რუბრიკები
როცა სახსრების დაავადება მწვავდება

მოგეხსენებათ, გაზაფხული ბუნებასთან ერთად ორგანიზმში მთვლემარე ქრონიკულ პროცესებსაც აღვიძებს. ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებათა გამწვავებასა და მათ პროფილაქტიკაზე გვესაუბრება კარდიორევმატოლოგი ნინო მეტრეველი.

- ქალბატონო ნინო, ძვალ-სახსართა რომელი დაავადებები მწვავდება გაზაფხულის პირზე და როგორ ვლინდება ისინი?

- გაზაფხულზე, როდესაც მეტეოროლოგიური მაჩვენებლები (ატმოსფერული წნევა, ტენიანობა და სხვა) საგრძნობლად მერყეობს, ხოლო ორგანიზმი ზამთარგამოვლილი და გამოფიტულია, ადვილი შესაძლებელია, გამწვავდეს რევმატიზმი, სისტემური დაავადებები, პოდაგრა, ოსტეოართროზი და ა.შ.0

- რევმატიზმით ყველა შეიძლება დაავადდეს?

- რევმატიზმის გამომწვევი ორგანიზმში ზედა სასუნთქი გზებიდან ხვდება. მწვავე რევმატულ ცხელებას 2-3 კვირით ადრე, ჩვეულებრივ, ტონზილიტი ან ფარინგიტი უძღვის წინ. თუმცა ყველა, ვინც კი ტონზილიტი ან ფარინგიტი გადაიტანა, რევმატიზმით არ ავადდება. მისი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული დროულ, მართებულ მკურნალობასა და ორგანიზმის იმუნურ ძალებზე. ინფიცირება განსაკუთრებით ხშირია დახურულ კოლექტივებში (ბაგა-ბაღში, სკოლებში, სამხედრო ნაწილებში).
რევმატიზმს ცუდი პირობების დაავადებასაც უწოდებენ - ის ხშირად გვხვდება ოჯახებში, რომლებსაც ღარიბულ, ნესტიან ბინებში ცხოვრება უწევთ.

- რა გვაეჭვებინებს რევმატიზმს? უმთავრესად რომელი სახსრები ზიანდება ამ დროს?

- შემთხვევათა 2/3-ში მწვავე რევმატული ცხელების ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი რევმატული პოლიართრიტია. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, კოჭ-წვივის, სხივ-მაჯისა და იდაყვის სახსრები. ანთებას თან სდევს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ზოგჯერ - სრული უძრაობაც კი, შესივება, შეწითლება. რევმატული პოლიართრიტისთვის დამახასიათებელია კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, ანთებითი დაზიანების მფრინავი, ცვალებადი და სიმეტრიული ხასიათი. ანტირევმატული მკურნალობის შედეგად ეს ცვლილებები 2-3 კვირაში ალაგდება. ბავშვებში კლინიკური სურათი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებსა და ახალგაზრდებში. არსებობს ცნობილი გამოთქმა: რევმატიზმი ლოკავს სახსრებს და კბენს გულს. მართლაც, პირველი რევმატული შეტევისას გულის დაზიანების (რევმოკარდიტის) ალბათობა დაახლოებით 50-75%-ია. რევმოკარდიტი განსაზღვრავს დაავადების სიმძიმესა და პროგნოზს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან რევმატიზმის გამწვავება?

- რევმატული შეტევის შემდეგ ავადმყოფს რევმატოლოგის ხანგრძლივი, ზოგჯერ სამუდამო მეთვალყურეობა და პროფილაქტიკა სჭირდება. პროფილაქტიკა გულისხმობს გახანგრძლივებული მოქმედების პენიცილინის (ბიცილინის, რეტარპენის, ექსტენცილინის) დროულ და რეგულარულ შეყვანას გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ პრეპარატების გამოყენება განმეორებითი შეტევის სიხშირესა და დაავადების პროგრესირებას, სხვადასხვა მონაცემით, 4-17-ჯერ ამცირებს. მეორეული პროფილაქტიკის (რომელიც სტაციონარშივე იწყება) ხანგრძლივობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. გულის რევმატული მანკის მქონე ყოველმა ავადმყოფმა ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის დროს, რომელსაც თან სდევს კანის ან ლორწოვანის მთლიანობის დარღვევა (კბილის ექსტრაქცია, ტონზილექტომია, ადენოტომია, საზოგადოდ, ქირურგიული ჩარევა), უნდა ჩაიტაროს პენიცილინის პროფილაქტიკური კურსი.

