რუბრიკები
ნაოპერაციევი კუჭის დაავადებები - Postoperative stomach diseases - Послеоперационные заболевания желудка
ნაოპერაციევი კუჭის დაავადებები შედეგია ქირურგიული ჩარევისა, რომლის დროსაც მკვეთრად იცვლება საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მათ შორის ურთიერთკავშირი, ირღვევა სხვა ორგანოებსა და სისტემებთან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნეიროჰუმორული დამოკიდებულება.
ოპერაციის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ორგვარ დარღვევას - პოსტგასტრორეზექციულს და პოსტგასტროვაგოტომიურს.
ეპიდემიოლოგია. კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე ჩატარებული პრაქტიკულად ყოველგვარი ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ფუნქციური ან ორგანული ცვლილებების აღმოჩენა. კუჭის რეზექციის შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები ავადმყოფთა 30-35%-ს აღენიშნება, ხოლო ვაგოტომიის შემდეგ - 15-34%-ს.
ეტიოლოგია და პათოგენეზი. ნაოპერაციევი კუჭის დაავადებათა განვითარების საფუძველს წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცვლილებები.
ნაოპერაციევი კუჭის დაავადებების განვითარების მნიშვნელოვანი პათოგენეტიკური ფაქტორია განხორციელებული ოპერაციის ხასიათი (კუჭის რეზექციის მოცულობა და მეთოდი, ვაგოტომიის სელექციურობა და სისრულე). დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციისწინარე დაავადებებს (კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისას), რომლებიც ორგანიზმის კომპენსატორულ შესაძლებლობებს აქვეითებს და ნაოპერაციევი კუჭის დაავადებათა განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ნაოპერაციევი კუჭის დაავადებების ფორმირებაზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპოლოგიური შტრიხები. დაავადებულთა შორის ჭარბობს ორი ძირითადი ტიპი _ ძლიერად აგზნებადი (ქოლერიკი) და სუსტად აგზნებადი (მელანქოლიკი). მაქსიმალურად გაწონასწორებული ტიპი პრაქტიკულად არ გვხვდება.
კლასიფიკაცია. არსებობს ნაოპერაციევი კუჭის დაავადებათა არაერთი კლასიფიკაცია. პრაქტიკული გამოყენებისთვის მოხერხებულია შემდეგი კლასიფიკაცია:

I. პოსტგასტრორეზექციული დარღვევები:

  • დემპინგ-სინდრომი;
  • ჰიპოგლიკემიური სინდრომი;
  • მომტანი მარყუჟის სინდრომი;
  • ანასთომოზის პეპტიკური წყლული;
  • პოსტგასტრორეზექციული დისფაგია;
  • 4პოსტგასტრორეზექციული ანემია;
II. პოსტვაგოტომიური სინდრომი:
  • დისფაგია;
  • გასტროსტაზი;
  • წყლულის რეციდივი;
  • დიარეა;
  • დემპინგ-სინდრომი.


დიაგნოსტიკა. ნაოპერაციევი კუჭის სინდრომის დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევის შედეგების, ლაბორატორიული მონაცემების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. ნაოპერაციევი კუჭის ცალკეული დაავადებების დროს დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდს ენიჭება უპირატესობა. მაგალითად, დემპინგ-სინდრომის, ჰიპოგლიკემიური სინდრომის, პოსტვაგოტომიური დიარეის დიაგნოსტიკა, წესისამებრ, კლინიკურ სიმპტომებს ეფუძნება, მომტანი მარყუჟის, გასტროსტაზისა და ვაგოტომიის შემდგომი დისფაგიის შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური კვლევა, ხოლო პეპტიკური წყლულის დროს _ ენდოსკოპია.

ნაოპერაციევი კუჭის ცალკეულ დაავადებათა დახასიათება

პოსტგასტრორეზექციული სინდრომი
1. დემპინგ-სინდრომს წამყვანი ადგილი უჭირავს პოსტგასტრორეზექციულ დარღვევებს შორის. სტატისტიკური მონაცემებით, იგი კუჭის რეზექციაგადატანილ (ბილროტ II) ავადმყოფთა 3,5-80%-ში გვხვდება. სტატისტიკურ მონაცემებს შორის ასეთ განსხვავებას ამ სინდრომის არსის თაობაზე მედიკოსთა განსხვავებული შეხედულებები განაპირობებს.
დემპინგ-სინდრომის პათოგენეზი რთულია. მის განვითარებაში მთავარი როლი ეკისრება კუჭის შიგთავსის სწრაფ ევაკუაციას და წვრილ ნაწლავებში საკვების მასის სწრაფ პასაჟს. ჰიპეროსმოლარობის უნარის მქონე საკვების წვრილ ნაწლავებში მოხვედრა იწვევს შემდეგ დარღვევებს:
1) ნაწლავებში ოსმოსური წნევის მატებას და პლაზმის მათ სანათურში დიფუზიას, რის შედეგადაც მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება;
2) ნახშირწყლების სწრაფ შეწოვას, რაც ასტიმულირებს ინსულინს და ჰიპერგლიკემიის ჰიპოგლიკემიით შეცვლას იწვევს;
3) წვრილი ნაწლავების რეცეპტორული აპარატის გაღიზიანებას, რაც ასტიმულირებს გასტროინტესტინური ჰორმონების დონის ამწევი ბიოაქტიური ნივთიერებების (აცეტილქოლინის, სეკრეტინის, ჰისტამინისა და სხვათა) მოქმედებას.
დემპინგ-სინდრომის კლინიკურ სურათში ჭარბობს ვაზომოტორული კომპონენტი (სისუსტე, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, სახის სიფითრე ან ჰიპერემია, ძილიანობა, არტერიული წნევის მატება, თავბრუხვევა, ზოგჯერ - გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა) და გასტროინტესტინური კომპონენტი (ეპიგასტრიუმის არეში სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი და სხვა დისპეპსიური მოვლენები, ასევე - მეტეორიზმი და ფაღარათი). ეს სიმპტომები თავს იჩენს ჭამის დროს ან ჭამიდან 5-20 წუთის შემდეგ, განსაკუთრებით - ტკბილეულისა და რძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში. შეტევა 10 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.
დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დემპინგ-სინდრომის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. რენტგენოლოგიური კვლევა (ბარიუმის ფაფით) დიაგნოზს ადასტურებს.
2. ჰიპოგლიკემიური სინდრომი (ჰს) ცნობილია, როგორც გვიანი დემპინგ-სინდრომი და არსით მის გაგრძელებას წარმოადგენს. ის რეზექციაგადატანილ ავადმყოფთა 5-10%-ს უვითარდება.
მიიჩნევა, რომ კუჭის სწრაფად დაცლის შედეგად წვრილ ნაწლავებში ერთბაშად ხვდება შეწოვისთვის გამზადებული დიდი ოდენობით ნახშირწყალი. სისხლში სწრაფად და მკვეთრად იმატებს შაქრის შემცველობა. ჰიპერგლიკემია იწვევს ჰუმორული რეგულაციის სისტემების საპასუხო რეაქციას, რასაც ინსულინის ჭარბი გამოყოფა მოჰყვება. ეს უკანასკნელი იწვევს შაქრის კონცენტრაციის დაქვეითებას და ვითარდება ჰიპოგლიკემია.
ჰს-ის დიაგნოსტიკა კლინიკურ სურათს ეფუძნება. სინდრომი ვლინდება შიმშილის შემაწუხებელი შეგრძნებით, ეპიგასტრიუმის სპაზმური ტკივილით, სისუსტით, სიცხის, გულისცემის შეგრძნებით, თავბრუხვევით, თვალთ დაბნელებით, მთელი სხეულის ცახცახით, ზოგჯერ გონების დაკარგვით. შეტევა აღმოცენდება ჭამიდან 2 საათის შემდეგ და რამდენიმე წუთიდან 1,5-2 საათამდე გრძელდება. გლუკოზით დატვირთვის შემდეგ ავადმყოფთა უმრავლესობის გლიკემიური მრუდი სწრაფი და მკვეთრი ვარდნით გამოირჩევა. გარდა ამისა, შეიმჩნევა სისხლში შაქრის კონცენტრაციის მკვეთრი დაცემა საწყის დონეზე დაბლა.
