კანში მიმდინარე ცვლილებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანში მიმდინარე ცვლილებები

კანის პიგმენტაცია დადეპიგმენტაცია

- ქალბატონო ნინო, დღეს მზეზე თუ სოლარიუმებში გარუჯვა მეტად პოპულარულია. რა ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს ამ დროს კანში, რა ხდება პიგმენტაციის გაძლიერებისას და რა დოზით არის ის უსაფრთხო ადამიანისთვის?

- გარუჯვა დღეს, სამწუხაროდ, მართლაც მოდურია. ბევრს გარუჯული კანი სილამაზისა და ახალგაზრდობის ეტალონად მიაჩნია, სინამდვილეში კი გარუჯვა კანის ბუნებრივი საპასუხო რეაქციაა, მზისგან, კერძოდ კი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვის მცდელობაა. ამ უკანასკნელთა ზემოქმედებით ირღვევა კანის უჯრედები,ზიანდება დერმაში არსებული ელასტინი და კოლაგენი, რომლებიც კანის სიმკვრივესა და ტონუსს უზრუნველყოფს. მზის სხივები ახდენს მელანოციტების ფუნქციის სტიმულაციას და აძლიერებს პიგმენტ მელანინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი იცვლის ფერს. გარუჯვის პროცესს მეცნიერულად მელანოგენეზისი ეწოდება. მელანინი კანის დაცვით ფუნქციას ასრულებს და შთანთქავს მავნე ულტრაიისფერი სხივების 99,9%-ს. გარუჯვის გენეზი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მოკლედ მიმოვიხილავ კანის ანატომიას. ადამიანის კანი ეპიდერმისისგან, დერმისა და კანქვეშა ქსოვილისგან – ჰიპოდერმისგან შედგება. ეპიდერმისი (ზედა შრე) შედგება ხუთი: ბაზალური, წვეტიანი (ქაცვისებური), მარცვლოვანი, მბზინავი და რქოვანა - შრისგან. ბაზალური შრე წარმოდგენილია ბაზალურ მემბრანაზე ერთ რიგად განლაგებული ბაზალური ეპიდერმოციტებით. მათ გარდა ბაზალურ შრეში განლაგებულია ახალგაზრდა უჯრედები (მელანოციტები), რომლებსაც მელანინის გამომუშავების უნარი შესწევს. ჩვენთვის საინტერესო ზედაპირული რქოვანა შრე კი წარმოდგენილია მთლიანად გარქოვანებული, უბირთვო უჯრედებით – რქოვანა ფირფიტებით. რქოვანა გარსის მემბრანა გასქელებულია. უჯრედები შეიცავს განსაკუთრებულ ცილოვან ნივთიერებას – კერატინს. ეპიდერმისის უჯრედების გარქოვანება თანდათანობით ხდება. ის იწყება ბაზალურ შრეში უჯრედების დაყოფით და სრულდება რქოვანა შრეში მთლიანად გარქოვანებული, მკვდარი უჯრედების წარმოქმნით. გარუჯვისას მზის სხივების ნაწილი კავდება ყველაზე ზედაპირულ, რქოვანა შრეში, ხოლო მეტი წილი, აღწევს რა ბაზალურ შრეში, აიძულებს უჯრედებს, მალე გამრავლდნენ. რაც უფრო სწრაფად ხდება ბაზალური უჯრედების გამრავლება, მით უფრო სწრაფად განიცდიან ისინი მიგრაციას (გადაადგილებას) ზედა შრეებში და ვერ ასწრებენ ჩამოფცქვნას, შესაბამისად, განახლებასაც. შედეგად კანი სქელდება, შრება და იქერცლება. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება კანისთვის საშიშია. მხოლოდ მუქკანიან ადამიანებს ახასიათებთ მელანინის დიდი დოზით გამოყოფა, რაც მათ ამ საშიშროებისგან იცავს. საფრთხე, რომელიც ემუქრება კანს, მზის სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობის პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, თუ მზეზე ათ წუთს გავჩერდებით, ის მხოლოდ გააღიზიანებს კანს და გამოიწვევს სუსტ სიწითლეს, მზის გულზე დიდხანს ყოფნისას კი იწყება კანის ანთებითი პროცესი და მისი შეშუპება, რასაც შესაძლოა დამწვრობაც მოჰყვეს. დამწვრობის შედეგად ჩნდება ბუშტები, რომლებიც დროთა განმავლობაში წყლულდება. მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში კანს, ფაქტობრივად, აღარ შეუძლია დამცავი ფუნქციის შესრულება. მძიმე დამწვრობისას წყდება თერმორეგულაცია, რაც მზის დაკვრის უშუალო წინაპირობაა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ კანი განიცდის დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), ქვეითდება ტურგორი, კანი კარგავს ელასტიკურობას, სიგლუვეს და ნაოჭებით იფარება. სამწუხაროდ, ამ პროცესის შეჩერება არანაირ საშუალებას აღარ შეუძლია. ჭარბმა ინსოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან კანის უჯრედების დნმ-ს რღვევა და, ამის კვალობაზე, კანის კიბოს განვითარებაც. მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომელთაც მელანინის გამომუშავების პრობლემა აქვთ და ისინიც, რომელთა კანი მელანინს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. პირველ შემთხვევაში კანი სწრაფად იწვება, მეორეში კი ლაქები მუქდება და უფრო შესამჩნევი ხდება. მზეს უნდა ვერიდოთ მაშინაც, თუ დერმატიტი გვაწუხებს - ამ შემთხვევაში კანი კიდევ უფრო მეტად შრება და მისი საერთო მდგომარეობა უარესდება. მზის აბაზანების კატეგორიულად უარყოფა არ შეიძლება, რადგან მზის სხივები D ვიტამინის წყაროა და ზომიერი რაოდენობით აუცილებელია არა მხოლოდ კანისთვის - საზოგადოდ, ორგანიზმისთვისაც. მზის აბაზანები ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობის მატებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ენდორფინების გამომუშავებას. გარუჯვა რეკომენდებულია დილის 11 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საცხი (SPF 15-20-30), ატაროთ ქუდი, მუქი სათვალე. გარუჯვის წესების დაცვით თავიდან ავიცილებთ ნაადრევ დაბერებას, კანის კიბოს პროვოცირებას. სოლარიუმში დამწვრობა ნაკლებმოსალოდნელია, თუმცა კანზე ნეგატიური ზემოქმედება ისეთივეა, როგორიც მზის გულზე. სოლარიუმთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება ფოტოდაბერების პროცესი. იგი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს მრავალი ხალი, პიგმენტური ლაქები, გინეკოლოგიური დაავადებები.

- როგორც ცნობილია, კანის პიგმენტაცია სხვადასხვა დაავადების დროსაც იცვლება. სახელდობრ როდის შეინიშნება ის უხშირესად და რა არის ამ შემთხვევებში პიგმენტაციის მიზეზი?

- პიგმენტაცია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას. სწორედ ის იცავს კანს ულტრაიისფერი დასხივებისგან და, ამგვარად, ნაადრევი დაბერებისაგან. ბუნებრივია, პიგმენტის სიჭარბეს ადამიანი პრობლემად აღიქვამს და ექიმთან მიდის. პათოლოგიის დროულად აღმოსაჩენად და გართულების თავიდან ასაცილებლად კვალიფიციური დახმარებაა საჭირო. პიგმენტაციის დარღვევა ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. დავიწყოთ იმით, რომ კანი შეიცავს ოთხ ძირითად პიგმენტს: ოქსიჰემოგლობინს, დეზოქსიჰემოგლობინს, კაროტინსა და მელანინს. ამა თუ იმ პიგმენტის სიჭარბე განაპირობებს ადამიანის კანის ფერის რასობრივ თუ ნაციონალურ განსხვავებას. კანის ძირითად პიგმენტს, მელანინს, მეტად არსებითი როლი აკისრია, თუნდაც თეთრი და გაურუჯავი კანის პიგმენტაციაში. ამ პიგმენტს მელანოციტები გამოიმუშავებს. ეს უჯრედები შეიცავს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ ორგანელებს – მელანოსომებს, რომელთა ცილოვან მატრიცაზე თიროზინაზების ზემოქმედებით თიროზინისგან წარმოიქმნება მელანინი. ეს უკანასკნელი ლაგდება მელანოპროტეინული კომპლექსის სახით. მელანოგენეზის პროცესს ნერვული და ენდოკრინული სისტემები არეგულირებს. ნერვული სისტემის მედიატორები, კატექოლამინები, მოქმედებს ჰიპოთალამუსზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჰიპოფიზში მელანომასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებას. დადგენილია, რომ ამ ჰორმონის გამომუშავება შეუძლია თვით კერატინოციტებსაც. ცნობილია ისიც, რომ მელანოგენეზის სტიმულაციაში მთავარ როლს ასრულებს ულტრაიისფერი სხივები და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების (ანთების, ტრავმის) გავლენით კერატინოციტების მიერ გამომუშავებული მელანომასტიმულირებელი ჰორმონი. მელანოგენეზზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს თირკმელზედა, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონები, თუმცა მათი როლი ამ პროცესის რეგულაციაში ნაკლებმნიშვნელოვანია. პიგმენტწარმოქმნის დარღვევა იწვევს ჰიპერპიგმენტაციას (მაგალითად, ადისონის დაავადების დროს) და დეპიგმენტაციას (მაგალითად, ალბინიზმის, ვიტილიგოს დროს). პიგმენტაციის დარღვევაზე გავლენას ახდენს სტრესი, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები. ჰიპერპიგმენტაციის საშიშროება უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის, როდესაც კანი განიცდის სტრესს ისეთი ტრავმული კოსმეტიკური პროცედურების დროს, როგორიცაა პილინგი, ლაზერული ეპილაცია და სხვა. აუცილებელია, ვერიდოთ მზეს ასეთ მანიპულაციებამდე და მათ შემდეგ.


- რისი შედეგია სხეულის ცალკეულ უბნებზე მიმოფანტული პიგმენტური ლაქები? მათგან განკურნების შესაძლებლობა თუ არსებობს?

- არსებობს შემოფარგლული ჰიპერპიგმენტაცია, რომლის მაგალითებია ჭორფლი და ქლოაზმა. ჭორფლი, მართალია, მეტწილად გენეტიკური დარღვევაა, მაგრამ მზის სხივები მის შეფერილობაზეც მოქმედებს, ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში ის უფრო შესამჩნევი ხდება. ქლოაზმა გაცილებით დიდი ზომის მუქი ყვითელი ან ყავისფერი, არასწორი მოხაზულობის ლაქაა, რომელიც წარმოიქმნება სახის კანზე, ლოყაზე, შუბლზე, ზედა ტუჩზე, თვალების ირგვლივ. ის შეიძლება განვითარდეს ორსულობისას ან განპირობებული იყოს გინეკოლოგიური დაავადებით, კონტრაცეპტივების მიღებით, ღვიძლის პათოლოგიით.

- რას წარმოადგენს საპირისპირო პროცესი - კანის დეპიგმენტაცია? რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს კანში? ფიზიოლოგიური პროცესია ეს თუ პათოლოგიური? რომელი დაავადებებისა თუ მდგომარეობების დროს აღინიშნება უპირატესად?

- მელანინის რაოდენობის შემცირებას - ჰიპოპიგმენტაციას და სრულ გაქრობას - დეპიგმენტაციას ვხვდებით უმთავრესად ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ვიტილიგო და ალბინიზმი. ვიტილიგოს შემთხვევაში დეპიგმენტური უბნები (თეთრი ლაქები) ჩნდება პიგმენტური უჯრედების, მელანოციტების რღვევის შედეგად. გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა რეაქციას საკუთარი ორგანოსა თუ ქსოვილის წინააღმდეგ მიმართავს. დაავადება ვითარდება თანდათან, ზოგჯერ შეუმჩნევლად. დროთა განმავლობაში ცალკეული უფერული ლაქები ერთიანდება. თეთრ ლაქებს პერიფერიაზე აქვს ჰიპერპიგმენტაციის ზონა. თმა ლაქების არეში უფერულდება. ხშირად ლაქები ჩნდება სახეზე, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, ასევე - კისერზე, ხელის მტევნებზე, სასქესო ორგანოებზე. ალბინიზმი მემკვიდრეობითი დაავადებაა. ამ დროს მელანინი სრულიად არ გამომუშავდება, კანი ადვილად ზიანდება მზის სხივების ზემოქმედებით. დაავადებას თან ახლავს სინათლის შიში, მხედველობის დაქვეითება. პაციენტი უნდა ერიდოს მზის სხივებს, ატაროს მუქი სათვალე, გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალებები. პიგმენტაციის ამა თუ იმ სახის დარღვევა საფუძვლიანი მიზეზია დერმატოლოგთან ვიზიტისთვის, რადგან არსებობს მრავალი პათოლოგია, რომელთა დროული აღმოჩენა გადამწყვეტია როგორც მკურნალობისთვის, ასევე დროული გამოჯანმრთელებისთვის და გართულების თავიდან ასაცილებლად.

კანის ჰიდრატაცია დადეჰიდრატაცია

- რას წარმოადგენს კანის ჰიდრატაცია, რით განსხვავდება ის შეშუპებისაგან? როდის აღინიშნება ყველაზე ხშირად? რა ხდება კანის ცალკეულ შრეებში ამ დროს?

- ჰიდრატაცია ანუ დატენიანება თავისებური ფუნდამენტია ჯანმრთელი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზში. ჰიდრატაციის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევეხოთ საკმაოდ რთულ ფერმენტულ პროცესს - კერატინიზაციას. კერატინოციტების ტრანსფორმაცია (გარდაქმნა) მიმდინარეობს ჰორმონული კონტროლის თანხლებით და რეგულირდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეშვეობით. ამ ზონას ახასიათებს მაღალი მეტაბოლური აქტივობა და წარმოადგენს ეპიდერმული ბარიერის მნიშვნელოვან ნაწილს. იგი არეგულირებს ტრანსეპიდერმულ რეზორბციას (შეწოვას) და ორგანიზმში სითხის ჰომეოსტაზს. ეპიდერმისის ყველაზე ზედაპირული რქოვანა შრე დაფარულია წყლისა და ცხიმისგან შემდგარი ჰიდროლიპიდური აპკით. იგი ასრულებს დაცვით ფუნქციას და კანს უნარჩუნებს სიმკვრივეს, იცავს გამოშრობისგან, ხდის ელასტიკურს, უზრუნველყოფს როგორც კანის პირველად დაცვას ფიზიკურ-ქიმიური ზემოქმედებისგან, ასევე, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის წყალობით, ანადგურებს სხვადასხვა სახის ბაქტერიებსა თუ სოკოებს. რქოვანა შრის ჰიდრატაცია განისაზღვრება მასში ისეთი ჰიდროფილური ნივთიერებების შემცველობით, რომელთაც წყლის შეერთების უნარი შესწევთ (ამინმჟავები, რიბოზა და სხვა). კანის ნორმალური ფუნქციობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყალმარილოვან ცვლას. კანში წყლის რაოდენობა მთელ ორგანიზმში არსებულის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. როცა ეს მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს, კანი კარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს. უჯრედის თითქმის ყველა ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც კი ნივთიერებათა ცვლას უკავშირდება, წყლის მონაწილეობით მიმდინარეობს. ყოველდღიურად კანიდან ორთქლდება 100-200 მლ წყალი, გარედან კი წყალი კანში თითქმის არ აღწევს. კანის დაბერებასთან ერთად მკვეთრად მცირდება ტენიანობის შენარჩუნების უნარი, კანი ეშვება, შრება, ნაოჭდება. შეშუპების შემთხვევაში კი ხდება ქსოვილთაშორისი სითხის პათოლოგიური მატება. ნორმაში ორგანიზმის კაპილარული ქსელიდან სისხლის ნაწილი მიედინება ქსოვილებისკენ და უკუშეიწოვება. თუ წონასწორობა დაირღვა და ქსოვილებისკენ დიდი ოდენობით სითხემ გადაინაცვლა, უკუშეწოვა კი შეწყდა ან შემცირდა, განვითარდება შეშუპება (გულის უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმლის დაავადება).

