რაზე მეტყველებს სახსრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს სახსრები

ჰიპერტროფ იული ოსტეოართროპათია

ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თითების ბოლოები მსხვილდება, კიდურები დიდდება და სახსრები მტკივნეულად შუპდება.

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ჰიპერტროფიულ ოსტეოართროპათიას. პირველადი ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომელიც თანდათანობით ვითარდება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოა და ექიმთან ვიზიტის მიზეზი ბეჭების და ზემო კიდურების მცირე ტკივილია.

მეორეულ ჰიპერტროფიული ოსტეოართოპათიისას პაციენტს უეცრად უვითარდება სახსრებისა და გრძელი ძვლების ტკივილი და შეშუპება, მტევნებისა და ტერფების თითების დაბოლოებები მსხვილდება, თითი კომბლისმაგვარი ხდება. ეს არასასიამოვნო სიმპტომები საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. როგორც დასახელებიდან ვხვდებით, აღწერილი ცვლილებები მეორეულია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. შემთხვევათა 90%-ში მიზეზი სიმსივნეა, მათგან კი ხშირი მიზეზია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის პერიფერიული კიბო. სხვა შემთხვევები დაკავშირებულია ღვიძლის ან გულის არასიმსივნურ ქრონიკულ დაავადებებთან, მათ შორის ხშირია:

  • ფილტვების ქრონიკული დაავადებები - ფილტვის აბსცესი, ფილტვის ინტერსტიციული ფიბროზი, სარკოიდოზი, ბერილიუმის ზემოქმედება;
  • გულის ქრონიკული დაავადებები - გულის თანდაყოლილი დაავადებები (მანკები), ფილტვის არტერიულ-ვენური ფისტულა, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, ინფიცირებული არტერიული შუნტი, აორტის ანევრიზმა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები - ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, სპრუ, ღვიძლის ციროზი, კარდიის აქალაზია;
  • ჰიპერთიროიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე;
  • პალმოპლანტური კერატოდერმა - მტევნებისა და ტერფების კანის ანომალიური გასქელება.

ხშირად გამომწვევი დაავადების არსებობა აშკარაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია წელიწადზე მეტი ხნით უსწრებს დაავადების გამოვლინებას. ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათიისას თითების ბოლოები გამსხვილებულია, კანი ფრჩხილების ირგვლივ შეიძლება წითელი და თხელი იყოს, თავად კანი კი გასქელებულია, ლულოვანი ძვლებიც სქელდება, ვითარდება პერიოსტიტი - ძვლის ანომალიური გასქელება, რაც უსიმპტომოა ან წვითა და კიდურების ტკივილით ხასიათდება, მსხვილი სახსრები შეშუპებულია, იზღუდება მოძრაობა.

ცოტა რამ ისტორიიდან...

ზემოთ აღწერილი სიმპტომები მე-19 საუკუნის მიწურულიდანაა ცნობილი. მას თავდაპირველად ჰიპერტროფიულ პულმონურ (ფილტვის) ოსტეოართროპათიას უწოდებდნენ. გაცილებით ადრე, დაახლოებით 2500 წლის წინათ, ანალოგიური სიმპტომატიკა აღწერა ჰიპოკრატემ, რის შემდეგაც თითების მითითებულ ცვლილებას ჰიპოკრატეს თითებს უწოდებდნენ. 1889 წელს ავსტრიელმა თერაპევტმა ეუგენ ფონ ბამბერგერმა, 1890 წელს ფრანგმა ნევროლოგმა პიერ მარიმ და სხვა მკვლევრებმაც აღმოაჩინეს, რომ თითების აღწერილი ცვლილებები შეიძლება ფილტვისა და გულის მძიმე ქრონიკული დაავადებების გამოვლინება იყოს. ამ პერიოდიდან ჰიპერტროფიულ ოსტეოართროპათიას პიერ მარი-ბამბერგერის დაავადებას უწოდებენ.

ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათიის ზუსტი მიზეზი უცნობია. მის აღმოცენებაში შესაძლოა მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონები), მოცირკულირე ან ნეიროგენული ფაქტორები, ზრდის ჰორმონი.

ჰიპერტროფ იული ოსტეოართროპათიის მკურნალობა

ბუნებრივია, მეორეული ჰიპერტროფიული ოსტეოართოპათიის მკურნალობა გამომწვევი დაავადების მკურნალობას გულისხმობს. სიმსივნის წარმატებული მკურნალობისას ოსტეოართროპათიის სიმპტომები 2-4 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება. ანალოგიურად არ ვითარდება მოვლენები, როცა აღმოცენებულია ქსოვილის არსებითი ცვლილებები - კოლაგენის ჭარბი ჩალაგება. ტკივილის წინააღმდეგ გამოიყენება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებლები.

რეაქტიული ართრიტი

ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ზოგიერთი ნაწლავური ინფექცია იწვევს სახსრებისა (ართრიტი) და სხვა არეების, უხშირესად შარდსადენისა (ურეთრიტი) და თვალების (კონიუნქტივიტი) ანთებას. სახსრების ასეთ ანთებას რეაქტიულ ართრიტს უწოდებენ. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათაგან რეაქტიული ართრიტის უხშირესი მიზეზი ქლამიდიაა. ნაწლავურ ინფექციათაგან კი ხშირი გამომწვევია სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერია ან იერსინია. მათ მიერ გამოწვეული ინფექციის სიმპტომებია ფაღარათი და ღებინება. საბედნიეროდ, რეაქტიული ართრიტი გაცილებით იშვიათია, ვიდრე ჩამოთვლილი ინფექციები. მეცნიერების აზრით, რეაქტიული ართრიტი იმ პირებს უვითარდებათ, რომლებსაც გარკვეული, კერძოდ კი HLA-B27 გენები აქვთ. მას განიხილავენ როგორც აუტოიმუნურ დაავადებას ანუ მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ქსოვილებსა და ორგანოებთან იწყებს ბრძოლას. რეაქტიული ართრიტის შემთხვევაში იმუნური სისტემის პროცესში ჩართვას იწვევს ინფექცია, თუმცა ეს არ წყდება ინფექციისაგან განკურნების შემდეგაც.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ რეაქტიული ართრიტისას ვითარდება ურეთრიტი და კონიუნქტივიტიც, თუმცა მათგან ზოგჯერ მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი აღინიშნება.

როგორ ვლინდება რეაქტიული ართრიტი

ჩვეულებრივ, დაავადებულთა ასაკი 20-40 წელია. სიმპტომები აღმოცენდება ქლამიდიური ან ნაწლავური ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. პაციენტთა დიდ ნაწილს აქვს მსუბუქი დაღლილობა და ზომიერი ცხელება, თუმცა იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს მაღალი ცხელება, ძლიერი სისუსტე, წონის კლება. სხვა სიმპტომთაგან მნიშვნელოვანია კუნთების ტკივილი, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, რაც კიდურებისაკენ ირადირებს. ის ძლიერდება პაციენტის წოლისას ან ჯდომისას და მცირდება მოძრაობისას. ართრიტი უეცრად ვითარდება და აზიანებს ერთ ან რამდენიმე სახსარს, განსაკუთრებით მუხლს, კოჭს, მაჯას. ხშირია ტკივილი მუხლის უკანა ზედაპირზე ან შეშუპება ქუსლის ოდნავ ზემოთ - აქილევსის მყესის ადგილზე.

ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო რეაქტიული ართრიტის სურათი შეიძლება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ თავისთავად გაუმჯობესდეს, თუმცა ხშირად ის ქრონიკულ ხასიათს იღებს და მკურნალობაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაშია საჭირო.

მკურნალობის მიზნით გამოიყენება:

  • ანტიბიოტიკები, თუ პაციენტს ჯერ კიდევ აქვს ინფექცია;
  • ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები;
  • საჭიროებისას, სახსარში ჰორმონის ინექცია;
  • ზოგჯერ სულფასალაზინი, ჰიდროქსიქლოროქინი ან მეტოტრექსატი;
  • ახალი პრეპარატები, რომელთაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ.

ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზი არის კანის დაავადება. ის იწვევს კანის დამახასიათებელ დაზიანებას და აქვს ქრონიკული მიმდინარეობა. ზოგჯერ გამოხატულია ფრჩხილების ცვლილებებიც. ფსორიაზული ართრიტი კი დაავადებულთა მესამედზე მეტს უვითარდება. ჩვეულებრივ, ის 30-50 წლის ადამიანებს აღენიშნებათ, თანაბრად ხშირია ორივე სქესის პირთა შორის, ზოგჯერ წინ უსწრებს კანისმხრივ გამოვლინებებს.

ფსორიაზული ართრიტის ნაირსახეობებია:

  • სიმეტრიული ართრიტი - აზიანებს სახსრებს სიმეტრიულად, სხეულის ორივე მხარეს ანუ წყვილ სახსარს, მაგალითად, ორივე მუხლს ან იდაყვს, მიმდინარეობით ჰგავს რევმატოიდულ ართრიტს;
  • ასიმეტრიული ართრიტი - მხოლოდ რამდენიმე სახსარს აზიანებს, ეს შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერი ადგილის მსხვილი ან წვრილი სახსარი. შეშუპებულ თითებს “ძეხვისებური” შესახედაობა აქვს;
  • დისტალური ფალანგთაშუა პრედომინანტური ართრიტი - ზიანდება მტევნების და ტერფების თითების დაბოლოებების სახსრები;
  • სპონდილიტი - ხერხემლის ძვლების, იოგებისა და სხვა ქსოვილების დაზიანება;
  • მძიმე დესტრუქციული - საკმაოდ იშვიათია, იწვევს თითების დეფორმაციას.

ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მთელი არსენალი.

სახსრები ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს

ნაწლავთა ანთებითი დაავადებებია კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. ამ დროს ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი უბნის ქრონიკული ანთება, რაც ზოგჯერ ასოცირებულია ართრიტთან - სახსრების ანთებასთან. ამ ტიპის ართრიტს ენტეროპათიულს უწოდებენ.

ართრიტის აღმოცენების ზუსტი მექანიზმი უცნობია. შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ანთებითი პროცესი სხეულის სხვა ნაწილებშიც იწვევდეს ანთებას ან აუტოიმუნური მექანიზმები განაპირობებდეს სახსროვან ცვლილებებს.

ენტეროპათიული ართრიტის მკურნალობისთვის, უპირველესად, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების სათანადო მკურნალობაა აუცილებელი. სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ამ დროს არ არის რეკომენდებული ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები, რომელთაც პაციენტები კარგად იცნობენ როგორც ტკივილგამაყუჩებლებს - ისინი აუარესებენ ნაწლავთა ანთებითი დაავადების მიმდინარეობას. ნაწლავის დაზიანებული ნაწილის მოცილებამ, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას, შეიძლება სახსროვანი სიმპტომების უკუგანვითარება გამოიწვიოს, თუმცა ეს არ ხდება კრონის დაავადების დროს.