ოსტეოპოროზი - XXI საუკუნის პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეოპოროზი - XXI საუკუნის პრობლემა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემებით, ოსტეოპოროზი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რედაქციაში მოსულ წერილებშიც ხშირად გვთხოვენ მკითხველები ოსტეოპოროზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამ დაავადებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმს, რევმატოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მამუკა ლორთქიფანიძეს.

- ბატონო მამუკა, რა არის ოსტეოპოროზი და რამ განაპირობა მის მიმართ სპეციალისტებისა და საზოგადოების დიდი ინტერესი?

- ოსტეოპოროზი ქრონიკული, სისტემური, მეტაბოლური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის მასის დაქვეითება, მისი შენების მიკროარქიტექტონიკის დარღვევა და სტრუქტურული გარდაქმნა, რაც თავის მხრივ იწვევს ძვლის სიმყიფეს, აქვეითებს მის სიმყარეს და ზრდის მოტეხილობების რისკს.

დღეისათვის ოსტეოპოროზის მიმართ მართლაც დიდი ინტერესი აიხსნება მისი მაღალი გავრცელებით, პირველადი იქნება ეს თუ მეორეული. დღეს არაერთი მსოფლიო სამცნიერო კონგრესი ეძღვნება ამ დაავადებასთან დაკავშირებულ თემატიკას. პირველადი ოსტეოპოროზი საშუალო და ხანდაზმული ასაკის პირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჯერ კიდევ ბოლომდე არასაკმარისად შესწავლილი დაავადებაა. მეორეული ოსტეოპოროზი წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების გართულებას. ეს შეიძლება იყოს:

  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ჰემატოლოგიური დაავადებები;
  • ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებები;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • სიმსივნეები;
  • რევმატოიდული და სხვა ართრიტები;
  • სისტემური აუტოიმუნური დაავადებები;
  • სხვადასხვა მედიკამენტური თერაპიით გამოწვეული სტეროიდული ოსტეოპოროზი და სხვა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დაავადება წარმოადგენს მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან პრობლემას, რადგან მსოფლიოში ქალების 18%-ს ოსტეოპოროზი აქვს, ხოლო 50%-ს - ოსტეოპენია, მამაკაცებიდან კი, შესაბამისად, 6%-სა და 47%-ს. დღეისათვის ოსტეოპოროზს უწოდებენ "მდუმარე ეპიდემიას", რადგან ძვლის მასის დაკარგვა მიმდინარეობს თანდათან და ხშირად დიაგნოსტირდება მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ. უფრო ხშირად გვხვდება პირველადი ოსტეოპოროზი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს არა მარტო ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონები), D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, არამედ ნივთიერებათა ცვლის პროცესების მნიშვნელოვანი დაქვეითება.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ოსტეოპოროზს თანდათანობითი, ფარული მიმდინარეობა ახასიათებს. მაინც რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დაავადების ამოსაცნობად?

- ოსტეოპოროზის კლინიკური სიმპტომებია:

  • ხერხემლის დეფორმაცია (კიფოზი);
  • პაციენტის სიმაღლის დაქვეითება;
  • ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა;
  • ხერხემლის მალების სხეულების კომპრესიული მოტეხილობა;
  • ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. "დაღლილი ზურგის" სიმპტომიც.

ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე შედეგია ბარძაყის ყელის მოტეხილობა, რომლის შემდეგაც პაციენტების დიდი ნაწილი ინვალიდდება.

- რას გვეტყვით ოსტეოპოროზის რისკფაქტორებსა და მიზეზებზე?

- ძვლები ძირითადად კალციუმისგან შედგება, ხოლო ოსტეოპოროზს ახასიათებს ძვლოვანი მასის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს საკვების საშუალებით კალციუმის არასათანადო მიღება ან ორგანიზმში მიმდინარე დარღვევები, რომლის გამოც ორგანიზმი ვერ ახერხებს კალციუმის ათვისებას. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოძევებას. გარდა კალციუმისა, ორგანიზმს ესაჭიროება D ვიტამინი, ფოსფორი და ზოგიერთი ლითონი.

ამრიგად, ოსტეოპოროზის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

  • დიეტამ ან არასწორმა კვებამ (კალციუმის არასაკმარისი მოხმარება);
  • ცხოვრების უმოძრაო წესმა, ხანგრძლივმა წოლითმა რეჟიმმა, რაც ძვლის კვებას აუარესებს და ამცირებს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებმა, რის გამოც ვერ ხერხდება კალციუმის ათვისება;
  • გენეტიკურმა განწყობამ;
  • მზის სხივების უკმარისობამ, რის შედეგადაც ორგანიზმში D ვიტამინი მცირე რაოდენობით სინთეზირდება.

სიცოცხლის მეორე ნახევარში ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის ბუნებრივი დაბერება, ქალებში - კლიმაქსურ პერიოდში სასქესო ჰორმონების ნაკლებობა.

ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • 65 წელზე უფროსი ასაკი;
  • 25 წლის ასაკში 155სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • მოწიფულ ასაკში 150სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • 65 კგ და ნაკლები სხეულის მასა;
  • 24-ზე ნაკლები სხეულის მასის ინდექსი (მასა/სიმაღლის მ2);
  • ანამნეზში ენდოკრინული დაავადებების არსებობა;
  • ანამნეზში სტეროიდული, ანტიკონვულსიური პრეპარატებით, სხივური თერაპიით მკურნალობა (ასეთ დროს ორგანიზმიდან დიდი ოდენობით კალციუმი გამოიყოფა).

- კვლევის რა მეთოდებია მოწოდებული ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასასმელად?

- როდესაც უკვე შეინიშნება ხერხემლის დეფორმაცია ან მოტეხილობა, ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. რენტგენოლოგიურად ოსტეოპოროზი ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაკარგულია ძვლის მნიშვნელოვანი მასა - 25-30%. თუმცა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები ძვლის მდგომარეობის განსაზღვრის უფრო დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა შესაძლებელია რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევის - დენსიტომეტრიის საშუალებით. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასიური სკრინინგული კვლევის საშუალებადაც.

- სახელდობრ, ვის უნდა ჩაუტარდეს დენსიტომეტრია?

- დენსიტომეტრია ნაჩვენებია:

  • ქალებში, მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის მანძილზე, განსაკუთრებით საკვერცხეების ოპერაციული მკურნალობის (საკვერცხეების ამოკვეთის) შემდეგ;
  • ყველა იმ პირში, რომელსაც აქვს ოსტეოპოროზის განვითარების ორი ან მეტი რისკფაქტორი.
  • იმ პირებში, რომელთაც 40 წლის შემდეგ ჰქონდათ თუნდაც ერთი მოტეხილობა, რომელიც არ იყო გამოწვეული სერიოზული ტრავმით (საავტომობილო კატასტროფა, სიმაღლიდან ვარდნა, სპორტული ტრავმა);
  • იმ პაციენტებში, რომლებიც დიდხანს იღებდნენ გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს;
  • ძვლების რენტგენოლოგიური კვლევისას ოსტეოპოროზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;
  • 2 იმ პირებში, რომლებიც იტარებდნენ ოსტეოპოროზის სამკურნალო თერაპიას მკურნალობის ეფექტურობის კონტროლისთვის.

- როგორ მკურნალობენ ოსტეოპოროზს და როგორ შეიძლება მისი პროფილაქტიკა?

- ოსტეოპოროზის მკურნალობა შეიძლება და უნდა დავიწყოთ კიდეც დაავადების ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა კი ეს პროცესი ხანგრძლივია. ოსტეოპოროზის მკურნალობის პრინციპი იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენებაა, რომლებიც თრგუნავს ძვლის რეზორბციას. უკანასკნელ ხანს ანტირეზორბციული მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, ბიფოსფონატებისა და D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების) გამოყენებამ ამ მძიმე სენის წარმატებული მკურნალობის საშუალება მოგვცა.

აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე უხვად ნატურალური რძის პროდუქტები შეიცავს.

პაციენტები რაც შეიძლება მეტხანს უნდა იყვნენ სუფთა ჰაერზე, ზომიერად მიიღონ მზის სხივების აბაზანები. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა. პაციენტები უნდა ერიდონ დაცემას. ამისთვის უნდა ეცვათ რბილი, კომფორტული ფეხსაცმელები, მოაშორონ იატაკიდან დაუმაგრებელი ნოხები, კაბელები და სხვა, კარგად გაანათონ სახლი.

ოსტეოპოროზის დროს იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, კალციტონინებს, ბიფოსფონატებს, ფტორიდებს და ვიტამინ D3-ის აქტიურ მეტაბოლიტებს.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის აქტუალურია:

  • ფიზიკური აქტივობა. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი, მაგრამ მოერიდეთ დაცემას და ტრავმას;
  • რაც შეიძლება ხშირად იყავით მზეზე, ეს D ვიტამინის გამომუშავებას განაპირობებს;
  • ეცადეთ, მიიღოთ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით საზიანოა რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღება. უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ დოზირებულად. ძალიან სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტებისა და პრეპარატების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით;
  • სიგარეტი და ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება არც ამ შემთხვევაშია სიკეთის მომტანი;
  • რაც შეიძლება ხშირად (შეძლებისდაგვარად) ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა;
  • გარდა პრეპარატებით მკურნალობისა, რომლებიც იძლევა მასალას ძვლის მასის გასაზრდელად, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლის დროსაც კალციუმი მივა ძვლამდე და მოხდება მისი ათვისება. ამისთვის გამოიყენება როგორც სამკურნალო ფიზკულტურა, ასევე მანუალური თერაპია. მათი საშუალებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში და, შესაბამისად, ძვლების კვებაც.

