რუბრიკები
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის

როდის გადადის დაავადება ქრონიკულ ფორმაში?
პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. შესაძლოა, ეს პერიოდი 10-15 წლამდეც გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი ხანია გასული დაავადების დაწყებიდან, მით უფრო ხანმოკლეა ინტერვალი შეტევებს შორის. პროცესში თანდათანობით ერთვება ახალი სახსრები. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები. დროთა განმავლობაში იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი, ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი - სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი. ჩვეულებრივ, ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.


ტოფუსები
დაავადების განვითარების მესამე, ქრონიკული პერიოდისთვის დამახასიათებელია ტოფუსების წარმოქმნა. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტი ან ორივე პათოლოგია ერთად. ტოფუსი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, მაგალითად, როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. ტოფუსი კანქვეშ, ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, თეთრია, მკვრივი. უმეტესად წარმოიქმნება ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე ან იდაყვებზე, შედარებით იშვიათად ხელის ან ფეხის თითებზე და ნებისმიერ სხვა ადგილას. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან გადმოედინება თეთრი, კბილისპასტისმაგვარი მასა. მიკროსკოპიული გამოკვლევის დროს მასში ნახულობენ შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს. ჭრილობა ძალიან იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს განაპირობებს მჟავა რეაქცია).


პოდაგრული თირკმელი
პოდაგრის დროს შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელი. ყველაზე მეტად შარდკენჭოვანი დაავადებაა გავრცელებული, რომელიც პოდაგრით დაავადებულთა 14-38%-ს აღენიშნება. “პოდაგრული თირკმლის” ცნება გულისხმობს ინტერსტიციულ ნეფრიტს თირკმელებში კენჭის არსებობის გარეშე და პოდაგრულ გლომერულონეფრიტს. პოდაგრული თირკმლის ყველაზე სპეციფიკურ ნიშნად მიიჩნევა ურატების ჩალაგება თირკმელების ტვინოვან შრეში, იშვიათად - ქე­რქოვანშიც. ურატების ჩალაგება თავდაპირველად ატარებს კეროვან ხასიათს, მერე კი ირგვლივ მდებარე თირკმლის ქსოვილებში ვითარდება ანთებითი რეაქციები. ზი­ანდება თირკმლის სისხლძარღვები. თავდაპირველად ფიბროზი ვითარდება, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ნეფროანგიოსკლეროზიც. იშვიათად წინა პლანზე წამოიწევს გორგლოვანი აპარატის დაზიანება.


რა აწუხებს ამ დროს ავადმყოფს?
კლინიკურად პოდაგრული თირკმელი ვლინდება შარდში ცილის, ცილინდრების გაჩენით, არტერიული წნევის მატებით.


დიაგნოსტიკა
სისხლში და დღეღამურ შა­რდში შარდმჟავას განსაზღვრით ადგენენ ჰიპერურიკემიის ტიპს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია დაზიანებული სახსრის პუნქცია და სინოვიური სითხის შესწავლა. პოდაგრისთვის დამახასიათებელია ანთებითი სითხის არსებობა და თუ მასში აღმოჩნდა ნატრიუმის ურატის კრისტალები, დიაგნოზი უტყუარია. თუ ავადმყოფს აქვს ტოფუსები ან ტოფუსისმაგვარი კვანძები, სასურველია მათი მიკროსკოპიული შესწავლა. ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტისთვის პათოგნომურად მიიჩნევა  ე.წ “სახვრეტელას სიმპტომი”, რომელიც ძვალშიგა ტოფუსის რენტგენოლოგიურ ანაბეჭდს წარმოადგენს. “სახვრეტელას” რენტგენოლოგიური სიმპტომის მიზეზია ძვალშიდა ტოფუსის მიერ ქსოვილის დაშლა და ჩანაცვლება. ტოფუსი შეუფერხებლად ატარებს რენტგენის სხივებს.


მკურნალობა
პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს მწვავე კრიზის კუპირებას, ბაზისური პრეპარატების გამოყენებას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოლოგიურ მკურნალობას, ორთოპედიულ ოპერაციებს.


შეტევის მოხსნა
მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად ნებადართულია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიდა ინექცია. მწვავე პოდაგრული კრიზის ჩამთავრების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ბაზისური თერაპია, რომელიც ხორციელდება ურიკოდეპრესანტებისა (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორების (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) მეშვეობით. შარდკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შარდის გასატუტიანებელი პრეპარატები - მაგურლიტი, სოლურანი, ბლემარენი და სხვა.


როდის არის საჭირო ორთოპედიული ოპერაცია?
ორთოპედიული ოპერაცია ნაჩვენებია სახსრის გამოხატული დეფორმაციისა და მისი ფუნქციის მკვეთრი დარღვევის დროს. დიდი ზომის კანქვეშა ტოფუსებს ამოკვეთენ. ოპერაციული ჩარევა მარტივია და უმტკივნეულო. ზოგჯერ შარდმჟავას ნაერთების ჩალაგება ისეთ გამოხატულ ძვლოვან დესტრუქციას და სახსრის ირგვლივ ქსოვილის დაზიანებას იწვევს, რომ საჭირო ხდება დაზიანებული ნაწილის (უმეტესად - ფალანგის) ამპუტაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ოპერაციული ჩარევა პოდაგრით დაავადებულს მდგომარეობას უმწვავებს, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა უნდა ტარდებოდეს შეტევის საწინააღმდეგო საშუალებების ფონზე.


როგორ დავიცვათ თავი?
მან, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვს, უნდა დაიცვას დიეტა, თავი არიდოს ალკოჰოლურ სასმელებს, ცხიმოვანი საკვების მიღებას და ყველა იმ ფაქტორს, რომელსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია.


შეიცვალეთ გემოვნება!
პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს: ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან - პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე - ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით - შამპანური. სვით ბევრი წყალი - დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები (ბორჯომი). კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილისა, ბოსტნეულისა, ხაჭოსი).


საოჯახო რეცეპტები

  • დააყენეთ წითელი მოცვი ჩაისავით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  • 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  • 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  • პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ.
  • დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი.

ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები