ცელულიტი და წითელი ქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცელულიტი და წითელი ქარი

ცელულიტი

ცელულიტი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციაა. ამ დროს ანთებითი კანის საზღვრები მკვეთრად არ არის შემოფარგლული.

წითელი ქარი

შეიძლება ითქვას, რომ წითელი ქარი არის ცელულიტის ზედაპირული ფორმა. ის მოიცავს საკუთრივ კანს და კანქვეშა ქსოვილის ზედა შრეს. კლინიკური სიმპტომების მიხედვით, წითელი ქარისა და ცელულიტის ერთმანეთისაგან განსხვავება ძალიან ძნელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ წითელი ქარის დროს ანთებადი კანის საზღვრები მკვეთრია, კონტურული რუკის მსგავსადაა შემოფარგლული. კანი მკვეთრი წითელი და მტკივნეულია. ჩვეულებრივ ინფექცია ლოკალიზებულია სახეზე, თუმცა ბოლო პერიოდში შემთხვევათა 85% ქვემო კიდურების დაზიანებით ვლინდება.

როგორია ცელულიტისა და წითელი ქარის სიხშირე

ცელულიტისა და წითელი ქარის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ის ექიმთან მიმართვისა და პაციენტის საავადმყოფოში მოთავსების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ბრიტანეთის მონაცემებით, 2009-2010 წლებში ამ დაავადებით სნეულთა მკურნალობის ხარჯმა 9 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ინფექციის რისკფაქტორები

ცელულიტისა და წითელი ქარის რისკი უფრო მაღალი აქვთ პაციენტებს, რომელთა დიაგნოზიცაა შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნე, იმუნოდეფიციტი. ზოგადად ინფექციის რისკფაქტორებია:

  • წარსულში ცელულიტისა და წითელი ქარის შემთხვევები;
  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ინტრავენური ნარკომანია;
  • იმუნოდეფიციტი/იმუნოსუპრესია;
  • ლიმფედემა;
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • ქვემო კიდურის კანის დაზიანება;
  • ანთებითი დერმატოზები;
  • მწერის ნაკბენი.

ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები კანში მის ზედაპირზე არსებული დეფექტებიდან შეაღწევენ. ეს კი ხშირად ხდება კიდურის შეშუპების, ვენური უკმარისობის, სიმსუქნის, ტრავმის, კანის დაწყლულებისა და კანის დაავადებების დროს. დამაინფიცირებელი მიკროორგანიზმების რეზერვუარია თითებს შორის ადგილი, განსაკუთრებით კანის აქერცვლის და ნახეთქების არსებობისას. ცელულიტის ხშირი გამომწვევი მიკროორგანიზმი სტრეპტოკოკია. ის წარმოქმნის სხვადასხვა ტოქსინს, მათ შორის სტრეპტოკინაზას და ბ დნმ-აზას. სწორედ ეს ტოქსინები იწვევენ იმ თვალში საცემ ცვლილებებს, რომლებიც კანზე ვლინდება. ანტიბიოტიკების გამოყენებისას სტრეპტოკოკების განადგურება – მათი სიკვდილი – იწვევს კიდევ უფრო მეტი ტოქსინის გამოთავისუფლებას. ცელულიტის სურათი უარესდება, კანის ანთების არეალი ფართოვდება, მატულობს სხეულის ტემპერატურა. ცელულიტის ყოველ შეტევას შეიძლება მოჰყვეს ლიმფური სისტემის დაზიანება, რაც თავის მხრივ შემდეგი შეტევის საფუძველია.

დამნაშავე მიკროორგანიზმებიცელულიტი

ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ცელულიტის გამომწვევი ხშირი მიკროორგანიზმია ა ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი. იშვიათად ცელულიტის მიზეზი შეიძლება იყოს გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, ანაერობები, სოკოები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიკროორგანიზმები ცელულიტს იწვევენ ბავშვებში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში. ჩვილებში ჩვეულებრივ ცელულიტი ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის სისხლით გავრცელების შედეგია. ამ დროს აუცილებელია, პაციენტი სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნეს მოთავსებული. ცელულიტი, რომელიც ოპერაციული ჩარევიდან 24 საათზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ვითარდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ა ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან ან კლოსტრიდიასთან. მოგვიანებით ვითარდება ქსოვილებში აირების წარმოქმნა, რაც გამოკვლევისას თავისებური ხმიანობით – კრეპიტაციით ვლინდება. აივ ინფექციის – შიდსის შემთხვევათა ზრდასთან ერთად ცელულიტის სიხშირე იზრდება.


წითელი ქარი

ინფექციათა უმეტესი შემთხვევა დაკავშირებულია ა ჯგუფის სტრეპტოკოკთან, თუმცა შესაძლოა წითელი ქარის მიზეზი იყოს პნევმოკოკი, კლებსიელა, ჰემოფილუსი, იერსინია, მორაქსელა.

იშვიათი გამომწვევები

უფრო იშვიათად ცელულიტისა და წითელი ქარის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰემოფილური ჩხირი;
  • პასტერელა, სტრეპტოკოკის ზოგიერთი სახე – ამ მიკროორგანიზმებით ინფიცირება კატის ან ძაღლის ნაკბენის შედეგია;
  • Vibrio vulnificus, Aeromonas hydrophila – ინფიცირება ზღვის ან მტკნარი წყლის ზემოქმედების შედეგია;
  • Erysipelothrix rhusiopathiae – ხშირია ყასბების, ვეტერინარების, თევზის დამხარისხებლების ინფიცირება;
  • Mycobacterium marinum - ინფიცირების შემთხვევები გვხვდება აკვარიუმის მომვლელთა შორის;
  • აღნიშნულის გათვალისწინებით, როცა ცელულიტისა და წითელი ქარისგან განკურნება იგვიანებს, რეკომენდებულია დაზუსტდეს პაციენტის საქმიანობა.

როგორ ვლინდება დაავადებაცელულიტი

ცელულიტი ხშირად ვლინდება ქვემო კიდურის დაზიანებით და როგორც წესი, ერთ კიდურს აზიანებს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში დაავადება ვლინდება წინასწარ არსებული ინფექციის ფონზე. ასეთებია ტრავმული დაზიანება, ჭრილობა, წყლული ან კანის სხვა დაზიანება. ყურადღებას იპყრობს კანის სიწითლე, შეშუპება, დაზიანებული კანი შეხებისას ცხელია. შეშუპება და სიწითლე ხშირად თანდათან ვრცელდება ირგვლივ მდებარე კანზე, დაზიანებული არის კიდეები ჯანსაღი კანისგან მკვეთრი საზღვრებით არ არის გამოყოფილი. შესაძლოა წარმოიქმნას ბუშტუკები, განვითარდეს ზოგადი სიმპტომები, მაგალითად, ცხელება, სისუსტე. სიწითლე, რომელიც ცელულიტისგან მოშორებით გვხვდება, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ინფექცია გავრცელებულია ლიმფურ სისტემაში. ლიმფანგიტთან ერთად ვითარდება ლიმფური კვანძების გადიდება. ზოგჯერ დაზიანებულ ადგილზე ზეწოლისას შეიძლება შეიგრძნობოდეს პატარა ბუშტუკების სკდომა – კრეპიტაცია. მსგავსი სიმპტომი ანაერობული ორგანიზმებით ინფიცირებას ახასიათებს.

წითელი ქარი

წითელი ქარის დროს ხშირად სახე ან ქვემო კიდური ზიანდება. შემდგომი სამიზნე არეებია მხარი ან ზემო კიდურის სხვა არე. ინფექციის სახეზე ლოკალიზაციისას მისი გავრცელების წყაროა ცხვირ-ხახა, შესაბამისად, სახის არეში ლოკალიზებულ წითელ ქარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხვირ-ხახის ინფექცია. შესაძლოა, წითელი ქარის აღმოცენება დაკავშირებული იყოს ბოლო პერიოდში კანის ტრავმასთან, თუმცა არის შემთხვევები, როცა რაიმე მიზეზი არ ვლინდება. ჩვეულებრივ კანის ინფექციას თან ახლავს სისუსტე, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ - ღებინება ინტოქსიკაციის გამო. კლინიკური სურათი პირველი 48 საათის განმავლობაში უეცრად ვითარდება და ვლინდება ქავილი, წვა, ადგილობრივად მტკივნეულობა. ჩვეულებრივ დაავადება იწყება მცირე ზომის მოწითალო ლაქით, რომელიც მალე პროგრესირებს და ყალიბდება წითელი, გამკვრივებული, დაჭიმული უბანი. მისი კიდეები მკვეთრია, შემოფარგლულია, სწრაფად ფართოვდება 3-6 დღის განმავლობაში. მთელი არე შეშუპებულია, მტკივნეულია, შეხებით თბილია. შესაძლებელია მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება. კანი შეიძლება ჭრილობის მსგავსად მკვეთრი წითელი გახდეს და კაშკაშა წითელი კიდეები ჰქონდეს. სახის არეში ლოკალიზაციისას ანთება სიმეტრიულია, ცხვირის ახლო არიდან ლოყებისაკენ ვრცელდება. შესაძლოა პროცესი ცალმხრივიც იყოს. მძიმე ინფექციისას შესაძლებელია ცხელება, შემცივნება, სახსრების ტკივილი, უმადობა, შესაძლოა განვითარდეს ბუშტუკები, სისხლჩაქცევები, ნეკროზი. ერითემის უკუგანვითარება 7-10 დღის განმავლობაში იწყება და კანი თანდათან ნორმას უბრუნდება. ინფექციის განკურნებისას შესაძლებელია კანის აქერცვლა და ფერის შეცვლა, რაც შეიძლება მუდმივად დარჩეს.

რატომ უნდა მოვერიდოთ თვითდიაგნოსტიკას

მართალია, ზემოთ საკმაოდ დამახასიათებელი სურათი აღვწერეთ, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ საკუთარ თავს დიაგნოზი თავად დავუსვათ. მიზეზი კი ის არის, რომ ანალოგიური სურათი მრავალი დაავადებისა და მდგომარეობის დროს შეიძლება აღმოცენდეს. მათ შორის აღსანიშნავია ღრმა ვენების თრომბოზი, მწერის ნაკბენი, ზედაპირული ვენების თრომბოზი, ეგზემა, ლიმფედემა, ქრონიკული ვენური უკმარისობა, კონტაქტური დერმატიტი, ვასკულიტი, პოდაგრა, სეპტიური ართრიტი, ოსტეომიელიტი, კვანძოვანი ერითემა, მედიკამენტებზე რეაქცია, ალერგია მცენარეების მიმართ, მანეკროზებელი ფასციიტი, მეტასტაზური სიმსივნე. ამ მდგომარეობების ერთმანეთისაგან განსხვავება მხოლოდ ექიმს შეუძლია.

საჭიროა თუ არა კვლევების ჩატარება

ჩვეულებრივ ცელულიტისა და წითელი ქარის დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ და დამატებითი კვლევების საჭიროება იშვიათად ჩნდება. თუ დაავადების კლინიკური სურათი ატიპურია, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მკურნალობის ეფექტი არ ვლინდება, შესაძლოა საჭირო გახდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. დიაგნოსტიკაში შეიძლება დაგვეხმაროს წვრილი ნემსით ასპირაციით მიღებული მასალის მიკროსკოპია. რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა შესაძლოა საჭირო გახდეს ჭრილობაში უცხო სხეულის არსებობაზე ეჭვისას ან მაშინ, როცა სავარაუდოა ძვლის დაზიანება. როცა აღნიშნული ინფექციები განმეორებით ვითარდება, აუცილებელია გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს დიაბეტი ან იმუნოდეფიციტი.

მკურნალობა

წითელი ქარისა და ცელულიტის მკურნალობა ანალოგიურია. მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის შემთხვევების მკურნალობა შესაძლოა ამბულატორიულად ჩატარდეს. ამისათვის რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი საშუალებები, ანტიბიოტიკები. რეკომენდებულია დაზიანებული არის მოსვენება, შემაღლებულ ადგილზე მოთავსება. ეს ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას. აუცილებელია თანმხლები დაავადებების (კანის სოკოვანი დაავადება, ტრავმა, წყლული, ჭრილობა) სათანადო მკურნალობა. რეკომენდებულია კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, რათა კანის სიმშრალე თავიდან ავიცილოთ.


როდისაა აუცილებელი პაციენტის სტაციონარში მოთავსება

როდესაც პაციენტის გამოკვლევისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესაძლებელია ნეკროზული ფასციიტის არსებობა, რაც დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი კრეპიტაციის, კანის ნეკროზის დროს. გარდა ამისა, სტაციონარში მოთავსება აუცილებელია შემდეგი მდგომარეობებისას:

  • სისტემური ინფექციის გამოვლინება და ღებინება;
  • გართულებების ან სავარაუდო ღრმა ინფექციის არსებობა;
  • სახის არეში ლოკალიზებული ინფექცია;
  • ორბიტალური ან პერიორბიტალური ცელულიტი;
  • იმუნური სისტემის დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მძიმე თანმხლები დაავადებები;
  • ლიმფედემა;
  • ერთსა და იმავე ადგილზე განმეორებითი ინფექცია;
  • წლამდე ასაკი;
  • როცა შეუძლებელია ბინაზე მოვლა;
  • ტაბლეტირებული ანტიბიოტიკებით მკურნალობის არაეფექტურობა.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცელულიტსა და წითელ ქარს

ცელულიტისა და წითელი ქარის ხშირი გართულებებია:

  • აბსცესის ფორმირება;
  • განგრენა;
  • თრომბოფლებიტი, ლიმფანგიტი;
  • ქვემო კიდურების ქრონიკული შეშუპება – ეს არის მოგვიანებითი გართულება, რომელიც თავის მხრივ საფუძველს ქმნის რეციდივისათვის.

უფრო იშვიათ (< 1%) გართულებათა შორის აღსანიშნავია:

  • მანეკროზებელი ფასციიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • მწვავე გლომერულონეფრიტი;
  • ენდოკარდიტი;
  • სეპტიცემია;
  • სტრეპტოკოკური შოკი.

როგორ ავიცილოთ თავიდან განმეორებითი ეპიზოდი

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გულდასმით ვუმკურნალოთ ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც ზრდის ცელულიტისა და წითელი ქარის რისკს. ეს მოიცავს შემდგომ ღონისძიებებს:

  • შაქრიანი დიაბეტის კონტროლი;
  • წონის კონტროლი;
  • კიდურზე არსებული ჭრილობების მკურნალობა;
  • კიდურების ქრონიკული შეშუპებისას – კიდურის შემაღლება, წვივის კუნთების ვარჯიში, კომპრესული წინდები;
  • დიაბეტის დროს კიდურის მდგომარეობის ხშირი კონტროლი;
  • კიდურის დაზიანების თავიდან აცილება;
  • ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა განხილულ იქნეს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენების საკითხი, თუმცა დღესდღეობით მათი მეშვეობით შემდგომი შეტევების თავიდან აცილების შესახებ ნაკლები მტკიცებულება არსებობს. არც ის არის ზუსტად დადგენილი, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ასეთი მკურნალობა და რომელი ანტიბიოტიკი და რა ხანგრძლივობით უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზნით.

როგორია პროგნოზი

ცელულიტისა და წითელი ქარის შედარებით იოლი შემთხვევების პროგნოზი კარგია, პაციენტთა უდიდესი ნაწილი სათანადო მკურნალობით გამოჯანსაღდება. ამბულატორიული მკურნალობა წარმატებულია შემთხვევათა 90%-ში. ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისას აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მოთავსება. მკურნალობა ამ შემთხვევებშიც წარმატებულია.