ოსტეოპოროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეოპოროზი

 

ხშირია თუ არა ოსტეოპოროზი

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ არ არსებობს არც ერთი რასა, ერი თუ ქვეყანა, ოსტეოპოროზი რომ არ იყოს გავრცელებული. უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში ერთად ოსტეოპოროზით დაავადებული 75 მლნ კაცია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ეს დაავადება აქვს ყოველ მესამე ქალს პოსტმენოპაუზურ ასაკში და 70 წელს გადაცილებული ქალებისა და მამაკაცების თითქმის ნახევარს.

იცვლება თუ არა ძვალი

ძვალი ხრტილოვან ქსოვილთან ერთად ქმნის ჩონჩხოვან სისტემას. ძვლოვანი ქსოვილი ორგანიზმში ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას - მექანიკურს (ქმნის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს), დამცველობითს (წარმოადგენს კარკასს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისთვის, მათ შორის - ძვლის ტვინისათვის) და მეტაბოლურს (წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფორის დეპოს და მონაწილეობს მთელი ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში). ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ძველი ძვლის ქსოვილის რღვევა და ახლის წარმოქმნა. ამ პროცესს რემოდელირებას უწოდებენ. ძვლის სტრუქტურის ყოველ ცალკეულ ერთეულში რემოდელირება მიმდინარეობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ძვალი განიცდის მასიურ რემოდელირებას - ამ დროს მისი წარმოქმნა სჭარბობს რღვევას (რეზორბციას). რემოდელირების ტემპი ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად იკლებს. 25 წლისთვის ძვლოვანი მასა პიკს აღწევს. ძვლოვანი ქსოვილის დაბალი პიკური მასის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა და არასწორი კვება. 25-დან 35 წლამდე რეზორბციისა და ფორმირების პროცესებს შორის მყარდება გარკვეული ბალანსი, მერე კი იწყება ძვლოვანი მასის კარგვის პერიოდი. თავდაპირველად კარგვა უმნიშვნელოა - წელიწადში 0,3-0,5%-ს არ აღემატება. ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ ეს პროცესი ჩქარდება - კარგვა წელიწადში 2-3%-ს აღწევს. ასე გრძელდება 65-70 წლამდე, რის შემდეგაც ძვლის მასის კარგვის პროცესი ისევ ნელდება - 0,3-0,5%-მდე იკლებს. მთლიანობაში იცვლება ძვლის აგებულება და ასაკთან დაკავშირებული მოხუცებულობითი ატროფიის შედეგად იგი უფრო მყიფე ხდება.

რატომ ვითარდება ოსტეოპოროზი

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ოსტეოპოროზს. პირველადია პოსტმენოპაუზის პერიოდისა და სენილური ოსტეოპოროზი, რომელიც უვითარდება ქალს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ, ასევე - ხანში შესულთა ოსტეოპოროზი. ეს ფორმა შემთხვევათა საერთო ოდენობის 85%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გამოყოფენ იუვენილურ (ახალგაზრდა ასაკში განვითარებულ) და იდიოპათიურ (უცნობი მიზეზით აღმოცენებულ) ოსტეოპოროზს. მეორეული ოსტეოპოროზი სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების მიღების შედეგად ვითარდება. მისი მიზეზია ძვლოვანი რემოდელირების პროცესების დისბალანსი. მეორეული ოსტეოპოროზი ვითარდება ენდოკრინული (იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპარათირეოზი, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სხვ.), რევმატული (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი), საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები), თირკმლის (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და სხვა), სისხლის (მიელომური დაავადება, თალასემია, ლეიკოზები და ლიმფომები), სასუნთქი სისტემის (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები) დაავადებების ფონზე, აგრეთვე - ზოგიერთი სხვა მდგომარეობის დროს (იმობილიზაცია, ალკოჰოლიზმი, ნერვული ანორექსია, კვების დარღვევა, ოვარიოექტომიის შემდეგ და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტის (კორტიკოსტეროიდები, ანტიკონვულსანტები, თირეოიდული ჰორმონები, იმუნოდეპრესანტები, ალუმინ-შემცველი ანტაციდები, ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი), ლითიუმის პრეპარატები, ქიმიოთერაპია, ტეტრაციკლინის პრეპარატები, შარდმდენები (ფუროსემიდი), ფენოთიაზინის პრეპარატები და სხვა) ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში.


ხელშემწყობი ფაქტორები

ოსტეოპოროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი გარეგანი თუ ინდივიდუალური ფაქტორი. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ჩონჩხის ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე და ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვა პერიმენოპაუზის პერიოდში;
  • მდედრობითი სქესი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ნაადრევი მენოპაუზა - ბუნებრივი ან ქირურგიული (საკვერცხეების მთლიანად ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის მოცილება), სასქესო ჰორმონების (ესტროგენები, ტესტოსტერონი) დაბალი დონე, მენსტრუაციის გვიანი დასაწყისი, ხანგრძლივი ამენორეა მენოპაუზის დადგომამდე, უშვილობა; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის გინეკოლოგიური ანამნეზი: მშობიარობა, ძუძუთი კვება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • გენეტიკური განწყობა, ეთნიკური კუთვნილება (თეთრი და აზიური რასა);
  • მცირე წონა და სიმაღლე;
  • გენერალიზებული ოსტეოართროზი;
  • ცხოვრების სტილი (მცირე ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა);
  • კვების თავისებურებები (საკვებით კალციუმის მიწოდების შემცირება, კალციუმის მცირე მოხმარება, ხორცის ჭარბი მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, D ვიტამინის დეფიციტი);
  • ყავის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.

