კანი შინაგანი დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანი შინაგანი დაავადებების დროს

კანის მხრივ გამოვლენილი ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა მხოლოდ შორეული მომავლის პროგნოზირებაში გვეხმარებოდეს, ზოგჯერ კი არსებული მონაცემები ექიმს საფუძველს აძლევს, უმალვე დაიწყოს კვლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და არც ძვირად ღირებული კვლევების დანიშვნას მოერიდოს. შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ კანის ის ცვლილებები, რომელთა აღმოცენება შესაძლოა შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადების ნიშანი იყოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იქცეს თვითდიაგნოსტიკის სტიმულად - თუ მიიჩნევთ, რომ წაკითხული თქვენს სიმპტომს მოგაგონებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და პროფესიონალის აზრი მოისმინეთ. მხოლოდ ასე შეიძლება უსაფუძვლო შიშისა და მღელვარების თავიდან აცილება. გაითვალისწინეთ: კანზე არსებული ცვლილებები უმეტესად დროებითია და სულაც არ უკავშირდება სერიოზულ შინაგან დაავადებას.

მოდი, ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული სიმპტომი

  • ხანგრძლივად არსებული სიწითლე, რომელიც მოიცავს ლოყებსა და ცხვირის ზურგს, დამახასიათებლია რევმატული დაავადებისთვის - სისტემური წითელი მგლურასთვის. ეს სიწითლე და გამონაყარი პეპელას მოგვაგონებს, რის გამოც მედიცინაში მგლურას პეპლის სახელწოდებით არის ცნობილი.
  • სარძევე ჯირკვლის კანის ლიმონის ქერქისებრი იერი ან სისხლიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლის დვრილიდან შესაძლოა სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმპტომი იყოს.
  • კანისა და ლორწოვანების სიყვითლე ხშირია ღვიძლის დაავადების - ჰეპატიტის დროს.
  • კანის გასქელება მტევნის ზურგისა და კისრის არეში ხანგრძლივად არსებული დიაბეტის დროს გვხვდება.
  • კანის ზედმეტი სიმშრალე, თმის სიმშრალე და დაზიანება ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას.

ავთვისებიანი სიმსივნე და კანის ცვლილებები

შინაგანი ორგანოების ზოგიერთი სიმსივნის დროს კანის დამახასიათებელი ცვლილებები ვითარდება. ისინი ზოგჯერ სიმსივნის განვითარებისთანავე აღმოცენდება, ზოგჯერ - გარკვეული ხნის შემდეგ. დადგენილია, რომ ხშირად კანისმხრივი ცვლილებები წინ უძღვის შინაგანი ორგანოების სხვა სიმპტომებს ფილტვის, საკვერცხის, თირკმლის სიმსივნის დროს. აქვე შეიძლება ითქვას, რომ შინაგანი ორგანოების სიმსივნეთა 1-4 პროცენტი კანზე ვრცელდება. გავრცელების ასეთი თავისებურება ახასიათებს სარძევე ჯირკვლის, კუჭის, ფილტვის, საშვილოსნოს, თირკმლის, საკვერცხის, მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის სიმსივნეებს. ამ სიმსივნეთა დროს აღმოცენებული კანის ცვლილებები კანის სიმსივნეში არ უნდა აგვერიოს - ეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ შინაგანი ორგანოების სიმსივნეთა ასეთი გავრცელება არ არის გამორიცხული. მკურნალობა ამ შემთხვევაში ისეთივეა, როგორიც პირველადი სიმსივნეების დროს.

