რუბრიკები
გამონადენი ქალებში

 

- მოდი, შევეხოთ ისეთ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, როგორიც არის მენსტრუაცია. რამდენად მნიშვნელოვანია იგი ქალისთვის და რა განაპირობებს მენსტრუალური გამონადენის არსებობას?
- მენსტრუაცია ქალის სქესობრივი მომწიფების მაუწყებელია. მისი დაწყება იმას მოასწავებს, რომ გოგონას შეუძლია დაორსულება. მენსტრუაცია რეგულარული პროცესია, რომელიც ქალს ორსულობისათვის ამზადებს და გამოიხატება თვეში ერთხელ საშოდან სისხლიანი გამონადენით. ციკლი მოიცავს რამდენიმე ფაზას. საკვერცხეში თვეში ერთხელ ახალი კვერცხუჯრედი მწიფდება. საკვერცხიდან მისი გამოსვლა, ოვულაცია, ციკლის შუა პერიოდში ხდება. გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოსკენ მიემართება. ვიდრე კვერცხუჯრედი საკვერცხეში იზრდება, საშვილოსნოს შიგნითა გარსზე, ენდომეტრიუმზე, ყალიბდება ახალი ზედაპირული შრე, რათა დაორსულების შემთხვევაში ჩანასახის კვება შეძლოს. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, დაიშლება და მენსტრუალური ციკლის დასასრულს საშვილოსნოს შიგნითა გარსის ზედაპირულ შრესთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამის შემდეგ დაიწყება ახალი მენსტრუალური ციკლი.

- რა ასაკში ჩნდება პირველი მენსტრუაციული გამონადენი?
- მენსტრუაციის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია. მეტწილად ის 12-14 წლის ასაკში იწყება. პათოლოგიად მიიჩნევა მენსტრუაციის დაწყება 8 წლამდე და 15 წლის შემდეგ. ამ შემთხვევაში დედამ გოგონა აუცილებლად უნდა მიუყვანოს რეპროდუქტოლოგს. უნდა ითქვას ისიც, რომ მენსტრუაციის დაწყების დრო გარკვეულწილად დამოკიდებულია სხეულის მასაზე, - გამხდარ გოგონებს ის შედარებით გვიან ეწყებათ, მსუქნებს კი ადრე, - და გეოგრაფიულ სარტყელზე: სამხრეთის ქვეყნებში სქესობრივი მომწიფება გაცილებით ადრე იწყება, ჩრდილოეთში კი შედარებით გვიან. ციკლის ჩამოყალიბების პერიოდში მენსტრუაცია არარეგულარულია. ციკლის ჩამოყალიბება 1-2 წელიწადს გრძელდება. თუ შემდგომაც გაგრძელდა გადახრები, გოგონა აუცილებლად უნდა მივუყვანოთ გინეკოლოგს.

- როგორია მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გამონადენი?
- მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ანუ დრო მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე ინდივიდუალურია და 25-დან 35 დღემდე მერყეობს. ქალს უნდა ჰქონდეს მეტ-ნაკლებად ერთნაირი (სამდღიანი გადახრებით) მენსტრუალური ცილი. არის შემთხვევები, როდესაც შეკავება 10-14 დღესაც კი გრძელდება (მაგალითად სტრესის დროს). თუ ეს ერთჯერადია, ექიმის ჩარევა საჭირო არ არის, მაგრამ თუ ხშირად გამეორდა ან პაუზა მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია გინეკოლოგთან მისვლა. ასევე ინდივიდუალურია სისხლდენის ხანგრძლივობაც - იგი 2-დან 7 დღემდე მერყეობს. მენსტრუაციის დროს იკარგება 100-150 მლ სისხლი.

- როდის წყდება მენსტრუაციული ციკლი?
- რეგულარული მენსტრუაცია გრძელდება მენოპაუზის პერიოდის დადგომამდე ანუ მანამდე, ვიდრე საკვერცხეებში თანდათან შეწყდება კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესი და ქალი დაკარგავს დაორსულების უნარს. ეს, ჩვეულებრივ, 45-55 წლის ასაკში ხდება. მენოპაუზის დაწყებიდან მენსტრუაციის საბოლოო შეწყვეტამდე შესაძლოა 4-5 წელი გავიდეს. ამ პერიოდში ციკლი უმეტესად კვლავ არარეგულარული ხდება, მენსტრუალური გამონადენი იმატებს ან იკლებს.

- როგორია გამონადენი ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში?
- ორსულობის დროს იმატებს რძისფერი გამონადენის რაოდენობა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ჰორმონული ფონით არის გამოწვეული. თუ გამონადენი მოყვითალო-მორუხო ფერისაა, სქელია, აქვს არასასიამოვნო სუნი, თან სდევს ქავილი, წვა და კანის შეწითლება, ეს ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენი შესაძლოა მუცლის მოწყვეტის ან პლაცენტის ნაადრევი აცლის ნიშანი იყოს. სისხლიანი გამონადენი ასევე მოსალოდნელია საშვილოსნოსგარე ორსულობისა და ტროფობლასტური დაავადებების დროს. ლოგინობის ხანა იწყება პლაცენტის გამოძევების შემდეგ და გრძელდება 40 დღე. ამ ხნის განმავლობაში ქალის რეპროდუქციული სისტემა უბრუნდება ორსულობამდელ მდგომარეობას. მელოგინეს სასქესო ორგანოებიდან 5-6 კვირის განმავლობაში აქვს გამონადენი - ლოქია. პირველ დღეებში ლოქიას აქვს სისხლის მინარევი. 3-4 დღის შემდეგ იგი სეროზული ხდება, ხოლო 10 დღის შემდეგ თეთრ ან მოყვითალო-მოთეთრო შეფერილობას იღებს.

- რას გვეტყვით სისხლიან გამონადენზე, რომელიც მენსტრუაციას არ უკავშირდება?
- ქალის სასქესო ორანოებიდან სისხლიანი გამონადენი შესაძლოა გაჩნდეს ორგანული და ჰორმონული დარღვევების (ეროზია, მიომა, კიბოსწინარე და სიმსივნური დაავადებები, ოვულატორული და ანოვულატორული დარღვევები, ენდომეტრიოზი), სტრესის დროს. ხანმოკლე სისხლიანი გამონადენი მოსალოდნელია სქესობრივი აქტის დროს და გინეკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, აგრეთვე - მენსტრუაციამდე და მის შემდეგ.

- ვიცით, რომ ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ორგანოების ჰიგიენას.
- ინტიმური ჰიგიენა დელიკატური თემაა და, ჩვეულებრივ, ცდილობენ, მას არ შეეხონ, მაგრამ გაჩუმება და თვალის დახუჭვა შესაძლოა უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ინტიმური ჰიგიენის დაუცველობა ხშირად იქცევა ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა მიზეზად. საშოს შესავალი ანალურ ხვრელთან ახლოს არის, ამიტომ აუცილებელია, პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის მოხვედრა ქალის შინაგან სასქესო ორგანოებში. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელს დამცავი საცობი არ ფარავს. სასქესო ორგანოების დამცავი შესაძლებლობები დამოკიდებულია ქალის ასაკზე. 17-18 წლამდე, ანუ მოწიფულობამდე, გოგონას საშოს მიკროფლორას ყოველგვარი არასასურველი ფაქტორი ადვილად არღვევს. მისი მდგრადობა მცირდება კლიმაქტერიულ პერიოდშიც. ცხოვრების ამ საფეხურზე ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებით უნდა იქნეს დაცული.
გაგაცნობთ ქალის ინტიმური ჰიგიენის წესებს, რომელთა დაცვა თავიდან აგაცილებთ სასქესო ორგანოთა ანთებით დაავადებებს.

  • საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაბანის დროს მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელე ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს უფრო ტუტოვანს ხდის. თუ ეს ერთხელ მოხდა, საშიში არ არის, მაგრამ მუდმივი გატუტოვნება იწვევს საშოს მიკროფლორის დარღვევას, პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას. გახსოვდეთ, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელეები არ კურნავს ანთებით დაავადებებს. თუ გაქვთ გამონადენი, გაწუხებთ ქავილი ან წვა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.
  • გარეთა სასქესო ორგანოები ჩაიბანეთ დღეში, სულ მცირე, ორჯერ. დაუშვებელია საშოს გამობანა შხაპით.
    მენსტრუაციის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ საამისო შესაძლებლობა არ გაქვთ, ხელთ გქონდეთ ანტისეპტიკური ლოსიონით გაჟღენთილი სველი ხელსაწმენდები. ისინი არ შეიცავენ სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსებს აღიზიანებს. სამაგიეროდ ზოგიერთი მათგანი შეიცავს დამატენიანებელ მცენარეულ ზეთს, დამამშვიდებელ სამკურნალო ბალახს და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენ ექსტრაქტებს. სველი საწმენდები ინტიმური გამოყენებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი. ანალური ხვრელის ირგვლივ მიდამო უნდა დაიბანოთ ჩვეულებრივი საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ ზონის დეზინფექციას ვერ უზრუნველყოფს. სასქესო ორგანოების დაბანისას ხელის მოძრაობა და წყლის ნაკადი მიმართეთ წინიდან უკან. იგივე ითქმის ბუნებრივი მოთხოვნილებისას ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაზეც. ღრუბელი ამ დელიკატურ პროცესში სრულიად არ არის საჭირო. მან შესაძლოა დააზიანოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანი. პირსახოცი უნდა იყოს სუფთა, რბილი და აუცილებლად ინდივიდუალური.
  • ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ მინიმუმ 4 საათში ერთხელ. რაც უფრო მეტხანს დაიტოვებთ საფენს, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საშიშროება. თუ ალერგიული ხართ, უპირატესობა მიანიჭეთ საფენებს არომატიზატორების გარეშე. საშოს ტამპონები უნდა გამოიცვალოს 2 საათში ერთხელ. მისი გაჩერება უფრო მეტხანს არ შეიძლება.
  • ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგებსა და ტანგებს უარყოფენ. რასაკვირველია, ისინი მოხდენილად და სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ სიარულის დროს თხელ ზონარს ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ ბაქტერიები გადააქვს. გარდა ამისა, თუUსაცვალი ტანზე მეტისმეტად მჭიდროდ ზის, სისხლის მიმოქცევას არღვევს. თეთრეული დამზადებული უნდა იყოს ნატურალური მასალისგან. იგი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გასამრავლებლად.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"აღწერა: მწარმოებელი: Eurolux lw 777 EU აეროგრილი ამზადებს...
"იყიდება გამოხარშული ხის 6 ცალი სკამი,...
"შევისყიდი ძველ ქარვის მძივებს,კრიალოსნებს,თვლის სიდიდის და ხარისხის...