დამწვრობა და დამწვრობითი დაავადება - რაზეა დამოკიდებული მიმდინარეობა და პროგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამწვრობა და დამწვრობითი დაავადება - რაზეა დამოკიდებული მიმდინარეობა და პროგნოზი

ეს არის ცხელი საგნით ან სითხით, ან რაიმე სხვა თბური აგენტით, სოლარული, მზის სხივებით მიყენებული კანის საფარველის მექანიკური, თერმული დაზიანება. დამწვრობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც კანის პატარა უბანზე შემოფარგლული ჰიპერემიაა, რომელიც თავისთავად გაივლის ცოტა ხანში. არსებობს ასევე დამწვრობითი დაავადება, როდესაც იმავე ფაქტორების ზემოქმედება იწვევს ორგანიზმში ძალიან რთულად მიმდინარე პროცესებს, რომელთა მკურნალობისთვისაც აუცილებელია მაღალპროფესიონალური და სერიოზული სამედიცინო ჩარევა.

- ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს დამწვრობის ხარისხები. რას ეფუძნება, რამდენია და როგორია მათი აღწერილობა?

- სხვადასხვა ქვეყანაში დამწვრობითი დაავადების სხვადასხვა ხარისხია მიღებული, მაგრამ ძირითადად მოწოდებულია ორი კლასიფიკაცია: ამერიკული და რუსული მოდელი. დამწვრობის ხარისხები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიღრმეზეა კანი დაზიანებული. რუსული მოდელით:

I ხარისხის დაზიანება არის კანის ადგილობრივი ჰიპერემია შეშუპებით, რაც აბსოლუტურად ყველას გვქონია ცხოვრებაში. ხანმოკლე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაც კი იწვევს ასეთ დამწვრობას.

II ხარისხის დამწვრობისას ჩნდება წვრილ-წვრილი, თხელკედლიანი, სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც ახლავს შეშუპება-ჰიპერემიას.

IIIა ხარისხის დაზიანება განეკუთვნება ასევე ზედაპირული დაზიანების კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგენერაცია ხდება სპონტანურად, ანუ ნორმალური გარემო პირობების შექმნა იწვევს კანის საფარველის თვითაღდგენას. IIIა ხარისხის დროს ეს ბუშტუკები ზომით შედარებით უფრო დიდია და ოდნავ შეფერილია ჰიპერემიული სითხით.

IIIბ ხარისხის დამწვრობა უკვე ღრმა დამწვრობათა კატეგორიას განეკუთვნება, ხდება გიგანტური ზომის ბუშტუკების ჩამოყალიბება სითხით და ამ დროს პროცესში ჩათრეულია კანის მთელი შრე. ამ შემთხვევაში კანი ოპერაციული ჩარევის გარეშე თვითაღდგენას ვეღარ შეძლებს.

IV ხარისხის დამწვრობისას კანის და კანქვეშა ქსოვილები მთლიანად ზიანდება. ამ დროს ჩართულია კუნთოვანი ქსოვილიც და ხშირად ძვლამდე და ძვალზეც მიდის პროცესი. ამგვარი მდგომარეობა ძირითადად ელექტროტრავმებით არის გამოწვეული.

ამერიკული მოდელით არსებობს I, II და III ხარისხის დამწვრობა.

I და II ხარისხის დამწვრობა ზედაპირულია, რაც რუსულ ვარიანტშიც ჩამოვთვალეთ, ხოლო III ხარისხისა - ღრმა, ანუ შეესაბამება რუსული მოდელის IIIბ და IV ხარისხებს, თუმცა ამერიკელები, რუსული მოდელის გაცნობის შემდეგ, მას აღიარებენ, რადგან ეს მოდელი ბევრად უფრო ინფორმაციულია.

- თქვენ ზემოთ ახსენეთ დამწვარი უბნის სიღრმე და მოცულობა.   ეს ის კომპონენტებია, რომლებიც პროგნოზზეც ახდენს გავლენას?

- დიახ, მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, დამწვრობის სიღრმე და მოცულობა. ეს კომპონენტები პროგნოზზეც ახდენს გავლენას და თავად დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზეც.

