კანისა და მისი დანამატების სოკოვანი ინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანისა და მისი დანამატების სოკოვანი ინფექცია

ზოოფილური დერმატოფიტებია Trichophyton mentagrophytes v. gypseum, Trichophyton verrucosum, Microsporum canis და სხვა. მათი საარსებო გარემო ცხოველების ორგანიზმია. ანთროპოფილური სოკოებია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes v. interdigitale, Microsporum ferrugineum, Epidermophyton floccosum და სხვა. მათი წყარო ადამიანია. გეოფილური სახეობები (Microsporum gypseum) კი ნიადაგში ბინადრობენ. დერმატოფიტები მაღალკონტაგიოზურია ანუ ადვილად გადაეცემა ადამიანს როგორც ადამიანისგან, ასევე ცხოველისგან ან ნიადაგიდან. ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები ანთროპოფილური სახეობებია. ზედაპირულ მიკოზებს მიეკუთვნება აგრეთვე კერატომიკოზები: ფერადი ლიქენი და პიედრა, - რომელთა დროსაც ზიანდება კანის რქოვანა შრის ყველაზე ზედაპირული უბნები და თმის კუტიკულა. ფერადი (იგივე ქატოსებრი) ლიქენისა და სებორეული დერმატიტის გამომწვევია საფუარას მსგავსი სოკო - Malassezia furfur, რომელიც ადამიანისა და ცხოველების კანზე ბინადრობს. ხელსაყრელ პირობებში ეს სოკო აზიანებს ეპიდერმისის რქოვანა შრეს და თმის ფოლიკულებს. დაავადება უმეტესად არაკონტაგიოზურია. შავი და თეთრი პიედრა, ჩვეულებრივ, ცხელი და ნოტიო კლიმატის ქვეყნებში გვხვდება. დაავადება ნაკლებკონტაგიოზურია. შავ პიედრას იწვევს Piedraia hortae, რომელიც მხოლოდ თმაში ბინადრობს. გარემოში ფართოდ არის გავრცელებული თრიცჰოსპორონ ბეიგელიი, რომელიც, თეთრი პიედრას მსგავსად, კანისა და ფრჩხილების დაზიანებათა გამომწვევია. გარდა ჭეშმარიტი დერმატოფიტებისა, რომლებიც მხოლოდ კანსა და მის დანამატებს აზიანებს, ზედაპირული მიკოზები შესაძლოა სხვა სოკოებმაც გამოიწვიოს. ეს სოკოები სისტემური მიკოზების დროს სხვადასხვა ადგილიდან გამოიყოფა. დერმატომიკოზებისა და ონიქომიკოზების დროს დერმატოფიტების შემდეგ ყველაზე ხშირად გამოიყოფა Candida spp.. ათიდან 4 შემთხვევაში მტევნების ონიქომიკოზს კანდიდა იწვევს. აღწერილია აგრეთვე თავის თმიანი ნაწილის დაზიანება საფუარას მსგავსი სოკოებით. ამ პათოლოგიას ხშირად სებორეული ეგზემის მსგავსი კლინიკური სურათი აქვს. კანდიდოზის ზედაპირულ ფორმებს მიეკუთვნება აგრეთვე პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და სასქესო ორგანოთა დაზიანება. ობის სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზები (ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება) დღემდე დავის საგანია. ობის სოკოებს, საზოგადოდ, სუსტი პროტეინაზული და კერატინაზული (პროტეინებისა და კერატინის დამშლელი ანუ პროტეინაზას და კერატინაზას მსგავსი) მოქმედება ახასიათებთ, შესაბამისად, ძალზე საეჭვოა, ამ პირობითპათოგენურმა სოკოებმა დამოუკიდებლად შეძლონ ფრჩხილების დაზიანება. ცნობილია, რომ ობის სოკოები ვლინდება როგორც მეორეული ინფექცია, რომელიც მოგვიანებით იჭრება დერმატოფიტების მიერ დაზიანებულ ქსოვილებში. მრავალწლიანმა გამოკვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ზოგიერთი ობის სოკო ფრჩხილების უჯრედშორის სივრცეში პერფორატული (მთლიანობადარღვეული) ორგანოდან იჭრება. კანისა და ფრჩხილების დაზიანებას ობის სოკოებიდან ყველაზე ხშირად იწვევს: Scopulariopsis brevicaulis, Pyrenochaeta unguis-hominis, Aspergillus spp., Fusarium spp., Alternaria spp., Cladosporium spp. და სხვა.

სოკოვანი ინფექციის კლასიფიკაცია

სოკოვანი ინფექციის კლასიფიკაციის მრავალი ვარიანტი არსებობს. თოთოეული მათგანი მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს დაავადების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკურ სურათსა და ეპიდემიოლოგიურ თავისებურებებს. რუსეთის დერმატოლოგიური სკოლა ყველაზე ხშირად იყენებს ნ.დ. შეკლაკოვის კლასიფიკაციას:

1. კერატომიკოზები (ფერადი ლიქენი, პიედრა და სხვა);

2. დერმატოფიტები (ეპიდერმოფიტია, ტრიქოფიტია, მიკროსპორია, რუბრომიკოზი, ფავუსი და სხვა);

3. კანდიდოზი (კანისა და ლოწოვანი გარსების ზედაპირული კანდიდოზი, ვისცერული კანდიდოზი და სხვა);

4. ღრმა მიკოზები (ქრომომიკოზი, სპოროტრიქოზი და სხვა);

5. ფსევდომიკოზები (ერითრაზმა, აქტინომიკოზი, ნოკარდიოზი და სხვა).

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებულია სოკოვანი დაავადების კლასიფიკაცია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით:

  • Tinea pedis - ტერფის მიკოზი;
  • Tinea corporis - სხეულის გლუვი კანის მიკოზი;
  • Tinea cruris - საზარდულის მიკოზი;
  • Tinea capitis - თავის თმიანი ნაწილის მიკოზი;
  • Tinea unguim - ონიქომიკოზი;
  • Tinea manum - მტევნების მიკოზი;
  • Tinea barbae - სახის მიკოზი.

ასეთი კლასიფიკაცია ხელსაყრელია პრაქტიკული თვალსაზრისით, თუმცა არ ითვალისწინებს დერმატოფიტიის ეტიოლოგიურ თავისებურებებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებათა ხასიათსა და მკურნალობის სპეციფიკას განსაზღვრავს.

სოკოვანი ინფექციის ძირითადი კლინიკური თავისებურებანი

ტერფის მიკოზის დროს უმთავრესად თითებშუა ნაკეცები და ტერფის ფეხისგულისკენა (ძირისკენა) ზედაპირი ზიანდება. თითებშუა ნაკეცებში შეინიშნება კანის მსუბუქი აქერცვლა ანთების უმნიშვნელო ნიშნებთან ერთად, ზომიერი მაცერაცია, ნახეთქები და ბუშტუკები. ფეხისგულზე რქოვანა შრე სქელდება, კანი იქერცლება, სუსტად ჰიპერემირებულ (სისხლსავსეობის გამო გაწითლებულ) ფონზე პატარ-პატარა ნახეთქები ჩნდება. დისტროფიული ფორმის დროს მრავლობითი ბუშტუკები წარმოიქმნება ტერფის გვერდითა ზედაპირის კანზეც. მოგვიანებით ბუშტუკები ერთმანეთს ერწყმის, გამსკდარი ბუშტუკების ადგილას კი უსწორმასწოროკიდეებიანი ეროზიები რჩება. სხეულის გლუვი კანის მიკოზი - ფერადი ლიქენის დროს მოყავისფრო და თეთრი ლაქები, ჩვეულებრივ, მკერდის, ზურგის, კისრისა და მხრების კანზე ჩნდება. აქერცვლად კერებს მკვეთრი საზღვრები აქვს და ანთებითი მოვლენები არ ახლავს თან. სხვა პათოგენური სოკოებით კანის დაზიანებისას წარმოიქმნება მკვეთრად შემოსაზღვრული, მომრგვალო, შეშუპებული, ოდნავ ამობურცული კერები. დაზიანების კერის ცენტრალური ნაწილი გამკვრივებულია და უმნიშვნელოდ აქერცვლადი. ეს კერები ზომაში იმატებს პერიფერიული ზრდის ხარჯზე. თავის თმიანი ნაწილის მიკოზი ყველაზე ხშირად ბავშვებთან შეინიშნება. დაავადება მჟღავნდება გამელოტების მსხვილი, მომრგვალო, მკვეთრად შემოსაზღვრული და აქერცვლადი კერებით. მიკროსკოპული შესწავლისას პათოლოგიური კერის ფარგლებში კანის ზედაპირიდან რამდენიმე მილიმეტრზე თმას ფერი შეცვლილი აქვს და მტვრევადია. ტრიქოფიტიის დროს თმა კანის დონეზევე იმტვრევა და ტოვებს კვალს შავი წერტილების სახით. ზოოფილურ გამომწვევებს (ანუ ცხოველების ორგანიზმში მობინადრე სოკოებს) შეუძლიათ გამოიწვიონ დერმატოფიტიის ინფილტრაციულ-დაჩირქებადი ფორმები. ამ ფორმების დროს დაზიანებული კერები კანის ზედაპირიდან ამობურცულია, დაფარულია ჩირქიან-სისხლიანი ქერქებით. ამ უბნებში შეინიშნება თმის ცვენაც. ონიქომიკოზი - ფრჩხილების დაზიანებას სხვადასხვა ტიპის სოკო იწვევს. ფრჩხილის ფირფიტა, განურჩევლად პათოლოგიის ფორმისა, გამჭვირვალობას კარგავს, ფერს იცვლის (მოთეთრო-მოყვითალო ხდება), სქელდება. ფრჩხილის ქვეშ აღინიშნება ჰიპერკერატოზი (გარქოვანება), მტვრევადობა და სრული დაზიანება.

როგორ მკურნალობენ სოკოვან ინფექციებს

კანისა და ფრჩხილების სხვადასხვა მიკოზურ დაზიანებას სოკოს საწინააღმდეგო (ანტიმიკოზური) პრეპარატებით მკურნალობენ. ისინი ორგვარია - სისტემური მოქმედებისა და გარეგანი მოხმარების. პრაქტიკაში გამოიყენება როგორც მონოთერაპია, ისე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სხვადასხვა კომბინაციაც. სოკოვანი ინფექციის თერაპია უმეტესად კომპლექსურია და ერთდროულად მოიცავს გარეგანი მოხმარების ანტიმიკოზურ საშუალებებს, სისტემურ პრეპარატებსა და სიმპტომურ მკურნალობას. სოკოვანი ინფექციის ადრეულ სტადიაზე, როდესაც პროცესი შორს ჯერ კიდევ არ არის წასული და კანის მცირე უბნები ზედაპირულად, შედარებით მსუბუქადაა დაზიანებული, დაავადება შესაძლოა განიკურნოს მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის მოწოდებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებითაც. გავრცობილი ან ღრმა მიკოზური პროცესის დროს, აგრეთვე - იმ პაციენტებთან, რომელთაც დაზიანებული აქვთ თმა და ფრჩხილები, მკურნალობა უფრო ძნელია. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სპეციფიკური სამკურნალო საშუალებებია, რომლებსაც ახასიათებს ფუნგიციდური (სოკოვანი უჯრედების დამღუპველი) და ფუნგისტატიკური (ახალი სოკოვანი უჯრედების წარმოქმნის შემაჩერებელი, დამთრგუნველი) მოქმედება. საზოგადოდ, ონიქომიკოზი (ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება) თერაპიისადმი მეტად რეზისტენტული (გამძლე) დაავადებაა. მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ინდივიდუალურად შერჩეულ სქემაზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პაციენტის ასაკს, თანმხლებ დაავადებებს, დაზიანებული ფრჩხილების რაოდენობას, პათოლოგიურ პროცესში ფრჩხილის ფირფიტების ჩართულობის ხარისხს და სხვა.