ოსტეოპოროზის გამოვლინება

ოსტეოპოროზი ნელა ვითარდება და აქვს ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი. დაავადებას ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ, როცა მოტეხილობის შემდეგ ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძვლოვან ცვლილებებს (დემინერალიზაციას), ხერხემლის მალების სიმაღლის შემცირებასა და მათ სოლისებრ დეფორმაციას ავლენს. ოსტეოპოროზი უნდა ვიეჭვოთ, თუ შეინიშნება:

  • აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ზურგის მომრგვალება და წინ წამოწეული მუცელი;
  • მოუხერხებელი მოძრაობის ან მძიმე საგნის აწევის დროს ზურგის ტკივილის ეპიზოდები;
  • ადვილად დაღლა და ზურგის არეში ყრუ ტკივილების არსებობა ერთსა და იმავე პოზაში დგომის ან სიარულის დროს.

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა

ტრადიციული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად რეკომენდებულია ე. წ. ძვლის დუალენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია, რომელიც ძვლის მინერალურ სიმკვრივეს მაღალი სიზუსტით ზომავს. ეს მეთოდი კომფორტული, მარტივი და ხელმისაწვდომია, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა კლინიკაში არ ტარდება.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო ღონისძიებებია:

  • ბავშვობიდან კალციუმისა და D ვიტამინის სათანადო რაოდენობით მიღება;
  • ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში კალციუმის მიღება;
  • აქტიური ცხოვრების წესი, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ზომიერი დატვირთვით;
  • ხელშემწყობი ფაქტორების მაქსიმალური შემცირება.

მეორეული პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს, როცა დადასტურებულია ოსტეოპოროზის რისკფაქტორი, მაგალითად, ნაადრევი ან ხელოვნური მენოპაუზა, ჰიპოგონადიზმი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა დაავადება. ამ დროს უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევა კალციუმის პრეპარატებისა და დ ვიტამინის დანიშვნა. ოსტეოპოროზული მოტეხილობის თავიდან ასაცილებლად, ექიმის გადაწყვეტილებით, ინიშნება ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტები - ბისფოსფონატები, კალციტონინი, ესტროგენების აგონისტ/ანტაგონისტები. კალციუმითა და დ ვიტამინით მდიდარი დიეტა, რეგულარული ვარჯიში, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა ხელს უწყობს ძვლის ჯანსაღი შენების შენარჩუნებას და რეკომენდებულია ყველასათვის ნებისმიერ ასაკში. 50 წელს გადაცილებული ქალის რაციონში კალციუმის შემცველობა, სულ მცირე, 1000 მგ უნდა იყოს. სასურველი ოდენობის კალციუმის მისაღებად რეკომენდებულია, მიირთვათ დღეში 3-4 ულუფა შემდეგი საკვები ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  • 200 მლ რძე;
  • 1 იოგურტი;
  • 30 გრამი მყარი ყველი;
  • 200 მლ სოიის რძე კალციუმის დანამატით;
  • 60 გ სარდინი;
  • 4 ნაჭერი თეთრი პური;
  • 1 ულუფა კალციუმით მდიდარი რძიანი ბურღულის ფაფა.

თუ კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, კალციუმის დანამატები გამოიყენოთ. 1000 მგ-იანი ან მეტი დოზით მათი მიღება ისევე წარმატებით ამცირებს მოტეხილობის რისკს, როგორც კალციუმით მდიდარი დიეტა.

კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში (მილიგრამი 100 გრამ პროდუქტში)

რძე 3%-იანი - 100; რძე 1%-იანი - 120; ხაჭო - 95; მდნარი ყველი - 300; ყველი - 600; არაჟანი - 100; თხის ყველი - 300; იოგურტი - 120; დიეტური იოგურტი - 85; მწვანე სალათა - 83; კომბოსტო - 60; ნიახური - 240; ხახვი - 60; ლობიო - 40; ზეთისხილი - 77; ჭვავის პური - 60; ხორბლის პური - 30; ფორთოხალი - 35; ვაშლის ჩირი - 45; ლეღვი - 57; გარგარის ჩირი - 170; ქიშმიში - 56; ნუში - 254; არაქისი - 70; შირბახტი - 1150; გოგრის თესლი - 60; მზესუმზირა - 100; შებოლილი ძვლიანი თევზი - 3000; ძვლიანი სარდინი - 350; მოხარშული თევზი - 20-30; ძროხის ხორცი - 10-30.