სათესლე ჯირკვლების სიმსივნეები საკმაოდ არის გავრცელებული და მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებების თითქმის 2%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინების პიკი თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელი), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორ ფაქტორს. ერთ-ერთი მათგანი კრიპტორქიზმია - ასე უწოდებენ მდგომარეობას, როცა სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული.
სათესლე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა თითქმის 25%-ს ეს პათოლოგია აღენიშნება. ხშირად სწორედ კრიპტორქიზმის გართულებაა სემინომა - სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. სხვა გართულებებს შორის აღსანიშნავია სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას, სათესლე ჯირკვლის ატროფია და მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ანომალიურად განვითარებულ სათესლე ჯირკვლებში სიმსივნე 20-35-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ნორმალურში. ბავშვთა ასაკში სიმსივნე შეიძლება იყოს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ჰიპერპროდუქციის (ჭარბად გამოყოფის) მიზეზი, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებით ვლინდება. ბავშვებს შორის სათესლე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათია.
სათესლე ჯირკვლების სიმსივნეთა კლასიფიკაცია სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებს ორ დიდ ჯგუფად ყოფენ:
- ჰერმინატიული (ჩანასახოვანი) სიმსივნეები. ამ ტიპის სიმსივნეები სათესლე ჯირკვლის ეპითელური ქსოვილისგან (ეპითელიუმი - უჯრედების ფენა, რომელიც სხეულის ზედაპირს, ღრუებსა და შინაგანი ორგანოების ლორწოვანს ფარავს, წარმოქმნის ორგანიზმის ჯირკვლების უმრავლესობას) წარმოიშობა: სემინომა, ემბრიონული კიბო, ტერატობლასტომა და სხვა. ისინი სიმსივნეების 95%-ს შეადგენენ.
- არაჰერმინატიული სიმსივნეები - ლეიდიგომა, სერტოლიომა, სარკომა, სემინომა. ისინი სათესლე ჯირკვლის, ასე ვთქვათ, სტრომისგან (ცოცხალი ორგანიზმის ორგანოს ქვედაფენა, ბაზისი) წარმოიქმნება. სემინომა სათესლე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა (დაახლოებით 40-50%). მას მკვრივი ნაწილაკოვანი კვანძის სახე აქვს.
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე იძლევა ადრეულ მეტასტაზებს, რომლებიც უმთავრესად ლიმფური სადინარებით ვრცელდება და ლიმფურ კვანძებში ვითარდება: ჯერ უახლოესში - პარააორტულსა და საზარდულისაში, მერე კი მოშორებითაც - შუასაყარისა და ლავიწქვედა კვანძებში.
როგორ ვლინდება სათესლე ჯირკვლის სიმსივნე? სათესლე ჯირკვლის სიმსივნე თავდაპირველად არაფრით მჟღავნდება. ჩვეულებრივ, ავადმყოფები ერთ-ერთ სათესლე ჯირკვალში თავად პოულობენ სიმაგრეს. სათესლე ჯირკვალი სწრაფად დიდდება, იჭიმება, ზოგჯერ მტკივნეულობაც შეინიშნება. თავად სიმსივნე ტკივილის შეგრძნებას არ იწვევს, ტკივილი სიმსივნური პროცესის სათესლე ბაგირაკზე გადასვლის შემდეგ ვითარდება. მოგვიანებით სათესლე ჯირკვალი მკვრივდება და დეფორმირდება. ამას მოსდევს სათესლე ჯირკვლის გარსებში სითხის დაგროვება, რაც უფრო მეტად ადიდებს სათესლე პარკის შესაბამის ნახევარს. თუ სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის დაშვებული (ან არ იქნა დაშვებული ქირურგიული გზით), სიმსივნე შესაძლოა ისინჯებოდეს საზარდულის მიდამოში, სადაც ის ასევე მკვრივი და მტკივნეულია. თუ სათესლე ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა კრიპტორქიზმის აბდომინალური ფორმის დროს ანუ მაშინ, როცა სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუშია დარჩენილი, მაშინ ის საკმაოდ დიდი ზომისა ხდება და ზოგჯერ მუცლის ღრუს ნახევარსაც კი იკავებს. ვიდრე სიმსივნე სათესლე ჯირკვლის საზღვრებს არ გასცდება, ტემპერატურული რეაქცია და ინტოქსიკაციის (ორგანიზმის მოშხამვის) ნიშნები თავს არ იჩენს. შესაძლოა აღინიშნებოდეს პოტენციის დაქვეითება, ისიც - არა ყოველთვის, კიდევ უფრო იშვიათად - გინეკომასტია (მკერდის ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში). განსაზღვრული ტიპის სიმსივნეების დროს შეინიშნება ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ავადმყოფების დაახლოებით 3%-ს სიმსივნე ორივე სათესლე ჯირკვალში ერთდროულად უვითარდება, წესისამებრ, ერთი და იმავე სახისა, დანარჩენს კი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი, ზოგჯერ რამდენიმეწლიანი ინტერვალით.
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|