შევინარჩუნოთ კანისა და თმის სილამაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევინარჩუნოთ კანისა და თმის სილამაზე

კანი

ჩვენს წარმოდგენაში დაფუძნდა სტერეოტიპი,  რომ რუჯი მიმზიდველია და ყველა მივილტვით, კანს შოკოლადისფერი შეფერილობა მივცეთ, მაგრამ ოზონის შრის შემცირებასთან ერთად მზარდი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა გვაიძულებს, მზისადმი ჩვენი დამოკიდებულება გადავაფასოთ. რასაკვირველია, ფერმკრთალი "საოფისე" კანის სპილენძისფრად ქცევა მართლაც საოცარია, მაგრამ ამ საოცრების საფასურს ჯანმრთელობითა და ახალგაზრდობით ვიხდით. რუჯი სხვა არაფერია, თუ არა დამწვრობა. მისი ინტენსივობაც სწორედ დამწვრობის ხარისხზეა დამოკიდებული. გარუჯვისას კანი იღებს ულტრაიისფერი სხივების დარტყმას, რაც ფოტოდაბერებას იწვევს. იკარგება ტენი, იშლება ცილა კოლაგენი, რომელზეც არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და იწყება ნაადრევი დაბერება - კანი ეშვება და ჭკნება, შრება, ნაოჭდება, უჩნდება პიგმენტური ლაქები, იკვეთება სისხლძარღვოვანი სურათი. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, 2-3 კვირაში, კოსმეტოლოგებთან პაციენტების მოზღვავება შეინიშნება. საქმე ის არის, რომ სანამ ჩვენ ვისვენებდით, ჩვენს კანს დიდი ჯაფა ადგა, რომ მზის მავნე სხივები ორგანიზმის ღრმა შრეებამდე არ მიეშვა, ტენი გაეცა და გავეგრილებინეთ, რათა სითბური დარტყმა არ მიგვეღო. ახლა კი მასაც სჭირდება დასვენება.

საიდან დავიწყოთ

"ულტრაიისფერი ინტერვენციის" შემდეგ კანის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოთ იმ პრობლემის მოგვარებით, რომლითაც კანმა მისდამი გულგრილობისთვის "სამაგიერო გადაგიხადათ".

როგორ ვებრძოლოთ ლაქებს

პიგმენტური ლაქები ერთბაშად არ ჩნდება. განმეორებად ულტრაიისფერ დასხივებას კანი იმახსოვრებს როგორც დამწვრობას. დროთა განმავლობაში ეს უარყოფითი ინფორმაცია გროვდება, ხოლო თავდაცვითი მექანიზმი, რომლის წყალობით გამოიმუშავებს კანი სრულფასოვანი პიგმენტის თანაბარ და მკვრივ შრეს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლამაზად ირუჯება - თანდათან იწურება. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ნაცვლად თანაბარი და მუქი რუჯისა, კანზე აღმოაჩენთ ლაქებს - პიგმენტის არათანაბარი განაწილების შედეგს. პიგმენტაციასთან ბრძოლა რთული და ხაგრძლივი ამოცანაა. რაც უფრო ადრე მიიღებთ ადეკვატურ ზომებს, მით უფრო ადვილად, სწრაფად და, რაც მთავარია, მეტი ხნით აიცილებთ თავიდან პიგმენტურ ლაქებს. ჰორმონული კონტრაცეპტივები ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი და ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაჩენას. ჩაიტარეთ ფოტოთერაპიის სეანსი. პირველი პროცედურის დროს პიგმენტი გამუქდება, 2-3 დღის შემდეგ კი ჩამოირეცხება და პიგმენტური ლაქების ნაცვლად გექნებათ თანაბარი, ნათელი კანი. დამატებითი სეანსები აუცილებელია მხოლოდ მიშვებული ლაქების შემთხვევაში, როდესაც პიგმენტი ღრმად არის ჩამჯდარი. "რუჯის შესანარჩუნებლად" სოლარიუმში სიარული უნდა შეწყვიტოთ, დღისით მზისგან დამცავი საცხები იხმაროთ, ღამით კი მათეთრებელი კომპონენტების შემცველი დამატენიანებელი საშუალებები.

სისხლძარღვოვანი ქსელი

სახეზე ან სხეულზე სისხლძარღვოვანი ქსელის გაჩენაც კანის ფოტოდაბერების მაუწყებელია. ის ვლინდება მას შემდეგ, რაც ნარუჯი ნაწილობრივ ჩამოირეცხება. სისხლძარღვოვანი ქსელის გაჩენას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: სისხლძარღვთა კედლის ელასტიკურობის დაკარგვა და დასუსტება, შეგუბებითი მოვლენები და ფოტოდაბერება - კანის დერმული შრის გათხელება და კუპეროზი. ტონალური კრემის სქელი ფენით შენიღბვას გირჩევნიათ, მოიშოროთ იგი. ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი დღესდღეობით ფოტოკოაგულაციაა. კანის ზედაპირულ შრეში მდებარე სისხლძარღვი ფოტოთერაპიისთვის ხელმისაწვდომია.

ნაოჭები

გარუჯვის შემდეგ ნაოჭები, განსაკუთრებით კი - მიმიკური, ღრმავდება და იკვეთება. რუჯი ხაზს უსვამს "დროის ნაკვალევს", რადგან ნაოჭები სიღრმეში არ ირუჯება. ამ დროს შეიძლება გაიკეთოთ ბოტოქსის ინექცია. 4-7 დღის შემდეგ ეფექტი თვალსაჩინო გახდება: წარბები აიწევა, რაც შექმნის თვალების გადიდების ეფექტს, მთლიანად გაქრება "ბატის ნაფეხურები" და შუბლის ნაოჭები. ხშირად სახეზე ნაოჭები კანის გაუწყლოების გამო ჩნდება. ცხელ ზაფხულში ჩვენი კანი გამოყოფს 10-ჯერ მეტ ძვირფას შინაგან სითხეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, წყლის დალევა და დამატენიანებელი კრემის წასმა კი ხშირად გვავიწყდება. მათთვის, ვისაც აწუხებს კანის დაჭიმვის შეგრძნება, ნაოჭების წვრილი ბადე და სახის არასასურველი ფერი, ეფექტურია მეზოპილინგი.

თმა

თმა კანზე მეტად განიცდის ულტრაიისფერ დასხივებას, ქარის, უამინდობის, მარილიანი და ქლორიანი წყლის ზემოქმედებას. მზე მას აშრობს და ახუნებს. გამომშრალი თმა დაუმორჩილებელი და მყიფეა, აღარც ძველებურად ბზინავს. მას, კანისგან განსხვავებით, თავისთავად აღდგენა არ შეუძლია. ასე რომ, თუ გსურთ, ბოლოებდაყოფილი და უფერული თმის ნაცვლად გქონდეთ სქელი და ლამაზი, ბზინვარე დალალები, აუცილებელია მიმართოთ ინტენსიურ თერაპიას, რომელიც თმას ძველ სილამაზეს დაუბრუნებს. ღია ფერის თმას მზე უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე მუქს. ეს იმით აიხსნება, რომ მუქ თმაში მეტია მელანინი, რომელიც მას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

ხალხური რეცეპტები გაწმენდა

გაწმენდა ყოველგვარ კანს სჭირდება. სკრაბი მას მოაშორებს მკვდარ უჯრედებს, მისცემს სუნთქვის საშუალებას და დაუბრუნებს სიცოცხლით სავსე ბზინვარებას. სკრაბი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში ან თავად მოამზადოთ: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის გახეხილი სტაფილო და მანანის ბურღული. რუჯს ეს პროცედურა არ დააზიანებს. პირიქით, სწორედ სტაფილო დაეხმარება კანს, უფრო მეტხანს შეინარჩუნოს სპილენძისფერი.

დატენიანება

დასვენების შემდეგ კანს დატენიანება სჭირდება. კანის დატენიანებაში, კვებასა და დარბილებაში ნიღბები დაგეხმარებათ. ამ დროს შეუცვლელია ხილი და ბოსტნეული. ნიღაბი უნდა დავიდოთ გაწმენდილ სახეზე 20-30 წუთით და ჩამოვიბანოთ ანადუღარი წყლით.


უნივერსალური რეცეპტი

ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა დაფქული ჰერკულესის ბურბუშელა, ამდენივე დაქუცმაცებული ნუშის გული და ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი ან პიურე. ცხიმიანი კანისთვის გამოდგება სტაფილო, რომელიც შეიძლება შეურიოთ არა მხოლოდ ჰერკულესს, არამედ უცხიმო კეფირსაც. ფორები მალე რომ შევიწროვდეს, სახეზე დაიდეთ ოდნავ მკვახე პომიდვრის რბილობი. ნორმალური კანისთვის გამოგადგებათ ჰერკულესში არეული ყურძენი ან მწვანე ვაშლი (შეიძლება, უბრალოდ კანი ყურძნით გაიწმინდოთ). მშრალი კანისთვის ნიღაბს დაამატეთ ავოკადო და გარგარი. აქერცლილ კანს კარტოფილი მოუხდება. შეურიეთ მას ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და სუფრის კოვზი არაჟანი.

ნაოჭების გასწორება

ოხრახუშის წვენი სასწაულმოქმედი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია გაასწოროს ნაოჭები თვალის გარშემო. იგი უნდა შეურიოთ მცენარეულ ზეთს.  "ბატის თათების" მოსაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ნესვი. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნესვის ფაფა, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაიდეთ სახეზე, კისერზე და დეკოლტეს ზონაში 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი. ნიღბები უნდა გამოიყენოთ რეგულარულად. აუცილებელია 10-15 პროცედურა.

თმის მოვლა

პირველ რიგში, თმის დაყოფილი ბოლოები უნდა მოიჭრათ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კოსმეტოლოგიურ სალონში თერმომაკრატლით, რომელიც თითქოს ადუღებს თმის ბოლოებს და ხელს უშლის მათ დაყოფას. შებულებიდან დაბრუნებისთანავე ნუ შეიღებავთ ან დაიხვევთ თმას - ეს მას ძალიან ავნებს. ახლა აღდგენით პროცედურებზე გადავიდეთ. თმის ცვენის დროს თმის ძირებში დილა-საღამოს შეიზილეთ ასეთი ნარევი: 3 წილი ოროვანდის ფესვის ნახარში (2 სუფრის კოვზი ფესვი 1 ჭიქა წყალზე), 2 წილი ხახვის გამონაწური და 1 წილი არაყი. თუ მზეზე თმა გამოშრა და გამყიფდა, გამოიყენეთ კომბოსტო, ისპანახი და ლიმონი. აიღეთ მათი წვენი თანაბარი რაოდენობით, აურიეთ ერთმანეთში და ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში. გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. მეტი ეფექტისთვის დაიხურეთ ქუდი. ერთი საათის შემდეგ გადაივლეთ წყალი. თმის აღსადგენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზეთი. აიღეთ ორი კვერცხის გული, ნახევარი ლიმონის წვენი და ერთი კოვზი ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, დაიდეთ თმაზე 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ. იმავე ნიღბისთვის გამოგადგებათ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთიც.

ვუვლით ხელებს

კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს კანის სათუთი გაწმენდა სკრაბით, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს. მასაჟისთვის გამოგადგებათ მკვრივი ჯაგრისი. ზეითუნის ზეთი კი ხელებს სისალუქეს დაუბრუნებს. ხელის დამჭკნარ კანს მოუხდება ხილის წვენი - საზამთროსი, ტკბილი ვაშლისა, ყურძნისა, ქლიავისა, ბანანისა. დაამატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, შეიზილეთ ხელებზე, 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.

