როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება

- ცისტიტი შარდის ბუშტის კედელში, უპირატესად - მის ლორწოვან გარსზე, მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული პროცესია. ეს დაავადება მედიცინის ორი დარგის - უროლოგიისა და გინეკოლოგიის - მიჯნაზე დგას. თავად ცისტიტი უროლოგიური პრობლემაა, მაგრამ მიზეზი, რომელსაც ყველაზე ხშირად მივყავართ მის განვითარებამდე - ვაგინალური მიკროფლორის დარღვევა - გინეკოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ვინაიდან ცისტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა, იგი დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

- ცისტიტი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

- განასხვავებენ მის სხვადასხვა ფორმას:

  • მიმდინარეობის მიხედვით - მწვავესა და ქრონიკულს;
  • წარმოშობის მიხედვით - პირველადსა და მეორეულს;
  • ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით - ინფექციურს, ქიმიურს, სხივურს, ალერგიულს და სხვა;
  • ლოკალიზაციისა და ანთებითი პროცესის გავრცელების მიხედვით - კეროვანს, დიფუზურს, შარდის ბუშტის ყელის ტრიგონიტს - სამკუთხედის ზონის ანთებას;
  • მორფოლოგიური ცვლილებების ხასიათის მიხედვით - კატარულს, ჰემორაგიულს, წყლულოვანს, განგრენოზულს, ინტერსტიციულს და სხვა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ პირველადი და მეორეული ცისტიტი, რადგან მათი მკურნალობა საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. გოგონებში უმეტესად პირველადი ცისტიტი გვხვდება, მაშინ როდესაც ვაჟებში უფრო მეტად მეორეული ცისტიტია გავრცელებული.

- რა განსხვავებაა ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს შორის?

- მწვავე ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. გაურთულებელი ცისტიტის დროს ზიანდება მხოლოდ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი მიკროორგანიზმების უფრო ღრმად გავრცელების გარეშე. ქრონიკული ცისტიტი, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, არ არსებობს. ის უმეტესად მეორეულია - როგორც გართულება, დაერთვის საშარდე სისტემაში უკვე არსებულ დაავადებებს: ქრონიკულ პიელონეფრიტს, შარდკენჭოვან დაავადებას, პროსტატის ადენომას, დივერტიკულს, შარდის ბუშტის კიბოს და სხვებს.

- რა კლინიკური ნიშნებით შეიძლება იჩინოს თავი ცისტიტმა?

- შარდის ბუშტის ანთება, პირველ რიგში, შარდვის გახშირებით გამოიხატება. ამ დროს შარდვის სიხშირე არ შეესაბამება გამოყოფილი შარდის ოდენობას. ხშირად უჩივიან ტკივილს შარდვის დასასრულს. ზოგჯერ შარდში სისხლი ჩნდება. მწვავე ცისტიტის დროს იმატებს ტემპერატურა, მუცლის ქვედა არეში ტკივილი აღმოცენდება. თუ განვითარდა ცისტიტის ყელის ფორმა, შეინიშნება შარდის შეუკავებლობის ეპიზოდებიც. მწვავე ცისტიტი მოულოდნელად იწყება ორგანიზმის გადაცივებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით უფრო ხშირია მოშარდვის სურვილი და ინტენსიურია ტკივილი. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი ყოველ 20-30 წუთში შარდავს. მწვავე ცისტიტის დროს ტკივილი ბოქვენზედა არეში მოშარდვის აქტისგან დამოუკიდებლად ჩნდება, პალპაციისას შარდის ბუშტის საპროექციო არე მკვეთრად მტკივნეულია. შეშუპებული ლორწოვანი გარსიდან მომდინარე მუდმივი ტკივილის იმპულსები იწვევს დეტრუზორის (შარდის ბუშტის კუნთების) შეკუმშვას და ბუშტშიგა წნევის მატებას, ამიტომ ცოტაოდენი შარდის დაგროვებაც კი იწვევს მოშარდვის დაუძლეველ სურვილს. ვაჟებში ხშირად გვხვდება შარდის მწვავე შეკავება, რომელიც განპირობებულია შარდის გავლით ანთებითი შარდის ბუშტის ყელთან. ამ დროს ტკივილები შეიძლება გადაეცეს შორისის არის, უკანა ტანისა და ასოს თავისკენ. ქრონიკული ცისტიტის დროს კლინიკური სიმპტომები ისეთივეა, როგორიც მწვავე ცისტიტის დროს, ოღონდ ნაკლებად მკვეთრი.

- ცნობილია, რომ ცისტიტი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს...

- სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ყოველ ათას ქალზე აღირიცხება მწვავე ცისტიტის 500-700 შემთხვევა წელიწადში, 1000 მამაკაცზე კი მისი სიხშირე არ აღემატება 6-8 ეპიზოდს. გოგონებში ცისტიტი 3-4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე იმავე ასაკის ვაჟებში. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ეს დაავადება 4-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებს.


- რისი ბრალია ასეთი განსხვავება?

- ბრალი მიუძღვის ქალების შარდსასქესო სისტემის აგებულების ანატომიურ-ტოპოგრაფიულ თავისებურებას: მოკლე შარდსადინარს, საშოსა და ანუსის სიახლოვეს შარდსადინარის გარეთა ხვრელთან. ეს თავისებურება ქმნის საუცხოო პირობებს საშოსა და ანუსის მიდამოში არსებული პათოგენური მიკროფლორის ურეთრისა და შარდის ბუშტისკენ გასავრცელებლად. მამაკაცებში შარდის ბუშტის ინფიცირება შეიძლება მოხდეს პროსტატაში, სათესლე ბუშტუკებში, სათესლე ჯირკვლის დანამატსა და შარდსადინარში არსებული ანთების კერებიდან.

- რომელი მიკროორგანიზმები იწვევს ცისტიტს?

- უმთავრესად - ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, პროტეუსი, სტრეპტოკოკი. გარდა ბაქტერიებისა, ცისტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკოპლაზმა, ვირუსები, ქლამიდია, ტრიქომონა და ჩანდიდა-ს ჯგუფის სოკო. ეს გამომწვევები შარდის ბუშტში სხვადასხვა გზით ხვდება. განასხვავებენ:

  • აღმავალ (შარდსადინარის ხვრელიდან),
  • დაღმავალ (თირკმელებიდან),
  • ლიმფოგენურ (მეზობელი ორგანოებიდან),
  • ჰემატოგენურ (დაშორებული ორგანოებიდან),
  • უშუალო (პირდაპირ) გზებს.

ყველაზე აქტუალურია ინფექციის განვითარების აღმავალი გზა.

- როგორ სვამენ შარდის ბუშტის ანთების დიაგნოზს?

- ანტიბაქტერიული მკურნალობისას მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება და ტიპური კლინიკური სურათი საშუალებას გვაძლევს, მწვავე ცისტიტის დიაგნოზი დავსვათ. იმ შემთხვევაში, როდესაც ცისტიტი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, დაავადება ხანგრძლივდება და იღებს ქრონიკულ ხასიათს, აუცილებელია დიფერენცირება სხვა დაავადებებისგან, მათ შორის - ტუბერკულოზისგან, უბრალო წყლულისგან, შისტოსომოზისგან, შარდის ბუშტის კიბოსგან, პროსტატის კიბოსგან. ქრონიკული ცისტიტის დიაგნოზი ეფუძნება:

  • ანამნეზურ მონაცემებს;
  • სიმპტომებს;
  • შარდის მაკროსკოპიულ და მიკროსკოპიულ გამოკვლევას;
  • ბაქტერიოლოგიურ მონაცემებს;
  • ცისტოსკოპიურ გამოკვლევას;
  • ქვედა საშარდე გზების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას.

სისხლის საერთო ანალიზი ავლენს უმნიშვნელო ლეიკოციტოზს, შარდის საერთო ანალიზი - ჭეშმარიტ ბაქტერიურიას, ლეიკოციტურიას, ზოგჯერ - ერითროციტურიას, პროტეინურიასა და ეპითელური უჯრედების მომატებას. ულტრაბგერითი გამოკვლევა თვალსაჩინოს ხდის შარდის ბუშტის კედლების გასქელებას, შიგთავსის არაჰომოგენურობას, ცისტოსკოპია - ლორწოვანის ჰიპერემიასა და შეშუპებას. ქალებში დიაგნოსტიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოს გამოკვლევა. გეგმურ გამოკვლევათა ნუსხაში უნდა შედიოდეს სქესობრივი ინფექციებისა და საშოს მიკროფლორის კვლევა.

- როგორ იღებენ შარდს ანალიზისთვის?

- ანალიზისთვის შარდის აღება უნდა მოხდეს საფუძვლიანი ჰიგიენური ტუალეტის შემდეგ. გამოსაკვლევად იღებენ შარდის ნაკადის შუა ულუფას. სასურველია, ეს იყოს დილის შარდი.

- ამბობენ, რომ ცისტიტი ახალგათხოვილ ქალთა ხვედრია. მართალია თუ არა ეს?

- დიახ, მართალია. დაავადების ამგვარ შემთხვევებს „თაფლობის თვის ცისტიტს~ უწოდებენ.  ტერმინი გულისხმობს ცისტიტის სიმპტომების გაჩენას დეფლორაციის შემდგომ. ეს ასე ხდება: სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ზოგიერთ ქალიშვილს ერღვევა საშოს მიკროფლორა; პირველი სქესობრივი აქტის დროს საშოს მიკროფლორა დიდი რაოდენობით ხვდება შარდსადინარსა და შარდის ბუშტში, მათი კედლები კი მზად არ არის ასეთი შეტევისთვის და იწყება ანთებითი პროცესი.


- აქვს თუ არა ცისტიტის განვითარებას კავშირი ორსულობასთან და რატომ?

- ორსულობა რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში ჰორმონული და ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. ამ დროს სუსტდება იმუნური სისტემა და ქალი გაცილებით უმწეო ხდება ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის - ცისტიტის წინააღმდეგაც.ორსულობის ადრეულ სტადიებზე ცისტიტის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თვით დაავადების მკურნალობისთვის, ისე ორსულობის ნორმალური წარმართვისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად. კლინიკური გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ორსულობისას ირღვევა შარდის გამოყოფა, რამაც შესაძლოა ცისტიტის პროვოცირება მოახიდნოს. ცისტიტი შეიძლება განვითარდეს როგორც მშობიარობის პერიოდში, ისე მის შემდეგაც. ორსულობის პერიოდში ცისტიტის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა. არაფრით არ შეიძლება მედიკამენტების უკონტროლო მიღება - ამან შესაძლოა ავნოს ორსულობის პროცესს.

- როგორ მკურნალობენ ცისტიტს?

- მწვავე ცისტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი საკვები. საჭიროა დიდი ოდენობით სითხის (მინერალური წყლის, წვენების) მიღება, დაახლოებით 2 ლიტრისა დღე-ღამეში. შვების მომგვრელია სათბურის დადება შარდის ბუშტის საპროექციო არეში და ცხელი აბაზანები. ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად აშკარა უკეთესობა შესამჩნევი ხდება 3-4 დღის შემდეგ, მაგრამ რეციდივის თავიდან ასაცილებლად ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა 2-3 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. მწვავე ცისტიტის დროს სამკურნალო საშუალებების ინსტალაცია შარდის ბუშტში უკუნაჩვენებია. ქრონიკული ცისტიტის დროს, რომელიც უმეტესად მეორეულია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი მიზეზის აღმოფხვრას. ეს შეიძლება იყოს შარდის ბუშტის კენჭი, დივერტიკული, პროსტატის ადენომა, შარდსადინარის შევიწროება. ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად: ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებებით, ვიტამინებით, იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით და სხვა პრეპარატებით, რომლებიც ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. თუ ქრონიკული ცისტიტი გართულებულია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსით, ბუშტის ყელის სკლეროზით, შარდსადინარის დისტალური ნაწილის სტენოზით და სხვა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ოპერაციულ მეთოდს.

- რა უშლის ხელს ცისტიტის მკურნალობას?

- ცისტიტის მკურნალობას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს. უმეტესად ეს ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა, რაც უფრო მეტად ართულებს მკურნალობას. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია თვითმკურნალობა და სპეციალისტთან დაგვიანებული მისვლა. არასწორად შერჩეული პრეპარატი უეფექტოა და ხელს უწყობს პროცესის გავრცელებას და გაქრონიკულებას, ასევე - ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი შტამების წარმოქმნას. სადღეისოდ ცისტიტი, გამოწვეული რომელიმე ერთი გამომწვევით, ანუ მონოინფექციით, პრაქტიკულად აღარ გვხვდება. როდესაც ასეთ პაციენტებს მკურნალობენ ბაქტერიოლოგიური და ლაბორატორიული კონტროლის გარეშე, უსისტემო ანტიბიოტიკოთერაპიით, შედეგი სავალალოა. ბოლო ხანს გამოჩნდა სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, რომ უროგენიტალიური ინფექციების ატიპური გამომწვევები დიდ როლს ასრულებენ ცისტიტის განვითარებაში. მიიჩნევენ, რომ ქრონიკული უროგენიტალიური ინფექციები ხელს უწყობენ რეზისტენტობას, ადგილობრივი ფაქტორების დეკომპენსაციას და იმუნური სისტემის დაქვეითებას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ნათლად მეტყველებს იმაზე, რამდენად სერიოზული პრობლემაა ცისტიტი და რაოდენ რთულია მისი მკურნალობა.

- საჭიროა თუ არა ბაქტერიოგრამის გაკეთება ცისტიტის მკურნალობისთვის?

- ცისტიტის მკურნალობა შედეგიანი რომ იყოს, აუცილებელია ინფექციის გამომწვევი მიკრობის ვერიფიცირება, ეს კი შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ხდება. უფრო მეტიც: თუ მოხერხდა, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისთვის უმჯობესია ჩატარდეს 2-3-ჯერადი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

- შესაძლებელია თუ არა ცისტიტის პროფილაქტიკა? რას ურჩევთ მკითხველებს ამ დაავადების პრევენციისთვის?

- ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ ელემენტარული წესების დაცვას, რომლებიც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის სწორ ფუნქციობას, აგრეთვე - იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და განმეორებას. დასასრულ, მოგცემთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:

  • მოერიდეთ სხეულის გადაცივებას;
  • მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ ორგანიზმის იმუნიტეტი;
  • განუწყვეტლივ იზრუნეთ პირად და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაზე;
  • ეცადეთ, დროულად და სრულად დაიცალოთ შარდის ბუშტი. ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას;
  • დაიცალეთ შარდის ბუშტი სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ. სქესობრივი აქტის შემდეგ შარდის გამოყოფა გამორეცხავს შარდსადინარ გზებში მოხვედრილ მიკრობებს;
  • იკვებეთ სწორად;
  • ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას;
  • ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს, რომელიც ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას;
  • ნუ ჩაიცვამთ სინთეზური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ამ რეკომენდაციების დაცვა სწორად შერჩეულ მკურნალობასთან ერთად საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ცისტიტის რეციდივი.