- ყველა პათოლოგიას, რომელიც კი სახსრების ტკივილთან არის დაკავშირებული, ხალხში რევმატიზმად ან მარილების დაგროვებად იხსენიებენ...

- რევმატული დაავადებები უამრავ ნოზოლოგიურ ფორმას მოიცავს, რომელთა წამყვანი სიმპტომი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (სახსრების, ძვლების, შემაერთებელი ქსოვილის, კუნთების, მყესების) დაზიანებაა. რასაკვირველია, ყველა მათგანი რევმატიზმი არ არის. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრებს აზიანებს, იწვევს მათ მნიშვნელოვან დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლას.
ამერიკის რევმატოიდულმა ასოციაციამ შემოგვთავაზა ასეთი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები:

  • დილის შებოჭილობა სახსრებში, რომელიც გრძელდება არანაკლებ 1 საათისა;
  • ერთდროულად სამი ან მეტი სახსრის დაზიანება;
  • ანთების სიმეტრიულობა;
  • რევმატოიდული კვანძების არსებობა;
  • სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის მაღალი ტიტრით გამოვლენა;
  • რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სიმპტომები (მტევნისა და სხივ-მაჯის სახსრებზე ძვლის ეროზიების გაჩენა).

დიაგნოზი რომ დაისვას, პაციენტი 4 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

- როგორ მკურნალობენ რევმატოიდულ ართრიტს?

- რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისთვის გამოიყენება ბაზისური თერაპია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა), გლუკოკორტიკოიდები. მძიმე შემთხვევაში ინიშნება ბაზისური პრეპარატები, როგორიც არის კრიზანოლი, მიოკრიზინი, დელაგილი და სხვა. რემისიის პერიოდში შედეგიანია ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია და სხვა) და კურორტული თერაპია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას და მასაჟს. ვარჯიშები მიმართული უნდა იყოს სახსარში მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისკენ. მყარი ართრიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: სინოექტომია, რეკონსტრუქციული ოპერაცია და სხვა. 

- რას გვეტყვით ართროზზე?

- ართროზი, უფრო სწორად, ოსტეოართროზი სახსრების ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ეს გახლავთ სახსარშიგა ხრტილის ნაადრევი გაცვეთა, რაც ხრტილის ქსოვილის უჯრედების დაბერებით არის გამოწვეული. დაავადების ერთ-ერთი მიზეზია ქონდროციტების (ხრტილოვანი ქსოვილის უჯრედების) დაბერება. დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს სახსარში ხრტილის საერთო ოდენობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხანდაზმულ ასაკში. ართროზის ყველაზე ადრეული სიმპტომია სახსრის ტკივილი და ჭრაჭუნი. თავდაპირველად ეს ნიშანი მოსვენებისას არ ვლინდება, მხოლოდ სახსრის დატვირთვისას იჩენს თავს. დედამიწის მოსახლეობის 10-15%-ს ართროზი აქვს. ასაკთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობაც იმატებს. 

- რით განსხვავდება ართროზი ართრიტისგან?

- ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა, ხოლო ართროზის მთავარი მიზეზი სახსრის ხრტილში მიმდინარე არა ანთებითი, არამედ დეგენერაციული პროცესია.

- უმთავრესად რომელ სახსრებს აზიანებს ართროზი?

- ოსტეოართროზის დროს განსაკუთრებით ხშირად ზიანდება მუხლის (გონართროზი) და მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი) სახსრები. ხშირია ასევე ტერფის ფალანგების (სახსრების) დაზიანება. ხელის სახსრებიდან ართროზი უმთავრესად თითების ფალანგებს აზიანებს.

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

- ართროზს მკურნალობენ როგორც კონსერვატიულად, ისე ქირურგიული გზით (სახსრის შეცვლით). თუ ხრტილის ცვეთის პროცესი შორს ჯერ კიდევ არ არის წასული, ეფექტიანია გლუკოზამინსულფატის შემცველი პრეპარატები. ის დადებითად მოქმედებს ხრტილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე და აუმჯობესებს მოძრაობას. სხვა დაავადებების მსგავსად, უფრო ადვილია ართროზის პროფილაქტიკა, ვიდრე მისგან განკურნება. სახსრებს უნდა მოვუფრთხილდეთ. პირველ რიგში, გულისყურით მოვეკიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, ვერიდოთ ტრავმებს, მკვეთრ მოძრაობებს. მოვიწესრიგოთ სხეულის წონა, ხელი მივყოთ ვარჯიშს, ოღონდ - ზედმეტი გადაძაბვის გარეშე.

- მინდა, პოდაგრის შესახებაც გკითხოთ - როგორც ცნობილია, ეს დაავადება უმეტესად კვებითი რეჟიმის დარღვევისას მწვავდება. იზრდება თუ არა გაზაფხულზე მისი გამწვავების რისკი?

- პოდაგრა ანუ პოდაგრული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. კერძოდ, მისი მიზეზია შარდმჟავას ცვლის მოშლა, რის გამოც სისხლში ამ ნივთიერების შემცველობა იმატებს და ის ქსოვილებში, ძვლებში, სახსრებში ლაგდება.
პოდაგრა უპირატესობას კიდურების წვრილ სახსრებს ანიჭებს. ნადებისგან ყალიბდება პოდაგრული კვანძები - ე.წ. ტოფუსები. პოდაგრულ შეტევას ახასიათებს სახსრების მწვავე, ინტენსიური ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, მოძრაობას თან სდევს დამახასიათებელი ხრაშუნი. შეტევა უპირატესად ღამით ვითარდება. პოდაგრა ხშირად აზიანებს თირკმლებს. მოსალოდნელია განვითარდეს შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობაც კი. პოდაგრა ვერაგი დაავადებაა: ადრეულ სტადიაში პერიოდული შეტევები თავისთავად გაივლის, ამიტომ ავადმყოფების უმრავლესობა მათ ყურადღებას არ აქცევს. დიაგნოზი დაისმის 5-8 წლის შემდეგ, როდესაც პროცესს უკვე მთელ ორგანიზმში აქვს გადგმული ფესვი.

- შესაძლებელია თუ არა განკურნება?

- პოდაგრის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის ზედმიწევნით დაცვას. აუცილებელია დღეში სამ ლიტრამდე სითხის მიღება - სითხის ნაკლებობა თირკმელების მუშაობას აფერხებს და სისხლში შარდმჟავას შემცველობის მატებას იწვევს. რაციონი უნდა შეიცავდეს: რძეს და რძის ნაწარმს, თეთრ და შავ პურს, შაქარს, თაფლს, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წვნიანებს, ფაფებს, ტკბილ ხილს, ლიმონს, სტაფილოს, კიტრსა და სალათას. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 2 კვერცხი, 200 გ ხორცი, 200 გ მჭლე თევზი. სუნელებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ დაფნა და ძმარი. სუფრის მარილის ოდენობა დღეში 6-8 გრამამდე შეამცირეთ (ეს ნახევარ ჩაის კოვზზე ოდნავ მეტია). მკაცრად იკრძალება: სუნელები, ხორცის ნახარში, შემწვარი და შებოლილი ხორცი, შემწვარი თევზი, თევზის წვნიანი, თევზის კონსერვი, სოკო, ლებნიანი კულტურები (ლობიო), ისპანახი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ალკოჰოლიანი სასმელი. პოდაგრას მკურნალობენ კოლხიცინის შემცველი პრეპარატებით და ალოპურინოლით. მწვავე შეტევის მოსახსნელად, აგრეთვე - მისი პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"ვაკეში ირ.აბაშიძის ქუჩაზე ქირავდება თონე, მუშაობს ბ/აირზე,...
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...
"იყიდება პაბი ვილსი, მუშაობს 1996 წლიდან, ბარი...