For IPN
mkurnali

ანონსი

 
#13 1/07/2010
ძილის დარღვევა სხვადასხვა დაავადების დროს 02.03.10

ძილის დარღვევა ხშირად შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებით არის განპირობებული. რომელი პათოლოგიაა ამ თვალსაზრისით საყურადღებო, სახელდობრ რისი ბრალია ძილის დარღვევა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ავერსის კლინიკის" თერაპევტი თამარ გიორგობიანი გვესაუბრება.

- სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების თანახმად, შინაგანი ორგანოების დაავადებებით გამოწვეული ძილის დარღვევა სიხშირითა და გავრცელებით ნერვული სისტემის დაავადებებით განპირობებულ უძილობას უტოლდება. იმ პათოლოგიებს შორის, რომლებიც ძილის დარღვევას იწვევს, უნდა დავასახელოთ ბრონქული ასთმა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები, გულის პათოლოგიები, გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადება, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები, მაგალითად, ართრიტი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ფიბრომიალგია, ზურგის ტკივილი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილით მიმდინარე ნებისმიერმა დაავადებამ.

ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიათა ნაწილი დაწოლისას სიმპტომების გამწვავების გამო აძნელებს ჩაძინებას. ზოგ შემთხვევაში პაციენტს ჩაძინება არ უჭირს, მაგრამ ტკივილისა თუ უსიამოვნო შეგრძნებების გამო ხშირად ეღვიძება. ზოგჯერ ძილი თითქოსდა დარღვეული არ არის, მაგრამ დილით ადამიანი დასვენებული კი არა, გადაღლილი იღვიძებს. ასეთი რამ ხერხემლის დაავადებებისთვის არის ტიპობრივი.


- ბრონქული ასთმა ჩვენი მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი პათოლოგიაა. რა განაპირობებს ძილის დარღვევას ამ დროს?
- ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება, ხველა, რომლის დროსაც ნახველის გამოყოფა შეუძლებელია, მსტვენი სუნთქვა, -  ბუნებრივია, ძილის დარღვევას იწვევს. ასეთი ღამის შემდეგ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში დაღლილობასა და მოთენთილობას გრძნობს. არ შეიძლება, ღამის ასთმის შემთხვევები უყურადღებოდ დავტოვოთ არა მარტო ძილის დარღვევის, არამედ იმის გამოც, რომ ღამის ასთმა დაავადების გაცილებით სერიოზული ფორმაა, ვიდრე დღისა. ამავე დროს, ის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშიც არის. გამოკვლევათა თანახმად, ასთმის გამო გარდაცვლილთა უმრავლესობა სწორედ ღამით კვდება. ღამით ასთმის სიმპტომების გაძლიერება იშვიათი არ არის. მას ასთმით დაავადებულთა 75% უჩივის. სიმპტომები ყველაზე ხშირად ღამის 4 საათისთვის აღმოცენდება. მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ მდგომარეობის სირთულეს. ღამის ასთმა მაჩვენებელია იმისა, რომ დაავადება კონტროლირებული არ არის და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. რატომ მწვავდება ღამით ასთმის სიმპტომები, დანამდვილებით ჯერ არ ვიცით, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მიზეზთა შორის ასახელებენ ძილის დროს ალერგენებთან მჭიდრო კონტაქტს, სასუნთქი გზების გადაცივებას, სხეულის ჰორიზონტალურ მდებარეობას, ჰორმონული ფაქტორების ზეგავლენას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თავად ძილი ცვლის ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობას. სხეულის ჰორიზონტალური მდებარეობისას იზრდება ფილტვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა, მცირდება ფილტვების სასუნთქი მოცულობა, იმატებს სასუნთქი გზების მგრძნობელობა სხვადასხვა სტიმულის მიმართ. გარდა ამისა, ღამით ძლიერდება სეკრეტის ჩამოდენა ცხვირის ღრუს დანამატი წიაღებიდან, რაც სინუსიტს (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებას) ახასიათებს. ღამის ასთმის ერთ-ერთი მიზეზია ღამით ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნა. ძილის დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება, ლორწო კი მათ ბლოკირებას აძლიერებს. ეს ძილის დროს ხველას იწვევს, რაც თავის მხრივ სასუნთქი გზების კიდევ უფრო ძლიერ შევიწროებას განაპირობებს. საგულისხმოა, რომ ასთმის შეტევა ძილის დროს ძლიერდება და ამ თვალსაზრისით დღე-ღამის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს. ცნობილია, რომ თუ ასთმით დაავადებული ღამის ცვლაში მუშაობს, სიმპტომები დღისით ძილის დროს უფრო მეტად უმწვავდება. მკვლევართა მონაცემების თანახმად, ფილტვების ვენტილაცია ჩაძინებიდან 4-6 საათის შემდეგ უარესდება, ამ ფაქტს კი ასთმის მაპროვოცირებელი განსაზღვრული შინაგანი ფაქტორების არსებობას უკავშირებენ. ბრონქული ასთმის სიმპტომების ღამით გამოვლინებას ორგანიზმის დაგვიანებული რეაქციითაც ხსნიან - ზოგჯერ სასუნთქი გზების შევიწროება ალერგენთან კონტაქტიდან 3-5 საათის შემდეგ ვითარდება. ამგვარ მოგვიანებით რეაქციას ახასიათებს სასუნთქი გზების მგრძნობელობის მატება, ბრონქებში ანთების აღმოცენება და სასუნთქი გზების ხანგრძლივი ბლოკირება. ღამის ასთმის აღმოცენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონთა დონე. ბრონქების ნორმალური განვლადობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონ ადრენალინს. ამავე დროს ის თრგუნავს ბრონქოსპაზმისა და ლორწოს ჭარბი გამოყოფის მასტიმულებელი ნივთიერების - ჰისტამინის - ზემოქმედებას ბრონქულ ხეზე. ცნობილია, რომ ადრენალინის დონე ორგანიზმში დილის 4 საათისთვის მცირდება, ხოლო ჰისტამინისა, პირიქით, იზრდება, ეს ცვლილება კი ღამით ასთმის სიმპტომების გამწვავებას იწვევს.


