რუბრიკები
მშიბიარობა პათოლოგიური – 3. მენჯის ძვლებისა და სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების ანომალია - Births Pathological - 3. anomaly of the pelvis and soft tissues of the birth canal - Роды Патологические -3.аномалия таза и мягких тканей родовых путей
მენჯის ძვლებისა და სამშობიარო გზების  რბილი ქსოვილების ანომალიამ შესაძლოა სამშობიარო მოქმედების სისუსტე გამოიწვიოს. ასეთ ანომალიებს მიეკუთვნება:
1. მენჯის ძვლის ანომალიები – ვიწრო მენჯი;
2. საშვილოსნოს განვითარების ანომალია;
3. მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სიმსივნური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა ან საკვერცხეების სიმსივნე);
4. საშვილოსნოს ყელის ცვლილებები (ნაწიბურები).

1. ვიწრო მენჯი
მცირე მენჯის ღრუს ცილინდრის ფორმა აქვს და იმის გამო, რომ უკანა კედელი წინაზე გრძელია, რამდენადმე უკან არის გაზნექილი. მენჯის ღრუ პირობითად შემდეგ ნაწილებად იყოფა: შესასვლელ სიბრტყედ, ფართო ნაწილის სიბრტყედ, ვიწრო ნაწილის სიბრტყედ და გამოსასვლელ სიბრტყედ. გარდა ამისა, განასხვავებენ მცირე მენჯის პირდაპირ, გარდიგარდმო და ირიბ ზომებს.
მეანობაში მენჯის გამოკვლევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი აგებულება და ზომები გადამწყვეტ როლს ასრულებს მშობიარობის მიმდინარეობასა და შედეგში. ნორმალური მენჯი ნორმალური მშობიარობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მენჯში ცვლილებების არსებობის შემთხვევაში მშობიარობისას შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა გართულებებმა, რომლებიც საფრთხეს უქადის როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლეს, ამიტომ ორსულს ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისთანავე უზომავენ მენჯს. შესაძლოა, შემცირებული იყოს მენჯის როგორც რამდენიმე, ასევე ყველა ზომა, ვიწრო მენჯის შემთხვევაში მისი ძვლოვანი ჩონჩხი იმდენად იყოს შეცვლილი, რომ მომწიფებულ დროულ ნაყოფს მასში გავლისას დაბრკოლება შეხვდეს. მენჯის უმნიშვნელო შევიწროებისას მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ხოლო მენჯისა და ნაყოფის თავის (მისი ყველაზე დიდი ნაწილის) შეუთავსებლობის შემთხვევაში მშობიარობის დროს გადაულახავი წინააღმდეგობა იქმნება.
განასხვავებენ ანატომიურად და კლინიკურად ვიწრო მენჯს.
მენჯს, რომლის ყველა ან ზოგიერთი პარამეტრი ნორმაზე 1,5-2 სანტიმეტრით და მეტით ნაკლებია, ანატომიურად ვიწრო მენჯი ეწოდება. ასეთი მენჯი მშობიარობას ყოველთვის არ უშლის ხელს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანატომიურად ვიწრო მენჯი კლინიკურად ყოველთვის არ არის ვიწრო. მენჯის ზომების ზომიერი შემცირებისას მშობიარობის დასასრული დამოკიდებულია არა მარტო მენჯზე, არამედ სამშობიარო მოქმედების ხასიათზე, ნაყოფის სიდიდესა და მისი თავის კონფიგურაციის უნარზეც. როდესაც სამშობიარო მოქმედება კარგია, ნაყოფი არ არის მსხვილი, თავი იოლად განიცდის კონფიგურაციას, – მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ხოლო სუსტი სამშობიარო მოქმედების, თავის არასაკმარისი კონფიგურაციისა და მსხვილი ნაყოფის დროს ასეთივე ზომის მენჯი დაბრკოლებას ქმნის.
ანატომიურად ვიწრო მენჯის დიაგნოზს მენჯის გაზომვის შედეგად სვამენ, ხოლო იქნება თუ არა ეს მენჯი კლინიკურად ვიწრო, მშობიარობისას სხვადასხვა მაჩვენებელზე დაყრდნობით წყდება.
