|
- ცუდ სიმთვრალეში ალბათ იმას გულისხმობთ, რომ სიმთვრალეში დებოშს ტეხს, გაყენებთ სიტყვიერ და შეიძლება ფიზიკურ შეურაცხობასაც კი. თუ ასეა, ამას პათოლოგიური სიმთვრალე ჰქვია, რაც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკის მწვავე დარღვევაა. ის, ჩვეულებრივ, არასრულფასოვანი ნერვული სისტემის მქონე პირებს - ეპილეფსიით, ენცეფალოპათიით, ფსიქოპათიით დაავადებულებს - უვითარდებათ. პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება განუვითარდეთ მათაც, ვისაც ალკოჰოლის აუტანლობა აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დათრობამდე არასასურველი ფაქტორების (სტრესის, იძულებითი უძილობის, შიმშილის, გადახურების) გავლენას, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შესუსტებას.
პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო რაოდენობით (50-100 გ) სპირტიანი სასმლის მიღებამაც და გამოვლინდეს გონების თავისებური დაბინდვით. ამ დროს ავადმყოფის ქცევა ვითარების არაადეკვატურია. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. შესაძლოა, თავის მოკვლაც სცადოს. პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს.
უნდა გითხრათ, რომ ძლიან კარგად იქცევით, რომ მთვრალ მეუღლეს არ ეჩხუბებით და პირიქით მის დამშვიდებას ცდილობთ, თქვენც თუ აყევით მთვრალ ადამიანს, უარეს შედეგს მიიღებთ. როცა გამოფხიზლდება, მოუყევით, რომ ცუდად იქცევა და რომ ამას პათოლოგიური სიმთვრალე ჰქვია და რომ ეს დაავადებაა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. თუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაქვთ, უნდა გაგიგოთ და უარი თქვას ალკოჰოლის მიღებაზე ან სამკურნალოდ წამოგყვეთ ნარკოლოგთან.
მაგრამ თუკი გამუდმებით სვამს, გაყენებთ ფიზიკურ შეურაცხყოფას, არც ფხიზელი გცემთ პატივს და არ წუხს იმის გამო, რასაც სიმთვრალეში ჩადის, უნდა გითხრათ, რომ ამას თანამედროვე ენაზე ოჯახური ძალადობა ჰქვია და ასეთი ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად სპეციალური ორგანიზაციებია შექმნილი. თუ თავად ვერ იცავთ საკუთარ უფლებებს, შეგიძლიათ მიმართოთ ასეთ ორგანიზაციას.