რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოს ზოგიერთი დაავადება და დეფექტი

* სასქესო ორგანოს ჩუჩის ქვეშ პერიოდულად მიგროვდება მარილების მსგავსი რაღაც. იქნებ მითხრათ, რა არის და როგორ ვიმკურნალო.
* ასოზე მაქვს თეთრი ხაჭოსებრი ნადები და ძალიან უსიამოვნო სუნი. ვიყავი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა და გავიკეთე ნაცხის ანალიზი, - ყველაფერი ნორმაში მაქვს. სხვა პრობლემა არ მაწუხებს.
* ვიყავი უროლოგთან და მითხრა, რომ ჩუჩის თავი მაქვს ოდნავ შევიწროებული, რის გამოც ერექციის დროს კანი ძნელად გადადის. მითხრა, მალამოს ხმარების შემდეგ პრობლემა ადვილად მოგეხსნებაო, მაგრამ მაშინ ისე მოხდა, რომ დანიშნულების გამოწერა ვეღარ მოხერხდა.

 

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ამ მალამოს სახელი. რამდენად მისაღებია მხოლოდ მალამოთი მკურნალობა? ფიზიოლოგიურ (ჩვეულებრივ) მდგომარეობაში ასოზე ჩუჩა გადადის, მაგრამ ერეგირებულ მდგომარეობაში - არა. აუცილებელია ამ შემთხვევაში წინადაცვეთა? ჩაჭრა თუ უშველის?
* სასქესო ორგანოსთან მაქვს რამდენიმე ახლო-ახლო განლაგებული მეჭეჭი (სავარაუდოდ, მახვილწვერა კონდილომები). როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში უსაფრთხოდ?


ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ასევე - მამაკაცის სასქესო ორგანოს დაავადებებზე, ტრავმებსა და განვითარების ანომალიებზე სასაუბროდ ბერძნული სამედიცინო ფონდის `ჰიპოკრატეს~ კლინიკის ექიმს, უროლოგ ზურაბ ცაცაშვილს ვეწვიეთ.


- ბატონო ზურაბ, რა მნიშვნელობა აქვს მამაკაცის სასქესო ასოს ორგანიზმისთვის და როგორია მისი ნორმული აგებულება?
- მამაკაცის შარდსასქესო ორგანოთაგან სასქესო ასო თავისი ფუნქციით უმნიშვნელოვანესია. ის აერთიანებს შარდსადენი მილის უდიდეს ნაწილს, მღვიმოვან და ღრუბლისებრ სხეულებს, რომელთა ჭარბი სისხლსავსეობა განაპირობებს ერექციას, ასოს ზრდასა და გამკვრივებას, რაც აუცილებელია სქესობრივი კავშირისა და განაყოფიერებისთვის. ასო შედგება მღვიმოვანი სხეულებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და გახვეულნი არიან ერთიან ელასტიკურ გარსში. უკანა ზედაპირზე დევს საშარდე მილი, რომელიც ვენურ ქსელსა და ღრუბლისებრ სხეულშია გახვეული. ეს უკანასკნელი ქმნის ასოს თავს და მნიშვნელოვანი მექანიკური დამცავი როლი აკისრია. გარედან ასო დაფარულია კანით, რომელიც ასოს თავის არეში ჩუჩას ქმნის. თავისუფლად შეიძლება მისი გადაწევა და ასოს თავის გაშიშვლება. განასხვავებენ ჩუჩის გარეთა და შიგნითა ფურცლებს. შიგნითა ფურცელი ლაგამით არის დაკავშირებული ასოს თავთან. მის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ ფიზიოლოგიურ ცხიმოვან საცხს, რომელიც აუცილებელია სქესობრივი აქტის უმტკივნეულოდ ჩასატარებლად.


- ზოგიერთი მამაკაცი მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოს ზომას. არის თუ არა ეს მამაკაცური ძლიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი?
- მამაკაცის სქესობრივი ძლიერება, მით უმეტეს, სქესობრივი აქტიურობა, სასქესო ასოს ზომაზე არ გახლავთ დამოკიდებული. მოსვენებისას ასოს დაკიდული ნაწილის საშუალო სიგრძე 9-10 სმ-ია, ხოლო გარშემოწერილობა - 6 სმ, მაგრამ ზომა უფრო ნაკლებიც რომ იყოს, სრულყოფილი ერექციის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია საშოში შეღწევა, ფრიქციების ანუ ბიძგისებური მოძრაობების განხორციელება, ორმხრივი ორგაზმის მიღწევა, სპერმის ადეკვატური დანთხევა და განაყოფიერება.


- რა არის ჰიპოსპადია და ეპისპადია? როგორ მკურნალობენ მათ?
- ეპისპადია და ჰიპოსპადია ასოს ყველაზე ხშირი თანდაყოლილი დეფექტები გახლავთ: საშარდე მილის გარეთა ხვრელი იხსნება არა ასოს თავის წვერის ცენტრალურ წერტილში, არამედ ასოს წინა ან უკანა ზედაპირზე, ასოს თავის წვერიდან სხვადასხვა მანძილზე (თავზე, თავისა და სხეულის საზღვარზე, ასოს სხეულზე, სათესლე პარკზე, ბოქვენზე ან შორისზე). რაც შეეხება მკურნალობას: თუ პათოლოგია მსუბუქი ხარისხისაა, მაგალითად, თავის

არეში არსებული ხვრელი არ არის მეტისმეტად წვრილი (ნემსისებური), - ეს, წესისამებრ, არ აბრკოლებს არც შარდვას და არც სპერმის გამოყოფას, შესაბამისად, არც ოპერაცია სჭირდება, უფრო მძიმე ფორმები კი ადრეულ პლასტიკურ ოპერაციას მოითხოვს.


- მინდა, საშარდე მილის ანთებით დაავადებებზეც გკითხოთ. რა არის ბალანიტი და ბალანოპოსტიტი? როგორ მკურნალობენ მათ?
- ჩუჩის ანთება - ბალანიტი და ასოს თავის ანთება - პოსტიტი ცალ-ცალკე იშვიათად გვხვდება, ამიტომ, ჩვეულებისამებრ, საუბრობენ ერთობლივ ანთებაზე - ბალანოპოსტიტზე. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ანთება ვითარდება როგორც ბანალური (სტრეპტოსტაფილოკოკური), ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სოკო, ტრიქომონიაზი, გონორეა, სიფილისი და სხვა) შედეგად. მის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა, ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, საშარდე გზების ინფექცია. სქესობრივი თავშეკავებისას, ასევე - ძალიან იშვიათი კონტაქტების შემთხვევაში ჩუჩა, ბუნებრივია, იშვიათად იხსნება, ამიტომ მის შიგნითა ფურცელსა და ასოს თავზე, უპირატესად - გრძელი და ვიწრო ჩუჩის შემთხვევაში, გროვდება სმეგმა - ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული საცხი, ჩამოფცქვნილი ქსოვილოვანი ეპითელიუმი და შარდის მარილები. თუ ამას ინფექციაც დაერთო, ვითარდება ბალანოპოსტიტი. ასეთი პრობლემური, დახურული ჩუჩის შიგნით შესაძლოა კენჭები ჩამოყალიბდეს და სიმსივნეც კი განვითარდეს. ანთების პროფილაქტიკა ითვალისწინებს ჩუჩის რეგულარულ გახსნას და გადაწევას. სუნიანი ნადების არსებობისას სასურველია გაკეთდეს ჯერ სოდიანი წყლის, შემდეგ კი გვირილისა და სალბის ნაყენის თბილი ადგილობრივი აბაზანები. ჭარბი ცხიმიანობის შემთხვევაში ამ აბაზანების შემდეგ ჩუჩის შიგნითა ფურცელი, განსაკუთრებით კი ლაგამის არე, თეთრი (უფერო) კასტელანის ხსნარით უნდა დამუშავდეს. ხშირია საშარდე მილის მწვავე და ქრონიკული ანთებაც. ისიც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ბანალურმა, ასევე ვენერულმა ინფექციამ. ვლინდება საშარდე მილიდან სხვადასხვა ფერის მეტ-ნაკლები გამონადენით, შარდვის დროს წვითა და ტკივილით, ასოს თავისა და ჩუჩის მეორეული ანთებით. ამ დაავადებას ურეთრიტი ეწოდება და მისი თვითმკურნალობა დაუშვებელია.