კლინიკურად ვიწროა მენჯი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ნაყოფს მკვეთრ დაბრკოლებას უქმნის.
ვიწრო მენჯი ორგანიზმის განუვითარებლობის (ინფანტილიზმის) ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ყველა ის მიზეზი, რომელიც კი ხელს უწყობს ორგანიზმის განუვითარებლობას, ვიწრო მენჯის ჩამოყალიბებასაც იწვევს. მათ მიეკუთვნება:
  • ცხოვრების არასასურველი პირობები;
  • ბავშვობასა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში გადატანილი მძიმე და ხანგრძლივი დაავადებები;
  • რაქიტი – ამ დროს დეფორმაციას განიცდის თავის ქალა, ხერხემალი, გულმკერდი, ქვედა კიდურები და მენჯი. მენჯის რაქიტული გადაგვარება მისი ზომების შემცირებას იწვევს;
  • ძვლებისა და სახსრების, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების, ასევე ხერხემლის ტუბერკულოზი;
  • მენჯის ძვლების მოტეხილობა, ამოვარდნილობა და მოტეხილი კიდურების არასწორი შეხორცება, რაც მოძრაობის სხვადასხვა დარღვევას იწვევს.
შედარებით იშვიათია მენჯის ძვლების სიმსივნური დაავადებები, წელის მალის წინ დაცურება და სხვა.
ვიწრო მენჯის კლასიფიკაცია ეყრდნობა მენჯის ფორმებს და მისი დავიწროების ხარისხს. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ვიწრო მენჯის შემდეგ ტიპებს:
1. თანაბრად დავიწროებული – ყველა ზომა შემცირებულია 2 სმ-ით და მეტად;
2. მარტივი ბრტყელი მენჯი – შემცირებულია პირდაპირი ზომები;
3. თანაბრად დავიწროებული ბრტყელი – მენჯის პირდაპირი ზომების მაქსიმალური შევიწროება.
ეს ტიპები, თავის მხრივ, ქვეტიპებად იყოფა.
სამეანო პრაქტიკაში ხშირია განივად შევიწროებული მენჯი. განასხვავებენ მენჯის სივიწროვის ოთხ ხარისხს, რაც საშუალებას იძლევა წინასწარ გამოითვალოს, იქნება თუ არა მოცემული მენჯი კლინიკურად ვიწრო.
  • I ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა (მენჯის შესასვლელის წინა-უკანა დიამეტრი) – 11-9 სმ. მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კარგი სამშობიარო მოქმედების შემთხვევაში.
  • II ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 9-7,5 სმ. მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კარგი სამშობიარო მოქმედების შემთხვევაში.
  • III ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 7,5-6,5 სმ. ტარდება საკეისრო კვეთა ან მშობიარობა მთავრდება ოპერაციით (მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში).
  • IV ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 6,5 სმ და ნაკლები. ტარდება საკეისრო კვეთა ან მშობიარობა მთავრდება ოპერაციით (მკვდარი ნაყოფის შემთხევვაში).
ვიწრო მენჯის დროული ამოცნობა ხელს უწყობს იმ გართულებათა თავიდან აცილებას, რომლებიც თავს იჩენს მშობიარობისას, ზოგჯერ კი ორსულობის ბოლოს.
ვიწრო მენჯის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის, სხეულის დათვალიერების, მენჯის გაზომვისა და ქალის ვაგინალური (საშოსმხრივი) გამოკვლევის საფუძველზე.
თუ ვიწრომენჯიან ქალს უკვე ჰქონია ნორმალური მშობიარობა, შესაძლოა, მენჯმა არც ამჯერად შეუქმნას დაბრკოლება ნაყოფს, ხოლო არასასურველი სამეანო ანამნეზი (მძიმე მშობიარობა, სამეანო ოპერაციები, მკვდრადშობადობა და სხვა) ადასტურებს, რომ მენჯი არა მარტო ანატომიურად, არამედ კლინიკურადაც ვიწროა.

