რუბრიკები
ლევიტრა® - LEVITRA® - ЛЕВИТРА®

საერთაშორისო დასახელება:

VERDENAFIL

მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE  AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ვარდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 1 ან 4 ტაბ., შეფუთვაში 1, 2 ან 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვარდენაფილი (მონოჰიდროქლორიდი ტრიჰიდრატის ფორმით) .........10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება, მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას (ფდე 5) ინჰიბიტორი. ასოს ერექცია ჰემოდინამიკური პროცესია, რომელსაც საფუძვლად უდევს მღვიმოვანი სხეულებისა და მასში მოთავსებული არტერიოლების გლუვი მუსკულატურის მოდუნება. სექსუალური სტიმულაციის დროს მღვიმოვანი სხეულების ნერვული დაბოლოებებიდან გამოიყოფა აზოტის ოქსიდი(NO), რომელიც ააქტივებს ფერმენტ გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ც-გმფ) გაზრდას მღვიმოვან სხეულებში. შედეგად ხდება მღვიმოვანი სხეულების გლუვი კუნთების მოდუნება, რაც განაპირობებს სისხლის ნაკადის გაზრდას სასქესო ასომდე. სპეციფიკური მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას (ფდე 5) ბლოკირებით, რომელიც მონაწილეობს ც-გმფ-ის დაშლაში, ვარდენაფილი აძლიერებს ენდოგენური NO-ს ადგილობრივ მოქმედებას მღვიმოვან სხეულებში სექსუალური სტიმულაციის დროს. ეს ეფექტი განაპირობებს ლევიტრას უნარს გააძლიეროს რეაქცია სექსუალურ სტიმულაციაზე.

ვარდენაფილის კლინიკური ეფექტი დგება მიღებიდან 10 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 8-10 სთ.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ ვარდენაფილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. უზმოზე მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაციის ადრეული პიკი (Cmax) შეიძლება განვითარდეს 15 წუთში, თუმცა შემთხვევათა საშუალოდ 90%-ში - 60 წუთში (30-დან 120 წუთამდე). აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 15%-ს. დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში (5-20 მგ) მაჩვენებელი - “ფართობი კონცენტრაცია-დროის შეფარდების მრუდის ქვეშ” (AUC) და Cmax იზრდება დოზის გაზრდის პროპორციულად.

ვარდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს (57%), შეწოვის სიჩქარე მცირდება, იზრდება მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) 60 წუთამდე და Cmax საშუალოდ მცირდება 20%-ით AUC მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ნორმალური საკვების მიღებისას, რომელიც არ შეიცავს 30%-ზე მეტ ცხიმს, ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (Cmax, Tmax, AUC) არ იცვლება.

განაწილება: ვარდენაფილი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი (MI) კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს (95%-მდე), თუმცა ეს თვისება შექცევადია და არაა დაკავშირებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციასთან. ვარდენაფილის მიღებიდან 90 წუთის შემდეგ ჯანმრთელი მამაკაცების სპერმაში ისაზღვრება მიღებული დოზის არა უმეტეს 0.00012%.

მეტაბოლიზმი: ვარდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ფერმენტებით ციტოქრომული CYP3A4 სისტემის მონაწილეობით, ასევე CYP3A5 და CYP2C9 იზოფერმენტებით.

გამოყოფა: ვარდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 56 ლ/სთ, საბოლოო T1/2 - საშუალოდ 4-5 სთ. პერორალურად მიღების შემდეგ ვარდენაფილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გზით (დოზის 91-95%), ნაკლებად - თირკმლებით დოზის 2-6%).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ჯანმრთელ ხანდაზმულ მამაკაცებში (65 წელზე მეტი) ახალგაზრდებთან შედარებით (45 წლამდე) ვარდენაფილის ღვიძლისმიერი კლირენსი დაქვეითებულია. საშუალოდ, ხანდაზმულებში AUC იზრდება 52%-ით. მაგრამ განსხვავება ეფექტურობისა და უსაფრთხოების მხრივ ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის არ აღინიშნება.

თირკმლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კკ>55-80 მლ/წთ) და საშუალო სიმძიმის (კკ>30-50 მლ/წთ) დარღვევით ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები უახლოვდება ჯანმრთელებში ამ მაჩვენებლებს. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევეისას (კკ<30 მლ/ეთ) AUC მაჩვენებელის საშუალო მნიშვნელობა იზრდება 21%-ით, Cmax მცირდება 23%-ით. სარწმუნო კორელაცია კრეატინინის კლირენსსა და პლაზმაში ვარდენაფილის კონცენტრაციას შორის (AUC და Cmax) არ აღინიშნება.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევისას ვარდენაფილის კლირენსი მცირდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის პროპორციულად. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მსუბუქი ხარისხისას აღინიშნება მაჩვენებლების AUC და Cmax-ის გაზრდა 1.2-ჯერ (AUC 17% და Cmax 22%-ით), ხოლო საშუალო ხარისხისას - 2.6-ჯერ (160%) და 2.3-ჯერ (130%) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ჩვენებები:

  • ერექციული დისფუნქცია (სქესობრივი აქტისთვის აუცილებელი ერექციის მიღწევის და შენარჩუნების უუნარობა).

მიღების წესი და დოზირება:

  • პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამისგან დამოუკიდებლად, საწყისი რეკომენდებული დოზაა 10 მგ (სექსუალურ კონტაქტამდე დაახლოებით 25-60 წუთით ადრე), თუმცა ნაჩვენებია, რომ ლევიტრა ეფექტურია სექსუალურ აქტივობამდე 4-5 საათით ადრე მიღების დროსაც. მიღების მაქსიმალური სიხშირეა დღეში ერთხელ. მკურნალობის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე ან შემცირდეს 5 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. ადეკვატური რეაქციის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სექსუალური სტიმულაცია.
  • ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წ. მეტი): საწყისი დოზაა 5 მგ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში დაქვეითებულია ვარდენაფილის კლირენსი.
  • ბავშვები (16 წლამდე): ამ ასაკში ლევიტრას მიღება ნაჩვენები არ არის.
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით დოზირების რეჟიმის შეცვლა საჭირო არაა.
  • პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით საწყისი დოზა 5 მგ ერთხელ დღეში. შემდგომში მკურნალობის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურად 10-20 მგ-მდე.
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კკ> 55-80 მლ/წთ), საშუალო სიმძიმის (კკ>30-50 მლ/წთ) და მძიმე დარღვევით (კკ <30 მლ/წთ) დოზირების რეჟიმის შეცვლა არა საჭირო.

გვერდითი მოვლენები:

ლევიტრას ძირითადად ახასიათებს კარგი ამტანობა, გვერდითი ეფექტები უმნიშვნელოდ ან ზომიერადაა გამოხატული და ჩვეულებრივ, გარდამავალია.

ნერვული სისტემის მხრივ: ≥ 10%, თავის ტკივილი; ≥ 1%-≤10% თავბრუსხვევა, >0,01%-<0.1% ძილიანობა, გულის წასვლა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ≥ 10% „ალები“,≥1%-≤10%  არტერიული ჰიპერტონია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური ჰიპოტონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10%  დისპეპსია, გულისრევა;

მხედველობის ორგანოს მხრივ: 0.1%-<1% გამძლიერებული ცრემლდენა, მხედველობის (მხედველობის სიმახვილის) დარღვევა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10%   ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბებითი ჰიპრემია (ლორწოვანის შეშუპება, რინიტი, რინორეა).

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: >0.01%-<0.1% კუნთოვანი ტონუსის მატება.

კანის მხრივ: >0.01%-<0.1% სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

სასქესო სისტემის მხრივ: >0.01%-<0.1% ერექციის გახანგრძლივება ან მტკივნეული ერექცია, პრიაპიზმი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ;

* ნიტრატებთან ან აზოტის ოქსიდის დონატორ პრეპარატებთან ერთდროული მიღება;

*აივ-ის პროტეაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა ინდინავირი ან რიტონავირი.

* სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება თანდაყოლილი QT ინტერვალის გახანგრძლივება, სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია (გაღუნვა, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება), დაავადებები, რომლებიც იწვევენ პრიაპიზმისკენ განწყობას (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია), ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, თირკმლების დაავადება ტერმინალურ სტადიაში, არტერიული ჰიპოტონია (სისტოლური წნევა 90 მმ. ვწყ. სვეტზე ნაკლები მოსვენების მდგომარეობაში), ახლო წარსულში გადატანილი ინსულტი ან მიოკარდის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის სტენოზი და იდიოპათიური ჰიპერტროფიული  სუბაორტალური სტენოზი, ბადურას გენეტიკური დეგენერაციული დაავადებები (მაგ. პიგმენტური რეტინიტი), სისხლდენებისკენ მიდრეკილება და წყლულოვანი დაავადებების გამწვავება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი არაა ნაჩვენები ქალებში, ბავშვებში და ახალშობილებში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვაზე: ავტოტრანსპორისტის ან სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როგორ რეაგირებენ ლევიტრას მიღებაზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია გამოხატული ტკივილი წელის არეში.

მკურნალობა: ინიშნება სტანდარტული სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი არ აძლიერებს პრეპარატის გამოყოფას, რადგან ვარდენაფილი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს და მისი მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა თირკმლების გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

CYP ინჰიბიტორები

ვარდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ციტოქრომული სისტემის P450(CYP) ფერმენტების მონაწილეობით, კონკრეტულად CYP3A4 იზოფერმენტის, ასევე ნაწილობრივ CYP3A5 და CYP2C9 იზოფერმენტებით. ვინაიდან ამ ფერმენტების ინჰიბიტორებმა (ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი) შეიძლება დააქვეითოს ვარდენაფილის კლირენსი, ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/დღეში. CYP3A4-ის ინჰიბიტორ ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მგ/დღეში.

- ლევიტრასა და ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ამიტომ ლევიტრას მიღება საჭიროა  არა უადრეს 6 სთ-ისა ალფა- ადრენობლოკატორის მიღების შემდეგ.

- ვარდენაფილისა და გლიბენკლამიდის, ნიფედიპინის, დიგოქსინისა და ვარდენაფილის ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნება ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

- ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნება (პროთრომბინის დროზე და შედედების ფაქტორებზე II, VII, X გავლენა) ვარდენაფილის (20 მგ) და ვარფარინის (25 მგ) ერთდროული დანიშვნისას.

- მაალოქსის (ანტაციდი: მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება არ მოქმედებს ვარდენაფილის AUC და Cmax-ზე.

- ვარდენაფილის (20 მგ) ბიოშეღწევადობა არ ირღვევა  მისი ერთდროული გამოყენებისას H2-რეცეპტორების ანტაგონისტებთან - რანიტიდინთან (150 მგ 2-ჯერ დღეში) და ციმეტიდინთან (400 მგ 2-ჯერ დღეში).

ვარდენაფილი (10 მგ და 20 მგ) არ მოქმედებს სისხლდენის ხანგრძლივობაზე, როცა ინიშნება მონოთერაპიის სახით და კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან დაბალი დოზით (2 ტაბლეტი 81 მგ-იანი).

- ვარდენაფილი (20 მგ) ახდენს ალკოჰოლის (0.5 გ/კგ მასაზე) ჰიპოტენზიური ეფექტის პოტენცირებას, ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ ირღვევა.

- აცეტილსალიცილის მჟავა, აგფ ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, დიურეტიკები და ანტიდიაბეტური პრეპარატები (სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი), CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორები არ მოქმედებენ ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.

- ვარდენაფილის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას არაა შესწავლილი, ამიტომ მათი ერთად დანიშვნა არ ხდება.

- ინდინავირთან და რიტონავირთან დანიშვნა უკუნაჩვენებია.

- ვარდენაფილისა და ჰეპარინის ერთდროული დანიშვნის გავლენა სისხლდენის დროზე შესწავლილი არაა.

- ვარდენაფილის გავლენა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტზე შესწავლილი არაა. ამიტომ მათი ერთად კომბინაციაში დანიშვნა უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.