კიდევ ერთხელ ფსორიაზზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ფსორიაზზე

- ფსორიაზის წარმოშობას, როგორც ცნობილია, სხვადასხვა თეორიით ხსნიან. რა სიახლეა სადღეისოდ ამ კუთხით?

- ფსორიაზის ეტიოლოგია, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია და აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ის ქრონიკული არაინფექციური ბუნების დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს. ფსორიაზი საკმაოდ გავრცელებულია - მის წილად მოდის კანის დაავადების შემთხვევათა 2-4%. დაავადება უმეტესად ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, ხოლო მამაკაცები ქალებზე ხშირად ავადდებიან. ფსორიაზი გენეტიკურად დეტერმინირებული პათოლოგიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა თაობებს შთამომავლობით გადაეცემათ. სტრესი, ვიტამინების ნაკლებობა (კერძოდ, A ვიტამინის დეფიციტი), ანტიბიოტიკების დარტყმითი დოზები, სტრეპკოკოკული ინფექცია ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორებად გვევლინება. ფსორიაზი შესაძლოა თან ახლდეს ისეთ ენდოკრინულ დაავადებას, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი. თავად ფსორიაზით დაავადებულებსაც ხშირად აქვთ ენდოკრინული პათოლოგიები და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევა, რაც, მაგალითად, მელატონინის სეკრეციის მოშლით ან ინსულინის დონის მომატებით გამოიხატება.

- ცნობილია, რომ აქტიურად განიხილავენ ფსორიაზის განვითარებაში აუტოიმუნური მექანიზმების როლსაც...

- რამდენიმე თეორია არსებობს - გენეტიკური, ნერვულ-ინფექციური, აუტოიმუნური, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ფსორიაზი დღემდე გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებად რჩება.

- ძირითად სიმპტომებზე რას გვეტყვით?

- ფსორიაზისთვის დამახასიათებელია აქერცვლადი პაპულების განვითარება. დაავადება არ არის გადამდები. თუმცა იმის გამო, რომ ვიზუალიზდება, ფსიქოემოციური თვალსაზრისით, კანის სხვა დაავადებათა მსგავსად, მეტად მძიმე და რთულია. გამონაყარი უმთავრესად სხეულის გამშლელ არეებზე - მუხლებზე, იდაყვებზე, ასევე - თავის თმიან ნაწილზე ჩნდება, საზოგადოდ კი შესაძლოა, სხეულის ნებისმიერი არე მოიცვას. ფსორიაზულ გამონაყარს მეტწილად სიმეტრიული ხასიათი აქვს. ფსორიაზული ელემენტები ზოგჯერ იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მთელ ტანს ედება. სახესა და ლორწოვანზე გამონაყარი იშვიათია. მართალია, პაპულები იქერცლება და ხშირად ძალიან ჰგავს სოკოვან პათოლოგიას, მაგრამ უნდა მოხდეს მისი სწორად დიფერენცირება და დიაგნოსტიკა. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის. ფსორიაზული ელემენტები დროდადრო ფერმკრთალდება და პიგმენტირებულ უბნებს ტოვებს.

- რამდენად ხშირია ქავილის გამო მეორეული ინფექცია?

- ქავილი შეიძლება იყოს სუსტიც და ძლიერიც. მეორეული პიოდერმიით ფსორიაზი იშვიათად რთულდება, თუმცა არსებობს დაავადების პუსტულოზური ფორმა. ამ დროს პუსტულები - ჩირქის შემცველი ბუშტუკები - მექანიკური გაღიზიანების გამო შესაძლოა მეორეული ინფექციის კარიბჭედ იქცეს, თუმცა ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნურ სტატუსსა და სხვა ფაქტორებზე.


- რამდენად ხშირია ფსორიაზის დროს ფრჩხილების, სახსრებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება?

- ფსორიაზის დროს კანის გარდა ზიანდება ფრჩხილები და სახსრებიც (ართროპათიული ფსორიაზი). ფრჩხილის ფირფიტა ამ დროს დესტრუქციულია, არაერთგვაროვანი, ყვითელი და მყიფე (ადვილად ფშვნადია). უჩნდება ჩანაჭდევები, რის გამოც მას სათითეს ადარებენ. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი სოკოვანი ინფექციისგან მისი დიფერენცირება. მით უმეტეს, რომ არსებობენ პაციენტები, რომელთაც ფსორიაზი მხოლოდ ფრჩხილების დაზიანებით აქვთ გამოხატული. რაც შეეხება ართროპათიულ ფსორიაზს, ამ დროს უპირატესად მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრები ზიანდება. დიდი სახსრების დაზიანება შედარებით იშვიათია. სახსარში გამოხატულ ანთებას თავდაპირველად ტკივილი ახლავს თან, პათოლოგიური პროცესის გაღრმავებისდაკვალად კი შესაძლოა საქმე უმოძრაობამდეც კი მივიდეს. ფსორიაზის ართროპათიული ფორმების მკურნალობა სასურველია რევმატოლოგთან ერთად (კომბინაციაში), რათა გართულებები დროულად ავიცილოთ თავიდან.

- მზის სხივებით, საზოგადოდ, თალასოთერაპიით ფსორიაზის მკურნალობაზე რას გვეტყვით?

- ფსორიაზის რამდენიმე ფორმა არსებობს. უპირველეს ყოვლისა - გაზაფხულისა და შემოდგომის ფორმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსორიაზი სეზონურად მწვავდება. მას ძალიან უხდება მზის სხივები, ამიტომ ფსორიაზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ზღვის კურორტებზე დასვენება. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგია ურეკი და ნუნისი. აუცილებელია აგრეთვე A, E და B ჯგუფის ვიტამინების მიღება. საწყის სტადიაზე ფსორიაზის სამკურნალოდ სწორედ ვიტამინოთერაპიაა რეკომენდებული. ზოგს ჰგონია, რომ ძლიერმოქმედი ჰორმონული პრეპარატები (არსებობს ერთჯერადი ინექციებიც), რომლებიც მყისიერად ახდენს ეფექტს, დაავადებას კურნავს. სინამდვილეში პირიქით არის - ასეთმა მკურნალობამ შესაძლოა შემდგომ სხეულის ფართო უბნების დაზიანებას მისცეს დასაბამი, ამიტომ ჰორმონოთერაპიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ. ფსორიაზის უკუგანვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს სპეციალური არაჰორმონული პრეპარატებიც, ოღონდ ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს რემისიის პერიოდში და არა გამწვავების დროს. ეს პრეპარატები კანის შესაბამისი შრეების აღდგენას უწყობს ხელს. უნდა ითქვას ისიც, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება ამწვავებს ფსორიაზის მიმდინარეობას, ამიტომ პაციენტები ზედმიწევნით უნდა ერიდონ ამ სახის მედიკამენტებს. მინდა, ვახსენო კიობნერის სინდრომიც - ფსორიაზის დროს კანის მექანიკური გაღიზიანება იწვევს ახალი პათოლოგიური ელემენტების განვითარებას. ამრიგად, კანის გაკაწვრა, გაჩხაპნა ახალ უბნებზე პათოლოგიური პროცესის დაწყების მაპროვოცირებელია.

- როგორი უნდა იყოს ფსორიაზით დაავადებულთა დიეტა? რეკომენდებულია თუ არა მათთვის ხშირი შხაპი და წყლის პროცედურები?

- ფსორიაზით დაავადებულები უნდა ერიდონ ცხარე საკვებს, მიირთვან ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. არავითარი სხვა შეზღუდვა მათ არ უწესდებათ. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არსებობს სპეციალური შხაპგელები, რომლებიც არბილებს და ატენიანებს კანს. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთათვის ყველა დასაბანი საშუალება არ არის რეკომენდებული. დასასრულ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თევზებით თერაპიაზეც. ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია თურქეთში. მოშენებული ჰყავთ სპეციალური პატარა თევზები, რომლებიც აუზში ჩასულ პაციენტთან მიცურდებიან და სხეულიდან აცლიან კანის მკვდარ, გარქოვანებულ უჯრედებს, რომლებითაც იკვებებიან. მკურნალობის ეს მეთოდი ვიზუალური თვალსაზრისით ერთგვარ ეფექტს მართლაც ახდენს.