სებორეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სებორეა

ამის შედეგად მცირდება კანის ანტიმიკრობული თვისებები და იქმნება ხელსაყრელი პირობები ინფექციისთვის, რასაც მუწუკების, ეგზემის, სებორეული დერმატიტის განვითარებამდე მივყავართ. სებორეით უმთავრესად 12-დან 24 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები ავადდებიან. 25-27 წლისთვის “ცხიმოვანი წყალდიდობა” გაივლის. სებორეა სამუდამოდ ადამიანთა მხოლოდ 10%-ს მიჰყვება, უფრო - მამაკაცებს.

რა იწვევს

სებორეის უშუალო მიზეზი უცნობია. მისი ინფექციური წარმოშობის შესახებ თვალსაზრისი პირველად 1873 წელს გამოთქვა მალასეზმა. მან ივარაუდა, რომ სებორეის გამომწვევია მიკროორგანიზმი Pityrosporum ovale. შემდეგ ეს სხვა მეცნიერებმაც დაადასტურეს. დღეს ცნობილია, რომ ეს საფუარა სოკო კანის ნორმალური მიკროფლორის 90%-ს შეადგენს. ის კონცენტრირდება ცხიმოვანი ჯირკვლების გარშემო და ზრდისა და განვითარებისთვის იყენებს მათ სეკრეტს. ჯანსაღი კანი მექანიკურ ბარიერად ეღობება სოკოვანი ფლორის ორგანიზმში შეჭრასა და გამრავლებას. კანის ზედაპირის მჟავა არე, ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლიპიდები, მათი გარდაქმნის პროდუქტები დამღუპველად მოქმედებს ინფექციის გამომწვევებზე. აქერცვლის ფიზიოლოგიური პროცესიც ასრულებს თავდაცვით როლს - მიკროორგანიზმებს აცილებს კანის ზედაპირს, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს სოკოს გამრავლებას. თუ ნორმაში თავის თმოვანი ნაწილის კანზე 46% Pityrosporum ovale-ა, ქერტლის გაჩენისას მისი წილი უკვე 74%-ს აღწევს.

დაავადება შესაძლოა დაამძიმოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნერვულმა სტრესმა - ამ დროს ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ნეირორეგულაცია და მცირდება იმუნური სისტემის უჯრედთა ფუნქციური აქტივობა; იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს საგრძნობლად აქტიურდება საპროფიტური ფლორა თავის თმოვან ნაწილზე;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა - გასტრიტმა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანმა დაავადებამ, ქრონიკულმა კოლიტმა, დისბაქტერიოზმა, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებმა;
  • ჰორმონულმა დარღვევებმა - სებორეის ერთ-ერთი მიზეზია ქალური და მამაკაცური სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევა (ანდროგენების მომატება და ესტროგენების დაკლება); მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის სებოციტი რეაგირებს ანდროგენულ სტიმულაციაზე, და მართლაც, მამაკაცებში სებორეა უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში;
  • ინფექციის ქრონიკულმა კერებმა - ქრონიკულმა ტონზილიტმა, ჰაიმორიტმა, კარიესულმა კბილებმა;
  • ჰიპოვიტამინოზებმა და ავიტამინოზებმა, განსაკუთრებით - ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა;
  • კვებამ - სებორეის გამწვავება შესაძლოა გამოიწვიოს ცხარე, მლაშე საკვებმა, ტკბილეულმა (განსაკუთრებით - შოკოლადმა);
  • პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობამ (კანის დაბინძურებამ);
  • გენეტიკურმა განწყობამ - ქერტლისა და სებორეის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც. არსებობს ე.წ. სებორეული კონსტიტუცია, რომლის დროსაც ძლიერია სებორეისადმი განწყობა. ამ დროს პაციენტებს, ჩვეულებრივ, უდასტურდებათ ოჯახური ანამნეზი, ანუ სებორეის არსებობა ახლო ნათესავებში.

როგორ ვლინდება

სებორეა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს. ესენია თ-ზონა (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) და დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები). სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. განასხვავებენ სებორეის რამდენიმე სახეობას: ცხიმოვანს (სველს), მშრალს და შერეულს. ყველაზე გავრცელებულია ცხიმოვანი ფორმა. ცხიმოვანი სებორეის დროს დაზიანებულ ადგილებს აქვს დამახასიათებელი ბზინვარება. ცხიმოვანი ჯირკვლების ფორები გაფართოებულია, არცთუ იშვიათად დაცობილია მუქი საცობებით (შავი ფერიმჭამელა). კანი გასქელებულია, იღებს ჭუჭყიან-მორუხო შეფერილობას, ემსგავსება ლიმონის ქერქს. თმა ცხიმიანია, შესაძლოა გაჩნდეს გამელოტებული ადგილებიც. გარდა ამისა, სებორეის დროს კანზე შეიძლება შეამჩნიოთ წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები, ანუ ცხიმოვანი კისტები. მშრალი სებორეა შედარებით იშვიათია. დაზიანებული ადგილები სახეზე იქერცლება, მგრძნობიარეა წყლის, საპნისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ. ფორების დაცობის გამო წარმოიქმნება ვულგარული აკნე. მშრალი ფორმის დროს ხშირია ქერტლი და ფერიმჭამელები.


რა არის ქერტლი

ქერტლი თავის თმოვანი ნაწილის კანის ჩამოფცქვნაა. ჩვეულებრივ, მას თან არ ახლავს ანთება. მომატებული ცხიმოვნობის დროს აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც მკვდარი კანის მოშორებაზე არიან პასუხისმგებელი. როდესაც მათი რაოდენობა ნორმაშია, ჩამოფცქვნა შეუმჩნევლად მიმდინარეობს; როდესაც იმატებს - მათი “შრომის” შედეგიც შესამჩნევი ხდება. მაშასადამე, ქერტლის მიზეზი თავის კანის მიკროფლორის დისბალანსია. ბევრი ქერტლს დროებით უსიამოვნებად მიიჩნევს. სინამდვილეში ეს დაავადების გამოხატულებაა, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და იმედი არ გვქონდეს, რომ თავისთავად გაქრება. მართალია, იგი უმთავრესად თავის თმოვან ნაწილზე ლოკალიზდება, მაგრამ ორგანიზმის სისტემური პრობლემაა. ამას ერთვის ავადმყოფის ფსიქოლოგიური დისკომფორტი და სოციალური დეზადაპტაციაც. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 12 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ადამიანს ქერტლი ან სებორეის სხვა გამოვლინება აქვს. ბევრს მიაჩნია, რომ ქერცლი კანის სიმშრალის ბრალია, ამიტომ იშვიათად იბანს თავს, ეს კი პროცესს აძლიერებს. ზოგჯერ ქერტლის ფენები იმდენად სქელია, რომ ანთებითი ერითემა არც კი ჩანს კანზე.

მკურნალობა

უნდა გვახსოვდეს, რომ ქერტლი და სებორეა გამოხატულებაა სისტემური დაავადებისა, რომელიც გამწვავება-ჩაცხრობის მონაცვლეობით მიმდინარეობს. მათთვის, ვისაც სებორეული კონსტიტუცია აქვს, რეკომენდებულია ცხოველური ცხიმის, შემწვარი, ცხარე, სანალებლებიანი კერძებისა და ტკბილეულის (განსაკუთრებით - შოკოლადის), ყავის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე და აძლიერებს ცხიმის სინთეზს. რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ვიტამინები, რომელთა უკმარისობა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო შინაგან ორგანოებზე, არამედ კანზეც. უკუნაჩვენებია აბანო, საუნა, ცხელი და ტენიანი მიკროკლიმატი. რემისიის პერიოდში აუცილებელია კანის რაცონალური მოვლა დერმატოლოგისა და კოსმეტოლოგის რჩევების მიხედვით.

თმის მოვლა

თმის მოვლა, ისევე როგორც კანისა, მოიცავს გაწმენდას, კვებას, დატენიანებას და დაცვას. სწორად, თმის ტიპის, სიგრძის, სისქის, შეღებვის ფაქტორის, ქიმიური დახვევის გათვალისწინებით, უნდა შევარჩიოთ შამპუნი, კონდიციონერი და ტონიკი. სასურველია, გამოვიყენოთ რბილი შამპუნი, რომელიც თავის კანს მჟავიანობას უნარჩუნებს და ფაქიზად ასუფთავებს ცხიმისგან. ვარცხნილობის საფიქსაციო საშუალებები (გელი, მუსი, ლაქი) თმისა და კანის ზედაპირზე წარმოქმნის გაუმტარ აპკს, ამიტომ მათი გამოყენების შემდეგ თავი გულდასმით უნდა დავიბანოთ. ამ საშუალებების ხშირმა და არარაციონალურმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ცვლილებები თავის კანში და ხელი შეუწყოს ქერტლის წარმოქმნას. დამცავი ფუნქცია აქვს ბალზამსაც, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერ ფილტრს. მისი გამოყენება აუცილებელია, თუ დიდხანს გვიწევს მზეზე ყოფნა. სებორეას ისევე მკურნალობენ, როგორც ქერტლს. ამ დროს ხმარობენ შამპუნებს, რომლებიც შეიცავს თუთიის პროპიონატს, სელენის სულფიდს, სალიცილის მჟავას, ფისს და კეტოკონაზოლს. თუთიის პროპიონატი წყალში არ იხსნება, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია კრემის, ლოსიონის, ჟელეს სახით. მის საფუძველზე ამზადებენ სუსპენზიებს. მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის შემცირებას. სელენის სულფიდი აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების განახლებას და თრგუნავს ცხიმების დახლეჩის პროცესს. ფისი ამცირებს ლიპიდების სინთეზს, თრგუნავს ეპიდერმისის უჯრედების გამრავლებას. სალიცილის მჟავას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ჩამომფცქვნელი (კერატოლიზური) ეფექტი. სელენის ხშირი გამოყენება აძლიერებს ცხიმის გამოყოფას და შესაძლოა, სებორეის მიმდინარეობა დაამძიმოს. ქერტლისა და სებორეის სამკურნალოდ უკანასკნელ ხანს იყენებენ ჰორმონებს - გლუკოკორტიკოიდებს. კორტიკოსტეროიდებს, ჩვეულებრივ, უნიშნავენ სებორეული ეგზემის და სებორეული დერმატიტის მძიმე ფორმის დროს. სოკოვანი საშუალებებიდან გამოიყენება პიროქტონოლამინი (ოკტოპიროქსი), კლიმბაზოლი, კეტოკონაზოლი და სხვა. პიროქტონოლამინს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტთან ერთად აქვს ბაქტერიოციდული მოქმედებაც და ხელს უშლის მიკროფლორის მიერთებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქავილის დროს, როდესაც კანზე ჩნდება ნაკაწრები და წარმოიშობა ინფექციის შეჭრის საფრთხე. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს აქერცვლას, ასუტებს ან აქრობს ქავილს და თავის კანის გაღიზიანებას. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებს ხშირად ამატებენ ცხიმის გამოყოფის კორექტორებს, მაგალითად, გოგირდის პრეპარატებს, რომლებიც, ამასთან ერთად, ანთებით პროცესსაც ამცირებს.