- მაგრამ დიეტების თაობაზე ბევრს კამათობენ...

- ერთი მხრივ, დიეტის საშუალებით შეიძლება ზედმეტი წონისგან გავთავისუფლდეთ, გავისუფთაოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გზით ორგანიზმს ვაკლებთ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ ვიდრე დიეტას დაიწყებთ, შეეცადეთ შეარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებიც არა მარტო ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ, არამედ ჯანმრთელობისთვისაც არ იქნება საზიანო.

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ დიეტას ქალები, რადგანაც, პირველ რიგში, სწორედ მათ ემუქრებათ ოსტეოპოროზის განვითარების საშიშროება. იმისთვის, რომ დიეტა ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზად არ იქცეს, ეცადეთ, თქვენს რაციონში ჩართოთ კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები. სამწუხაროდ, ასევე მკვეთრად მცირდება ალიმენტური კალციუმის მიღება მარხვის დროს. განსაკუთრებით საშიშია ეს მოზარდი ორგანიზმისთვის, ორსულებისა და ასაკოვანი ხალხისთვის. იქნებ ჯობდეს, მარხვის დაწყებამდე განისაზღვროს რისკ-ფაქტორები და საჭიროების შემთხვევაში მოძღვრისგან მივიღოთ კურთხევა რძის პროდუქტებზე.

- რომელ პროდუქტებს გვირჩევდით?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ორგანიზმისთვის კალციუმის ძირითადი წყაროა ნატურალური რძის პროდუქტები, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ყველით. კალციუმის წყაროა ასევე ლობიო, ჰერკულესი, წიწიბურა, ოხრახუში და სოია. ყურადღება გაამახვილეთ თევზზე და ხშირად ჩართეთ თქვენს საკვებ რაციონში - ის, გარდა კალციუმისა, შეიცავს ფოსფორსაც, ხოლო ზღვის კომბოსტოში დიდი რაოდენობითაა D ვიტამინი.

- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გამოიყენება ბიფოსფონატები, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატები. რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ მედიკამენტებს?

- კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მოსალოდნელია საკვების მონელების დარღვევები - მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ღებინება. ასევე - კალციუმის ჩალაგება თირკმელებში, ჰიპერკალციემია.

D ვიტამინის შემცველმა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სხვადასხვა ფორმის დარღვევები.

ბევრი ისე იღებს კალციუმის პრეპარატებს, რომ არ იცის, სჭირდება თუ არა, რაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ ძვლის მინერალური სიმკვრივე ნორმაშია, ჭარბმა კალციუმმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ართროზის განვითარებას.

რაც შეეხება ბიფოსფონატებს, მათი მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. კალციუმის დაბალი მაჩვენებლის დროს ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა ტეტანია გამოიწვიოს, ამიტომ ბიფოსფონატები კალციუმის პრეპარატებთან ერთად უნდა იქნეს მიღებული. ეს არის არჩევითი პრეპარატები პოსტმენოპაუზური ასაკის პაციენტებისთვის - ასტიმულირებს ძვლის ფორმირებას, ამცირებს რეზორბციას, აღადგენს ოსტეოპოროზის დროს დარღვეულ ბალანსს. ეს არის ხსნა ინვალიდობისგან, რომელსაც ხანდაზმულ ქალებში ბარძაყის ყელის მოტეხილობა იწვევს.

- რა შეიძლება ჩაითვალოს ოსტეოპოროზის მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმად?

- ოსტეოპოროზის მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებია:

  • მოტეხილობების გაიშვიათება;
  • პაციენტის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მისი მოძრაობითი აქტივობის გაფართოება;
  • ოსტეოდენსიტომეტრიის მაჩვენებლების დადებითი დინამიკა.

ეფექტური თერაპიის მარკერად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძვლის რეზორბციის მარკერების მაჩვენებელი: იმუნოლოგიური მარკერები, ტუტე ფოსფატაზის b-crosslaps ფერმენტის აქტივობა.

- როგორია პროგნოზი?

- აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა, ამასთანავე, მკურნალობის პროცესში სამკურნალო ფიზკულტურისა და თანამედროვე ფარმაკოლოგიური თერაპიის ჩართვა. მნიშვნელოვანია, პაციენტს ვასწავლოთ კვებისა და ცხოვრების სწორი, ჯანსაღი რეჟიმი, რაც ოსტეოპოროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.