3. მომტანი მარყუჟის სინდრომი (მმს) კუჭის რეზექციის (ბილროტ II) შემდეგ პაციენტთა 3-29%-ს აღენიშნება. მისი მიზეზია დუოდენალური შიგთავსის ევაკუაციის მოშლა და შეჭმული საკვების ნაწილის მოხვედრა წვრილი ნაწლავების არა გამტან, არამედ მომტან მარყუჟში.
მმს შეიძლება იყოს ფუნქციურიც (აღმოცენდება თორმეტგოჯა ნაწლავის, მომტანი მარყუჟის, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის შედეგად) და მექანიკურიც (განპირობებულია დაბრკოლებით, რომელსაც იწვევს ოპერაციული ტექნიკის დეფექტი, მარყუჟის გადახრა, შეხორცებითი პროცესები). კლინიკურად ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა არის მჭრელი ტკივილით, რომელიც ჭამისთანავე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ნაღვლის წვენის ამოღების შემდეგ ცხრება. ზოგჯერ ეპიგასტრიუმის არეში წვრილი ნაწლავის მომტანი მარყუჟი უმტკივნეულო წარმონაქმნის სახით ისინჯება. შეუპოვარმა ღებინებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროლიტების დაკარგვა, საჭმლის მონელების დარღვევა და სხეულის მასის დაქვეითება.
მმს-ის დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიურ კვლევას ეფუძნება. ამ სინდრომის რენტგენოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს საკონტრასტო ნივთიერების დიდხანს დარჩენა წვრილი ნაწლავის მომტან მარყუჟში, პერისტალტიკის დარღვევა, მარყუჟის გაფართოება.
4. პეპტიკური წყლული (პწ) შესაძლოა ჩამოყალიბდეს კუჭის რეზექციის შემდეგ ანასთომოზის უბანში კუჭის ტაკვისა და წვრილი ნაწლავის მხარეს ან შესართავში. პწ ოპერირებულ ავადმყოფთა 1-3%-ს უვითარდება. წყლული შესაძლოა ჩამოყალიბდეს ოპერაციიდან როგორც რამდენიმე თვეში, ასევე რამდენიმე წელიწადში (ერთიდან რვა წლამდე). მისი წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ეკონომიკური რეზექცია, კუჭის ანტრალური (გასტრინმაპროდუცირებელი უჯრედების შემცველი) ნაწილის დატოვება, კუჭუკანა ჯირკვლის გასტრინომა ან სხვა ენდოკრინული პათოლოგია.
პწ-ის კლინიკური გამოვლინება წყლულოვანი დაავადებისას ჰგავს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მიმდინარეობს უფრო გამოხატული და მძაფრი ტკივილით, ვიდრე ოპერაციამდე, ზოგჯერ რთულდება სისხლდენითა და წყლულის პენეტრაციით.
ანასთომოზის პწ-ის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა.
5. პოსტგასტრორეზექციული დისფაგია (პდ) ხშირად ვითარდება ბილროტ II-ის მეთოდით განხორციელებული რეზექციის შემთხვევაში. ახასიათებს მეტაბოლური დარღვევები და ასიდან 3-10 შემთხვევაში გვხვდება. პდ-ის პათოგენეზში წამყვანი ადგილი უჭირავს საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევას, რაც პანკრეასული სეკრეტის უკმარისობისა და წვრილი ნაწლავის დაზიანების შედეგია.