- რას გვეტყვით ფიმოზზე? ახალშობილი ბიჭუნას სასქესო ასოს მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ მოვუაროთ?
- ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილი ან შეძენილი შევიწროებაა (შეძენილი ფორმა შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული და ხშირი ანთების დროს, დიაბეტის ფონზე). განასხვავებენ ასევე ფიმოზის ნაწილობრივ და სრულ ფორმებს. მოშვებული ასოს თავი თავისუფლად შიშვლდება, მაგრამ ერექციის დროს შესაძლოა თავი იჩინოს ჩუჩის გადაწევის ან გადმოწევის პრობლემამ. ეს მეტ-ნაკლებად აბრკოლებს შარდვას, სქესობრივ ურთიერთობას, ხელს უწყობს ქრონიკულ ანთებით და სიმსივნურ დაავადებებს, ქმნის პარაფიმოზის განვითარების რისკს (ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შეუძლებელია გადაწეული ჩუჩის უკან გადმოწევა და აუცილებელი ხდება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა ასოს თავისა და ჩუჩის სხვა ნაწილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად). ჩუჩის შევიწროების მკურნალობა იწყება ადრეული ბავშვობიდან, თითქმის ჩვილი ასაკიდან. ბავშვის ასო ყოველდღიურად უნდა იქნეს ჩაბანილი უკანა ტანისგან იზოლირებულად.Kკანი უნდა დამუშავდეს დამცავი კრემით ან მისაფრქვევლით. ყოველი აბაზანის დროს თანდათანობით, ძალდაუტანებლად გაშიშვლდეს ასოს თავი, მოიბანოს სუსტი სოდიანი ხსნარით და დამუშავდეს საბავშვო მალამოთი ჩუჩის ელასტიკურობის გასაზრდელად. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს სათესლე პარკს, მასში სათესლე ჯირკვლების არსებობას. ზრდასრულ ასაკში ფიმოზი, წესისამებრ, მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას - ჩაჭრას ან ჩუჩის შემოკვეთას საღი ქსოვილის ფარგლებში. რაც შეეხება მოკლე ლაგამს, იგი ქირურგიულად უნდა ჩაიკვეთოს.



თარიღი : 16-03-2017
aleqsi
გამარჯობატ ვარ 25 წლის სასქესო ორგანოს ქვეშ ანუ საკვეერცხებს შორის მაქვს გამონაყარი და მეფხანება მძვრება და სითხე გამომდის იქნებ ამიხსატ როგორ მოვიქცე
თარიღი : 03-12-2016
soso
გამარჯობატ მაქვს ასოს ტავზე და მიმდებარე ადგილებზე სიწიტლე და ასევე გამონადენიი და რა სჰეიდლება მცჰირდეს ასევე ცჰვეულებრივ პირობებსჰი ვგრდზნბ წვას ასოს ტავზე
თარიღი : 26-08-2016
დათო გოგოლაური
ვარ 13 წლის 3 დღეა შარდვის დროს მეწვის პენისის თავი (განსაკუთრებით დილით) და ასევე გამოიყოფა არასასიამოვნო სუნი, ვიკეთებ სოდიანი წყლის აბაზანას მაგრამ არ მშველის
თარიღი : 07-04-2016
ზურაბ ცაცაშვილი
გამარჯობატ ბატონო ზურაბ, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს.. სასქესო ორგანოში გამონადენი როგორ უნდა განიკურნოს?
თარიღი : 24-11-2015
Giorgi
გამარჯობათ.პენისის ჩუჩაზე ქვედა მხარეს მაქვს ნაწიბურები.უკვე თვეზე მეტია.არც მტკივა და არც მაწუხებს.და მაინტერესებს რამე ცუდია??
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას