რუბრიკები
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის

ჩემს მეუღლეს კარგა ხანია პოდაგრა აქვს (ასე დაუდგინა ექიმმა). ხშირად ემართება შეტევა. გარდა ამისა, აღმოაჩნდა კენჭები თირკმელში. ესეც პოდაგრის გამოა? ეგებ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ - ვის ემართება უმეტესად, რა იწვევს და როგორ მკურნალობენ.


რა არის პოდაგრა?
პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი, ჩვენში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ცოდნა მის შესახებ ხშირად მხოლოდ ფეხის პირველი თითის სახსრის დაზიანებითა და ტკივილით შემოიფარგლება.

მართლაც, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება და ამაზე მეტყველებს თავად სახელწოდება “პოდაგრაც”, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ქართულად “ფეხის ხაფანგს” ნიშნავს. მაგრამ პოდაგრამ სხვა, გაცილებით მძიმე დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს: როგორც სხვა სახსრებისა, ისე შინაგანი ორგანოებისა, განსაკუთრებით კი თირკმელებისა, - რაც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. პოდაგრა ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება გენეტიკური განწყობითა და ალიმენტური ფაქტორებით განპირობებული პურინული ცვლის დარღვევის გამო. ამას თან ახლავს ორგანიზმში შარდმჟავა ნაერთების მნიშვნელოვანი მატება და სხვადასხვა ქსოვილში ჩალაგება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპერურიკემია (სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მატება) და სახსრებში შარდმჟავა მარილების (კრისტალური ურატების) ჩალაგება, რასაც სახსრების რეაქტიული ანთება ახლავს თან, ასევე - შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით კი თირკმელებისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება.


გენეტიკა და კვება
გენეტიკური განწყობა ზოგიერთი ფერმენტის ცვლის დარღვევით მჟღავნდება, რაც, თავის მხრივ, პურინების სინთეზის მკვეთრ გაძლიერებას იწვევს. პოდაგრის დროს ფერხდება თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფა, რაც იწვევს სისხლში მისი რაოდენობის მომატებას - ჰიპერურიკემიას. კვების თავისებურებები გულისხმობს პურინების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოდაგრის განვითარებაში მაღალკალორიული კვებისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის როლი.


გავრცელება, ასაკი და სქესი
ევროპასა და აშშ-ში გავრცელებულ დაავადებებს შორის პოდაგრის წილად მოდის 0,01-0,3%, სხვა რევმატულ დაავადებებს შორის კი მისი ხვედრითი წილი 2-5%-ია. დაავადება უმთავრესად (ასიდან დაახლოებით 98 შემთხვევაში) 30-40 წლის მამაკაცებში გვხვდება. ქალებში პოდაგრა იშვიათია და შესაძლოა განვითარდეს მხოლოდ კლიმაქსურ პერიოდში.


სად ლაგდება ურატები?
ჰიპერურიკემიის შედეგად შესაძლოა მოხდეს კრისტალური ურატების ჩალაგება შემაერთებელ ქსოვილში, სინოვიურ გარსში, მყესში, ხრტილში, ძვლის სახსროვან ნაწილში, თვალის სკლერაში, თირკმელების ინტერსტიციულ შრეში, სისხლძარღვებში. ეს იწვევს მწვავე პოდაგრულ ართრიტს და მრავლობითი კვანძის - ე.წ ტოფუსების - განვითარებას.


მწვავე პოდაგრული ართრიტი
მწვავე პოდაგრული ართრიტი უმეტესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ უეცრად, თითქმის უმიზეზოდ, თუმცა არსებობს შეტევის რისკფაქტორები:

  • საკვები და ალკოჰოლური სასმელები;
  • ტრავმა;
  • ფიზიკური გადაღლა;
  • ნერვულ-ემოციური დატვირთვა;
  • გაციება;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით);
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადება;
  • ალერგიული რეაქცია;
  • სამკურნალო პრეპარატები (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.), ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა.

ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის. მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკა, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენადაა დამახასიათებელი დაავადებისთვის, რომ პოდაგრის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არის მიჩნეული. პოდაგრის პირველი შეტევა უმეტესად ფეხის ცერა თითის სახსრის ანთებით იწყება, იშვიათად - ფეხის სხვა თითებისა, კოჭ-წვივისა, მუხლისა, კიდევ უფრო იშვიათად - სხივ-მაჯისა, იდაყვისა, ხელის მტევნისა, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებისა. როგორც წესი, ვითარდება ერთი სახსრის ანთება, თუმცა არც პოლიართრიტია გამორიცხული. პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ გარკვეული კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.


პოდაგრული ართრიტის შეტევა
შეტევა ვითარდება უეცრად, უმეტესად ღამით. ავადმყოფს აღვიძებს ფეხის ცერა თითის არეში ძლიერი ტკივილი. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც კი მოჩანს. შესივებული ქსოვილები მკვრივია. ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, ამ სახსარში ყოველგვარი მოძრაობა მკვეთრად მტკივნეულია. ასეთი ძლიერი ტკივილი არ იცის არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ. ჩვეულებრივ, კრიზი გრძელდება რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე და თანდათანობით (ერთ-ორ კვირაში) ცხრება. ამის პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. ავადმყოფს ჰგონია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. მისი სიხშირე და ინტენსივობა ინდივიდუალურია.


პერიოდულობა
ზოგიერთს სახსროვანი კრიზი უმეორდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ტკივილი არ არის ძლიერი და შრომისუნარიანობას დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი და ხშირი შეტევები აქვს, რაც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. თუ პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად აზიანებს ტერფის პირველი თითის წინატერფფალანგთაშუა სახსარს, მომდევნო შეტევები უკვე სხვა სახსრების დაზიანებას იწვევს. თუ დაავადების დასაწყისში ძირითადად ერთი სახსრის ანთებასთან გვაქვს საქმე, შემდგომ პოდაგრის მწვავე შეტევა ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით მიმდინარეობს. შეტევებს შორის ავადმყოფების უმრავლესობა არაფერს უჩივის.




კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები