კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
– შესაძლებელია თუ არა ობის ჰიგიენურმა ტამპონებმა გამოიწვიოს ბაქტერიული დაავადებები და რამდენად რეკომენდირებულია ამ ტამპონების ხანგრძლივი ხმარება? იწვევს თუ არა რაიმე სხვა სახის გინეკოლოგიურ პრობლემებს?
– ტამპონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური შოკის სინდრომი. ამიტომ მისი ხშირ-ხშირად გამოცვლაა რეკომენდირებული. ღამით უმჯობესია ჰიგიენური საფენი გამოიყენოთ, ხოლო ტამპონი – მხოლოდ დღისით. არამც და არამც არ გაიკეთოთ ტამპონი, როდესაც მენსტრუაცია არ გაქვთ (სამწუხაროდ, ასე იქცევიან გოგონები, რომლებიც აუზზე სიარულის დროს ინფექციებისგან თავის დაცვას ცდილობენ); თუ მეტისმეტად უხვი სისხლდენა არ გაქვთ, არამც და არამც არ გამოიყენოთ სუპერშემწოვი ეფექტის მქონე ტამპონი. ჯობია, მცირე ზომისა იყოს და ხშირ-ხშირად ცვალოთ.
ტოქსიკური შოკის სინდრომის უშუალო მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის; ექიმები ვარაუდობენ, რომ შოკს უეცრად განვითარებული ინფექცია იწვევს, თვით ინფექციის გამომწვევი კი სტაფილოკოკი, იშვიათად -სტრეპტოკოკიც. როცა ტამპონს დიდხანს არ იცვლი, ამ დროს მის ირგვლივ ბაქტერიები მრავლდებიან, სისხლში იჭრებიან. არის მოსაზრება, რომ ძლიერი შეწოვის უნარის მქონე ტამპონი საშოს ლორწოვან გარსს აზიანებს, ამიტომ ბაქტერიები იოლად ხვდებიან სისხლში.
ტოქსიკური შოკის სინდრომის ნიშნები კი ასეთია:
. უეცარი ცხელება;
. დაბალი არტერიული წნევა;
. პირღებინება და დიარეა;
. გამონაყარი, რომელიც ნასიცხს წააგავს;
. კუნთებისა და თავის ტკივილი;
. თვალების, პირის ღრუს შეწითლება;
. თავბრუხვევა;
. ძლიერი სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვაც.
თუ ამ სიმპტომებმა იჩინა თავი, დაუყოვნებლივ გამოიღეთ ტამპონი და რჩევისთვის ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, ანტბაქტერიული თერაპია დაგჭირდეთ.