პდ-ის დიაგნოსტირება, უპირველეს ყოვლისა, კლინიკური სურათის გათვალისწინებით ხდება. ავადმყოფები უჩივიან ნაწლავთა ყურყურს, შებერილობასა და დიარეას. შეწოვის დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია წონის კლება, ჰიპოვიტამინოზის ნიშნები (ცვლილებები კანზე, ღრძილებიდან სისხლდენა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა და სხვა), წვივის კუნთების კრუნჩხვა და ძვლების ტკივილი, რასაც მინერალური ცვლის მოშლა განაპირობებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია ღვიძლისა და კუჭუკანა ჯირკვლის დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ასევე - ფსიქიკური დარღვევები ჰიპოქონდრიის, ისტერიკისა და დეპრესიული სინდრომის სახით.
პდ-ით დაავადებულებს უვლინდებათ ჰიპოპროტეინემია ალბუმინის დონის დაცემის გამო, ნახშირწყლებისა და მინერალების ცვლის მოშლა.
6. პოსტგასტრორეზექციული ანემია (პა) კუჭის რეზექციაგადატანილთა 10-15%-ს უვითარდება. განასხვავებენ ორი ტიპის პა-ს: ჰიპოქრომულ რკინადეფიციტურ ანემიასა და ჰიპერქრომულ B12-დეფიციტურ ანემიას.
რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი უმეტესად ანასთომოზის პეპტიკური წყლულიდან სისხლდენაა, რომელიც არცთუ იშვიათად ფარულად მიმდინარეობს. ამ ტიპის ანემიის განვითარებას ხელს უწყობს იონიზაციისა და რეზორბციის დარღვევები, რაც წვრილ ნაწლავებში პასაჟის დაჩქარებისა და ატროფიული ენტერიტის შედეგია. კუჭის ანტრალური ნაწილის მოკვეთის შემდეგ მცირდება ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას უტილიზაცია. ამას ნაწლავური მიკროფლორის ცვლილებაც უწყობს ხელს. აღნიშნული ვიტამინების დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ტიპის სისხლდენას და ჰიპოქრომულ ანემიამდე მივყავართ.
პა-ის დიფერენციული დიაგნოსტიკა პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის გამოკვლევას ეფუძნება. რკინადეფიციტური ანემიის დროს პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ერითროციტების ჰიპოქრომია და მიკროციტოზი, ხოლო B12-დეფიციტური ანემიის დროს - ჰიპერქრომია და მაკროციტოზი. ძვლის ტვინის ნაცხში პერნიციოზური ანემიის (B12-დეფიციტური ანემიის იდიოპათიური ფორმა) დროს აღინიშნება მეგალობლასტური ტიპის სისხლდენა. 

პოსტვაგოტომიური სინდრომი
1. დისფაგია ადრეული პოსტოპერაციული პერიოდის გართულებაა. ის, წესისამებრ, ოპერაციის შემდგომი ორი კვირის განმავლობაში აღმოცენდება (თუმცა არ არის გამორიცხული, მოგვიანებითაც განვითარდეს) და 1-2 თვის შემდეგ თავისთავად გაივლის. ვაგოტომიის შემდგომი დისფაგიური დარღვევები ნაოპერაციევი ავადმყოფების 1-17%-ს აღენიშნება.
ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში დისფაგიის მიზეზია საყლაპავის კედლის ტრავმა. გარდა ამისა, საყლაპავის დისტალური ნაწილის დენერვაცია კარდიის ფუნქციის დროებით დარღვევას იწვევს. ვაგოტომიის შედარებით გვიან პერიოდში დისფაგიის განვითარებას უკავშირებენ რეფლუქს-ეზოფაგიტს და ოპერაციის უბანში განვითარებულ ფიბროზს.
მსუბუქი დისფაგიის შემთხვევაში რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური მეთოდებით საყლაპავის პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა ვერ ხერხდება. უფრო მყარი და გამოხატული დისფაგიური დარღვევების შემთხვევაში რენტგენოლოგიურად და ენდოსკოპიურად ცვლილებების აღმოჩენა შესაძლებელია.
2. გასტროსტაზი შესაძლოა აღმოცენდეს ნებისმიერი სახის ვაგოტომიის დროს. სელექციური პროქსიმული ვაგოტომიის შემთხვევაში ავადმყოფთა 1.5-10%-ს კუჭის შენელებული დაცლა აღენიშნება.
