შარდის შეუკავებლობა მამაკაცებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის შეუკავებლობა მამაკაცებში

- მამაკაცებში შარდის შეუკავებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფში შევა ჭეშმარიტად უროლოგიური პრობლემები, ხოლო მეორეში - ნევროლოგიური. უროლოგიურ პრობლემებს შორის გავრცელებით პირველი ადგილი უკავია პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, მკითხველისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა - პროსტატის ადენომას. გარდა ამისა, შარდის შეუკავებლობას იწვევს პროსტატის კიბო, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზი, შარდსადენი მილის შევიწროება და სხვა. არსებობს აგრეთვე ნევროლოგიური დაავადებები, რომელებიც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის განვითარების მიზეზად იქცევა.

- რატომ ვითარდება შარდის შეუკავებლობა პროსტატის ადენომის დროს?

- ამ დაავადების დროს ხდება პროსტატის ქსოვილის ჰიპერპლაზია - ჭარბი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილის ზრდა კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუ მან დიდ ზომას მიაღწია, ინფრავეზიკულურ ობსტრუქციას გამოიწვევს. ინფრავეზიკულური ობსტრუქცია საშარდე გზების დახშობაა, რის შედეგადაც ბრკოლდება შარდის დინება შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენ მილში. შარდის დინების შეფერხებისას თავდაპირველად იზრდება შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი შრე, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს - გაზრდილი კუნთოვანი შრის დახმარებით შარდის ბუშტი უფრო ძლიერად იკუმშება, რის შედეგადაც შარდის ნაკადი ახერხებს დაბრკოლების გადალახვას. მაგრამ შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის მოცულობის ზრდის პარალელურად საგრძნობლად მცირდება ამ მიდამოში ჟანგბადის მიწოდება. ეს იწვევს ცალკეული უბნების იშემიას (ჟანგბადოვან შიმშილს), რასაც მოჰყვება უკონტროლო შეკუმშვები და შარდის უნებლიე დაღვრა. შარდის ბუშტის უკონტროლო შეკუმშვები ახასიათებს ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. როდესაც პროსტატის ადენომა იწვევს ნარჩენი შარდის მკვეთრ მომატებას (შარდის ბუშტი სრულყოფილად ვერ იცლება - მასში რჩება დასაშვებზე მეტი ოდენობის შარდი) და შარდის ქრონიკულ შეკავებას, ვითარდება შარდის შეუკავებლობის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ექიმები პარადოქსულ იშურიას ანუ პარადოქსულ შარდის შეუკავებლობას ვუწოდებთ. პარადოქსული იშურიის დროს შარდის ბუშტი ისეა გადავსებული, რომ გამხდარ მამაკაცებში ბოქვენზედა მიდამოში ხელითაც კი ისინჯება მოცულობითი წარმონაქმნის სახით. მეტიც - მუცლის ქვედა არეში მას თვალითაც კი შეამჩნევთ. გადავსებული შარდის ბუშტის ტევადობა ხშირად ლიტრს აღემატება. შარდის ბუშტში არსებული ჰიდროსტატიკური წნევა მუდმივად იწვევს შარდის რამდენიმე წვეთის გადმოსვლას, რაც შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. გარდა შარდის შეუკავებლობისა, მამაკაცი დღის განმავლობაში უჩივის ხშირ შარდვას მცირე ულუფებით, ხოლო ღამით, ძილის დროს, ყოველთვის სველდება. ამ მდგომარეობას თან ახლავს ზედა საშარდე გზების - თირკმელებისა და შარდსაწვეთების - ორმხრივი შეგუბება, სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება, რაც შესაძლოა თირკმლის უკმარისობის მიზეზადაც კი იქცეს. ასე რომ, ამ მდგომარეობის დროული მკურნალობა აუცილებელია.

- მკურნალობა გამომწვევი დაავადების - პროსტატის ადენომის მკურნალობას გულისხმობს?

- პარადოქსული იშურიის დროს პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ტროაკარული ეპიცისტოსტომია: ბოქვენის ზემოდან შარდის ბუშტში იდგმება მილი, რათა ეს ორგანო განიტვირთოს. უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც პროსტატის ადენომას თან ახლავს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, აუცილებელია მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. საქმე ის არის, რომ ასეთ დროს ხშირად მთელი ყურადღება პროსტატის ადენომაზე გადააქვთ, აკეთებენ შესაბამის ოპერაციას, მაგრამ თავდაპირველი ჩივილები უმეტესად რჩება. როგორც მოგახსენეთ, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მიზეზი შესაძლოა იყოს თავად პროსტატის ადენომა, მაგრამ აუცილებელია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაიმიჯნოს ჩივილები, ანუ შეფასდეს იმ ძირითადი ჩივილების ინტენსივობა, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, პროსტატის ადენომას და, მეორე მხრივ, ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. აუცილებლად უნდა გაანალიზდეს ამ ორი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ინტენსივობა და გამოკვლევათა შედეგები და ამის საფუძველზე შემუშავდეს ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკა.


- კერძოდ, რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატის ადენომას და რა - ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს?

- პროსტატის ადენომისთვის დამახასიათებელია: შარდის ნაკადის შესუსტება, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, დიდი რაოდენობის ნარჩენი შარდი, საშუალოზე დიდი ზომის პროსტატა, უროფლოუმეტრიით - მოშარდვის სიჩქარის დაბალი მაჩვენებლები. ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს კი ახასიათებს: შარდვის გახშირება, მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი და ხშირად - საპირფარეშომდე ვერმისწრება.

- როგორ მკურნალობენ?

- ამჟამად არსებული მედიკამენტები საგრძნობლად აუმჯობესებს როგორც პროსტატის ადენომითYგამოწვეულ ჩივილებს, ისე ჰიპერაქტიური შარდის ბუშტისთვის დამახასიათებელ შარდის შეუკავებლობას. როგორც მოგახსენეთ, სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კონკრეტული პაციენტის დეტალური გამოკვლევა და შესაბამისი სამკურნალო სქემის შერჩევა. ამისათვის საჭიროა, მამაკაცმა დროულად მიმართოს უროლოგს. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, პროსტატის ადენომის ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობა თავიდან ავიცილოთ.

- პარადოქსული იშურია მხოლოდ პროსტატის ადენომას ახასიათებს?

- პარადოქსული იშურია შეიძლება განვითარდეს პროსტატის კიბოს, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზის, შარდსადენი მილის შევიწროების შედეგადაც. შესაბამისად, შარდის შეუკავებლობა ზოგჯერ ამ დაავადებებსაც სდევს თან.

- ბატონო ალეკო, საუბრის დასაწყისში შარდის შეუკავებლობის ნევროლოგიური მიზეზები ახსენეთ. სახელდობრ, რა მიზეზებია ეს?

- ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომოკომპლექსი (მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი) თან სდევს (თუმცა არა ყოველთვის) ნევროლოგიურ დაავადებათა წყებას, მათ შორის - პარკინსონის დაავადებას, გაფანტულ სკლეროზს, ინსულტს, ზურგის ტვინის ტრავმას. გარდა ამისა, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტის დროს.

- როგორ შეიძლება ასეთ დროს პრობლემის მოგვარება?

- ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის დროს ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ინიშნება სპეციალური მედიკამენტი, რომელიც მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს ზრდის, რაც მამაკაცს საპირფარეშომდე მისწრების საშუალებას აძლევს.

- კიდევ როდის შეიძლება შეაწუხოს მამაკაცი შარდის შეუკავებლობამ?

- ზოგჯერ შარდის შეუკავებლობა უვითარდებათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ უროლოგიური ოპერაციები, კერძოდ, პროსტატის ოპერაცია ტურის მეთოდით, ადენომექტომია (პროსტატის ადენომის გამო) ან რადიკალური პროსტატექტომია (პროსტატის კიბოს გამო). თუ ოპერაციების დროს შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, შარდის შეუკავებლობა გარდაუალია.

- სად არის გამოსავალი?

- ასეთ პაციენტებს სჭირდებათ დამატებითი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც აღდგება შარდის შეკავების უნარი.