რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია

დისპლაზიას ორგანოს ან ქსოვილის განვითარების დარღვევას უწოდებენ. მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია არცთუ იშვიათი და საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა, რომელმაც, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, პატარას დიდი სირთულეები შეუქმნას. გვესაუბრება ბავშვთა N23 პოლიკლინიკის პედიატრი ნინო გასვიანი.

- რა იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობას?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდის მეოთხე-მეხუთე კვირას იწყება, მისი საბოლოო ფორმირება კი მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს.

 

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას. თუ დედას ან სხვა უახლოეს ნათესავს ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, გაცილებით მეტია ალბათობა, პატარას ასეთივე პათოლოგია ჩამოუყალიბდეს.

ორთოპედიაში დისპლაზიურ სინდრომს უწოდებენ შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან სახსრების ჰიპერმობილურობის (მოძრაობის ზედმეტი სიფართოვის) შერწყმით. ამასთანავე, დისპლაზია არის არა თავისთავადი დიაგნოზი, არამედ მდგომარეობა, რომელიც ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან.
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. ის სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობის შედეგია და შემაერთებელი ქსოვილის პირველადი დარღვევის შედეგად ყალიბდება. გენეტიკური ფაქტორები აქ მთავარ როლს ასრულებს. შედარებით ნაკლებ, თუმცა მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს მავნე გარემო ფაქტორები და ჰორმონული დარღვევები ორსულობის პერიოდში.

- რომელი რისკფაქტორები მოქმედებს დისპლაზიის ჩამოყალიბებაზე?

- დისპლაზია უფრო მეტად გვხვდება გოგონებსა და მენჯით წინამდებარეობით დაბადებულ ბავშვებს შორის. გოგონებში ეს დაავადება თითქმის ხუთჯერ ხშირია. არცთუ იშვიათად ბარძაყის თავის ამოვარდნილობა მცირე (2500 გ-მდე) წონის ახალშობილებშიც შეიმჩნევა.
საქმე ის არის, რომ მენჯის წინამდებარეობის დროს ნაყოფს მკვეთრად ეზღუდება სახსრებში (განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყის სახსრებში) მოძრაობა, სახსრის ნორმალური განვითარებისთვის კი მოძრაობის ადეკვატური სიფართოვეა საჭირო. რაც შეეხება მცირე წონას, ის, ჩვეულებრივ, კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან არის შერწყმული, რაც ასევე ზრდის სახსრის არასწორი ფორმირების რისკს. გარდა ამისა, რისკის ფაქტორებია დედის გინეკოლოგიური დაავადებები: საშვილოსნოს მიომა, შეხორცებები საშვილოსნოში და სხვა პროცესები, რომლებიც ბავშვის საშვილოსნოში მოძრაობას აფერხებს.

დაავადებას რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს:

  • განზიდვის შეზღუდვა - ზურგზე დაწოლილ ბავშვს ფეხებს 90 გრადუსით ვუხრით მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში და ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადავუშლით. ჯანმრთელი ბავშვის მუხლები თითქმის საწოლის ზედაპირამდე უნდა მივიდეს. თუ რომელიმე ან ორივე მხარეს მოძრაობა შეზღუდულია, დისპლაზია უნდა ვივარაუდოთ.
  • ს სახსრის ტკაცუნი - ამ ხმას გამოსცემს ბარძაყის თავი, როცა ფოსოში სწორდება. ტკაცუნი განზიდვის შემოწმებისას ხელით შეიგრძნობა ან ისმის. ეს სიმპტომი 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებს აღენიშნებათ.
  • კიდურების ჭარბი გარეთა როტაცია ანუ ფეხის ტერფის გარეთ მიბრუნება. ეს მძინარე ბავშვს თვალნათლივ ეტყობა.
  • ნაოჭების ასიმეტრია - ყურადღებიანი მშობლების შეშფოთებას ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმპტომი იქცევს, თუმცა დაავადებისთვის ყველაზე ნაკლებად დამახასიათებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ნაოჭების ასიმეტრიის მიუხედავად, სახსრები ნორმალურია.
  • კიდურის დამოკლება - ეს ნიშანი შესამჩნევია ცალმხრივი დისპლაზიის დროს, როცა ის უკვე მკვეთრად არის გამოხატული.

 

- თუ ჩვილს რომელიმე ამ ნიშანთაგანი აღმოაჩნდა, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

- დიაგნოზის დასმა დაბადებისთანავეა შესაძლებელი. მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, პატარა ორთოპედს აჩვენოთ. ორთოპედი ჩვილს ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევაზე გზავნის. გამოკვლევის ეს მეთოდი ახალშობილისთვის პრაქტიკულად უსაფრთხოა,

თუმცა სახსრის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება მისი მეშვეობით ყოველთვის ვერ ხერხდება - ულტრაბგერა სახსრის ელემენტების ურთიერთგანლაგების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის, ამიტომ საბოლოო დიაგნოზისთვის მაინც რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო, რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა.

- რას ურჩევთ მშობლებს ბავშვის მოვლის თაობაზე?

- თუ დიაგნოზი სამშობიარო სახლშივე დაისვა, პირველივე დღეებიდანვე შეგიძლიათ, ახალშობილი მჭიდროდ არ შეახვიოთ - როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა აუცილებელი, ამისთვის კი მენჯ-ბარძაყის სახსარში ფეხები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. ეს შეგიძლიათ ფართო ნახვევის, ორი პამპერსის ან პატარა ბალიშის ჩადებით. ისიც შეიძლება, ბავშვი სრულებით არ შეახვიოთ. სხვათა შორის, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ძალიან იშვიათია აფრიკაში, კორეაში, ვიეტნამში - იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვის მჭიდროდ შეხვევა მიღებული არ არის. სახსრის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური სიფართოვე, მოსვენების დროს კი ე.წ. ფიზიოლოგიური, ბუნებრივად განპირობებული მდგომარეობა, როცა ფეხები მუხლებში მოხრილი და გადაშლილია. ღირს კი ბუნებასთან ბრძოლა და ბავშვის ბარბაროსულად გაკოჭვა? არა მგონია, ამაში ვინმე დამეთანხმოს.

გარდა ამისა, დედამ უნდა ისწავლოს საგანგებო  ვარჯიშები: კიდურის განზიდვა, წრიული მოძრაობები, - რომლებიც ბავშვს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს. საჭიროა სამკურნალო მასაჟიც, რომელთაც ჩვილს სპეციალისტი უკეთებს. დისპლაზიის იმ ეტაპზე, როცა ამოვარდნილობა უმნიშვნელოა, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები კორექციისთვის საკმარისია.

- თუ დიაგნოზი უფრო გვიან დაისვა, რა დამატებითი ღონისძიებები ტარდება?

- თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში დაისვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით უფრო ზუსტად ადგენენ დაავადების სახეობას. ამ დროს უკვე საგანგებო არტაშნების დადებაა საჭირო. მათი ტარების ხანგრძლივობა ყოველ კერძო შემთხვევაში ინდივიდუალურია - რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. მთავარი კურსის ბოლომდე მიყვანაა. ზოგჯერ მშობლები არტაშანს ორთოპედთან შეუთანხმებლად ხსნიან - ეცოდებათ შეწუხებული ბავშვი და ფიქრობენ, რომ დარჩენილი 2-3 კვირა არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში კი ამ დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

თუ ჩვილს პათოლოგია 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა, უკვე სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ დროს რბილ დაჭიმვას მიმართავენ, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს. ასეთ პოზიციაში სახსარს არტაშნით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ. დაჭიმვის პროცესი შეიძლება 3 კვირაში დასრულდეს, რის შემდეგაც აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.

- რა შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

- მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება, თუმცა რაც უფრო დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული გამოჯანმრთელების შანსი.

ოპერაციული ჩარევა მაშინაც აუცილებელია, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს - სახსრის ნორმალური პოზიცია ბოლომდე ვერ აღდგება. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია ორი წლის ასაკიდან არის რეკომენდებული, თუმცა ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.
მინდა, მივმართო მშობლებს: თუ დისპლაზიის ოდნავი ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, ნუ ენდობით ნაცნობ-მეგობრების სიტყვებს, დიდი რამე, ჩემს შვილსაც ასევე ჰქონდაო და პატარა დაუყოვნებლივ აჩვენეთ თქვენს პედიატრს.

 

 

თარიღი : 11-12-2014
nino
რა ზომები უნდა ქონდეს 6 თვის ბავშვს მენჯის ბუდესა და ბარძაყის ტავს შორის?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.