- რა პროცესია კანის დეჰიდრატაცია? ფიზიოლოგიური მდგომარეობების (გარემოს მაღალი ტემპერატურა, სხეულის გადახურება, ცხელება, სითხის მცირე რაოდენობით მიღება) გარდა, რომელი პათოლოგიებისთვის არის ის დამახასიათებელი?

- კანის დეჰიდრატაცია, გაუწყლოება-გამოშრობა, ძალიან გავრცელებული პრობლემაა. გვხვდება როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანის გაუწყლოების შემთხვევები. მისი გამომწვევი მთავარი ეგზოგენური ფაქტორია კლიმატური პირობები: ქარი, ყინვა, აქტიური ინსოლაცია, ასევე - კონდიცირებულ შენობაში დიდხანს ყოფნა, კოსმეტიკური საშუალებების არასწორი მოხმარება, დაუბალანსებელი კვება. კანი, საზოგადოდ, მიდრეკილია ტენიანობის დაკარგვისკენ და თუ ხელშემწყობი ფაქტორიც გაჩნდა, ტენიანობას საკმაოდ მალე კარგავს. პროცესი იწყება კანის ღია ნაწილებიდან (სახე, ხელები, ფეხები). კანი შესამჩნევად შრება და ხისტდება. დეჰიდრატაციის პრობლემის მოგვარების მთავარი გზა მისი პროფილაქტიკაა. ცხელ ზაფხულში სასურველია როგორც დამატენიანებელი, ასევე მზისგან დამცავი საცხების გამოყენება, დიდი რაოდენობით, დღეში 1,5-2 ლიტრი სითხის მიღება, რაც კანის დატენიანებასა და ტენის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. თუ დეჰიდრატაცია მაინც განვითარდა, გირჩევთ, დროულად მიმართოთ დერმატოლოგს ან დერმატოკოსმეტოლოგს, რათა არ განვითარდეს გართულება - ანომალიური სიმშრალე, რომელიც შემდგომ შესაძლოა სხვა დაავადებებს დაედოს საფუძვლად. კანის დეჰიდრატაცია შესაძლოა თან ახლდეს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ჰიპოთირეოზი, ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებები, ჰიპოვიტამინოზი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.


კანის სისხლძარღვოვანი ცვლილებები

- ხალხში ხშირად გაიგონებთ, კანზე წვრილი კაპილარები მისკდებაო. ზოგი ამას მზეზე ყოფნას აბრალებს, ზოგი - არტერიულ ჰიპერტენზიას ან ამა თუ იმ ენდოკრინულ პათოლოგიას. რეალურად რისი ბრალია კანზე კაპილარული ქსელების გაჩენა? რა იწვევს ჰემანგიომებს, ეკქიმოზებს და სხვა სისხლძარღვოვან გამოვლინებებს კანზე? რა უწყობს ხელს მათ განვითარებას?