სხეულის დათვალიერება მენჯზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა: შესაძლებელია ამოცნობილ იქნეს განუვითარებლობა, ინფანტილიზმის ნიშნები, ჩონჩხის რაქიტული ცვლილებები, მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი და ამოვარდნილობა.
ვიწრო მენჯის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გავის რომბის ფორმებს.
ნორმალური მენჯის რომბს სწორი ფორმა აქვს.
ბრტყელრაქიტული მენჯის დროს რომბის ზედა ნახევარი უფრო პატარაა, ვიდრე ქვედა. მენჯის მნიშვნელოვანი რაქიტული დაზიანების დროს რომბს თითქმის სამკუთხა ფორმა აქვს.
თანაბრად დავიწროებული მენჯის რომბი სიგრძეშია გაწელილი. ზედა და ქვედა კუთხეები მახვილი აქვს, გვერდითი კი ბლაგვი.
მენჯის გამოხატული დავიწროებისას იცვლება ორსულის მუცლის ფორმაც. ორსულობის ბოლოს ნაყოფის თავი ვერ ჩადის მცირე მენჯში და ფერდქვეშა მიდამოდან წინ გადაიხრება. ამ დროს პირველმშობიარეების მუცელი წვეტიან ფორმას იღებს, განმეორებით მშობიარეებს კი ჩამოკიდებული აქვთ.
ძვლების სისქეზე, შესაბამისად – მენჯის ძვლების სისქეზეც, სხივ-მაჯის სახსრის გარშემოწერილობის მიხედვით მსჯელობენ. თუ მისი გარშემოწერილობა 14 სმ-ს აღემატება, ეს ჩონჩხის ძვლების, მათ შორის – მენჯის ძვლების მასიურობაზე მიუთითებს.
არსებობს სხვა სამეანო ზომებიც, რომელთა ცოდნა მეანს საშუალებას აძლევს, მენჯის ზომებზე იმსჯელოს.
მშობიარობის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო მენჯის, არამედ ნაყოფის ზომების – მენჯისა და თავის გარშემოწერილობის – ცოდნაც. მათ დასადგენად იყენებენ სპეციალურ საზომს, აგრეთვე – ულტრასონოგრაფიულ მონაცემებს.

ორსულობის მიმდინარეობა
ვიწრო მენჯის დროს ორსულობის პირველ ნახევარს განსაკუთრებული თავისებურებები არ ახასიათებს. მეორე ნახევარში არცთუ ხშირია გვიანი ტოქსიკოზი. ორსულობის ბოლოს ნაყოფის თავი ვერ ჩადის მცირე მენჯში, საშვილოსნო მაღლა სწევს დიაფრაგმას, რის გამოც ორსულები ხშირად უჩივიან ქოშინს, გულის ფრიალს, ადვილად დაღლას. ამ დროს ნაყოფი ძლიერ მოძრავია, რის გამოც ირიბი და გარდიგარდმო მდებარეობა, მენჯით წინამდებარეობა და სხვა პათოლოგიები უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური მენჯის დროს. ხშირია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა.
ვიწრომენჯიან ორსულებს კონსულტაციაში საგანგებო მეთვალყურეობას უწევენ და მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე გზავნიან სტაციონარში.

მშობიარობის მიმდინარეობა
მენჯის III-IV ხარისხის დავიწროებისას მშობიარობა ცოცხალი დროული ნაყოფით ოპერაციული ჩარევის გარეშე შეუძლებელია – შესაძლოა, დედაც და ნაყოფიც დაიღუპონ საშვილოსნოს გახეთქვის, სეფსისის ან სხვა გართულების გამო.
მენჯის I-II ხარისხის დავიწროებისას მშობიარობის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ნაყოფის ზომასა და მდებარეობაზე, წინამდებარე ნაწილზე, სამშობიარო მოქმედების ინტენსივობაზე. თუ თავის ზომები მენჯისას არ შეესაბამება, მშობიარობა მძიმე გართულებებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
ვიწრო მენჯის დროს ხშირია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა. წყლების დაღვრისას შესაძლოა გამოვარდეს ჭიპლარის მარყუჟი ან ნაყოფის კიდური. თუ კვალიფიციური სამეანო დახმარება დაგვიანდა, ჭიპლარი თავით მიიჭყლიტება მენჯის კედელზე და ნაყოფი ასფიქსიით დაიღუპება. გარდა ამისა, წყლების ნაადრევი დაღვრა აფერხებს ყელის გახსნას, სამშობიარო შეტევები ძლიერ მტკივნეული ხდება (მშრალი მშობიარობა), თუ უწყლო პერიოდი გახანგრძლივდა, შესაძლოა, მიკრობები საშოდან საშვილოსნოში შეიჭრას და საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება – ენდომეტრიტი გამოიწვიოს.
ვიწრო მენჯის დროს არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ჭინთვები ან მშობიარობის დასაწყისშივე სუსტი და იშვიათია, ან მოგვიანებით სუსტდება და იშვიათდება. სირთულეები განსაკუთრებით ნაყოფის გამოძევების პერიოდში იჩენს თავს. გამოძევების პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც საშვილოსნოს გადაძაბვას იწვევს. თუ ნაყოფის თავისა და მენჯის ზომები შეუსაბამოა, შესაძლოა საშვილოსნო გაიხეს.
ზოგჯერ სამშობიარო მოქმედების სისუსტე მოგვიანებით ვითარდება, ნაყოფი იღუპება, ვითარდება ენდომეტრიტი და მძიმე სეპტიკური დაავადება.
შესაძლოა განვითარდეს სხვა გართულებაც – მენჯის ძვლებზე რბილი ქსოვილების მიჭყლეტა. საშვილოსნოს ყელსა და საშოსთან ერთად ზეწოლას განიცდის შარდის ბუშტი, ურეთრა, სწორი ნაწლავი. ზეწოლა აუარესებს მათში სისხლის მიმოქცევას, ვითარდება ციანოზი, ორგანოთა კედლები შუპდება. შარდის ბუშტისა და ურეთრის მიჭყლეტამ შესაძლოა შარდის გამოყოფის შეწყვეტა გამოიწვიოს. წარმოიქმნება ფისტულები საშარდე და სასქესო ორგანოებს ან სწორ ნაწლავსა და საშოს შორის. არ არის გამორიცხული ფეხის ნერვებზე ზეწოლა და შემდგომ – მათი პარეზი. მოსალოდნელია ასევე ბოქვენის სიმფიზის დაზიანება.
სამშობიარო მოქმედების ანომალიებმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნაყოფის ასფიქსია, რაც მის ორგანოებში სისხლჩაქცევებს გამოიწვევს. გარდა ამისა, შესაძლოა დაზიანდეს ნაყოფის თავისა და მხრის სარტყელის ძვლები.
ვიწრო მენჯის დროს მკვდრადშობადობა, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობა და მშობიარობის შემდგომი დაავადებები უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური მენჯის შემთხვევაში.

2. საშვილოსნოს განვითარების ანომალიები

არსებობს პათოლოგიები, რომელთაც საშვილოსნოს ან საშოს შიგნით ტიხრის განვითარება ახასიათებთ. განვითარების ასეთ ანომალიებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ტიხარი, უნაგირა საშვილოსნო, ერთ და ორრქიანი საშვილოსნო, გაორებული საშვილოსნო და გაორებული საშო. ზოგიერთი მათგანი ორსულობას ხელს არ უშლის, ზოგ შემთხვევაში კი ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ხშირად განვითარების  ასეთი ანომალიების დიაგნოსტირება ორსულობის დროს ხდება.
საშვილოსნოს განვითარების ზემოხსენებული ანომალიები იშვიათია (გვხვდება ქალების 0,1-0,5%-ში). უფრო მეტად ორრქიანი ანუ უნაგირა საშვილოსნოა გავრცელებული.
საშვილოსნოს განვითარების ანომალიები ხშირად იქცევა უნაყოფობის, სამშობიარო ძალების სისუსტის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მუცლადყოფნის პერიოდში სიკვდილიანობის ზრდის (განსაკუთრებით – თუ ორსულობა არ მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობით) მიზეზად.

საშვილოსნოს ტიხარი
საშვილოსნოს ტიხარი წარმოადგენს საშვილოსნოს ღრუში არსებულ ქსოვილოვან ნარჩენს, რომელიც საშვილოსნოს ფუძიდან გამოდის და სისხლით ცუდად მარაგდება. ტიხარზე ან ტიხრიან საშვილოსნოში ემბრიონის მიმაგრების შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის (მენჯით წინამდებარეობის) ალბათობა.
ამ დეფექტის აღმოფხვრა ადვილია. საამისოდ იყენებენ ჰისტეროსკოპიულ მეთოდს – საშვილოსნოში შეჰყავთ სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც საშვილოსნოს ღრუს დანახვის საშუალებას იძლევა; პარალელურად შესაძლებელია საშვილოსნოში  ქირურგიული ინსტრუმენტების შეტანა და ოპერაციული ჩარევის განხორციელება. ოპერირებულ პაციენტებს გართულებათა ალბათობა 80-90%-დან 10-15%-მდე უმცირდებათ.

ერთრქიანი საშვილოსნო

ერთრქიანი საშვილოსნოს მიზეზი მიულერის ერთ-ერთი სადინარის განუვითარებლობაა, რომლის შედეგადაც ქალს საშვილოსნოს მხოლოდ ერთი მილი აქვს. ამ დროს  ორსულობის ბოლომდე მიყვანა საშვილოსნოს ზომაზეა დამოკიდებული. ერთრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის ალბათობა. მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.
ერთრქიანი საშვილოსნო ხშირად შერწყმულია  განვითარების სხვა ანომალიასთან (აგნეზია – თირკმლის არარსებობა – საშვილოსნოს არარსებული მილის მხარეს) და სამეანო გართულებებთან (ნაყოფის განუვითარებლობა, არასწორი მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ძალების სისუსტე).

ორრქიანი საშვილოსნო

ორრქიანი საშვილოსნოს მიზეზი მიულერის მილების შერწყმის დარღვევაა, რაც საშვილოსნოს ერთი ყელისა და ორი ღრუს განვითარებას იწვევს. ორრქიანი საშვილოსნო სხვადასხვა დონეზე ორად არის გაყოფილი და განაყოფები ერთმანეთს ქვედა ნაწილებით ერწყმის. ზოგჯერ, მკვეთრი განშრევების შემთხვევაში, იქმნება ორი ერთრქიანი საშვილოსნოს შთაბეჭდილება, ზოგჯერ კი გაყოფა ძალიან სუსტად არის გამოხატული და ორივე რქა თითქმის სრულად (ფუძის გამოკლებით) ერწყმის ერთმანეთს, ხოლო შერწყმის ადგილას წარმოიქმნება უნაგირისმაგვარი ჩაღრმავება. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს უნაგირას უწოდებენ.
განასხვავებენ ორრქიანი საშვილოსნოს სამ ფორმას: უნაგირას, არასრულსა და სრულს.
არასრული ფორმის დროს ორ რქად განცალკევება მხოლოდ ზედა მესამედში შეიმჩნევა. ამ დროს საშვლოსნოს რქების ზომა და ფორმა, წესისამებრ, ერთნაირია.
სრული ფორმის შემთხვევაში ორ რქად განცალკევება ხდება ასე: რქები ურთიერთსაპირისპირო მხარეს გადაიშლება დიდი ან მცირე კუთხით. სწორედ ამ კუთხის სიდიდით განისაზღვრება ანომალიის გამოხატულების სიმკვეთრე.
ერთი ყელის მქონე ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში ორსულობა უმეტესად ერთ-ერთ რქაში ვითარდება, ძალიან იშვიათად – ორივეში ერთად. ორსულობამ და მშობიარობამ შესაძლოა გაურთულებლად ჩაიაროს, თუმცა დიდია მუცლის მოშლის ალბათობაც, ამიტომ ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის მეთვალყურეობა სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის რისკიც. მოსალოდნელია აგრეთვე პლაცენტის არასწორი მდებარეობა, რაც მისი აშრევების საფრთხეს ქმნის. საშვილოსნოს ასეთი შენების შემთხვევაში ნაყოფს შესაძლოა ისეთი მდებარეობა ჰქონდეს, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელი გახდეს. ასეთ დროს საკეისრო კვეთას მიმართავენ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ანომალიის ქირურგიული გზით გამოსწორება. ოპერაცია ეფექტურია, ოპერირებულ პაციენტებში მუცლის მოშლის საშიშროება 90-95%-იდან 25-30%-მდე იკლებს.
უნაგირა საშვილოსნო რამდენადმე გაგანიერებულია, ძირში აქვს პატარა ჩაღრმავება, ორ რქად განშრევება უმნიშვნელოდ არის გამოხატული, ანუ საშვილოსნოს რქები თითქმის მთლიანად არის შეხორცებული (გამონაკლისია ფუძე).
ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია. მაგრამ ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს.
თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება.
უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის. ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთას მიმართავენ.
უნაგირა საშვილოსნოს დიაგნოსტირება ჰისტეროსალპინგოგრაფიით, ჰისტეროგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება.

