რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე

მხედველობის პრობლემები უმეტესად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამ ასაკში სათვალის შერჩევა და მორგება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ოფთალმოლოგი მაია კავლელიშვილი გვესაუბრება.



- რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?
- ბავშვის მხედველობის სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა მის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდში, დედის სხვადასხვა დაავადების ფონზე ვითარდება. მაგალითად, ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირას დედის მიერ გადატანილმა ვირუსულმა დაავადებამ (გრიპმა) შესაძლოა თანდაყოლილი გლაუკომა გამოიწვიოს. თანდაყოლილი კატარაქტის არსებობაც ხშირად დედის მიერ ორსულობის პერიოდში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. ახალშობილის თვალის ნებისმიერი ანთებითი პროცესის მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებაა. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი სწრაფვა. რისკის ფაქტორებს წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა.


- როდის იწყებს ახალშობილი საგნების დანახვას?
- ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია და 0,01-0,02-ს არ აღემატება. ჩამოყალიბებულია მხოლოდ თვალის გუგის რეაქცია (რეფლექსი) სინათლეზე. 2-დან 5 კვირამდე ასაკის პატარა უკვე იწყებს მზერის ფიქსირებას სინათლის წყაროზე ან ამა თუ იმ შედარებით დიდი ზომის საგანზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვს შესაძლოა პერიოდული სიელმე აღენიშნებოდეს. ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ სიელმე დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში არ გაქრა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ. მეორე თვიდან ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. მზერას აფიქსირებს საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური (შეხებითი) მგრძნობელობა. მესამე-მეოთხე თვიდან ჩამოყალიბებას იწყებს ფერადი მხედველობა, მხედველობის სიმახვილე 0,2-0,4-მდე იმატებს.  მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვადასხვა საგნამდე მანძილს.  2 წლისთვის მხედველობის სიმახვილე 0,6-0,7-მდე იმატებს, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს სჭირდება 5 პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან: სიცოცხლის პირველსავე დღეებში, ერთი, სამი, ექვსი თვისა და 1 წლის ასაკში. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გამოვავლინოთ მხედველობის ორგანოს ყოველგვარი პათოლოგია. დაახლოებით 3 წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით.


- თუ ბავშვს მხედველობის დაქვეითება - ახლომხედველობა აღმოაჩნდა, როგორია შემდგომი მოქმედების ტაქტიკა?
- პირველ ყოვლისა, ჩასატარებელია მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ იწყება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვისთვის სათვალის შესარჩევად აუცილებელია ე.წ მედიკამენტური ციკლოპლიგია ანუ აკომოდაციის დროებითი დამბლის მიღწევა სპეციალური მედიკამენტებით, უმეტესად ატროპინის 0,5%-იანი ან 1%-იანი ხსნარით. შემდეგ პაციენტი განმეორებით უნდა გაისინჯოს - ხდება ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერება და სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვს სათვალე უნდა შევურჩიოთ კლინიკაში და არა ოპტიკის სალონში. ყურადსაღებია კიდევ ერთი რამ: თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ 0,5 ან მეტი აქვს და მისი მხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესად არ ინიშნება!


-

საჭიროა თუ არა სათვალის შერჩევის შემდეგ ოკულისტთან კონსულტაცია? თუ საჭიროა, როგორი სიხშირით?
- სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში - პაციენტი წელიწადში 4-ჯერ მაინც უნდა გაისინჯოს. თუ ორი წლის განმავლობაში მიოპია არ პროგრესირებს, შემდეგ წელიწადში 2-3 კონსულტაცია საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, მისი პროგრესის შესაჩერებლად აუცილებელია სპეციალური ოპერაციის - სკლეროპლასტიკის ჩატარება.


- კიდევ როდის ენიშნებათ სათვალე ბავშვებს?
- მხედველობის ისეთი მანკების დროს, როგორიც არის ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი. ჰიპერმეტროპია,  იგივე შორსმხედველობა, მიოპიის საპირისპირო რეფრაქციული მანკია, რომლის კორექცია შემკრები ანუ პლუს ნიშნიანი ლინზებით ხორციელდება. მიოპიისგან განსხვავებით, იგი იშვიათად პროგრესირებს. მაგრამ უფრო ხშირად იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს - ე.წ. ასთენოპათიას. ამ დროს პაციენტები უჩივიან თვალების წვას, ტკივილს, ცრემლდენას, რომელიც წერა-კითხვის, ტელევიზორის ყურების დროს ძლიერდება, სიმძიმის შეგრძნებას შუბლის არეში, თავის ტკივილს. სათვალე ამ შემთხვევაშიც მედიკამენტური ციპლოპლეგიის ფონზე შეირჩევა. სწორად შერჩეული სათვალის მეშვეობით ასთენოპათიური მოვლენები ქრება და ბავშვს ნორმალური მეცადინეობის საშუალება ეძლევა. აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ ე.წ. ფიზიოლოგიური ჰიპერმეტროპია. ისე რომ, თუ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვს არ აქვს ჩივილები, არ აღენიშნება სიელმე და ზარმაცი თვალი (ამბლიოპია), მხედველობის სიმახვილე შედარებით მაღალია და ჰიპერმეტროპიის ხარისხი 1,5 დიოპტრიას არ აღემატება, სათვალის დანიშვნა შეიძლება გადავდოთ კიდეც, თუმცა ასეთი ბავშვების დინამიკაში დაკვირვება აუცილებელია.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.