ზამთარ-ზაფხულ წითელი ცხვირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთარ-ზაფხულ წითელი ცხვირი

ცოტა რამ ისტორიიდან

მედიკოსებმა როზაცეა მხოლოდ 200 წლის წინ შეამჩნიეს. 1812 წელს, როცა ნაპოლეონ ბონაპარტი არმიით რუსეთისკენ დაიძრა, ინგლისელმა ექიმმა ტომას ბეიტმანმა სამეცნიერო პრესაში სენსაციური სტატია გამოაქვეყნა. მასში საუბარი იყო გაურკვეველ დაავადებაზე, რომლისგანაც ადამიანებს ცხვირი და ლოყები ჯერ უწითლდებოდათ, შემდეგ კი მუწუკებით ევსებოდათ. რა აჩენდა მას ან რა არჩენდა, არავინ იცოდა. ბეიტმანამდე როზაცეას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ამ ავადმყოფურ სიწითლეს, რომელსაც მხოლოდ უსიამოვნო კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევდნენ, უზომო სმას აბრალებდნენ. პირში მთქმელი ფრანგები მას “ღვინის მუწუკებს” უწოდებდნენ, უფრო დიპლომატი ინგლისელები ტერმინ “კელტების წყევლას” ამჯობინებდნენ. იმ შორეულ წლებში როზაცეის სამკურნალოდ მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ცივი საფენები და სისხლის გამოშვება. საცოდავი პაციენტები საათობით ისხდნენ სახეზე ყინულის კომპრესებით, ცხვირზე ისვამდნენ მშიერ წურბელებს და გაწითლებული ადგილების გაჭრაზეც (სისხლის გამოსაშვებად) კი არ ამბობდნენ უარს, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო... ექიმებმა მხოლოდ XIX საუკუნეში უარყვეს გავრცელებული თეორია, თითქოს როზაცეა ალკოჰოლის ბრალი ყოფილიყოს, XX საუკუნის მიწურულს კი, როგორც იქნა, გაარკვიეს დაავადების მექანიზმიც და შეიმუშავეს ავადმყოფისთვის გარეგნობის გაუმჯობესების ხერხი. სამწუხაროდ, მეცნიერებმა როზაცეის მიზეზი დღემდე არ იციან. ერთადერთი, იმის დამტკიცება მოხერხდა, რომ დაავადებისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა.

როგორ იწყება

როზაცეა 30 წელს გადაცილებული, უმეტესად ქერა, ცისფერთვალა ადამიანების დაავადებაა. ქალები მამაკაცებზე ხშირად ავადდებიან. როზაცეის სამიზნე სახეა. ის სხეულის არც ერთ სხვა ნაწილს და ორგანოს არ აზიანებს, თუმცა ეს ავადმყოფებს შვებას ვერ ჰგვრის, მეტიც - ხშირად დეპრესიისა და სერიოზული კომპლექსების მიზეზადაც იქცევა. ასე რომ, არ ღირს დაავადების ნებაზე მიშვება - პირველივე ნიშნებზე მიმართეთ ექიმს. როზაცეა მსხვერპლს მოულოდნელად ეპარება. თავდაპირველად კანის სისხლძარღვები უმნიშვნელო გამაღიზიანებელზეც კი მკვეთრად რეაგირებენ. საკმარისია ცხელი ჩაის დალევა, ცხარე კერძის მირთმევა, ცხელი აბაზანის მიღება ან ნერვიულობა, რომ ცხვირი და ლოყები მყისვე ალისფერი ხდება და რაც უფრო შორს მიდის როზაცეა, მით მეტხანს ნარჩუნდება სიწითლე. ამ ეტაპზე პათოლოგიის აღმოჩენა მხოლოდ გამოცდილ დერმატოლოგს შეუძლია, თავად პაციენტები კი პრობლემას დასანან გაუგებრობას მიაწერენ. რაც დრო გადის, როზაცეა სულ უფრო მეტად პროგრესირებს. კანს ნორმალური ფერი ვეღარ უბრუნდება, დაზიანებული უბნები იფარება ვარდისფერი მუწუკებით. თუ მკურნალობა დაგვიანდა, კანი მოლურჯო ელფერს იღებს, კვანძებისა და გაფართოებული სისხლძარღვების რაოდენობა იმატებს (სახეზე გაჩენილი მოლურჯო ბადე - ეს სწორედ გაფართოებული სისხლძარღვებია). სახეს ადრინდელ შესახედაობას ვეღარც მუწუკების საწინააღმდეგო კრემები უბრუნებს, ვეღარც გამათეთრებელი ნიღბები. საჭირო ხდება დეფექტების შესანიღბავი ტონალური კრემის წასმა. სწორედ როზაცეის ამ სტადიაზე იწყებენ პაციენტები ჯანმრთელობაზე ფიქრს და მიმართავენ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს. თუ კანს არც ახლა უმკურნალეთ, ცხვირსა და ლოყებზე კანი გაუხეშდება, უსწორმასწორო გახდება, ფორები გაფართოვდება, გაჩნდება მრავალრიცხოვანი ანთებითი და ჩირქოვანი მუწუკი. საბედნიეროდ, დღესდღეობით ასეთი გართულებები იშვიათია, რადგან ექიმები დაავადების უფრო ადრეულ სტადიაზე შეჩერებას ახერხებენ. როზაცეა შეიძლება გართულდეს დემოდეკოზით - დაავადებით, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი იწვევს. მოხვდება თუ არა კანის დაზიანებულ უბანზე, ტკიპა ინტენსიურ გამრავლებას იწყებს, რითაც უფრო მეტად აზიანებს კანს და ამძიმებს მდგომარეობას. თუ დაავადების განვითარება გაგრძელდა, კანში გუბდება ვენური სისხლი, კანი უხეშდება და ალაგ-ალაგ თითქოს იბურცება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ვითარდება რინოფიმა - ცხვირის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც კანის ყველა ელემენტი დიდდება და ცხვირი ფორმას კარგავს. ზოგიერთ პაციენტს თვალები უზიანდება - უწითლდება, ცრემლი სდის ან უშრება.

