For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
უსინათლო ბავშვთა სამყარო თბილისში 01.07.10

გამოგიტყდებით, უსინათლოთა სწავლის პროცესსა და, საზოგადოდ, მათ ცხოვრებაზე მასალის მომზადება რომ დამავალა რედაქტორმა, ცოტა არ იყოს, გუნება მეცვალა. სკოლაში მისვლაზეც კარგა ხანს ვითრევდი ფეხს, - ვიცოდი, დამთრგუნავდა ნანახი. მაგრამ საქმე საქმეა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის ზღურბლს გადავაბიჯე. ბარემ აქვე გეტყვით - მოლოდინის საპირისპიროდ, სკოლიდან საოცრად დადებითი განწყობით, მეტიც - აღფრთოვანებული და გაოცებული წამოვედი.



ჭიშკარს გავცდი თუ არა, იქვე მოთამაშე ბავშვები დავინახე. ორი ბიჭუნა ჭიდაობდა, დანარჩენები კი ისე ლაღად, სიცილ-კისკისით დასდევდნენ ერთმანეთს, ერთხანს ეჭვიც შემეპარა ნუთუ ესენი უსინათლონი არიან-მეთქი. სკოლაში შესულს კიდევ რამდენიმე გოგონა შემხვდა. ისე თავისუფლად მიმოდიოდნენ, ვერც კი დაიჯერებდი, რომ ვერ ხედავენ. სკოლას ასევე დაუჯერებელი ენერგიისა და სათნოების ქალბატონი ხელმძღვანელობს. ფიზიკოსი თამარ მერებაშვილი 1995 წლიდან აქ მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 5 წელია, დირექტორია. მისი ძალისხმევის, თავდადებისა და დაუღალავი შრომის წყალობით სკოლა უსინათლოთა ერთ დიდ, ლამაზ ოჯახად იქცა.


- ჩვენთვის ცნობილია, რომ სკოლა არათბილისელი მოსწავლეებისთვისაც არის განკუთვნილი...
- ნამდვილად ასეა, ჩვენთან თბილისელი ბავშვების გვერდით რაიონიდან ჩამოსულებიც სწავლობენ. ისინი კვირის ხუთ დღეს აქ ატარებენ, ხოლო პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მშობლებს შინ მიჰყავთ. ზოგიერთი თბილისელი მოსწავლეც პანსიონური სისტემით სწავლობს. არიან ისეთებიც, რომლებიც მშობლებს ყოველდღე მოჰყავთ. არ დაიჯერებთ და უმრავლესობას შაბათ-კვირას შინ დაბრუნებას აქ ყოფნა ურჩევნია - აქ ხომ ერთად, მეგობრულად ცხოვრობენ, ერთობიან, თამაშობენ, თავიანთი სამყარო აქვთ და თავს მარტოსულად არ გრძნობენ.


- სწავლის პროცესზე რას გვეტყვით?
- სასწავლო პროგრამა ჩვეულებრივი საჯარო სკოლების პროგრამისგან არ განსხვავდება. ჩვენი კურსდამთავრებულები, სხვა ბავშვების მსგავსად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლონი არიან, ნიჭიერებითა და გონიერებით გამოირჩევიან. პირველი ეროვნული გამოცდები რომ ჩატარდა, ჩვენმა ორმა მოსწავლემაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლისთვის ძალიან საამაყო იყო, რომ ბავშვებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და სტუდენტები გახდნენ. გეცოდინებათ, ახლახან პრეზიდენტმა ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეებიც დააჯილდოვა (მართლაც, ინტერვიუს ჩაწერამდე სულ ორიოდე დღით ადრე საინფორმაციო გამოშვებებში რამდენჯერმე გააშუქეს სხვა ბავშვებთან ერთად წარჩინებულ უსინათლოთა დაჯილდოებაც). ჩვენ გვყავს უსინათლო პედაგოგები, რომლებმაც თავის დროზე ეს სკოლა დაამთავრეს, უმაღლესი პედაგოგიური განათლება მიიღეს და ახლა უსინათლო ბავშვებს თავად ასწავლიან. გარდა პედაგოგებისა, ჩვენთან აღმზრდელებიც მუშაობენ. ისინი ბავშვებს საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარებიან. საღამოს 5 საათზე ჩვენთან ზარი ირეკება და ბავშვები საშინაო დავალების მომზადებას იწყებენ. ღამით აღსაზრდელებთან ძიძები რჩებიან. სკოლას ემსახურებიან პედიატრი, ოფთალმოლოგი, ფსიქოლოგი. ამჟამად 47 მოსწავლე გვყავს. უსინათლო პედაგოგებისგან გადმოცემით ვიცი, რომ წინათ 150 და მეტი ბავშვი სწავლობდა. თითოეულ კლასში 12-15 მოსწავლე იყო. სკოლა მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზეა. მიუხედავად ამისა, მრავალ უსინათლოს თანატოლების მსგავსად აქ სწავლის ბედნიერება არ აქვს. არ მინდა, სიტყვა "ბედნიერება" გადაჭარბებად ჩამითვალოთ - მართლა ასეა. ბავშვებს აქ ყოფნა უხარიათ, რადგან სასწავლო დისციპლინებთან ერთად უამრავ რამეს ეუფლებიან, ერთობიან, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ და ეს ძალიან ახარებთ. მშობლებს, ჩვეულებრივ, ეცოდებათ უსინათლოები და თავად აჭმევენ, აცმევენ, თასმებს უკრავენ, - რითაც ფაქტობრივად დათვურ სამსახურს უწევენ. აქ კი ყოველივე ამას ბავშვები შესანიშნავად ართმევენ თავს. ღმერთმა ყველას დიდხანს უცოცხლოს მშობელი და მომვლელი, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე უსინათლოსაც დასჭირდება დამოუკიდებლად რამის გაკეთება და საამისო უნარ-ჩვევების გარეშე დაიტანჯება, დიდი სირთულეების პირისპირ აღმოჩნდება. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიერონ მშობლებმა. მით უმეტეს, მათ ხშირად არც დრო აქვთ და არც ნერვები, ბავშვებს რამე ასწავლონ, ჩვენ კი აქ უსინათლოებს, გარდა ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საგნებისა, ვასწავლით სივრცით და საყოფაცხოვრებო ორიენტაციას, რიტმიკას. სკოლაში ფუნქციობს ხალხური საკრავების, ქსოვის, შაშისა და ჭადრაკის შემსწავლელი წრეები, გვაქვს მასაჟის მაგიდა, სადაც ბავშვები მასაჟის ხელოვნებას ეუფლებიან - მოგეხსენებათ, უსინათლოებს ტაქტილური შეგრძნება განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული. უნდა ნახოთ, როგორ ქსოვენ მაკრამეს, როგორ უკრავენ და მღერიან. ლიტვის საელჩოს დახმარებით მოვუწყვეთ კულინარიული ოთახიც, სადაც დანა-ჩანგლის გამოყენებას, კვერცხის შეწვას და სხვა კულინარიულ ჩვევებს ეუფლებიან. მინდა გითხრათ, რომ ბიჭებს გოგონებზე არანაკლებ უყვართ ფუსფუსი და კერძების მომზადება.