როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდა კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდა კანი

კანს სჭირდება დატენიანება, დროთა განმავლობაში - გამკვრივებაც. დერმატოკოსმეტოლოგის ჩარევა დაახლოებით 25 წლიდან არის რეკომენდებული.Eეს ის ასაკია, როდესაც დაბერების პროცესი ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარეობს და ჩვენი ახალგაზრდობის განმაპირობებელი ნივთიერებების სინთეზი ნელ-ნელა იკლებს. ქალებს ჰგონიათ, რომ კანის მოვლა 50 წლიდან უნდა დაიწყონ; სინამდვილეში უნდა დაიწყონ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ საჭიროა, ქალი დერმატოკოსმეტოლოგს ეწვიოს. ის დაათვალიერებს და სწორად შეურჩევს კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს. მოგეხსენებათ, კანი რამდენიმე ტიპისაა. მშრალ და ცხიმიან კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. ასევე, სხვადასხვანაირი მოვლაა საჭირო წელიწადის სხვადასხვა დროს. ზამთარში, მაგალითად, დამატენიანებელი კრემი ღამით იხმარება, მკვებავის წასმა კი ძილის წინ არ შეიძლება - ის დილით უნდა წავისვათ; ზაფხულში ღამით ვისვამთ მკვებავს, ხოლო დღისით - დამატენიანებლებს. ცხიმიანი ტიპის კანს კი საერთოდ არ სჭირდება მკვებავი კრემი.

- კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. როგორ განსაზღვროს ადამიანმა, რომელია მისთვის მისაღები?

- ამის განსაზღვრა არ არის ძნელი, მით უმეტეს, როცა ქალი მეგობრობს სარკესთან. მთავარია, სწორად შეირჩეს მკურნალობა. ძალიან პოპულარული, უსაფრთხო და სწორი მეთოდია ლაზერული გაახალგაზრდავება. ლაზერის სხივის საშუალებით ხდება კანში არსებული კოლაგენისა და ელასტინის გამკვრივება, განახლება, ახლის სინთეზი და ძველის სტიმულირება. კოლაგენი და ელასტინი ის კომპონენტებია, რომლებზეც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული კანის მდგომარეობა. თუ ორგანიზმში მათი სინთეზი დარღვეულია, კანის დაბერება შესამჩნევი ხდება. ლაზერის სხივის უნიკალური თვისების ხარჯზე ხდება კანის გაახალგაზრდავება, ფერის გაუმჯობესება. არსებობს ინექციური მეთოდებიც. ერთ-ერთი მათგანია მეზოთერაპია. მისი საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის გამკვრივება, სახის ოვალის აღდგენა, წვრილი ნაოჭების გადასწორება, პიგმენტური ლაქების გაქრობა, სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კოქტეილებისა და პრეპარატების ხარისხს, რითაც ტარდება ეს პროცედურა. შემდეგი მეთოდია ბოტოქსის ინექცია. ეს არ არის კანის მკურნალობა - მისი საშუალებით ხდება ისეთი ნაოჭების კორექცია, როგორებიც არის წარბებს შორის არსებული "მრისხანების" ნაოჭი, თვალის გარშემო არსებული, იგივე მიმიკური ნაოჭები - "ბატის თათები" და შუბლზე არსებული ნაოჭები. მათ საკორექციოდ იყენებენ ბოტულოტოქსინის სამედიცინო დოზებს. ის ადუნებს კუნთს და შედეგად ნაოჭები სწორდება.

- სახე ამიმიური არ ხდება?