ვაგოტომიის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ორი ტიპის მამოძრავებელ-ევაკუაციური დარღვევა: მექანიკური და ფუნქციური. მექანიკური გასტროსტაზი პილოროპლასტიკის ან გასტროენტეროანასთომოზის არეში კუჭის შემავალი უბნის გაუვალობით არის განპირობებული. ფუნქციური გასტროსტაზი აღმოცენდება კუჭის პერისტალტიკური ტალღის რიტმის დარღვევის შედეგად, რაც იწვევს კუჭის დროსა და მიმართულებაში არაკოორდინირებულ მოძრაობას და მის მექანიკურ გაწელვას.
კუჭის მამოძრავებელ-ევაკუატორული დარღვევები ვლინდება გულის კოვზის არეში სიმძიმის შეგრძნებით, გულისრევითა და ეპიზოდური ტკივილით. გასტროსტაზის მძიმე ფორმის დროს ავადმყოფებს აწუხებთ თითქმის მუდმივი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში, უხვი ღებინება (პირნაღები მასა დიდი ოდენობით ნაღვლის წვენს შეიცავს). ღებინება ავადმყოფს შვებას ჰგვრის, რაც მას ღებინების ხელოვნურად გამოწვევისკენ უბიძგებს. რენტგენოლოგიური კვლევა ცხადყოფს კონტრასტული მასის კუჭში შეფერხებას, სუსტ და ზედაპირულ პერისტალტიკას და კუჭის ზრდას.
3. რეციდიული წყლული ვაგოტომიის შემდეგ ასიდან 10-30 შემთხვევაში ყალიბდება. წყლულის რეციდივის მიზეზი, ჩვეულებრივ, არის კუჭის არასაკმარისი დენერვაცია და HCl-ის კვლავ დიდი ოდენობით გამომუშავება. რეციდივის განვითარებას კუჭიდან ევაკუაციის დარღვევაც იწვევს.
ვაგოტომიის შემდგომ წყლულის რეციდივის დიაგნოსტირება არ არის მარტივი, რადგან ის ასიდან 30-50 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ოპერაციიდან პირველი 5 წლის განმავლობაში აუცილებელია ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცვლეობით ჩატარება წელიწადში ორჯერ.
4. დიარეას ვაგოტომიის გართულებებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კუჭიდან წვრილ ნაწლავებში სითხის სწრაფად გადასროლა, წვრილი ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილება, ნაღვლის მჟავის სეკრეციისა და შეწოვის დარღვევა, რაც ნაწლავის ჰიპერმოტორიკას იწვევს.
პოსტვაგოტომიური დიარეა ასევე უკავშირდება აქლორჰიდროზს, პანკრეასის ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას, წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ატროფიულ ცვლილებას.
დიარეის დროს ავადმყოფს აღენიშნება კუჭის მოქმედება თხიერი განავლით დღეში 3-5-ჯერ. ზოგჯერ ფაღარათის პროვოცირებას იწვევს რძის ნაწარმი და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. დიარეა ხშირად მოულოდნელად იწყება, თან ახლავს აირების უხვი წარმოქმნა და მუცლის მკვეთრი ზრდა. კუჭის მოქმედების გახშირებული სურვილი ავადმყოფს დისკომფორტს უქმნის.
კუჭის მოქმედების დარღვევა რამდენიმე დღე გრძელდება და შესაძლოა, თვეში 1-2-ჯერ განმეორდეს.
5. დემპინგ-სინდრომი სელექციური პოსტვაგოტომიის შემდეგ ასიდან 2-9 შემთხვევაში გვხვდება. დრენირებადი ოპერაციის შემთხვევაში მისი სიხშირე 10-34%-მდე იმატებს, თუმცა მისი მძიმე ფორმა ძალიან იშვიათია.
პოსტვაგოტომიური დემპინგ-სინდრომის პათოგენეზი არსობრივად პოსტრეზექციულისგან არ განსხვავდება: კუჭის სწრაფი დაცლა, წვრილი ნაწლავების საკვებით გადავსება, პოლისაქარიდების სწრაფი დაშლის შედეგად განვითარებული ჰიპეროსმოლარობა და ნაწლავებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჭარბად გაჩენა, რაც აჩქარებს პერისტალტიკას და გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
პოსტვაგოტომიური დემპინგ-სინდრომის დიაგნოსტირება ძნელი არ არის და უპირველეს ყოვლისა ავადმყოფის ჩივილებს ეფუძნება.
ვაგოტომიის შემდგომი დემპინგ-სინდრომის დროს, წესისამებრ, ვითარდება ტკბილეულისა და რძის პროდუქტების აუტანლობა. სინდრომი მიმდინარეობს მსუბუქი ტაქიკარდიით, ოფლიანობით, გულისრევით. ეს მოვლენები 15-30 წუთში გაივლის და პრაქტიკულად არ აქვეითებს შრომის უნარს.
საეჭვო შემთხვევაში შესაძლებელია დემპინგ-სინდრომის ხელოვნურად გამოწვევა. ამ დროს ავადმყოფს ეძლევა ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და 1 საათის განმავლობაში ჰემოდინამიკური მონაცემების რეგისტრირება ხდება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა
ნაოპერაციები კუჭის დაავადებები რომ არ განვითარდეს, ამისთვის აუცილებელია ქირურგიული მკურნალობის ჩვენებათა მკაცრად დაცვა, ოპერაციის მეთოდის ოპტიმალურად შერჩევა და ოპერაციის ტექნიკის უმაღლეს დონეზე განხორციელება.
პოსტოპერაციული დარღვევების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარეაბილიტაციო ღონისძიებებს.
დაავადებულთა რეაბილიტაცია ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
ოპერაციის წინა პერიოდში (I ეტაპი) ინიშნება წყლულის საწინააღმდეგო თერაპია (დიეტა N1, ქოლინოლიზური პრეპარატები, ანტაციდები, ჩვენებისამებრ - სხვა პრეპარატები), რაც ოპერაციის გაცილებით უკეთეს პირობებში განხორციელების საშუალებას იძლევა.
ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში (II ეტაპი) ავადმყოფს ოპერაციის შემდეგ 2 დღე აშიმშილებენ და ახორციელებენ კუჭის შიგთავსის აქტიურ ასპირაციას. უკვე ამ პერიოდში ზონდის საშუალებით შესაძლებელია ე. წ. ენპიტების (მშრალის რძის ნარევების) შეყვანა.
ოპერაციის მე-2-მე-4 დღეს კუჭში შეგუბების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ინიშნება სპეციალური დიეტა. კვების რეჟიმი აგებულია კუჭ-ნაწლავის დატვირთვის თანდათანობითი მატების პრინციპზე და კვების რაციონში საკმაო რაოდენობით ცილების ჩართვაზე.
პირველი კვირის ბოლოს, თუ ოპერაციის შედეგად კუჭში მჟავე პროდუქციის დაქვეითებას ვერ მიაღწიეს, ინიშნება ანტაციდები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ბეტა-2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები.
კომპლექსური თერაპია, რომელიც მიმართულია ოპერაციის შედეგად სხვადასხვა სისტემის ორგანოთა ფუნქციური დარღვევების კომპენსაციისკენ, იწყება ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ და 2-4 თვე გრძელდება (III ეტაპი). ამ პერიოდში კომპლექსური მკურნალობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დიეტა. სპეციალური დიეტაც კია შემუშავებული, რომლის მიზანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების შემცირება, ეპითელიუმის რეპარაციის აქტივიზაცია, ასევე - დემპინგური რეაქციების, ჰიპოგლიკემიის, მომტანი მარყუჟის სინდრომის და სხვათა განვითარების შეფერხება. ეს არის ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა ცილების მაღალი (140 გ), ხოლო ცხიმებისა (110-115 გ) და ნახშირწყლების (380 გ) ნორმალური შემცველობით. ეს დიეტა ქიმიურად და მექანიკურად მინიმალურად აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის რეცეპტორულ აპარატს და ლორწოვან გარსს. დიეტაში არ შედის მძიმედ მოსანელებელი ცხიმები, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, ახალი რძე. ავადმყოფმა უნდა მიირთვას ხშირად, მცირე ულუფებით. ჩვენებისამებრ გრძელდება ფარმაკოთერაპია: ანტაციდები, პერისტალტიკის მარეგულირებელი საშუალებები.
შემდგომ, თუნდაც ავადმყოფს არ გამოაჩნდეს ნაოპერაციები კუჭის დაავადებათა სიმპტომები, 2-5 წლის განმავლობაში (IV ეტაპი) იგი უნდა იკვებებოდეს წილობრივად (დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით), შეზღუდოს დემპინგური რეაქციის გამომწვევი პროდუქტებისა და კერძების (ტკბილი თხიერი რძიანი ფაფები, ტკბილი სასმელები, მეტისმეტად ცხელი და ცივი კერძები) მიღება. კვების რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროდუქტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ავადმყოფები, რომელთაც ოპერაციის კარგი შედეგი აქვთ, მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებენ.
არსებობს ნაოპერაციევი კუჭის სინდრომის მკურნალობის როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდი.
კონსერვატიულ მკურნალობაში წამყვანი ადგილი დიეტოთერაპიას უჭირავს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაღალკალორიული, ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი, ცხიმებსა და რთულ ნახშირწყლებს ზომიერად შეიცავდეს, მარტივი ნახშირწყლები კი მკაცრად უნდა შეიზღუდოს. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს კერძებისა და პროდუქტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ავადმყოფები კარგად იტანენ მოხარშულ ხორცს, მჭლე ხორცის კატლეტს, თევზს, ხორცისა და თევზის ბულიონს, რძის მჟავე პროდუქტებს, მცენარეული ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათსა და ვინეგრეტს.
ყველაზე აუტანელი პროდუქტებია შაქარი, რძე, ტკბილი ჩაი, ყავა, კომპოტი, თაფლი, ტკბილი რძიანი ფაფა, ცომეული (განსაკუთრებით - ცხელი). ავადმყოფმა უნდა მიირთვას მცირე ულუფებით და ხშირად.
ამგვარი დიეტა და კვების რეჟიმი ნაოპერაციები კუჭის ნებისმიერი დაავადების დროს არის მისაღები, თუმცა განსაზღვრული თავისებურებებიც არსებობს.
დემპინგ-სინდრომის დროს ჭამის დაწყება მყარი საკვებით არის რეკომენდებული. ჭამის შემდეგ სასურველია 30 წუთით დაწოლა. ფარმაკოთერაპია სინდრომის პათოგენეზს უნდა ეფუძნებოდეს. ინიშნება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, ნოვოკაინი ან ანესთეზინი), ანტიქოლინერგული და განგლიობლოკატორული საშუალებები (ნო-შპა, ბენზოჰექსონი, განგლერონი). ნაჩვენებია ანტისეროტონინული პრეპარატები - რეზერპინი ან ოქტადინი და სხვა.
ჰიპოგლიკემიური სინდრომის მკურნალობის თავისებურებაა ჰიპოგლიკემიის შეტევის კუპირება. ავადმყოფმა ყოველთვის თან უნდა ატაროს შაქრის ან პურის ნაჭერი, რათა დროულად აღკვეთოს ამ სინდრომის გამოვლინება. ჰიპოგლიკემიის მძიმე შეტევის დროს, რომელსაც თან ახლავს გულის წასვლა, საჭიროა ვენაში გლუკოზის 40%-იანი ხსნარის გადასხმა.
მომტანი მარყუჟიდან ეაკულაციის დარღვევის ნიშნების შესამცირებლად რეკომენდებულია ჭამის შემდეგ მარჯვენა გვერდზე წოლა. ამ სინდრომის გამოვლინების შესამცირებლად დიეტათერაპიული ღონისძიებების პარალელურად შესაძლებელია ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. მარყუჟში ანთებითი კომპონენტების ასალაგებლად ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. ამავე მიზნით ინიშნება ეუბიოტიკები, სულფანილამიდები.