რისი ბრალია

როზაცეის წარმოშობის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ცნობილია, კანი წითლდება მაშინ, როცა ზედაპირული ვენები ფართოვდება. როზაცეის დროსაც იგივე ხდება, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სახეზე განლაგებული სისხლძარღვები დროულად შევიწროებას ვერ ახერხებენ. ვინაიდან ადამიანის ცხვირსა და ლოყებზე ერთი და იგივე ნერვი - სამწვერა ნერვია პასუხისმგებელი, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ როზაცეას სწორედ მისი არასწორი მუშაობა იწვევს - უკონტროლოდ დარჩენილი სისხლძარღვი არაადეკვატურად იქცევა. რატომ “ცელქობს” ნერვი, უცნობია. სამაგიეროდ დადგენილია როზაცეის განვითარების რისკფაქტორები. ესენია:

  • ყავის, ჩაისა და სხვა კოფეინიანი სასმელების რეგულარული სმა;
  • მეტისმეტად ცხელი, ცხარე, სანელებლებიანი და შებოლილი კერძების სიყვარული (ტრადიციული ქართული და ჩინური კერძების მოყვარულებს სიფრთხილე მართებთ);
  • რეგულარული ულტრაიისფერი დასხივება (მზე და სოლარიუმი);
  • სტრესები (ამბობენ, როზაცეა გაყრებისა და სამსახურიდან დათხოვნების შედეგიაო);
  • ალკოჰოლური სასმელების ჭარბი სმა;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები;
  • ცხელ ან ცივ წერტილებში (ცხელ და ჩახუთულ შენობებში ან ყინვაში) დიდხანს ყოფნა.

გარდა ამისა, აღმოაჩინეს, რომ როზაცეას, წესისამებრ, წინ უძღვის ნერვული სისტემის მოშლა (ნევროზები, დეპრესია), იმუნიტეტის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი (კაპილარების დეფექტი), კუჭ-ნაწლავის (გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით), ენდოკრინული (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები) დარღვევები. თუმცა უნდა ითქვას, რომ აშკარა კავშირი შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციებსა და როზაცეას შორის არ არსებობს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

როზაცეის დიაგნოზის დასმა არ არის ძნელი. თუ ცხვირისა და ლოყების სიწითლის გარდა ავადმყოფს არაფერი აწუხებს, მაშინ სავარაუდოა როზაცეა. მთავარია, ის არ აგვერიოს ჩვეულებრივ გამონაყარში, რომელიც გარდატეხის ასაკში ჩნდება, ან კოსმეტიკური საშუალებების მიმართ განვითარებულ ალერგიაში. არსებობს უფრო სერიოზული დაავადებებიც, რომლებიც სიმპტომებით როზაცეას მოგვაგონებს. მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა და კარცინოიდული სინდრომი. ასეთ ავადმყოფებს სასწრაფოდ სჭირდებათ რევმატოლოგისა და ონკოლოგის კონსულტაცია.

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს

როზაცეა ქრონიკული დაავადებაა, ექიმთან მისი განვითარებისთანავე უნდა მიხვიდეთ. თუ სახე ოდნავ გიწითლდებათ და ვარდისფერი ფერიმჭამელები გაგიჩნდათ, ეს უკვე საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ დერმატოლოგს მიმართოთ. ექიმთან ვიზიტის გადადება და თვითმკურნალობის დაწყება არ ღირს - დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადავა, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას. დროულად დაწყებული მკურნალობა კი დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა სიხშირეს ზედმიწევნით შეამცირებს. როზაცეის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, რომელიც აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. თუმცაღა მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად განისაზღვრება, უმეტესად მოიცავს ანტიბაქტერიულ თერაპიას (უხვი ჩირქოვანი გამონაყარის დროს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობას, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევათა კორექციას, ვიტამინების მიღებას და ადგილობრივ მკურნალობას (საფენები, მალამოები და სხვა). ერითროფობია სახის გაწითლებაა, რომელიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან არის დაკავშირებული. დროთა განმავლობაში მის ნიადაგზე ვითარდება სახის გაწითლების შიში. თავდაპირველად მკურნალობას ნევროლოგები მართავენ, ხოლო თუ თერაპიული საშუალებებით და ფსიქოლოგიური დახმარებით პრობლემას არ ეშველა, ხდება ენდოსკოპიური ჩარევაც. ენდოსკოპის დახმარებით ჭრიან სიმპათიკურ ნერვს, რაც პრობლემის მოგვარების რადიკალურ გზას წარმოადგენს.

რა მნიშვნელობა აქვს დიეტას

როზაცეის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიეტას. რაციონიდან უნდა ამოიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს დაავადების გამწვავებას: ცხარე, მწარე საკვები, შაშხი, ლორი... გარდა ამისა, უნდა დაივიწყოთ ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელები, მაგარი ჩაი და ყავა.

კანის მოვლა

ვიდრე როზაცეასთან ბრძოლას დაიწყებდეთ, არ დაგავიწყდეთ ენდოკრინოლოგთან, გასტროენტეროლოგთან და ნევროლოგთან მისვლა. თანმხლებ დაავადებას შეუძლია, მკურნალობის პროცესი შეაფერხოს. თუ ყველაფერი რიგზე გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. დაზიანებული კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. იკრძალება ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც კი შეიცავს ალკოჰოლს, ცხიმს, აცეტონს და ჰორმონულ დანამატებს. თაფლიც ვერაფერს გარგებთ. სამაგიეროდ სასარგებლოა ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები: ცხიმიანი კანისთვის - კვერცხის ცილით, ხოლო მშრალისთვის - გულით. პირის დასაბანი წყალი უნდა იყოს ოდნავ თბილი, ხოლო ქაფი - მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი. სახე ფაქიზად შეიმშრალეთ პირსახოცით. კანის დაორთქვლა და კოსმეტიკური მასაჟი არ არის სასურველი. მამაკაცებმა, უმჯობესია, წვერი ელექტროსაპარსით გაიპარსონ. შინიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საცხი (15-ზე მაღალი შP ფაქტორით), ხოლო ყინვაში - სიცივისგან დამცავი.

ვიტამინები

ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპიის კურსი. კარგია K, PP, B2, B6 და ასკორუტინის კომბინაცია ჩ და P-თი. ვარდისფერ მუწუკებს და ჭარბ ცხიმიანობას გააქრობს A ვიტამინის წარმოებული, მაგალითად, იზორეტინოინი. კანის დაზიანებულ უბნებს სპეციალური დამუშავება სჭირდება. როზაცეის საწყის სტადიაზე სასარგებლოა სახის გაწმენდა ბორის მჟავას 1-2%-იანი ხსნარით, რეზორცინის 1-2%-იანი ხსნარით და სამკურნალო მცენარეების (ორკბილა, სალბი, გვირილა) ნაყენით. თუ მუწუკები უკვე გაჩნდა, აზელაინის მჟავას შემცველი კრემების გარეშე პრობლემას  ვერ  მოაგვარებთ. გოგირდისა და კუპრის კრემები ადვილად გაუმკლავდება დემოდექსს. კანის სრულფასოვნად აღსადგენად სასარგებლოა ფიზიოთერაპიული პროცედურები:

  • კრიომასაჟი - კანის ღრმა აშრევება თხევადი აზოტით. ტარდება დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი მოიცავს 15-20 პროცედურას.
  • დერმაბრაზია - კანის გაპრიალება (გახეხვა) სპეციალური საღარავით (საფრევით). პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
  • ელექტროკოაგულაცია - გაფართოებული სისხლძარღვების დენით მოწვა. ანგიოექტაზიებისგან მთლიანად გაგათავისუფლებთ 20 სეანსი.
  • სისხლძარღვების ლაზერული კოაგულაცია - ის ელექტროკოაგულაციას ჰგავს, მაგრამ ელექტროდების ნაცვლად გამოიყენება გრძელტალღიანი (557 და 585 ნმ) ლაზერი.
  • ანტიბიოტიკები - როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ესეც იძლევა გარკვეულ ეფექტს. როზაცეის დროს რეკომენდებულია ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები და მეტრონიდაზოლი. უნდა მიიღოთ საკმაოდ დიდხანს - 5-8 კვირა.