- მხოლოდ ზედოზირებისას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნია დოზის სწორად შერჩევა და ექიმის პროფესიონალიზმი. ბედნიერებაა ლამაზად, ნაოჭებით დაბერება. ქალი ასაკის შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. არაბუნებრივია, როდესაც 20 წლის გოგონას სახე დანაოჭებული აქვს, მაგრამ ასევე არაბუნებრივია, როდესაც 60 წლის ქალს საერთოდ არ აქვს ნაოჭი. ბოტოქსის გარდა არსებობს ფილერები, რომლებიც ავსებს ცხვირ-ტუჩის, ტუჩის ზემოთ არსებულ ნაოჭებს. ფილერებიც ინექციით შეგვყავს, ტუჩის მოცულობას ოდნავ ვზრდით და ამის ხარჯზე კანის ზედაპირიც სწორდება. ეს არის სახის კონტურული და მოცულობითი პლასტიკა. გამოვარჩევ ბიორევიტალიზაციას. ამ მეთოდით კანის შედარებით ღრმა შრეებში შეგვყავს სპეციალური პრეპარატი, რომლის ძირითადი კომპონენტია ჰიალურონის მჟავა. ამ ნივთიერებას ჯერჯერობით ანალოგი არ მოეპოვება, რადგან ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია. მისი სინთეზი ასაკთან ერთად იკლებს. ჰიალურონის მჟავას ინექციის საშუალებით შეიძლება ნაოჭების კორექცია, სახის მოდელირება, ოვალის აღდგენა, გამკვრივება. მთავარია, მოვხვდეთ პროფესიონალთან. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამ პროცედურებს, სამწუხაროდ, სალონებშიც ატარებენ. იქ, სადაც ინექცია კეთდება, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული ჰიგიენისა და სტერილურობის ნორმები. სხვაგვარად, გამორიცხული არ არის, განვითარდეს გართულებები, რომლებსაც სალონის დონეზე ვეღარ აღმოვფხვრით და პაციენტს სერიოზული ჩარევა დასჭირდეს. სულ ერთი წელია, რაც საქართველოში დაინერგა თანამედროვე კოსმეტოლოგიის ნოვაცია – პლაზმოლიფტინგი. პაციენტისავე სისხლიდან ცენტრიფუგირების საშუალებით გამოვყოფთ სუფთა პლაზმას, რომელსაც ემატება მთავარი კომპონენტი - აქტივატორი. ეს არის ნივთიერება, რომელიც ჩვენსავე საკუთარ პლაზმას ააქტიურებს და საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ როგორც სამკურნალო ნივთიერება. ამ გზით ხდება სახეზე ნაოჭების კორექცია, იგივე ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, მოდელირება. ძალიან ეფექტურია თმის ცვენის დროს. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში გაახალგაზრდავების, კანის გამკვრივების, ნაოჭების პრევენციის უამრავი უსისხლო მეთოდი არსებობს. როდესაც ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს ამოვწურავთ, პაციენტს მაშინღა ვგზავნით პლასტიკურ ქირურგთან.

- პლასტიკური ქირურგია რა გამაახალგაზრდავებელ მეთოდებს იყენებს?

- კანის დაჭიმვას და ამის ხარჯზე ნაოჭები გადასწორებას, თუმცა პლასტიკური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა მეზოთერაპია და ის კოსმეტოლოგიური პროცედურები, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე მნიშვნელოვანია პილინგი - კანის აშრევება. პილინგი არსებობს ზედაპირული, საშუალო და ღრმა. ღრმა პილინგი პლასტიკური ქირურგიის საქმეა, სერიოზული პროცედურაა და ზოგადი ნარკოზით კეთდება. იგი ძალიან ეფექტურია წვრილი ნაოჭების კორექციისთვის. არანაკლები ეფექტი აქვს საშუალო სიღრმის პილინგს (ოღონდ მისი ჩატარება არ შეიძლება ზაფხულში) და ზედაპირულ აშრევებას. საშუალო პილინგის შედეგად კანის ფერი უმჯობესდება, პიგმენტური ლაქები ლაგდება და წვრილი ნაოჭებიც სწორდება.

- რით დავიწყოთ?

- პირველ რიგში, სწორად განვსაზღვროთ კანის ტიპი. ახალგაზრდა გოგონებს აუცილებლად უნდა ვურჩიო, ერიდონ მზეს. რატომღაც ძალზე მოდურია რუჯი, რაც ქალის დაბერების პირველი რისკფაქტორია. ზედმეტ გარუჯვას მოჰყვება კანის გამოშრობა, ნაოჭების, პიგმენტური ლაქების გაჩენა, კაპილარების განვითარება და სხვა პრობლემები. უნდა გამოვიყენოთ კრემები რაც შეიძლება მაღალი შPF ფაქტორით. ზომიერად ვიხმაროთ დეკორატიული კოსმეტიკა, ტონალური კრემები. მნიშვნელოვანია ექიმ დერმატოკოსმეტოლოგის შერჩევაც. 25 წლის ასაკში ვიწყებთ დღისა და ღამის კრემების გამოყენებას და ეტაპობრივად, პრობლემის გათვალისწინებით, სპეციალისტთან კონსულტაციით, შეირჩევა გაახალგაზრდავების მეთოდი.


- საშუალოდ რამდენი პროცედურაა საჭირო, როდის ხდება თვალსაჩინო და რამდენ ხანს ძლებს ეფექტი?

- ესეც ინდივიდუალურია. ბოტოქსის ერთი ინექციის ეფექტი ძლებს საშუალოდ 6-8 თვეს, კანის ზონისა და ნაოჭების დონის გათვალისწინებით. თვეში ერთხელ მაინც საჭიროა კოსმეტოლოგთან ვიზიტი. ნებისმიერი პროცედურის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ეფექტის შენარჩუნებაზე. როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ საჭიროა განმეორებითი კურსის ჩატარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის შინაგან მდგომარეობას, ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, მავნე ჩვევებს, ჰორმონულ ფონს. თუ ქალი გინეკოლოგიურად და ენდოკრინოლოგიურად ჯანმრთელია, ის ყოველთვის კარგად გამოიყურება და მისთვის მცირე კოსმეტოლოგიური ჩარევაც საკმარისია.

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროცედურები ძვირი სიამოვნებაა?

- საქართველოში უამრავი სილამაზის ცენტრია, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები შეიძლება ჩაიტაროთ. სურვილის შემთხვევაში ქალს, რომელიც დასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავალი, შეუძლია თავს ელემენტარულ დონეზე მაინც მიხედოს. ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა. მთავარი ბუნებრიობაა. ეს ექიმმა კოსმეტოლოგმაც უნდა გაითვალისწინოს და პაციენტმაც. ძალზე მოთხოვნადი, ხელმისაწვდომი და მოდურია ლაზერული ეპილაცია. ეს არის ჭარბი თმისგან გათავისუფლების სწრაფი და ეფექტური მეთოდი. შედეგად ქალის თვითშეგნება, თვითრეალიზება იზრდება, რადგანაც იშორებს იმას, რაც აკომპლექსებდა და თრგუნავდა.

- თქვენ მიერ ჩამოთვლილ პროცედურებს უკუჩვენებები თუ აქვს?

- ყოველგვარი ინექციური პროცედურა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. თითოეულ მეთოდს აქვს თავ-თავისი უკუჩვენებაც, რაც ექიმთან კონსულტაციისას ირკვევა.

მეზოთერაპია

მეზოთერაპიის საშუალებით კანის გაახალგაზრდავებაზე გვესაუბრება United Cosmetics Group-ის ოფიციალური ტრენერი, ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი მაია ღონღაძე.

- ქალბატონო მაია, რა მეთოდია მეზოთერაპია?

- ესთეტიკურ მედიცინაში უამრავი მეთოდი არსებობს, რომელსაც საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია, რადგან ძვირია და მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. მეზოთერაპია კი გახლავთ სამკურნალო კოქტეილის კანქვეშ შეყვანის სავსებით ხელმისაწვდომი პროცედურა.

- რით სჯობს იგი სხვა მეთოდებს?

- მეზოთერაპიის კეთება პირველად 1944 წელს დაიწყო ფრანგმა ექიმმა ჟან მიშელ პრისტონმა. ამ მეთოდის გარეშე კანის გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც კანი მოდუნებულია, გამომშრალი და იწყება გრავიტაციული პტოზი, ამ პრობლემებს მეზოთერაპიის საშუალებით ვაგვარებთ.

- რა არის მეზოთერაპიის ჩვენება?

- კანის დაბერება, ახალგაზრდობისას - აკნე, კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები და სხვა.

- როგორია პროცედურის არსი?