- კაპილარები ანუ წვრილი სისხლძარღვები კვებავს კუნთოვან ბოჭკოებსა და ორგანიზმის ყველა უჯრედს. ამ კაპილარებს მიკროსკოპულსაც უწოდებენ, რადგან შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ისინი სისხლძარღვოვან ბადეს ყველა ორგანოსა და ქსოვილში ქმნიან. სისხლის მიმოქცევის ყველა ურთულესი სისტემა, რომელიც მოიცავს გულს, სისხლძარღვებს, ენდოკრინული და ნერვული რეგულაციის მექანიზმებს, ემსახურება კაპილარებში სისხლის მიწოდებას, რაც აუცილებელია უჯრედთა ცხოველქმედებისთვის. კაპილარები გამუდმებით იცვლება, განიცდის რეგენერაციას (განახლებას) ან, პირიქით, მათი რიცხვი საჭიროებისამებრ იკლებს. კაპილარების შევიწროებასა და გაგანიერებაზეა დამოკიდებული ქსოვილებში მიმდინარე ყველა პათოლოგიური პროცესი: ტროფიკული დარღვევები, ალერგია, ანთება და სხვა. კაპილარების გაგანიერებისას არტერიული წნევა მცირდება, შევიწროება კი წნევის მატებას იწვევს. კაპილარების პათოლოგიის ძირითადი მიზეზია ენდოთელური უჯრედების მემბრანის რღვევა, რაც გამოწვეულია ცილოვანი მოლეკულების დაშლით მიღებული პროდუქტებით და ორგანიზმში ჩ ვიტამინის უკმარისობით. კაპილარების სიცოცხლისუნარიანობას წყვეტს მათ კედლებში არსებული მარილთა ორგანული დანალექიც. კაპილარების შევიწროება და სკდომა სისხლძარღვოვანი პრობლემების პირველი სიგნალია, რომლის თავიდან აცილება ექიმთან დროული ვიზიტით შეიძლება. კაპილარების სკდომა ხშირად ვითარდება კანის მომატებული მგრძნობელობისას, ჭარბი ინსოლაციის დროს. კაპილარული ქსელი ანუ კუპეროზი კანში სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. პროცესი იწყება კანის ზედა შრის კაპილარებში შეკავებითი მოვლენებით. მუდმივი დატვირთვის შედეგად სისხლძარღვები კარგავს ელასტიკურობას და სისხლძარღვი სუსტდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სისხლის შეკავებას. გარეგნულად კუპეროზი იწყება არაბუნებრივი სიწითლით ცხვირის, ლოყების, ზოგჯერ შუბლის არეში. კანი გამოირჩევა მომატებული მგრძნობელობით, კაპილარი თანდათან ხილული ხდება და ქმნის სახეზე სისხლძარღვოვან ქსელს. კუპეროზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც. სხვა შემთხვევაში მის განვითარებას ხელს უწყობს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, სიგარეტი, ალკოჰოლი, განსაკუთრებით - წითელი ღვინო, ჭარბი ინსოლაცია. ნიკოტინი ანადგურებს ორგანიზმში C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვის კედლის ნორმალური ფუნქციობისთვის. ჰემანგიომა სისხლძარღვის ენდოთელიუმისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. კლინიკურად ის მოლურჯო-მოწითალო ლაქებით - პაპულებით - ვლინდება. ჰემანგიომა უმეტესად თანდაყოლილია, თავს იჩენს დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე კვირას და თანდათან, ბავშვის ზრდის კვალობაზე, იზრდება. ლაქა მკვეთრი წითელი ან მუქი ალუბლისფერია, თითით ზეწოლისას ნაწილობრივ ფერმკრთალდება. 5-7 წლის ასაკში ჰემანგიომა შესაძლოა თავად გაიწოვოს. მისი წარმოქმნის მიზეზი დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა როლს დაავადების განვითარებაში ამჟამად განიხილავენ. ესენი გახლავთ ცუდი ეკოლოგია, მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელიც დედამ გადაიტანა ორსულობის მე-3-6 კვირას, ორსულობისას მიღებული მედიკამენტები. გარდა თანდაყოლილისა, არსებობს ასაკობრივი, კავერნოზული, კომბინირებული, შერეული ჰემანგიომა. კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, კანის რომელ შრეში მდებარეობს წარმონაქმნი.