, რომელთა გავლითაც იმპულსები კვანძებიდან მიოკარდიუმის კუნთოვანი ბოჭკოებისკენ მიემართება. გულს სისხლს ყველაზე მსხვილი არტერიული სისხლძარღვიდან აორტიდან გამომავალი ორი, მარჯვენა და მარცხენა, გვირგვინოვანი არტერია აწვდის. კორონარული არტერიებიდან გამომავალი განშტოებები მთელ მიოკარდიუმს ქსელავს და მის სრულფასოვან სისხლმომარაგებას უზრუნველყოფს.
კორონარული არტერიები თავის მხრივ უწვრილეს სისხლძარღვებად - კაპილარებად იყოფიან. ამ კაპილართა დიდი ნაწილი სარეზერვოა - ისინი გულის ჩვეულებრივი მუშაობისას არ ფუნქციობენ და მუშაობაში მხოლოდ ორ შემთხვევაში ერთვებიან:
1. როცა მიოკარდიუმის სისხლმომარაგების გაზრდაა საჭირო;
2. როცა ამა თუ იმ დაავადების შედეგად ზიანდება გულის გვირგვინოვანი არტერიების უფრო დიდი ღერო და მის ფუნქციებს სარეზერვო კაპილარები ახორციელებენ.

 

გვირგვინოვან არტერიათა ათეროსკლეროზი
ზოგჯერ გვირგვინოვან არტერიებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, გულის კუნთს ვეღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობის საკვები და ჟანგბადი და მისი ნაწილი ან მთელი მიოკარდიუმი მუშაობას წყვეტს. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი გვირგვინოვან არტერიათა ათეროსკლეროზული დაზიანებაა. ათეროსკლეროზისას გულის კორონარული არტერიების კედლებზე ფოლაქების სახით ცხიმის მსგავსი ნივთიერება - ქოლესტერინი ლაგდება. ქოლესტერინული ფოლაქების გამო გვირგვინოვანი არტერიის კედელი მკვრივდება, კარგავს ელასტიკურობას, საგრძნობლად ვიწროვდება მისი სანათური. სისხლძარღვის შიგნით ათეროსკლეროზულ გადაგვარებას მისი ნერვული დაბოლოებებიც განიცდიან, რაც არღვევს თავის ტვინის მიერ გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნერვულ რეგულაციას და აფერხებს გულისთვის ჟანგბადითა და საკვებით მდიდარი არტერიული სისხლის მიწოდებას. ათეროსკლეროზის დროს კორონარული არტერიები სპაზმისკენ - სანათურის შევიწროებისკენ ხდებიან მიდრეკილნი, ეს კი საფუძვლად ედება საშიშ პათოლოგიურ პროცესს - სტენოკარდიას. სტენოკარდია გულის არეში გაჩენილი ძლიერი ტკივილია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება, შემდეგ კი მოსვენების დროსაც იჩენს თავს, რაც დაავადების პროგრესირებისა და საშიშ ფაზაში გადასვლის მაუწყებელია. განსაზღვრული ხნის განმავლობაში ათეროსკლეროზით დაავადებული გვირგვინოვანი სისხლძარღვები ახერხებენ, გული ნორმალურად მოამარაგონ სისხლით, მაგრამ როდესაც დაზიანება მაღალ ხარისხს მიაღწევს, ისინი ვეღარ აკომპენსირებენ ფუნქციებს და გვირგვინოვან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მწვავე დარღვევის გამო ვითარდება გულის კუნთის რომელიმე უბნის ან მთელი კუნთის ნეკროზი, რომელსაც მიოკარდიუმის ინფარქტს უწოდებენ.

 

ინფარქტის სტატისტიკა

  • მიოკარდიუმის ინფარქტი დღემდე ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც, ბოლო 20 წლის მონაცემებით, შემთხვევათა 10-12%-ში ლეტალობით სრულდება.
  • დაავადება უმთავრესად 48-50 წელს გადაცილებულთა ხვედრია, თუმცა იგი გაცილებით ახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც დაავადებისადმი
    გენეტიკური მიდრეკილება განსაზღვრავს.
  • უკანასკნელ წლებში 80%-ით გაიზარდა 30 წლამდე ასაკის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, 35-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი ამ მაჩვენებელმა 50%-ით იმატა.
  • მიოკარდიუმის ინფარქტით გაცილებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები, დაავადება რამდენადმე ინდობს 50 წლამდე ქალბატონებს, თუმცა მენოპაუზის შემდეგ დაავადების განვითარების ალბათობა ორივე სქესისთვის ერთნაირია.
  • 50 წელს გადაცილებული ქალბატონები ინფარქტისგან ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან.
  • ქალბატონებს ინფარქტის შემდეგ მამაკაცებზე მეტად უსუსტდებათ გულის კუნთი, უმცირდებათ არტერიული წნევა.
  • ქალებში გაცილებით ხშირია სისხლის გამათხელებლებისა და სისხლდენის შემაჩერებელი თერაპიის თანმდევი გართულებანი.
  • განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებში ინფარქტის გამომწვევი პირველი მიზეზიც. მამაკაცებში ყველაზე ხშირად ამას გვირგვინოვანი არტერიების დახშობა იწვევს, ქალებში კი თრომბები და არტერიული სპაზმები.
  • მამაკაცთა 70%-ს ინფარქტი დასვენებისას უვითარდება, ქალბატონებს კი იგი ყველაზე ხშირად სამსახურში ემართებათ.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის ინფარქტი 62%-ით პირველ ადგილს იკავებს  და აღემატება ერთად აღებული კიბოთი, ტუბერკულოზით, ინფექციური დაავადებებითა და შიდსით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

 

ინფარქტის რისკჯგუფები
ინფარქტის რისკჯგუფს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც:

  • ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს;
  • ბევრს ეწევიან;
  • ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს;
  • ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან.


უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა სტრესული ფაქტორებით გამოწვეულმა მიოკარდიუმის ინფარქტმა. იგი უმთავრესად ინტელექტუალური სამუშაოს მქონეებს ემტერება.



თარიღი : 16-01-2015
სიმა
რა სიმპტომები ხასიათებს გულის ტკივილს,როდესაც არანაირი პათოლოგია არ არის,არაფერს წერთ ამაზე.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.