ვაგოტომიის შემდგომ განვითარებული ანასთომოზის პეპტიკური წყლულისა და რეციდიული წყლულის დროს ინიშნება წყლულის საწინააღმდეგო კომპლექსური თერაპია, რომელიც პრინციპულად არ განსხვავდება წყლულოვანი დაავადების გამწვავების მკურნალობისგან.
გასტროსტაზის დროს, რომელიც ვაგოტომიის შემდეგ მალევე აღმოცენდება, მკურნალობა უნდა დაიწყოს ნაზოგასტრული ზონდით კუჭის შიგთავსის ამოქაჩვით. შემდგომ ფუნქციური გასტრიტის მქონე ავადმყოფებს სითხის მიღების შეზღუდვას ურჩევენ, რადგან მყარი საკვები მათში პერისტალტიკას ასტიმულირებს. ინიშნება ბენზოჰექსონი.
კუჭის შიგთავსის ეაკულაციას აუმჯობესებს ცერუკალის ან რეგლანის მიღება ჭამის დროს, გამოხატული გასტროსტაზის შემთხვევაში კი ეს პრეპარატები კუნთებში ინიშნება.
პოსტვაგოტომიური დიარეის დროს კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა ბენზოჰექსონი. წესისამებრ, ფაღარათი მკურნალობის პირველსავე კვირას წყდება, მაგრამ ეფექტის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის კიდევ 2-3 დღეს გაგრძელება. გამოხატული დიარეული სინდრომის დროს ნაწლავური გამავლობის შესამცირებლად შეიძლება დაინიშნოს კოდეინი. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ინიშნება კუჭუკანა ჯირკვლის ფერმენტები, რომლებიც არ შეიცავს ნაღვლის მჟავებს (პანკრეატინი, მეზიმ-ფორტე).
პოსტგასტრორეზექციული დისტროფიის დროს განვითარებული მალაბსორბციის სინდრომისა და ანემიის მკურნალობა ზოგადი წესების მიხედვით ტარდება.
ნაოპერაციები კუჭის დაავადებების კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი. მძიმე დემპინგ-სინდრომისა და მომტანი მარყუჟის სინდრომის დროს უპირატესობა ენიჭება რეკონსტრუქციულ ოპერაციას. ანასთომოზის პეპტიკური წყლულის შემთხვევაშიც, არცთუ იშვიათად, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.
პოსტგასტრორეზექციული და პოსტვაგოტომიური დარღვევების შემთხვევაში საჭიროა დისპანსერული დაკვირვება, რაც გულისხმობს დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატურ კონტროლს, პერიოდულ გამოკვლევას და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარებას.
ნაოპერაციები კუჭის დაავადებათა უმრავლესობა ოპერაციდან მალევე აღმოცენდება და პირველივე წლის განმავლობაში ცხრება. მათ რიცხვს მიეკუთვნება მსუბუქი და ნაწილობრივ საშუალო სიმძიმის დემპინგ-სინდრომი, დისფაგია, ფუნქციური გასტროსტაზი, ვაგოტომიის შემდგომი დიარეის მსუბუქი ფორმა. ამგვარი დარღვევების მქონე ავადმყოფს, წესისამებრ, სპეციალური მკურნალობა არ სჭირდება, მისი შრომის უნარი მნიშვნელოვნად არ არის დაქვეითებული.
ოპერაციის შემდეგ 6-12 თვის განმავლობაში საჭიროა ამ ჯგუფის ავადმყოფებზე დაკვრვება. მათ ურჩევენ, შეზღუდონ საჭმლის მონელების დამრღვევი პროდუქტების (ტკბილი სასმელების, ახალი რძის და სხვა) მიღება, აუჩქარებლად ჭამონ, ლუკმა გულდასმით დაღეჭონ და ა. შ.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა კურორტული მკურნალობა.