|
კლასიკური შაკიკის კლინიკური სურათი დაავადების ძირითადი სიმპტომია თავის ტკივილი. ის ლოკალიზდება თავის ცალ მხარეს, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში, და გადაეცემა იმავე მხარეს - თვალბუდესა და კეფაში. აქვს ძლიერი მოპულსირე ხასიათი. შესაძლოა გაგრძელდეს 4-დან 72 საათამდე. გაივლის თავისთავად. თანმხლები სიმპტომებია გულისრევა, პირღებინება, ბავშვებში - მუცლის ტკივილი. შეტევებს შორის პერიოდში ადამიანი არაფერს უჩივის.
ბაზილარული შაკიკი ამ დროს მხედველობითი და ნევროლოგიური სიმპტომები სიმეტრიულად - ორივე მხარეს გამოვლინდება. მოსალოდნელია ცნობიერების დაბინდვაც.
პანიკური შაკიკი შაკიკის შეტევის პიკისთვის დამახასიათებელია პანიკური შიში. ეს არის ვეგეტაციური კრიზი გამოხატული ფობიური მოვლენებით. ფობია შიშს ნიშნავს.
შაკიკის პერიოდები შაკიკის შეტევას 5 პერიოდად ყოფენ.
1. პროდრომული პერიოდი - ამ დროს ავადმყოფს ეცვლება განწყობა, იპყრობს ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანება, ტირილის სურვილი, ძლიერი წყურვილი, უნდება რაიმე უჩვეულოს შეჭმა, ერევა ძილი, უხშირდება შარდვა. პროდრომული პერიოდი დაახლოებით 24 საათი გრძელდება. 2. აურა - გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, ზოგჯერ უფრო მეტხანსაც, მაგრამ არა უმეტეს 60 წუთისა. 3. თავის ტკივილი - გრძელდება დაახლოებით 72 საათს. 4. შეტევის ჩაცხრობა; 5. აღდგენითი პერიოდი - გრძელდება რამდენიმე დღე.
მკურნალობა შაკიკის შეტევის მოხსნის საუკეთესო გზა მისი დასაწყისშივე აღკვეთაა - სანამ თავის ტკივილი ჯერ კიდევ არ განვითარებულა, მაგრამ მისი წინამორბედი სიმპტომები უკვე აშკარაა. ბევრი შეტევას ძილით ებრძვის. ძილის დროს სიმპტომები ხშირად ისე გაივლის, რომ შეტევა შესაძლოა აღარც კი განვითარდეს, მაგრამ ზოგჯერ თავის ტკივილი სწორედ ძილში იწყება. შაკიკის მწვავე შეტევებს ეფექტურად ხსნის სეროტონინის აგონისტები - ზოლმიტრიპტანი, ნარასტრიპტანი, სუმატრიპტანი, რომლებიც გაფართოებულ სისხლძარღვებზე მოქმედებს. შაკიკს ხშირად უკავშირებენ კუჭში საკვების შეგუბებას, ამიტომ მის მკურნალობას იწყებენ ჩვეულებრივი ანალგეტიკით (ასპირინი), მანამდე კი აძლევენ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას (მეტოკლოპრამიდი), რომელსაც კუჭის შიგთავსი ნაწლავებში გადააქვს. უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში სეროტონინის აგონისტებზე გადადიან. გარდა სეროტონინის აგონისტებისა, შაკიკიან ავადმყოფებს დიდი რაოდენობით სჭირდებათ ბ ჯგუფის, ც და ე ვიტამინები, მინერალები (მაგნიუმი), ამინომჟავები (ტრიპტოფანი, ტაურინი), პოლიუჯერი მჟავები (ომეგა-3), ფერმენტები (გინკო-ბილობა, კურკუმა) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები. ყურადღების ღირსია მაგნიუმი, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ანტიოქსიდანტური, შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედება: იგი აფართოებს სისხლძარღვებს, აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, არეგულირებს ძილს, ასე რომ, ეფექტურად მოქმედებს შაკიკის განვითარების ყველა რგოლზე. ზოგჯერ დამხმარე საშუალებად მანუალურ თერაპიასაც იყენებენ. ეს მეთოდი კარგად მოქმედებს იმ პაციენტებზე, ვისაც ტკივილი ძირითადად კეფაში აქვს ლოკალიზებული.
პროფილაქტიკა პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ასპირინი, არასპეციფიკური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ვოლტარენი, ნიმესილი), ბეტა ბლოკერები (ანაპრილინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის ანტაგონისტები, ფსიქოთერაპია. თუმცა პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია - ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუნაცვლოთ მუშაობა და სუფთა ჰაერზე დასვენება. ამასთანავე, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს და შეისწავლეთ "საკუთარი" მაპროვოცირებელი ფაქტორები, რათა შეტევის თავიდან აცილება შეძლოთ. გახსოვდეთ, საუკეთესო მკურნალობა დაავადების პროფილაქტიკაა.
|