- მეზოთერაპიის პროცედურა აუცილებლად ექიმმა დერმატოკოსმეტოლოგმა უნდა ჩაატაროს. საჭიროა სპეციალური ინვენტარი და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების პრეპარატი. როდესაც კანზე პრობლემა იჩენს თავს, საჭიროა კანქვეშ შევიყვანოთ ის პრეპარატი, რომელიც კანს ლოკალურად გააჯანსაღებს და დამატებით ფიბრობლასტებს აამუშავებს. შეიძლება, კანში შევიყვანოთ ჰიალურონის მჟავა, ვიტამინები, ამინმჟავები, Q-ენზიმი, ზრდის ფაქტორი, ბიპანტენი და სხვა კომპონენტები, რომელთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. მეზოთერაპიით შესაძლებელია კანის გაჯანსაღება სხეულის სხვადასხვა ადგილას: სახეზე, დეკოლტეზე, ხელებზე, მუცელზე, ბარძაყებზე. ინექცია კეთდება პრობლემურ უბანზე, შედის კანქვეშ და ამ და ახლომდებარე ზონაში ნაწილდება.

- რამდენი ინექციაა საჭირო?

- ეს ინდივიდუალურია. პაციენტები მეზოთერაპიის 10-15-პროცედურიანი კურსით რომ არ დავტვირთოთ, უკვე არსებობს პრეპარატები, რომელთა 3-4 ინექცია საკმარისია კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. არის ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც 4 კვირაში ერთხელ კეთდება, ხოლო კურსი სულ 4 პროცედურას მოიცავს, რის შემდეგაც 6-7 თვე ვისვენებთ.

- სახის ოვალზეც თუ შეიძლება მეზოთერაპიით გავლენის მოხდენა?

- ძალიან დიდი გავლენისაც. არსებობს ლიფტინგის პრეპარატები, რომლებიც შესამჩნევად აუმჯობესებენ სახის ოვალს, ზრდიან მის ტურგორს.

- როგორია მეზოთერაპიის მეთოდები?

- შესაძლებელია შეყვანა კანქვეშ, კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში, პაპულებით, რეტროგრადულად; მეზოთერაპიის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო, ჰომეოპათიური პრეპარატებით, აირით - ჟანგბადით, საკუთარი სისხლით; შეიძლება ჩატარდეს ბიომეზოთერაპია, ფიტომეზოთერაპია. შეყვანის სიღრმის მიხედვით ის შეიძლება იყოს ეპიდერმული, ზედაპირული, დერმული, ღრმა დერმული, ჰიპოდერმული, ინტრადერმული და შერეული.

- რამდენ ხანს ინარჩუნებს ეფექტს?

- ეს ინდივიდუალურია. სახის კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მავნე ჩვევები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მოუწესრიგებელი ძილი და კვება. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების ხმარება, მაგრამ ძილის წინ სახე აუცილებლად უნდა გავისუფთაოთ. ვიხმაროთ მკვებავი და დამატენიანებელი კრემები, რომლებსაც შეგვირჩევს ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი. ჩვენთან გარუჯვის ბუმია და წარმოდგენა არავის აქვს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ულტრაიისფერმა გამოსხივებამ კანსა და დერმას: კანი საშინლად შრება, ირღვევა მელანოგენეზის პროცესი. გარდა ამისა, ჩვენ არ გვიყვარს წყალი. თუ გვინდა, ლამაზი, ჯანსაღი ფერი, კანის სიმკვრივე დიდხანს შევინარჩუნოთ, დღის განმავლობაში წყალი დიდი რაოდენობით უნდა ვსვათ. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და კანს მოუვლით, ეფექტი უფრო მეტხანს გაძლებს.

- აქვს თუ არა მეზოთერაპიას უკუჩვენება?

- უკუჩვენებაა კანის დაავადება - ფსორიაზი, ასევე - სისხლის დაავადებები, კელოიდური ნაწიბურებისადმი მიდრეკილება, სიმსივნური დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ორსულობა, ლაქტაცია. დიაბეტის დროს პაციენტი გაივლის ტესტკონტროლს და თუ შესაძლებელია, მეზოთერაპიას ვატარებთ.


- რას გვეტყვით შესაძლო გართულებებზე?

- მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია და სილურჯეები, მცირე შეშუპებები, რის თაობაზეც პაციენტს წინასწარ ვაფრთხილებთ.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რას გვეტყვით?