ბედის ირონია

1862 წელს ფრანგმა ექიმმა არმან ტრუსომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ შინაგან ორგანოთა სიმსივნეების დროს ხშირია ზედაპირული მიგრაციული თრომბოფლებიტი. ამ მდგომარეობას ახასიათებს მტკივნეული მოწითალო ხაზოვანი უბნების გაჩენა ტორსისა და კიდურების ზედაპირული ვენების გასწვრივ. შესაძლოა ძველი კერების გაქრობა და ამ დროს ახლის აღმოცენება, ანუ არსებული ცვლილებების მიგრაცია. ასეთი თრომბოფლებიტი საოცრად მდგრადია შედედების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის მიმართ. რატომ - უცნობია. თრომბოფლებიტის აღმოცენების მომენტისთვის შინაგანი ორგანოს სიმსივნე შესაძლოა უსიმპტომო იყოს, ამიტომ მიგრირებადი თრომბოფლებიტის აღმოცენებისას ტარდება შინაგანი ორგანოების დეტალური გამოკვლევა სიმსივნის გამოსარიცხად. შინაგანი ორგანოების სიმსივნეთა ამ დამახასიათებელ სიმპტომს ტრუსოს სახელი ეწოდა. ტრაგიკული ფაქტია, რომ თავად არმან ტრუსო გარდაიცვალა კუჭის კიბოთი, ხოლო სიკვდილამდე სწორედ მის მიერ აღწერილი სიმპტომი - მიგრირებადი თრომბოფლებიტი - ჰქონდა. დღეს ცნობილია, რომ ზედაპირული მიგრირებადი თრომბოფლებიტი არ არის სპეციფიკური საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეებისთვის და, გარდა კუჭისა და პანკრეასისა, შესაძლოა აღინიშნებოდეს ფილტვების კიბოს, ხოჯკინის ლიმფომის, მიელომური დაავადების დროს. ვითარდება ბეხჩეტის დაავადებისა და რიკეტსიოზების (ინფექციური დაავადება) დროსაც.

კანი ღვიძლის დაავადებების დროს

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმპტომი სიყვითლეა. ის სისხლში პიგმენტ ბილირუბინის მატების გამო ვითარდება. სიყვითლე პირველად, წესისამებრ, ელასტიკური ქსოვილით მდიდარ არეებში ვლინდება და ადვილი შესამჩნევია თვალის სკლერებზე, სასაზე, ხელისგულებზე, მუცელზე. მიზეზის კვალობაზე, სიყვითლეს სხვადასხვანაირი ელფერი აქვს. ზოგჯერ - ნარინჯისფერი. ეს მაშინ, როცა ღვიძლში ბილირუბინი ნორმალურად წარმოიქმნება, მაგრამ სანაღვლე გზების დახშობის გამო ვერ გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში და ამის გამო სისხლში გადადის. სანაღვლე გზები კი შეიძლება დაიხშოს სიმსივნით ან კენჭით. გარდა ამისა, სიყვითლე შეიძლება აღმოცენდეს ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებების დროს. ღვიძლის დაავადებების მნიშვნელოვანი სიმპტომია ნაკაწრები (ექკორიაციები), რაც ქავილის შედეგია. სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტის გამო ხშირია სისხლჩაქცევები. მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ტანზე თმის ცვენა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სათესლე ჯირკვლების ატროფია, რაც ქალის ჰორმონების - ექტროგენების - სიჭარბის შედეგი გახლავთ. ღვიძლის დაავადებების შორს წასულ სტადიაში ყურადღებას იპყრობს მუცლის არეში, ჭიპის ირგვლივ და მუცლის გვერდითა კედლებზე ვენების გაგანიერება.


ნაწლავთა ანთებითი დაავადებები

კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს ხშირია კვანძოვანი ერითემა, განგრენული პიოდერმია, აფთოზური სტომატიტი, რომელთა გამოხატულებაც, ჩვეულებრივ, დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული, თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი კავშირის არარსებობაც.

თირკმლის დაავადებები და კანი

ცნობილია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს კანი ხშირად იცვლის ფერს. დამახასიათებელია ბაცი მოყვითალო შეფერილობა, ხელიგულებისა და ტერფების მოყავისფრო ელფერი, ფეხის სოკოვანი ინფექცია. ტიპობრივია ფრჩხილების ცვლილება - ის ნახევარი, რომელიც ფრჩხილბუდესთანაა ახლოს, თეთრი ფერისაა, ხოლო მეორე მოვარდისფროა, ნორმალური. ამის მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა. ტიპობრივია კანის სიმშრალეც, სამიდან ორ შემთხვევაში კი ძლიერი ქავილი ვითარდება.

კანის ცვლილებები დიაბეტის დროს

დიაბეტის დროს გავრცელებული კანის ინფექციაა კანდიდოზი. სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ამ სოკოს ზრდისთვის. ენაზე, პირის ღრუში, საზარდულის ან სარძევე ჯირკვლების ნაკეცების არეში დამახასიათებელი კაშკაშა წითელი უბნები ჩნდება. ხშირია ფრჩხილების და ტერფების სოკოვანი ინფექციაც. საზოგადოდ, კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება არის სიგნალი იმისა, რომ აუცილებელია დიაბეტის გამორიცხვა. დიაბეტთან ასოცირებული, თუმცა არცთუ გავრცელებული მდგომარეობაა ლიპოიდური ნეკრობიოზი, რომელსაც ახასიათებს წვივის არეში მომრგვალო ყვითელი და ყავისფერი ან ნარინჯისფერი უბნების აღმოცენება. შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა წყლულებიც ჩამოყალიბდეს. ცნობილია, რომ ასეთი უბნების არსებობისას ათიდან 9 შემთხვევაში პაციენტს გლუკოზის ცვლა სათანადოდ არ აქვს მოწესრიგებული. ინსულინის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობა შავი აკანთოზის მიზეზია. შავი აკანთოზისთვის დამახასიათებელია ჭუჭყიანის შესახედაობა იღლიის, კისრის ნაკეცების არეში, თითების ზედაპირზე, რაც პიგმენტ მელანინის ჭარბ შემცველობას უკავშირდება.

კანი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას კანი მშრალი, აქერცლილი, ცივი და ფერმკრთალია, თმა - მშრალი და მტვრევადი. შესაძლოა კანის ქავილი, ფრჩხილების მტვრევადობა. თუ ჰიპოთირეოზს წლობით არ უმკურნალეს, შესაძლოა კანი გასქელდეს და მოყვითალო ელფერი დაედოს. ტიპობრივია ასევე ტუჩებისა და ენის გასქელება, წარბების გარეთა ნაწილების გაცვენა. მოყვითალო ელფერის მიზეზი პიგმენტ კაროტინის სიჭარბეა. სათანადო მკურნალობისას აღწერილი ცვლილებები უკუვითარდება.  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებისთვის ტიპობრივია სველი, თბილი, მოწითალო კანი. არ არის გამორიცხული ქავილი, ფრჩხილბუდიდან ფრჩხილის მოცილება.

ადისონის დაავადება

ამ დაავადების დროს ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის სტეროიდული ჰორმონების დეფიციტი. დამახასიათებელია ნამზეურის ხანგრძლივი არსებობა, კანის მუქი, ჭუჭყიანისმაგვარი შეფერილობა ტანსაცმელთან შეხების არეში - კისერზე, წელზე, კანის ნაკეცებზე.

რევმატული დაავადებები

ზემოთ აღვწერეთ სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი "პეპელა". კანის ტიპური ცვლილებები ვითარდება სკლეროდერმიის დროს - კანი დაჭიმულია, მისი მოძრაობა - შეზღუდული, პირის ირგვლივ ქისისმაგვარი ნაკეცები წარმოიქმნება. დერმატომიოზიტის დროს კი ვითარდება სილურჯე და შეშუპება თვალების ირგვლივ და დეკოლტეს ზონაში. თვალების არეში აღმოცენებულ ამ ცვლილებებს დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რევმატოიდული ართრიტი პაციენტთათვის ერთ-ერთი კარგად ნაცნობი დაავადებაა. ამ დაავადების დროს კანი ფერმკრთალია, დაზიანებული სახსრების ზედაპირზე გათხელებულია, გამჭვირვალე, და ლაპლაპებს. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით თვალში საცემია თითების სახსრების მფარავ კანზე. დაავადებულთა 20-30%-ს უვითარდება რევმატოიდული კვანძები - ფიქსირებული ან მოძრავი რბილი კვანძები ძვალთან ან მყესთან ახლოს გვხვდება. ტიპობრივი ლოკალიზაციაა იდაყვი, აქილევსის მყესი, ზოგჯერ - ბარძაყის ზედაპირები.

თუ ცვლილება შევამჩნიეთ

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თუ აღწერილი ცვლილებები აღმოაჩინეთ, უნდა მიმართოთ ექიმს. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, შესაძლოა სულაც არ გქონდეთ მძიმე დაავადება, გახსოვდეთ, დიაგნოსტიკა ექიმის საქმეა, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.