საშვილოსნოს გაორება
ასე უწოდებენ მიულერის სადინართა შერწყმის სრულ დარღვევას, რომელსაც თან ახლავს საშვილოსნოსა და მისი ყელის გაორება (ორივე საშვილოსნო ნორმალურზე მცირე ზომისაა). ამ ანომალიას, ჩვეულებრივ, ერწყმის საშვილოსნოს ტიხარი. ამასთანავე, ზოგჯერ შეიმჩნევა ერთ-ერთი საშვილოსნოს ობსტრუქცია (დახშობა), რასაც ჰემატომის განვითარებამდე მივყავართ: საშვილოსნოში, რომელსაც არ აქვს კავშირი საშოსთან, გროვდება მენსტრუალური სისხლი და ტკივილს იწვევს. ასეთი სიმპტომები აღენიშნებათ მოზარდებს მენსტრუალური ციკლის დაწყებასთან ერთად.
საშვილოსნოს გაორების დროს ჩასახვა ძნელდება, იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის, ასევე თვითნებური აბორტის ალბათობა. შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე მიყვანა, გამოკვლევებით უნდა გაირკვეს. თუ შესაძლებელია, მაშინ ორსულობა ნებადართულია. იგი ერთ-ერთ საშვლოსნოში განვითარდება, მეორე საშვილოსნო კი უმნიშვნელოდ გადიდდება, მისი ლორწოვანი გარსი ორსულობისთვის დამახასითებელ ცვლილებებს განიცდის.
თუ ორსულობა შეწყდა, საშვილოსნოსშიგა სისხლდენის საფრთხის გამო არაორსული საშვილოსნოს ლორწოვან გარსსაც გამოფხეკენ.
საშვილოსნოს გაორებისას ხშირად აღინიშნება საკვერცხეების ჰიპოფუნქცია, ჰორმონული უკმარისობა და საშვილოსნოს განუვითარებლობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს შვილის ყოლის შესაძლებლობას. საჭიროა ორსულობისთვის გულდასმით მომზადება და მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის უწყვეტი მეთვალყურეობა.

პროგნოზი
საშვილოსნოს ზემოთ აღნიშნული ანატომიური ცვლილებების შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა შესაძლოა გამოწვეული იყოს სანაყოფე კვერცხის ცუდი იმპლანტაციით (ხშირად ის ტიხარს მიემაგრება), ენდომეტრიუმის სისხლძარღვოვანი ქსელისა და რეცეპტორების არასრულფასოვანი განვითარებით, ისთმოცერვიკალური უკმარისობით (საშვილოსნოს ყელის კუნთები არ ხურავენ საშვილოსნოს გასასვლელს), ჰორმონული დარღვევებით.
საშვილოსნოს განვითარების ანომალიის შემთხვევაში ორსულობის ადრეული პერიოდიდანვე აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სპაზმოლიზური საშუალებების მიღება, დიუფასტონით ან უტროჟესტანით თერაპია (ეს პრეპარატები უზრუნველყოფენ ორსულობის შენარჩუნებას 16-20 კვირამდე). ინიშნება სხვა პრეპარატებიც, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და ნაყოფის სრულფასოვანი განვითარების უზრუნველსაყოფად, ასევე - პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
საშვილოსნოს განვითარების ყველა ზემოხსენებული ანომალიის დროს მშობიარობა შეიძლება გართულდეს სამშობიარო მოქმედების სხვადასხვაგვარი დარღვევით, ამიტომ ასეთმა ორსულმა აუცილებლად სამშობიარო სახლში უნდა იმშობიაროს.