- სასუნთქი სისტემის კიდევ რომელი პათოლოგიაა საყურადღებო ძილის დარღვევის თვალსაზრისით?
- არ შეიძლება არ ვახსენოთ ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ამ მდგომარეობას ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული კოლაფსი (ჩაფუშვა) ახასიათებს. ამ კოლაფსის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ძილის დროს ხახის კუნთების მოდუნება სასუნთქი გზების კოლაფსისაკენ მიდრეკილებას იწვევს. ჩასუნთქვისას ფილტვებში იქმნება უარყოფითი წნევა, რაც კოლაფსისაკენ მიდრეკილი ხახის კუნთების დახშობას იწვევს - სასუნთქი გზები იხურება, ფილტვებისკენ ჰაერის ნაკადის დენა წყდება, სუნთქვა ჩერდება. შესაბამისად, მცირდება სისხლში ჟანგბადის შემცველობაც. სუნთქვა რომ განახლდეს, ადამიანმა მცირე ხნით უნდა გამოიღვიძოს. დაგროვილი ნახშირორჟანგი და ჟანგბადის დეფიციტი შესანიშნავი სტიმულია ხანმოკლე გამოღვიძებისთვის. გამოღვიძების შემდეგ ადამიანი კვლავ იძინებს, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. ასეთი გამოღვიძება ღამის განმავლობაში შესაძლოა არაერთხელ გახდეს საჭირო. დაავადების სიმძიმის მიხედვით, მისი რიცხვი საათში 5-დან 100-მდე ვარირებს, ხოლო პაუზების ხანგრძლივობა საერთო ჯამში 3-4 საათია. შედეგად ძილი ზედაპირული და ფრაგმენტულია. ბუნებრივია, ასეთი ძილი ადამიანს ვერ დაასვენებს. ძილის ობსტრუქციულ აპნოეს ხშირად უჩვიან მამაკაცები, ჭარბი წონის მქონე პირები, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები და ხანშიშესულები.


- როგორ ვლინდება ძილის ობსტრუქციული აპნოე და რამდენად უვნებელია ის ადამიანის ორგანიზმისთვის?
- ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში ადამიანი ხვრინავს. ხვრინვის ამპლიტუდა და სიმაღლე თანდათან იმატებს, შემდეგ რამდენიმე წამით სუნთქვა ჩერდება და ხვრინვა კვლავ განახლდება. ბუნებრივია, ძილის ობსტრუქციული აპნოე ორგანიზმისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. გარდა არასრულფასოვანი ძილით გამოწვეული დისკომფორტისა, აპნოე ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კოლაბირებული სასუნთქი გზების პირობებში ჩასუნთქვის მცდელობა გულმკერდში წნევის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. დაავადებულთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დილით არტერიული წნევის მაჩვენებელი აპნოეს სიხშირის პარალელურად იმატებს, აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა. არსებობს მონაცემები, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე ხშირად არის ასოცირებული ინსულტთან, თანაც, სამწუხაროდ, არცთუ ხანდაზმულ ასაკშიც. შეისწავლიან აპნოეს გავლენას მიოკარდიუმის ინფარქტის აღმოცენებაზე. ძილის ობსტრუქციული აპნოე ამძიმებს ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი) მიმდინარეობას.


- რამდენად მნიშვნელოვანია ძილის დარღვევის თვალსაზრისით ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები?
- ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქები, ბრონქიოლები) ობსტრუქცია ძილის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს ადამიანს უჭირს ჩაძინება ან შემდგომ ერღვევა ძილის უწყვეტობა, ხშირად ეღვიძება. ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადების მაგალითია ბრონქული ასთმა, რომლის შესახებაც უკვე ვრცლად ვისაუბრეთ. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქოექტაზები, კისტური ფიბროზი ანუ მუკოვისციდოზი. დადგენილია, რომ ამ პათოლოგიების დროს სუნთქვის დარღვევა ღამით უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ხშირად ხველის გამო განსაკუთრებით ჭირს ჩაძინება. ხველის გაძლიერება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული: წოლისას ნახველის დრენირებით, ცივ საწოლში ჩაწოლის გამო ბრონქების სპაზმის გაძლიერებით.