- ახალგაზრდა ქალები ხშირად მიმართავენ ზედა და ქვედა ბლეფაროპლასტიკას, იკეთებენ კანის გადაჭიმვას, მაგრამ ამის შემდეგ ყველა ქირურგი უნიშნავს ბოტულოტოქსინით მკურნალობასაც და მეზოთერაპიის ხანგრძლივ, სერიოზულ კურსსაც. ქირურგია ტრავმატიზმთან არის დაკავშირებული. ამ დროს იქმნება კანის გაჯანსაღების, გაახალგაზრდავების, დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და დატენიანების პრობლემა. ამიტომ ხდება საჭირო მეზოთერაპიის კურსი, რომელიც მიმართული იქნება შეშუპების საწინააღმდეგოდ და კუნთის აღსადგენად.

ELOS-პროცედურა

ELOS-პროცედურების შესახებ გვესაუბრება კლინიკა "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას" ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი დარეჯან სუდაძე.

- ქალბატონო დარეჯან, რა არის ELOS-პროცედურა?

- ELOS-აპარატი 15 წლის წინ შეიქმნა ისრაელში. ეს ახალი, მრავალფუნქციური ტექნოლოგიაა, აპარატული დერმატოლოგიის ნაწილი. მისი საშულებით შესაძლებელია ეპილაცია, კანის ლიფტინგი, ნაოჭებთან ბრძოლა ანუ კანის ELOS-გაახალგაზრდავება, პიგმენტური ლაქების, აკნეს შემდგომი ლაქების, ტელეანგიექტაზიების მოცილება; ამ აპარატით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ კანის ტურგორი, ფერი, მდგომარეობა, სტრუქტურა.

- რით არის უნიკალური ELOS-აპარატი?

- აბრევიატურა ELOS ასე იშიფრება: ელექტროოპტიკური სინერგიზმი, ანუ ორი მუხტის თანხვედრა. ეს არის რადიოტალღური ელექტრული მუხტი, რომელსაც ემატება ფოტოსხივი. ამ უნიკალური ფიზიკური თვისებების გამო იგი გამჭოლად გაივლის ეპიდერმისს, კანის ზედაპირულ შრეს და უშუალოდ დერმაში არსებულ სტრუქტურებზე მოქმედებს. ეპილაციის შემთხვევაში ეს არის თმის ფოლიკული, გაახალგაზრდავების შემთხვევაში - კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები.

- როგორ მოქმედებს ეს ტექნოლოგია?

- ვინაიდან ეპიდერმისს არ ვაღიზიანებთ, არც ის გვერდითი მოვლენები იჩენს თავს, რომლებიც თან ახლავს აპარატულ პროცედურებს, ანუ არ ვითარდება სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, დამწვრობა; პროცედურის შემდგომ არ იკრძალება გარუჯვა (რადგან პიგმენტური ლაქები ჩნდება); პროცედურის დროს არ შეიგრძნობა დისკომფორტი. სახეზე პროცედურის კვალიც კი არ ჩანს.

- როგორია მიდგომა ELOS-აპარატით ჭარბთმიანობის მკურნალობისას?

- მთავარია არა ჭარბი თმის მოცილება, არამედ ლაბორატორიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური გამოკვლევებით ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივი. ELOS-მეთოდით შესაძლებელია ყველა ტიპის თმის ეპილაცია. თუ სხვა საეპილაციო აპარატები მხოლოდ მელანინის შემცველ ანუ შავ თმას ცნობს, ELOS-აპარატი არა მარტო პიგმენტს, არამედ თმის ფოლიკულის სტრუქტურასაც ამოიცნობს და ჭაღარა თმასა და ღინღლსაც აცილებს. ამ დროს ხდება არა ცალკეული ღერის, არამედ კანის უბნის დამუშავება, შესაბამისად, ყველა ფოლიკული განიცდის იმპულსის ზემოქმედებას. ოღონდ შედეგი მომენტალური არ არის - თმის ცვენა იწყება მოგვიანებით, 10-15 დღის შემდეგ, და თუ ეტიოლოგიური ფაქტორი აღმოფხვრილია, თმა აღარ ამოდის.

