დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. სახსართა სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარიული სამსახურის მთავარ რევმატოლოგს, ნ. ს. კახიანის სახ. საგზაო კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგეს ნუნუ ტატიშვილს.
- ქალბატონო ნუნუ, სახსართა დაავადებების მკურნალობისას რა არის მთავარი ამოცანა და როგორ ხდება ექიმის მიერ მკურნალობის მართვა? - როდესაც კითხვას ასე ვსვამთ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს როგორც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი, ასევე დამოუკიდებელი დაავადება. ასეა თუ ისე, ყველა დაავადების მკურნალობას აქვს ერთი მიზანი: მოიხსნას ტკივილი და ჩაქრეს ანთება, ამიტომ ექიმი, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ორი ტიპისაა: სტეროიდული და არასტეროიდული. ისეთი ანთებითი დაავადებების დროს, როგორიც არის, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და რევმატოიდული პოლიართრიტი, ალტერნატიული თერაპიული კურსი ჰორმონულ პრეპარატებს მიჰყავს. ასეთებია პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, მედროლი, მეტიპრედი... დოზირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით ხდება. მეორე ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველთვის გამოიყენება სახსართა პათოლოგიების მკურნალობისას, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთა არჩევანი დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ ფართოა. ქიმიური სტრუქტურისა და აქტივობის ხასიათის მიხედვით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები შემდეგ ჯგუფებად ერთიანდება:
* სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)); * პირაზოლიდინები; * ინდოლძმარმჟავას წარმოებულები (ინდომეტაცინი); * ფენილძმარმჟავას წარმოებულები (დიკლოფენაკი); * პროპიონის მჟავას წარმოებულები (იბუპროფენი, ნაპროქსენი, კეტოპროფენი); * ოქსიკამები (პიროქსიკამი, მელოქსიკამი, მოვალისი და სხვა); * ალკანონები (ნაბუმეტონი); * სულფონამიდები (ნიმესილი).
ამ მრავალრიცხოვანი არსენალიდან დიაგნოზისა და დაავადების მიმდინარეობის მიხედვით ექიმი შესაფერისს შეარჩევს. მაგალითად, დეგენერაციული დაავადების, მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, დროს ჯობს ინდოლძმარმჟავას წარმოებულები ან ოქსიკამების ჯგუფის პრეპარატები დაინიშნოს. როდესაც საქმე გვაქვს სახსრების ინფექციასთან დაკავშირებულ დაავადებასთან, ტარდება სპეციფიკური თერაპიული კურსი ანტიბიოტიკებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით. პრეპარატის შერჩევისას აქაც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: აქვს თუ არა პაციენტს კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულება, აღნიშნავს თუ არა ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს. ამ შემთხვევაში გართულებებისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ანტაციდური პრეპარატები უნდა მივაშველოთ. სახსართა დაავადების მქონე ადამიანისთვის ზემოთ აღნიშნული პრეპარატები აუცილებელია, მაგრამ ვინაიდან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ექიმმა აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვა კუჭ-ნაწლავის სისტემის მდგომარეობის შესახებ და დამხმარე ანტაციდური პრეპარატები დანიშნოს.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს ხომ არ იწვევს? - არა, გარდა პრეპარატების ერთი ჯგუფისა, კერძოდ, ჰორმონული პრეპარატებისა, თუმცა ისინიც იწვევს არა დეგენერაციას, არამედ ოსტეოპოროზს. ამიტომ არის, რომ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებიც ჰორმონულ თერაპიაზე იმყოფებიან, ვრთავთ ბიფოსფონატებსა და ქონდროპროტექტორებს.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ბევრი ექიმის დანიშნულების გარეშე სვამს... - და ძალიან აშავებს. ექიმმა იცის, რომელი ჯგუფის პრეპარატის გამოყენება ჯობს კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტს ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატი სჭირდება, ხოლო ინფექციით გამოწვეულს (საუბარია უროგენიტალურ ინფექციაზე - რეიტერის დაავადებაზე) - ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად სხვა.
- კიდევ რომელი ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ სახსრების მკურნალობისას? - არსებობს მიკროცირკულაციური პრეპარატები, რომლებიც უჯრედულ ცირკულაციას აუმჯობესებს და მიორელაქსაციას ახდენს. ამ ჯგუფის მედიკამენტებს მადეფორმირებელი ოსტეოართროზით დაავადებულებს ვუნიშნავთ. ამ ჯგუფში შედის მიდოკალმი, ბაკლოფენი. მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსში ანტიაგრეგანტული, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატების - ტრენტალის, აქტოვეგინის და სხვათა - ჩართვა.
- სახსართა დაავადებების მიზეზთა ჩამოთვლისას სისტემური დაავადებებიც ახსენეთ. ამ დროს რომელ პრეპარატებს ენიჭება უპირატესობა სახსრების სამკურნალოდ? - სისტემურ დაავადებებზე საუბრისას სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული პოლიართრიტი და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაავადებები იგულისხმება. ასეთ დროს წამყვანი სახსართა პათოლოგიაა. ავადმყოფს თითქმის ყველა სახსარი სტკივა. ამ შემთხვევაში ექიმი დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის გათვალისწინებით ნიშნავს ბაზისურ პრეპარატებს იმ ანგარიშით, რომ ოდესმე პაციენტს მოეხსნება ჰორმონული პრეპარატები, თუ მას ეს პრეპარატები დანიშნული აქვს. ასეთია ქინოლინის ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის - საყოველთაოდ ცნობილი დელაგალი, ქლოროქინი. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც სახსრების სამკურნალოდ გამოიყენება, ციტოსტატიკებია: ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი, აზათიოპრინი. ისინიც ბაზისურ პრეპარატებად ითვლება. ჩვენ მათ სისტემური დაავადების მქონე ყველა პაციენტს ვუნიშნავთ. მათი დოზა ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს შერჩეული და შემოწმებული ექიმის მიერ. ციტოსტატიკები ხელს უწყობს სისხლის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიც არის აგრანულოციტოზი, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს უტარდებათ გეგმური შემოწმება, მათ შორის - სისხლისა და შარდის ანალიზები. სახსართა დაავადებებსა და მათ სამკურნალო საშუალებებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ძალზე გავრცელებულ დაავადებას - მადეფორმირებელ ოსტეოართროზს. ის უმეტესად მენოპაუზის ასაკის ქალებში გვხვდება. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ 5 ქალიდან 4-ს სახსრები სტკივა. ეს არის მსხვილი, კერძოდ, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის, სახსრების პრობლემა, რომელმაც პაციენტი შესაძლოა ინვალიდად აქციოს. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსში ვრთავთ ქონდროპროტექტორებს. ეს პრეპარატები ახდენს სახსრის რემოდულაციას, აღადგენს დარღვეულ პროცესებს, მაგრამ მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთია ქონდრო-რიცი, დონა, სტრუქტუმი, ტერაფლექსი. უფრო ფართო სპექტრისაა აკლაქტა, ფოსმაქსი.
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|