რუბრიკები
ძვლის სიმსივნეები

 


- რა იწვევს ძვლის ავთვისებიან სიმსივნეს? პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ როგორც ძვლის, ასევე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების აღმოცენებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ხშირი ტრავმირება. აქვს თუ არა საფუძველი მსგავს შეხედულებას?
- რიგი სიმსივნისგან განსხვავებით, ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებაში ტრავმას მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ პაციენტებს სიმსივნის პირველი ნიშნები ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებად მიაჩნიათ და ექიმს არც კი მიმართავენ. მსგავს შემთხვევებში გასათვალისწინებელია ერთი რამ: თუ ტკივილი ან კიდურის ფუნქციის დარღვევა ტრავმით არის განპირობებული, ის ტრავმირებისთანავე გამოვლინდება; თუ ჩამოთვლილი მოვლენები განახლდება ან თავს იჩენს ტრავმიდან გარკვეული ხნის შემდეგ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ძვლის სიმსივნური დაზიანების გამორიცხვის მიზნით. გარდა ამისა, ძვლის სიმსივნის წარმოშობის რისკფაქტორებია გენეტიკური დატვირთვა, რადიაცია და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ზემოთ დასახელებული ფაქტორების როლი ძვლის სიმსივნის აღმოცენებაში, მისი გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი და დადგენილი არ არის.


- პაციენტებზე განსაკუთრებით დამთრგუნველად მოქმედებს ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ძვლის სიმსივნეები განსაკუთრებული ავთვისებიანობით გამოირჩევა...
- ამ შეხედულებასაც აქვს გარკვეული საფუძველი. ძვლის პირველადი სიმსივნეების უმრავლესობა აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ოსტეოგენური სარკომა, რომელსაც ახასიათებს ჰემატოგენურად (სისხლის საშუალებით) მეტასტაზირება ორგანოებში და ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს. თუმცა არსებობს სიმსივნეებიც, რომლებიც ნაკლებად აგრესიულია. ასე რომ, ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან პროგნოზს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის აღსანიშნავია სიმსივნის ადრეული თუ შორეული გართულებები, ჰისტომორფოლოგიური შენება, ლოკალიზაცია და სხვა.


- რომელ ორგანოებში შეიძლება მეტასტაზირებდეს ძვლის სიმსივნე?
- სხვა სიმსივნეების მსგავსად, ძვლის სიმსივნეთა მეტასტაზირება შესაძლოა მოხდეს ფილტვში, ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.


- უქმნის თუ არა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე?
- ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე სიცოცხლეს განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის, მისთვის არ არის ტიპობრივი ძვლის ლიზისი და სპონტანური მოტეხილობების განვითარება, თუმცა რიგ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება შესაძლოა ისეთივე იყოს, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნისა: ტკივილი, ფუნქციური შეზღუდვა, ძვლის დეფორმაცია...


- რომელი კვლევები ტარდება ძვლების სიმსივნეთა დიაგნოსტიკის მიზნით?
- პაციენტის კვლევა იწყება გასინჯვით - მისი კლინიკური მონაცემების დადგენითა და ფიზიკალური გამოკვლევით. ძვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკაში უდიდესი როლი აკისრია რენტგენოგრაფიას, რომელიც ამ შემთხვევაში საკმაოდ ინფორმაციულია. როცა რენტგენოგრაფიით მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დეტალურად, მილიმეტრის დონეზე ხდება ინფორმაციის მიღება სიმსივნის გავრცელებასა და სტრუქტურაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხერხემლის პირველადი და მეტასტაზური დაზიანების დროს. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ძვლების სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება. მიუხედავად ასეთი თანამედროვე კვლევების არსებობისა, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ტრეპანობიოფსია, რაც საშუალებას გვაძლევს, სპეციალური ნემსის მეშვეობით მივიღოთ ძვლის მცირე ნაწილი და მიკროსკოპიულად შევისწავლოთ მისი უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება. სადღეისოდ დადგენილია, რომ ძვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა გამოსაკვლევად ყველაზე ეფექტურია კომპლექსური კვლევა, რაც გულისხმობს კლინიკური კვლევის, სხივური დიაგნოსტიკის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) და მორფოლოგიური გამოკვლევის შერწყმას. ამ მეთოდების კომბინირებული გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შემთხვევათა უმრავლესობაში სწორი დიაგნოზი დავსვათ.


- უკანასკნელ ხანს საკმაო პოპულარობით სარგებლობს სახსრების ექოსკოპიური კვლევა. ინფორმაციულია თუ არა ის ძვლის სიმსივნეების სადიაგნოზოდ?
- სახსრების ექოსკოპიური კვლევა ინფორმაციულია სახსრების, რბილი ქსოვილების პათოლოგიის დასადგენად. ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის ის არ არის მიზანშეწონილი. კვლევის ხელმისაწვდომ და იაფ მეთოდთაგან ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ინფორმაციულია ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიული კვლევა, რომელიც თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს. ზემოხსენებული მეთოდები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) გვიჩვენებს სიმსივნის ლოკალიზაციასა და გავრცელებას, ხოლო კვლევის ინვაზიური მეთოდები - პუნქციური ასპირაციული მასალის და ტრეპანობიოპტატის მიკროსკოპიული შესწავლა - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიმსივნის უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება, განვსაზღვროთ მკურნალობის მეთოდი, რიგ შემთხვევაში - ქირურგიული, რიგ შემთხვევაში - სხივური ან მათი კომბინირებული გამოყენება.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"ოჯახიდან! იყიდება სამაგიდო სუვენირი "მცურავი ნავი –...
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...
"იყიდება ბერძნული პურის საცხობი შეღავათიან ფასში 5...