- საბოლოო შედეგისთვის რამდენი პროცედურაა საჭირო?

- საშუალოდ, 6-8 პროცედურა, რასაც ერთი თვე სჭირდება. დაახლოებით ამდენივე პროცედურაა საჭირო გაახალგაზრდავებისთვის. გააჩნია ასაკს, ნაოჭების სიღრმეს, კანის სტრუქტურას და სხვა მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ELOS-პროცედურების შემდეგ არ იზღუდება გარუჯვა, მზის პროცედურები, არ არსებობს დამწვრობის საშიშროება. ამ ტიპის პროცედურებს გარუჯულ კანზეც თამამად ვატარებთ.

- როგორ ხდება კანის გაახალგაზრდავება?

- სხივი ააქტიურებს კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს, აიძულებს თვითაღდგენას, ანუ რესინთეზს. ამ პროცედურის დროს ორგანიზმში არ შედის შემავსებელი, ქიმიური ნაერთები, რომლებიც სისტემატურად მოითხოვს განმეორებით შეყვანას და საბოლოოდ იწვევს სახის ამიმიას. ეს არ არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც მოითხოვს ანესთეზიას, არ არის მტკივნეული, არ იწვევს პოსტოპერაციულ გართულებებს. ეს არის კანის გარკვეული უბნის დამუშავების მარტივი პროცედურა, რის შედეგადაც 2-3 კვირის შემდეგ, კვლავ წარმოქმნილი ელასტინის და კოლაგენის ხარჯზე, ნაოჭები თანდათანობით ივსება, ანუ კანი იყენებს თავის მიძინებულ რესურსს, უბრალოდ, ჩვენ ვაძლევთ მისი გააქტიურების საშუალებას. გაახალგაზრდავება არ გულისხმობს მხოლოდ ნაოჭების გასწორებას; საჭიროა ლიფტინგიც. ასაკთან ერთად სახის ოვალი კარგავს სიმკვეთრეს და ერთგვაროვნებას, ხდება დუნე და მოშვებული. ELOS-აპარატი უკვე არსებულ კოლაგენსა და ელასტინს თერმულად ამუშავებს. ELOS-სხივის ეფექტს ემატება თერმულიც, რის შედეგადაც არსებული ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოები იჭიმება სამასაჟე ხაზების გასწვრივ. ამ გზით აღდგება ოვალი. ეს არის კომფორტული, მარტივი, სწრაფი პროცედურა. ბუნებრივია, არ ვუქმნით ქალბატონებს იმის ილუზიას, რომ დროს შევაჩერებთ და ისინი აღარასოდეს დაბერდებიან, მაგრამ 10-15 წლით გაახალგაზრდავება ამ აპარატით შესაძლებელია. 35-40 წლამდე კურსი მოიცავს 4-5 პროცედურას. პროცედურების რაოდენობა იზრდება ასაკთან, ნაოჭების რაოდენობასთან, სიღრმესთან ერთად. ELOS-პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის სტრუქტურა, სიმკვრივე, ტურგორი, ფერი, ქრება ტელეანგიექტაზიები, პოსტდერმატოზული ლაქოვანი ელემენტები. შემდგომ წელიწადში 2-3 პროცედურაა საჭირო, რათა მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ამ მეთოდს პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება...

- ELOS-აპარატის გამოსხივება დაახლოებით მობილური ტელეფონის ტოლფასია. თუმცა პროცედურებს მაინც არ ვუტარებთ ორსულებს, ასევე მათ, ვინც სარგებლობს ელექტროკარდიოსტიმულატორით, აქვს ონკოლოგიური დაავადება. სხვა აკრძალვა არ არსებობს.

- ხელმისაწვდომი თუა?

- სავსებით ხელმისაწვდომია. ფასთა სისტემა საკმაოდ მოქნილია და გათვლილია მოსახლეობის ყველა ფენაზე. ამრიგად, ჩვენ გაგაცანით კანის გაახალგაზრდავების სხვადასხვა მეთოდი, მათი დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეები. რომელ მეთოდს ამჯობინებთ, თავად გადაწყვიტეთ,  ცხადია, ექიმ დერმატოკოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.