For IPN
mkurnali

ანონსი

 
#13 1/07/2010
თავბრუხვევა - თუ წამოდგომა გიჭირთ 09.02.10

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. ორმაში წონასწორობას უზრუნველყოფს ვესტიბულური, მხედველობითი და პროპრიოცევტული სისტემებიდან თავის ტვინის ქერქში წასული სიგნალების ერთობლიობა. ქერქიდან წამოსული იმპულსები, რომლებიც ჩონჩხისა და თვალის კუნთებამდე აღწევს, უზრუნველყოფს ოპტიმალურ მდგრად პოზას და თვალის კაკლების ნორმალურ მდგომარეობას. ვესტიბულური სტრუქტურებიდან ქერქში პათოლოგიური იმპულსების მოდინების დროს აღმოცენდება ირგვლივ მყოფი საგნების ან საკუთარი სხეულის მოძრაობის ილუზორული აღქმა. ავბრუხვევასა და წონასწორობის დარღვევის მიზეზებზე აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მარინე მეტრეველი გვესაუბრება.

 

- ქალბატონო მარინე, რას გულისხმობს ტერმინი "თავბრუხვევა" და რომელ პათოლოგიებს ახლავს თან ეს სიმპტომი?
- ტერმინ "თავბრუხვევას" ბევრი არასწორი მნიშვნელობით იყენებს. ზოგჯერ ავადმყოფები თავბრუხვევას უწოდებენ უსიამოვნო თვითშეგრძნებას, მოახლოებულ გონების დაკარგვას, სიცარიელის შეგრძნებას. ეს ჩივილები დამახასიათებელია გულის წასვლის წინა მდგომარეობისთვის და შეუღლებულია ისეთ ვეგეტატიურ დარღვევებთან, როგორიც არის სიფითრე, გულისცემის გახშირება, გულისრევა და ღებინება, თვალთ დაბნელება, ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა). ასეთი რამ ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (გულის რიტმის დარღვევის, აორტული სტენოზის), ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის (წნევის დაქვეითება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას), პერიფერიული ვეგეტატიური უკმარისობის, ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), ანემიის, მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს.
* ბევრს თავბრუხვევა ესმის როგორც წონასწორობის დარღვევა, ბორძიკი. ასეთი დარღვევა ვითარდება ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების დროს (პარკინსონიზმი, ნათხემის დაზიანება, პოლონევროპათია, მიელოპათია და სხვა) და, რასაკვირველია, ჭეშმარიტ თავბრუხვევად არ მიიჩნევა.

თავბრუხვევას ზოგიერთი პაციენტი აღიქვამს როგორც სიმძიმეს თავის არეში, მდგომარეობას, რომელიც თრობასთან, ცუდად გახდომის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. ასეთი რამ უფრო მეტად ახასიათებს ფსიქოგენურ თავბრუხვევას, რომელიც ვითარდება ნევროზისა და დეპრესიის დროს.
* ჭეშმარიტ სისტემურ თავბრუხვევას ახასიათებს ირგვლივ მყოფი საგნების ან საკუთარი სხეულის ტრიალის, დაცემის, გადახრის ან შექანების შეგრძნება. ხშირად მასაც სდევს თან ვეგეტატიური სიმპტომატიკა: ღებინება, გულისრევა, ჰიპერჰიდროზი. სისტემური თავბრუხვევა დამახასიათებელია ვესტიბულური სისტემის, მისი პერიფერიული ან ცენტრალური განყოფილების დაზიანებისთვის.
* ვესტიბულურ თავბრუხვევას უმეტესად შეტევითი, ეპიზოდური ხასიათი აქვს. მუდმივი თავბრუხვევა შესაძლოა განვითარდეს ოტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებისას, ლაბირინთის ან ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვის ვესტიბულური ბოჭკოების ტრავმული ან ინფექციური დაზიანებისას.
* შეტევითი ხასიათის ვესტიბულური თავბრუხვევა ვითარდება ვესტიბულური ანალიზატორის როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული განყოფილების დაზიანებისას და გამომწვევი მიზეზის კვალობაზე რიგი თავისებურება ახასიათებს.

ლაბირინთის დაზიანებით გამოწვეული თავბრუხვევა აღინიშნება სხვადასხვა დაავადების დროს.
* მენიერის დაავადების დროს აღმოცენდება ძლიერი თავბრუხვევა ღებინებით, გულისრევით, ყურების შუილით, ყურში ზეწოლის შეგრძნებით, ზოგჯერ - სმენის დაქვეითებით. შეტევა შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს. დაავადების ადრეულ სტადიაში სმენის დარღვევა შექცევადია, მომდევნო სტადიაში კი შეუქცევადი ხდება. დაავადების პროგრესირებისას მოსალოდნელია მემბრანის გახეთქვა, რაც სმენისა და წონასწორობის დარღვევას განაპირობებს. მემბრანის შეხორცება და ენდოლიმფის შემადგენლობის აღდგენა ამ ფუნქციათა ნორმალიზებას იწვევს.

ადრეული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში მენიერის დაავადება იკურნება.
* ლაბირინთიტი, შიგნითა ყურის ანთებითი პროცესი, ასევე სისტემური თავბრუხვევის შეტევებს და სმენის დაქვეითებას იწვევს. მიზეზის კვალობაზე, არსებობს ორი სახის ლაბირინთიტი - ბაქტერიული, როგორც შუა ყურის ანთების არაადეკვატური თერაპიის გართულება და ვირუსული - წითელას, წითურას,  გრიპისა და ეპიდემიური პაროტიტის შედეგი.
* კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული თავბრუხვევა თავბრუხვევის ყველაზე გავრცელებული ტიპია,  რომლისთვისაც დამახასიათებელია აღმოცენება სხეულისა და თავის მდებარეობის სწრაფი შეცვლისას. შეტევა რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გრძელდება და თავისთავად გაივლის.