კვება

მეცნიერთა აზრით, ზოგიერთ კვებით დანამატსა და კოსმეტიკურ საშუალებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ჟანგვითი სტრესი, რომელსაც იწვევს ულტრაიისფერი გამოსხივება და დაბერების პროცესი შეაფერხოს. მათ მიაკუთვნებენ ჩ და E ვიტამინებს, კაროტინოიდებს (მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბეტა კაროტინი - პროვიტამინი A), მაგნიუმს, კალიუმსა და სელენს. E ვიტამინით მდიდარია ბრინჯის, მზესუმზირასა და არაქისის ზეთები, ხორბალი, ცეხვილი მარცვლეული, კვერცხი და მწვანე ბოსტნეული. ბეტა კაროტინი საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის პლაზმას და სწრაფად ახორცებს მზის დამწვრობას. მას შეიცავს წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, აგრეთვე მათი ექსტრაქტები. განსაკუთრებით მდიდარია კაროტინოიდებით ქაცვის, ასკილის, პალმის ზეთი. სელენის წყარო ცეხვილი მარცვლეულია. თმა რომ მოძლიერდეს, აუცილებელია რაციონში ჩართოთ ცილებით, ბ ჯგუფის ვიტამინებით, სპილენძით, რკინით და იოდით მდიდარი საკვები. ყველა ამ ნივთიერებას შეიცავს რძე, ღორის, საქონლის ხორცი, შვრია, ქლიავი, წიწიბურა, კაკალი, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, კაკაო, ხაჭო, ღვიძლი, პარკოსნები.  დასვენების შემდეგ რამდენიმე კვირა ერიდეთ:

  • თავის ყოველდღიურ დაბანას (დაიბანეთ 2-3 დღეში ერთხელ);
  • ფენის, მაშებისა და თმის უთოს გამოყენებას;
  • თმის საფიქსაციო მუსებისა და ლაქების გამოყენებას.

ეს ყველაფერი არათუ აღდგენაში ვერ დაეხმარება თმას, არამედ უფრო უარეს დღეში ჩააგდებს.

სასარგებლოა:

  • კერამიდებიანი შამპუნი. კერამიდები, ნატურალური ლიპიდები, აღადგენს თმის სტრუქტურას და უბრუნებს მას სიგლუვეს მთელ სიგრძეზე;
  • ზეთებზე დამზადებული საშუალებები თმის დასატენიანებლად და მათი ზედაპირის ბუნებრივი ცხიმოვანი საპოხის აღსადგენად;
  • სპეციალური სილიკონის შემცველი შრატები თმისთვის. სილიკონი "აწებებს" თმის დაზიანებულ ბოლოებს და ჯანსაღ იერს უბრუნებს მათ;
  • ვიტამინოვანი კომპლექსები თმის საკვებად: B ჯგუფის ვიტამინების შემცველი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და რკინისა - თმის კაპილარული ბოჭკოების მთლიანობისთვის.

თუ თმა ხუნდება:

  • თავის კანში შეიზილეთ 2-3 სუფრის კოვზი ხახვის ახალგამოწურული წვენი, თავზე დაიხურეთ და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • აიღეთ 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე 15 წუთით და გულდასმით ჩამოიბანეთ.
  • ათქვიფეთ ბლენდერში 150 გ ყაბაყი, გამოწურეთ, დაუმატეთ წვენს 0,5 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თუ თმა გცვივათ:

  • 1 სუფრის კოვზ ოროვანდის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთით დააყენეთ თავადახურულ ჭურჭელში. რეგულარულად შეიზილეთ თავის კანში.
  • დაბანილ თმაზე 15 წუთით დაიდეთ ჩვეულებრივი სუფრის მარილი და ჩამოიბანეთ. თმის ცვენა 7-10 დღეში შეწყდება.

იცით თუ არა თმის მოვლა?

  • თმა დილა-საღამოს უნდა ივარცხნოთ მაგარი სავარცხლით, სხვადასხვა მიმართულებით 4-5 წუთის განმავლობაში. ამით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა თავის კანში. მერე შეგიძლიათ ჯაგრისითაც დაივარცხნოთ - ასე თმა მექანიკურად სუფთავდება.
  • სავარცხელი უნდა იყოს პლასტმასისა, ძვლისა, რქისა, მაგრამ არა ლითონისა. ის ხშირად უნდა რეცხოთ და დროდადრო გაწმინდოთ სპირტით.
  • თავი უნდა დაიბანოთ თბილი და არა ცხელი წყლით, გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც მიესადაგება თქვენი ტიპის თმას.
  • მზის მავნე ზემოქმედებისგან თმის დასაცავად სასურველია გამოიყენოთ სპეციალური წყალგამძლე საშუალებები ან კონდიციონერები, რომლებიც დამატენიანებელ და ცილოვან კომპონენტებს შეიცავს.
  • არ ივარცხნოთ სველი თმა.
  • რეგულარულად შეიჭერით თმის ბოლოები, რომ ბოლოები არ დაგეყოთ.