ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები

ყოველივე ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შარდსასქესო სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ვის ემუქრება შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ვინ შედის რისკჯგუფში, როგორ მოვიქცეთ აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი უროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი სორთმან ჯაფარიძე.

- უპირატესად ვის ემუქრება შარდკენჭოვანი დაავადება?

- შარდკენჭოვანი დაავადება მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის კენჭების წარმოქმნა და შეყოვნება საშარდე სისტემის ორგანოებში: თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდის ბუშტში, შარსადინარში. არსებობს ამ პათოლოგიის განსაკუთრებული გავრცელების რეგიონები, რომელთა შორის არის საქართველოც. შარდკენჭოვანი დაავადება პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ესე იგი წარმოშობის მრავალი მიზეზი აქვს. რომელიმე ერთი მიზეზის შესწავლა ამ დაავადების წარმოშობის შესახებ ამომწურავ პასუხს ჯერჯერობით ვერ გვაძლევს. შარდკენჭოვანი დაავადების წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მშრალი ჰავა - ასეთ რეგიონებში შარდი კონცენტრირებულია და მასში ადვილად წარმოიშობა კრისტალები;
  • კალციუმის მარილებით მდიდარი სასმელების მუდმივი მოხმარება;
  • ისეთი საკვების ხშირი მიღება, რომელშიც უხვად არის შარდმჟავა კალციუმის (პომიდორი, ხორცი, ღვინო და სხვა), მჟაუნმჟავა კალციუმის (ყავა, შოკოლადი, ლობიო, მჟაუნა, ბადრიჯანი და სხვა) და ფოსფორმჟავა კალციუმის მარილები (რძის პროდუქტები). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკვების მიღება უნდა ავკრძალოთ, ანდა მათი მიღება აუცილებლად გამოიწვევს შარდკენჭოვან დაავადებას. ჩამოთვლილი პროდუქტები მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას იმ ადამიანებში, რომლებსაც ისედაც აქვთ მიდრეკილება მისკენ;
  • შეგუბებითი პროცესები ზედა და ქვედა საშარდე გზებში, მოშარდვის სურვილის შემთხვევაში ხანგრძლივი და სისტემატური თავშეკავება.

ყველა ამ მიზეზთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შარდკენჭოვანი დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას. ასეთ ადამიანებს უფრო ხშირი გამოკვლევა და დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა სჭირდებათ.

- როგორ უნდა მოიქცეს დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ეს პრობლემა?

- შარდკენჭოვანი დაავადების დროს, სახელდობრ, მაშინ, როცა კენჭები თირკმელსა და შარდსაწვეთებშია ლოკალიზებული, ასიდან 95 პაციენტს აწუხებს წელის ტკივილი, რომელიც იმავე მხარეს ფერდქვეშ გადაეცემა. ათიდან 7 შემთხვევაში ტკივილი თირკმლის ჭვალს ჰგავს. თირკმლის ჭვალი არის ძლიერი, აუტანელი შეტევითი ტკივილი, რომელსაც იწვევს შარდის შეგუბება ზედა საშარდე გზებში. ამგვარი მოვლენების დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საშარდე სისტემის ორგანოთა ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევა, რათა ზუსტად დავადგინოთ ტკივილის მიზეზი და არ გამოგვეპაროს სხვა მწვავე ქირურგიული დაავადება. მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, რომ ტკივილი თირკმლის ან შარდსაწვეთის კენჭებით არის გამოწვეული, უნდა მოხდეს შეტევის კუპირება სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი) და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებებით უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ კი შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს. პაციენტებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს შარდკენჭოვანი დაავადება (დაბადეს კენჭი, ჩაიტარეს კენჭის დისტანციური ლითოტრიფსია, მედიკამენტური ლითოლიზი ან ოპერაციული მკურნალობა), წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა და შარდის საერთო ანალიზი, რადგან ამ დაავადების რეციდივის შემთხვევაში, სანამ კენჭი დიდი ზომისა გახდება, გაცილებით მარტივია მედიკამენტური მკურნალობა. პროფილაქტიკის ყველაზე იოლი და შედეგიანი საშუალებაა სითხის ჭარბად მიღება, თუ ამის საშუალებას იძლევა ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.


- ვის ემართება ყველაზე ხშირად ცისტიტი? ვინ შედის ამ დაავადების რისკჯგუფში და რატომ?

- ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, ჩვეულებრივ, ბაქტერიული წარმოშობისა. უმეტესად ქალებში გვხვდება, რადგან ქალის მოკლე შარდსადენი აღმავალი გზით ინფექციის გავრცელებას აადვილებს. ქალის შარდსადენის გარეთა ხვრელი მჭიდრო კავშირშია გარეთა სასქესო ორგანოებთან (საშო, სასირცხო ბაგეები), რომლებშიც ხშირად იბუდებენ პათოგენური მიკროორგანიზმები და, ამის კვალობაზე, ხელსაყრელი პირობები იქმნება შარდსადენში ინფექციის გადასვლისათვის. აქედან გამომდინარე, შარდის ბუშტის ანთების პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა, ქალმა, ასევე - მისმა სქესობრივმა პარტნიორმა/პარტნიორებმა მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენა.

- არის შემთხვევები, როცა დეფლორაციას ცისტიტი მოჰყვება. რისი ბრალია ეს და როგორ დაიცვას თავი ქალმა?

- მედიცინაში დეფლორაციული ცისტიტი ცალკე ნოზოლოგიად გამოიყოფა. დეფლორაცია, როგორც იცით, პირველი სქესობრივი აქტის დროს საქალწულე აპკის დარღვევას ნიშნავს. საქალწულე აპკის დარღვევას მოსდევს სისხლდენა, სისხლი კი საუკეთესო გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის. თუ სქესობრივი ცხოვრება დეფლორაციის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა (და, წესისამებრ, ასეც ხდება), საშოს შესავალსა და ურეთრის (შარდსადენის) გარეთა ხვრელთან გამრავლებული ბაქტერიები ადვილად იჭრებიან ქალის მოკლე შარდსადენში. ასე ვითარდება დეფლორაციული ცისტიტი. დეფლორაციული ცისტიტი ვლინდება დიზურიული მოვლენებით: შარდვის გახშირებით, მტკივნეული შარდვით. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად პირველი სქესობრივი აქტის შემდგომ წყვილმა 2-3 დღის განმავლობაში სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეიკავოს და ზედმიწევნით დაიცვას პირადი ჰიგიენა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დეფლორაციული ცისტიტის მკურნალობის დროს აუცილებელია ორსულობის ალბათობის დადგენა, რადგან ორსულობის შემთხვევაში მკურნალობა განსხვავებულია.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ცისტიტის მწვავე ფორმა ქრონიკულში არ გადაიზარდოს?

- ამისთვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7-8 დღე და არა 2-3 დღე, როგორც ხშირად ხდება თვითმკურნალობის შემთხვევაში. 2-3-დღიანი მკურნალობა იძლევა მხოლოდ კლინიკურ ეფექტს - აქრობს დიზურიულ მოვლენებს, მაგრამ ფაქტობრივად ადამიანი ვერ იკურნება; ანთების გამომწვევი ბაქტერიები ეგუებიან ხანმოკლე ანტიბიოტიკოთერაპიას და რეზისტენტულნი ხდებიან ანტიბიოტიკების მიმართ. მკურნალობასთან ერთად აუცილებელია, პაციენტმა უხვად მიიღოს სითხე, რათა ბაქტერიები და მათი ტოქსინები შარდის საშუალებით ბუნებრივად გამოირეცხოს ორგანიზმიდან. ცისტიტის პრევენციისთვის სასურველია თავი ავარიდოთ სხეულის, განსაკუთრებით - ქვედა კიდურების გაციებას და მკაცრად დავიცვათ პირადი ჰიგიენა.

- წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიებს შორის რომელია გავრცელებული ყველაზე მეტად და ვის ემართება?

- წინამდებარე ჯირკვლის, პროსტატის, დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის ანთება – პროსტატიტი - და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც შუახნისა და ხანში შესული მამაკაცების ხვედრია. პროსტატიტი თუ უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პკჰ) შუახნისა და ხანში შესულ მამაკაცებს შორის გვხვდება: 50-დან 65 წლამდე უკვე 30-40%-ს აღენიშნება, ხოლო ასაკთან ერთად უფრო და უფრო ხშირდება. პროსტატის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ვლინდება დიზურიული მოვლენებითა და სქესობრივი ფუნქციის სხვადასხვა დარღვევით, უმეტესად გვხვდება სქესობრივად აქტიური ასაკის მამაკაცებში. არსებობს პროსტატიტის როგორც აბაქტერიული (შეგუბებითი), ისე ბაქტერიული ფორმები. აბაქტერიული ანუ შეგუბებითი პროსტატიტის გავითარების ხელშემწყობი პირობებია გადაჭარბებული, ყოველდღიური, მრავალჯერადი სქესობრივი კავშირი, ხშირი სქესობრივი აღგზნება, რომელსაც არ მოსდევს სქესობრივი კონტაქტი, შორისისა და ქვედა კიდურების გაციება, ჯდომითი, ადინამიური ცხოვრების წესი და სხვა. შეგუბებითი პროსტატიტი ბაქტერიული პროსტატიტის წინაპირობას წარმოადგენს, რადგან პროსტატის შეგუბებული სეკრეტი ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი ნიადაგია. ბაქტერიების შეჭრა უმთავრესად ხდება სქესობრივი გზით შარდსადინარ მილში მოხვედრილი მიკროფლორის სახით. პროსტატიტები უმეტესად ქრონიკულ ფორმას იღებს. მათი პროფილაქტიკა გულისხმობს სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებას, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისთვის თავის არიდებას, გადაჭარბებული სმისა და სხვა მავნე ჩვევებისგან თავშეკავებას, ცხოვრების აქტიურ წესს, ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტს.