მზის დამწვრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზის დამწვრობა

მზის დამწვრობა და დაკვრა, გადახურება, პიგმენტური ლაქები, ალერგიული რეაქციები, სხვადასხვა დაავადების პროვოცირება - ეს იმ უსიამოვნებათა ზოგადი ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება მიიღოს შედეგად დასახელებულმა კატეგორიამ. მზის დამწვრობის თავისებურებებზე, პირველ დახმარებასა და სხვა რეკომენდაციებზე გვესაუბრება რეფერალური ჰოსპიტალი 2012, ბესიკ იაშვილის სახელობის თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის კომბუსტიოლოგი ქრისტინე სანაშვილი.

- რით განსხვავდება მზის დამწვრობა სხვა თერმული დამწვრობისაგან?

- მზის დამწვრობა ვლინდება 24 საათის განმავლობაში. თუ სხვა სახის დამწვრობების დროს ძირითადი სიმპტომები მაშინვე გამოიხატება, მზის დამწვრობის დროს შესაძლოა მე-2-3 დღეს გამოვლინდეს. გარდა ამისა, მზის დამწვრობა უფრო ზედაპირულია ხოლმე, ძირითადად - პირველი ხარისხისა, ზოგჯერ კი მეორე ხარისხისაც. ამ დროს ფაქტობრივად კანის ანთება ვითარდება. გამოხატულია ჰიპერემია (სისხლსავსეობის გამო კანის შეწითლება), შეშუპება, დამწვარი უბანი შეხებისას ძალზე მტკივნეულია. საერთოდ, რაც უფრო ღრმაა დამწვრობითი ჭრილობა, მით უფრო ნაკლებმტკივნეულია ის. ზედაპირულად მიმდინარე კანის დაზიანებას გაცილებით ძლიერი ტკივილი ახლავს თან. ამას ემატება წვის, ქავილისა და სიმშრალის შეგრძნება.

- როგორ მოვიქცეთ მზის დამწვრობის შემთხვევაში? რას გულისხმობს პირველი დახმარება? როგორია შემდგომი ტაქტიკა?

- პირველ რიგში, საჭიროა დამწვარი უბნის გაგრილება. ამისთვის სასურველია ცივი აბაზანები. კარგ ეფექტს იძლევა რივანოლის ხსნარის საფენები. დაზარალებულმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, ასევე - ანტიჰისტამინური და არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

- მოგეხსენებათ, ხშირად ტრადიციულ ხალხურ მეთოდებს, ცივ მაწონს ან ყინულს მიმართავენ მზის დამწვრობის დროს სიმხურვალისა და ტკივილის დასაამებლად. რამდენად გამართლებულია ეს?

- მაწონს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, მზის დაწვრობის დროს სიმხურვალე გამოაქვს. ამ მიზნით, როგორც უკვე მოგახსენეთ, რივანოლის საფენები ან პანთენოლის სპრეიც შეიძლება გამოვიყენოთ. საზოგადოდ კი ცივი გამდინარე წყლით გაგრილება შვებას ჰგვრის ადამიანს. დაუშვებელია დამწვრობით ჭრილობაზე სოდის ან ძმრის ხსნარის დასხმა. ეს ე.წ. ხალხური მეთოდები უფრო მეტად აზიანებს დამწვარ უბანს.


- მზის დამწვრობის დროს ხშირია კანის აქერცვლა, უფრო სწორად, მისი ზედაპირული შრის - ეპიდერმისის აშრევება. ადამიანები ზოგჯერ ხელოვნურად აჩქარებენ ამ პროცესს, ხელით იძრობენ კანს, ამ გართობა-გართობაში კი სხეულის ზოგიერთი ნაწილის “კანისგან გაშიშვლება” გართულებებით სრულდება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი?

- ასეთ დროს ღრუბლით დაბანა და დამწვარი უბნის უფრო მეტად ტრავმირება არ არის საჭირო. ამით ზედაპირული დაზიანება შესაძლოა უფრო ღრმა დაზიანებაში გადაიზარდოს. მზის დამწვრობის დროს, ისევე როგორც სხვა სახის დამწვრობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პირველი დახმარების სწორად და დროულად აღმოჩენა. არასწორად გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა დაზიანება გააღრმაოს და ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. რა თქმა უნდა, ხელოვნურად კანის აქერცვლაც დაუშვებელია. კანის გაგრილების შემდეგ უმჯობესია დამატენიანებელი მალამო, თუნდაც ბავშვის კრემი წავისვათ. ის ანთებასაც კარგად ებრძვის და კანის რეგენერაციასაც (განახლებასაც) უწყობს ხელს.

- მზის დამწვრობის დროს გაჩენილ სითხით სავსე ბუშტუკებს ხშირად ხელოვნურად ხვრეტენ შიგთავსისგან გათავისუფლების მიზნით. ზოგი ლოდინს ამჯობინებს - ჰგონია, რომ ბუშტუკები თავისთავად გაიწოვება და ალაგდება. რომელი ტაქტიკაა სწორი?