- როგორ განისაზღვრება დამწვრობის მოცულობა?

- მოცულობის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ე.წ. 9-იანების, ხელისგულის წესი და სხვა.  9-იანების წესით: ზედა კიდურების ზედაპირის ფერთობი არის სხეულის ზედაპირის საერთო ფართობის 9-9%, ქვედა კიდურები - 18-18%, ტორსი - წინა მხარე - 18%, უკანა - 18%, შორისის მიდამო - 1%, თავი - 5%. უფრო ინფორმაციულია ე.წ. ხელისგულის წესი. ამ წესს ყველაზე ხშირადაც იყენებენ. ხელისგულის ფართობი სხეულის ზედაპირის ფართობის 1%-ად ითვლება. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხელისგულია დაზიანება, იანგარიშება დამწვარი ზედაპირის პროცენტი.

- პროგნოზულად ცუდი გამოსავალი რამდენი პროცენტიდან იწყება?

- ძალიან ძნელია ამის თქმა, რადგანაც ზემოთ აღნიშნული სამი ფაქტორიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც არის ასაკი. მდგომარეობა, რომელიც  არცთუ ისე მძიმედ შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა, ჯანსაღი მამაკაცისთვის, ხშირად მძიმედ მიმდინარე ან ლეტალური გამოსავალის მქონეც კია პატარა ბავშვებსა და მოხუცებში. აქედან გამომდინარე, პროგნოზის თვალსაზრისით ეს სამი კომპონენტი ერთდროულად უნდა გაანალიზდეს.

- დამწვრობის მიდამოს თუ აქვს მნიშვნელობა?

- მიდამო, რომელიც უფრო ძნელია მოსავლელად, უფრო პრობლემურიცაა. მაგალითად, ზურგი, დუნდულები, ბარძაყის უკანა ზედაპირები, ანუ ის ნაწილები, რომლებიც საწოლთან შეხებაშია. უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ დამწვრობა მტკივნეულია, ახლავს გამონადენი, რომელიც ხშირად წებოვანია, პაციენტისთვის საწოლში გადაბრუნება ძალიან რთულია. ხდება დამწვრობის არეში წარმოქმნილი ახალი ეპითელის ჩახურება, რაც დამატებით იწვევს ამ მიდამოს მეორეულ გადაგვარებასა და ინფიცირებას. ამას გარდა, დამწვრობის მიდამო მნიშვნელოვანია ესთეტიკური და ფუნქციური თვალსაზრისით. მაგალითად, რთულია სახსრების მიდამოს, მტევნების, სახის დაზიანება, რამაც შეიძლება ინვალიდობაც კი გამოიწვიოს. თუმცა თანამედროვე მიღწევების გამოყენებით გამოსავალი გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს იმასთან შედარებით, რაც იყო თუნდაც 5 წლის წინ. მაგალითად, მტევნების დაზიანება უწინ 100%-იან ინვალიდობას  იწვევდა, თანამედროვე ოპერაციული მიდგომით კი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებით სრულდება, ფუნქციისა და ესთეტიკური მხარის სრული აღდგენითაც კი.

- ჩვენს ყოველდღიურობაში  ყველაზე ხშირია თერმული დამწვრობა. რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?

- თერმული დამწვრობის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია: ცხელი სითხეები, ცხელი საგნები, ალი.

- როგორია ორთქლით გამოწვეული დამწვრობა?

- ორთქლი ხშირად უფრო ღრმა დამწვრობას იწვევს, ვიდრე წყალი.

- სითხეები ახსენეთ, ბავშვებში ხშირია  ცხელი წვნიანით, ჩაით, რძით  დამწვრობა...

- ერთი პატარა ფინჯანი ცხელი სითხით დამწვრობა, რაც მოზრდილისთვის პრაქტიკულად არაფერია, ძალიან ხშირად ბავშვს იმხელა ფართობს უზიანებს, რომ ზოგჯერ რეანიმაციაშიც ვათავსებთ.