- თვითმკურნალობა არასოდეს არის გამართლებული. ნებისმიერი დამწვრობის დროს უმჯობესია დროულად მივმართოთ ექიმ სპეციალისტს. ის სათანადოდ შეაფასებს მდგომარეობას, ჭრილობას, გაუწევს დაზარალებულს პროფესიულ დახმარებას, მისცემს სათანადო რჩევებს და დააკვალიანებს შემდგომი მოქმედებისთვის. თუ ბუშტუკები მცირე ზომისაა, შესაძლოა თავისთავად გაიწოვოს, სხვა შემთხვევაში კი ისინი სტერილურად უნდა დამუშავდეს, მკვდარი ქსოვილი მოსცილდეს, რათა გამოყენებულ მალამოს უშუალოდ ჭრილობასთან ჰქონდეს შეხება. ეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. სახლის პირობებში ბუშტუკების გახეთქვა, მით უფრო - არასტერილური ხელსაწყოებით მათი აღება-ალაგება, დაუშვებელია - შესაძლოა, ჭრილობაში ინფექცია შეიჭრას და დამწვრობა მძიმე შედეგებით გართულდეს. დიდი ზომის ბუშტუკები თავისთავად ვერ გაიწოვება, მკვდარ ქსოვილს კი რაც უფრო ადრე მოვაშორებთ, უკეთესია. ამით ინტოქსიკაციასაც ავიცილებთ თავიდან.

- პედიატრები მშობლებს ურჩევენ, პატარები, მით უფრო - ჩვილები, ზღვის კურორტზე დასასვენებლად არ წაიყვანონ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ბავშვის ნაზ კანს და მზის დამწვრობის ადვილად განვითარების ალბათობას ასახელებენ. რამდენად არის დამოკიდებული კანის თავისებურებაზე, ასაკსა და სხვა ფაქტორებზე მზის დამწვრობის შესაძლო განვითარება?

- ბავშვის კანი ნაზი და მეტად მგრძნობიარეა. ადვილად ზიანდება. პატარებს, მით უფრო - ჩვილებს, მზის გულზე ყოფნა საერთოდ არ სჭირდებათ. მოგეხსენებათ, დღეს მზეზე ალერგიის შემთხვევებიც ძალზე გახშირებულია, შესაბამისად, მზის დამწვრობას ალერგიული ფონიც ემატება და პაციენტის (ზრდასრული იქნება ის თუ ბავშვი) მდგომარეობა სერიოზულად მძიმდება. რაც შეეხება კანის თავისებურებას, ცხადია, მუქი კანი ნაკლებად იწვის, თეთრი - უფრო ადვილად. გეოგრაფიულ ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტროპიკული სარტყლის მცხოვრებთა კანი ერთგვარად ადაპტირებულია მზის სხივების მოქმედებისადმი. ბუნებრივია, სკანდინავიელი და ქართველი ერთნაირად ვერ გაირუჯებიან და დაიწვებიან.

- დასასრულ, სწორედ გარუჯვის მეტად აქტუალურ საკითხზე მინდა ისაუბროთ. ბოლო ხანს სწრაფად და ეფექტურად გარუჯვის მიზნით ფართო გამოყენება პოვა სტაფილოს წვენის, ლეღვის ფოთლების გამონაწვლილის წასმამ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ამ და სხვა საშუალებების გამო განვითარებული დამწვრობით ბევრი ზარალდება. რას ურჩევთ მკითხველს?

- ლეღვის ფოთლები მართლაც ძალიან პოპულარული გახდა. ზოგი მათ გამონაწვლილს ისვამს გასარუჯად, ზოგიც - ფოთლების ნახარშს. ეს დაუშვებელია. ერთიც და მეორეც შეიცავს ქიმიური დამწვრობისა და ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს. შედეგად, დამწვრობასთან ერთად, ინტოქსიკაციითა და ალერგიული რეაქციითაც ხვდებიან კლინიკაში. დღეს გასარუჯად, კანის ტიპისა და თავისებურების შესაბამისად, უამრავი კრემი არსებობს. გარუჯვის მოყვარულებს ვურჩევ, ისინი გამოიყენონ, მაგრამ ისიც გაითვალისწინონ, რომ გარუჯვა ერთბაშად, ერთ დღეში და მით უფრო რამდენიმე საათში არ ხდება. ზოგი შუადღის საათებშიც კი არ ზოგავს თავს და თაკარა მზეს ეფიცხება. ამ შემთხვევაში, მზის დამწვრობასთან ერთად, ვითარდება მზის დაკვრაც. ზაფხულის დაწყებისთანავე მზის დამწვრობის უკვე 30-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. ახლახან მოიყვანეს კლინიკაში გოგონა, რომელსაც მზეზე ჩაეძინა. 11 საათის შემდეგ საერთოდ არ უნდა მივეფიცხოთ მზეს. ზოგს ჰგონია, რომ თუ წყალში იქნება, არ დაიწვება, ან დამცავ კრემს წაისვამს და შუაგულ მზეზე წამოწოლილი დაცული იქნება. შუადღის საათებში მზის გულზე დამწვრობა გარდაუვალია. იმასაც შეგახსენებთ, რომ მზის რადიაციული და გააქტიურებული გამოსხივება სხვა მხრივაც საშიშია - ონკოლოგიური და უამრავი სხვა პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს. მახსოვს, შარშან ლეღვის ნახარშის გამო მზეზე დამწვარი ერთი გოგონა მოიყვანეს კლინიკაში. სხეულის 90%-ზე გამოხატული იყო დამწვრობა, ზოგიერთ უბანზე - მეორე ხარისხისაც, და მზის დაკვრაც ჰქონდა. კლასიკურად იყო გამოხატული ტიპური დამწვრობითი დაავადება ცხელებითა და სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით. დაზარალებულს ორკვირიანი კომპლექსური მკურნალობა დასჭირდა გადასხმებით, ანტიბიოტიკოთერაპიით, ჭრილობების დამუშავებით და სხვა. მყავდა პაციენტი მამაკაცი ფეხისგულებზე განვითარებული დამწვრობით იმის გამო, რომ გავარვარებულ ასფალტზე ფეხშიშველმა გაიარა.