- ყველაზე რთული რომელი სითხით გამოწვეული დამწვრობაა? მაგალითად რძე, ხორცის ნახარში ხომ უფრო ცხიმიანია, ეს არ ართულებს დამწვრობის მიმდინარეობას?

- რა თქმა უნდა, ეს უკვე თერმოქიმიური დამწვრობაა, ქიმიური დამწვრობა კი უფრო მძიმედ მიმდინარეობს.  კიდევ უფრო ცუდი შედეგით მთავრდება, ღრმა და დიდი ფართობის დაზიანებას იწვევს, მაგალითად, ცხელ სითხეში ჩავარდნა, რადგან ამ შემთხვევაში ცხელი სითხის მოქმედება უფრო ხანგრძლივია და ძალიან ღრმა დაზიანება ხდება.

- ქიმიური დამწვრობა რითი შეიძლება მოხდეს?

- ძირითადად ტუტით და მჟავათი ხდება ამგვარი დამწვრობა. ტუტით დამწვრობა უფრო მძიმე და ღრმაა. გაზავებულმა ტუტემ შეიძლება ისეთივე დონის დაზიანება გამოიწვიოს, როგორიც ძალიან კონცენტრირებულმა მჟავამ. ტუტე ქიმიურ რეაქციაში შედის ორგანიზმთან, ცხიმთან ურთიერთქმედებისას გასაპნება ხდება და ამიტომ მისი მოცილება უფრო რთულია, მჟავა კი ჩამოირეცხება. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამდინარე წყლით დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჩამოირეცხოს და მოიშოროთ დამწვრობის გამომწვევი სითხე. თუ იცით, რომ ტუტით არის გამოწვეული დამწვრობა, მაშინ ძმრის სუსტი ხსნარით დაბანაა შესაძლებელი, რადგან ნეიტრალიზაციის რეაქცია მიდის და ტუტე განეიტრალდება. თუ იცით, რომ მჟავათი მოხდა დამწვრობა, ტუტოვანი, ვთქვათ, სოდიანი ხსნარით შეიძლება დამუშავება და უფრო კარგი შედეგი იქნება. მაგრამ, როგორც წესი, არ იციან ხოლმე, რა სახის სითხით მოხდა დამწვრობა. გარდა ამისა, საკმაოდ პრობლემური და სერიოზული დაზიანებები აღინიშნება ელექტროკონტაქტური დამწვრობების დროს, რაც ხშირად კიდურის დაკარგვასაც კი იწვევს.


- ეს როდის ხდება?

- მაღალი ძაბვის ელექტროსადენებთან უშუალო კონტაქტისას. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ბიჯითი ელექტროტრავმა. მაგალითად, მიწაზე დაგდებულ ელექტრომავთულს როდესაც უახლოვდება ადამიანი გარკვეულ მანძილზე, მაღალი ძაბვისას, საგნებს შორის კონტაქტის გარეშე, ხდება განმუხტვა და შესაძლებელია განვითარდეს საკმაოდ სერიოზული დამწვრობა. ასევე მძიმეა მეხით დაზიანება.

- ამის გარდა, რა ახასიათებს ელექტრულ დამწვრობას? ალბათ შესავალი და გამოსავალი ხვრელებიც იქნება.

- რა თქმა უნდა, ელექტროკონტაქტური დამწვრობის დროს უნდა იყოს შემავალი და გამომავალი წერტილი. ძალიან ხშირად შემავალი ბევრად უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე გამომავალი. გამომავალი წერტილი ძირითადად არის ხოლმე საზარდულებში, ქუსლზე, იღლიებში, თუმცა შეიძლება ვერც დადგინდეს მისი მდებარეობა. ელექტროკონტაქტური დამწვრობისას ძალიან ხშირად მხოლოდ შემავალ და გამომავალ წერტილს ხედავ და ვიზუალურად თითქოს არაფერია, მაგრამ ელექტროკონტაქტისას ხომ წრედი იქმნება. ფიზიკის კანონის შესაბამისად, რაც მეტია წინაღობა, მით მეტი სითბო გამოიყოფა. სპირალის მაგალითი რომ ავიღოთ - რაც მოკლეა სპირალი, მით უფრო კაშკაშებს. სწორედ სპირალის როლს ასრულებს ამ მომენტში სისხლძარღვები, მყესები, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილი. სადაც მეტია წინაღობა, იქ ადგილობრივად სითბოს გამოყოფა დიდია და შესაბამისად ღრმა დაზიანებები მეტია. ამიტომაც ხშირად ელექტროკონტაქტური დაზიანების სამკურნალოდ, სამწუხაროდ, ამპუტაციის გაკეთება გვიწევს. დღესდღეობით ამ სახის დამწვრობამ იკლო იმ პერიოდთან შედარებით, როცა ხშირი იყო სადენების დაზიანება და გასკდომა. მაშინ მომართვიანობა დიდი იყო, განსაკუთრებით ბავშვებში.

- სხივური დამწვრობა რა სახისაა?

- ყველაზე ხშირია მზით დამწვრობა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ზაფხულში. გარუჯვას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა უარყოფითი - ბევრად უფრო მეტი.

- დამწვრობითი დაავადება რითია ორგანიზმისთვის საშიში?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, დამწვრობითი დაავადებების სირთულე განპირობებულია ფართობით, სიღრმით და ადამიანის ასაკით. ამ დროს ხდება ორგანიზმის პოლიორგანული, უსერიოზულესი დაზიანება. მე პირადად მედიცინაში ძნელად მახსენდება სხვა დაავადება, რომლებიც ერთდროულად ამდენ გართულებას იწვევს, რაც დამწვრობით დაავადებას ახლავს თან. დამწვრობითი დაავადება პერიოდებად იყოფა. იგი აუცილებლად იწყება დამწვრობითი შოკით, ეს არის დამწვრობითი დაავადების I პერიოდი. შოკის შემდეგ მოდის II პერიოდი - დამწვრობითი ტოქსემია. ამ დროს ხდება ტოქსინების გამოყოფა, რომლებიც იწოვება ორგანიზმში. ეს პერიოდი შვიდ დღემდე გრძელდება. შემდგომ იწყება III, დამწვრობითი დაავადების სეპტიკოტოქსემიის პერიოდი, რომლის დროსაც ორგანიზმი უფრო მეტად სუსტდება, ცილოვანი დეფიციტი იწყება. IV - რეკონვალესცენციის, ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი. ყველა თანამედროვე საშუალება იმისკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ამოვაგდოთ ტოქსემიის და სეპტიკოტოქსემიის პერიოდი, ანუ მოვაშოროთ ორგანიზმს ის ნეკროზული ქსოვილები, რომლებიც იშლება, რადგან ცილოვანი დაშლის პროდუქტები ყველაზე ძლიერი შხამია, რაც ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს. სწორედ ტოქსემიის პერიოდის ამოგდების მიზნით დავიწყეთ ადრეული ნეკრექტომიის კეთება ერთდროული აუტოდერმოპლასტიკით. პაციენტის შოკიდან გამოსვლისთანავე მექანიკურად ვკვეთთ მკვდარ ქსოვილებს, ჩავდივართ საღ ქსოვილებამდე, შემდგომ ვიღებთ მის აუტოკანს და ვახდენთ გადანერგვას, ეს გვაძლევს დამწვრობითი დაავადების სიმძიმის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ამასთან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დამწვრობითი დაავადების პროგნოზი, ესთეტიკური გამოსავალი და სტატისტიკა.

- დამწვრობის დროს ბევრი თვითმკურნალობას მიმართავს - ზოგი ზეთს ისვამს, ზოგი - ტყემალს და ა.შ. რა არ უნდა გავაკეთოთ პირველი დახმარების აღმოჩენისას?

- პირველ დახმარებას დამწვრობის სიღრმე და ფართი განაპირობებს. მნიშვნელოვანია დამწვრობის გამომწვევი აგენტის მოქმედების ხანგრძლივობა, ანუ ექსპოზიციის დრო. იქ, სადაც დიდი ხანი გრძელდება თბური აგენტის მოქმედება, უფრო ღრმაა დამწვრობა. დDახმარებისას პირველი მცნებაა - სადაც ცხელა, გააცივე. ოღონდ ეს შეეხება მხოლოდ მცირე ზომის ლოკალურ დამწვრობებს. თუ ადამიანს დიდი ფართობი აქვს დამწვარი, იმყოფება შოკში, რაც ისედაც ანგრევს თბორეგულაციას, მას რომ კიდევ ცივი წყალი დავასხათ, დაუშვებელია. სადაც მცირე უბნის ლოკალური დაზიანებაა, იქ უნდა გაგრილდეს, რათა დამწვრობა არ წავიდეს სიღრმეში. თბური აგენტის მოქმედების შემცირება იწვევს შედარებით იოლ გამოსავალს და უკეთეს პროგნოზს. თუ ცხელი წყალი დაგესხათ და ცივი წყლით გაგრილების შესაძლებლობა არ გაქვთ, გაგრილების ერთადერთი საშუალება აორთქლებაა. აორთქლების დროს განიკარგება სითბო და ხდება გაგრილება. თუ დამწვარზე ზეთს წაუსვამთ, ის აორთქლებას უშლის ხელს და დაზიანება სიღრმეში წავა. ასევე არ შეიძლება ვაზელინის შემცველი მალამოს ხმარება, რომელიც ამ დროს დამწვრობის გაღრმავებას იწვევს. ამიტომ პატარა ფართობის დამწვრობისას პირველი დახმარება არის მისი გაცივება, რათა დაზიანება არ გაღრმავდეს  და - ექიმთან მისვლა. თუ დაზიანება დიდ ფართობზეა, ავადმყოფს აკანკალებს, დაბინდული აქვს გონება და ტემპერატურა დაქვეითებულია, შემოახვიეთ პლედი და ექიმთან წაიყვანეთ.

- იგივე გამაგრილებელი ეფექტი სპირტსაც ხომ არ აქვს?

- პატარა ფართის დამწვრობისას სპირტიანი საფენები შეიძლება, ოღონდ მნიშვნელოვანია კონცენტრაცია. სპირტი გაზავებული უნდა იყოს.

- ადგილობრივ, ლოკალურ დამწვრობას როგორ მოვუაროთ?

- ეს ექიმის პრეროგატივაა. არ არის საჭირო თვითშემოქმედება. პირადად მე მინახავს ნახევარპროცენტიანი დამწვრობა ისეთი პრობლემებით, რომ ამპუტაციამდე მივსულვართ.

- სასუნთქი გზების დამწვრობა რამდენად აქტუალურია ზოგადი დამწვრობის დროს?

- ეს ერთ-ერთი ურთულესი და უსერიოზულესი მდგომარეობაა. ხანძრის დროს  ადგილი აქვს არა მარტო დამწვრობას, არამედ თერმულ-ინჰალაციურ დაზიანებასაც, რადგან ჩვენს ირგვლივ პრაქტიკულად ყველაფერი პლასტმასისაა. მომწამვლელი აირებით ნახშირჟანგთან და ცხელ ჰაერთან ერთად ძალიან ღრმა ინტოქსიკაცია ხდება. ამიტომ მექანიკურს ტოქსიკურ-ქიმიური დაზიანებაც ემატება. სასუნთქი გზების დამწვრობა საკმაოდ მძიმე, სერიოზული გართულებების გამომწვევია და შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც. ზოგჯერ რეანიმაციაში ვაწვენთ 0.5%-იანი დამწვრობის დროს, თუკი პაციენტს სასუნთქი გზების დამწვრობაც აქვს. ძალიან ძნელი სამკურნალოა და ხშირად საჭირო ხდება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო ბრონქოსკოპია.

- თქვენ ბრძანეთ, რომ დამწვრობითი დაავადება სერიოზული პოლიორგანული დაავადებაა, შესაბამისად, ძვირად ღირებულიც იქნება  მისი მკურნალობა.

- სახელმწიფომ თავის თავზე აიღო დამწვრობითი დაავადებების მკურნალობა. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არ ჰქონდა მოსახლეობას.