შარდკენჭოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდკენჭოვანი დაავადება

ასიდან 75 შემთხვევაში კალციუმოქსალატური ქვები გვხვდება, ამონიუმ-მაგნიუმ-ფოსფატური - 15%-ში, შარდმჟავა ქვების წილი 8%-ს შეადგენს, ხოლო ცისტინური წარმოშობის ქვები ყველაზე იშვიათია და  მათი წილი 1%-ს არ აღეEმატება. შარდკენჭოვანი დაავადება გვხვდება ყველა ასაკში, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას.

მიზეზები

შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი მიზეზი თანდაყოლილია - ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რომელსაც მოსდევს უხსნადი მარილების წარმოქმნა. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აქვს შარდკენჭოვანი დაავადებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ თუ არ არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები, დაავადება არ ვითარდება. ეს ფაქტორებია:

  • კლიმატური ფაქტორი: ცხელი კლიმატური ზონის მკვიდრნი გაცილებით მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე საშუალო ზონისა. შედეგად ორგანიზმში იზრდება ზოგიერთი მარილის კონცენტრაცია და შესაძლოა, ქვების ჩამოყალიბება დაიწყოს.
  • გეოგრაფიული ფაქტორი: მნიშვნელოვანია წყლის შემადგენლობა (ხისტი წყალი, კალციუმის მარილების დიდი შემცველობით, უროლითიაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს), საკვები (მწარე და მჟავე საკვები შარდის მჟავიანობას ზრდის და ამ შემთხვევაში ქვები გაცილებით ადვილად წარმოიქმნება). ულტრაიისფერი სხივებისა და ვიტამინების ნაკლებობაც ქვების წარმოქმნას განაპირობებს, ისევე როგორც ტრავმები და ძვლის დაავადებები - ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი.
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება.
  • ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, რომელიც მოწამვლის ან ინფექციური დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს.
  • თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები - პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი, ცისტიტი, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და სხვა.

შარკენჭოვანი დაავადების სიმპტომები

შარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი კონკრემენტების ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. წამყვან სიმპტომებად ითვლება ტკივილი და შარდში სისხლის მინარევის არსებობა. ტკივილი იწყება წელის ან მუცლის არეში, შესაძლოა იყოს მწვავე ან ყრუ, პერიოდული ან მუდმივი. შარდსაწვეთის ქვები იწვევს ტკივილის მწვავე შეტევებს (თირკმლის კოლიკა) საზარდულის მიდამოში, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყში ირადიაციით (გადაცემით). შარდის ბუშტში არსებული ქვები შესაძლოა ბოქვენის მიდამოში ტკივილის მიზეზად იქცეს. ჰემატურია (სისხლი შარდში) შარდკენჭოვანი დაავადების მქონეთა უმეტესობას აღენიშნება. ძლიერდება სიარულის დროს. უძლიერესი ტკივილები ერთადერთი უსიამოვნება არ არის - შარდკენჭოვანი დაავადება იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. შედარებით ხშირად გვხვდება ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. შარდის გამოყოფის დარღვევის გამო ვითარდება ჰიდრონეფროზი, რომელიც მკვეთრად არღვევს თირკმლის ფუნქციას. ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა მიიჩნევა. თირკმელებში ქვების ხანგრძლივი არსებობით გამოწვეული ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება). შარდკენჭოვანი დაავადების სიმპტომი, მოშარდვის მკვეთრი, უმიზეზო მოთხოვნილება, თავს იჩენს სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, რყევის დროს. მოშარდვის დროს შეინიშნება “ჩავარდნის” სიმპტომი - მოულოდნელად შარდის ნაკადი წყდება, თუმცა ავადმყოფი გრძნობს, რომ შარდის ბუშტი სრულად არ დაცლილა. მოშარდვის პროცესი მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ განახლდება. მძიმე შემთხვევებში, როდესაც ქვა მეტისმეტად დიდია, ავადმყოფს შარდვა მხოლოდ დაწოლილს შეუძლია.

შარდის ბუშტის ქვები

ეს შედარებით გავრცელებული დაავადება უმეტესად მამაკაცებთან, ბავშვებსა და მოხუცებთან გვხვდება. შარდის ბუშტში ქვები ან თირკმელებიდან ჩამოდიის, ან მასშივე ჩნდება. მათ წარმოშობას ის ფაქტორები იწვევს, რომლებიც შარდის გამოყოფას აძნელებს, მათ შორის - პროსტატის ადენომა ან კიბო, შარდგამომყოფი არხის სტრიქტურა, შარდის ბუშტის დივერტიკული, სიმსივნე, ტრავმა, უცხო სხეული. ბავშვებთან შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას ხშირად ხელს უწყობს ფიმოზი, ბალანოპოსტიტი, გარეთა ხვრელის შევიწროება. შარდის ბუშტის ქვებს სხვადასხვა ფორმა, ზომა და წონა აქვს. შესაძლოა იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. ქიმიური შემადგენლობა, კონსისტენცია და ფერი თირკმლის კენჭების მსგავსია.


შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკა

როგორც მოგახსენეთ, შარდსაწვეთის ქვები კლინიკურად ტიპური კოლიკით ვლინდება. საშარდე გზების ზოგიერთი ქვა სიმპტომებს ყოველთვის არ იძლევა. მეტიც - შესაძლოა, შარდშიც კი არ იყოს მომატებული ოქსალატებისა თუ ფოსფატების რაოდენობა, რომელთა მიხედვითაც ექიმმა საშარდე გზებში ქვების არსებობა უნდა ივარაუდოს. ქვების 90% რენტგენოკონტრასტულია. მათი დიაგნოსტიკა საერთო ვენური პიელოგრაფიითაც შესაძლებელია. ამავე მეთოდის დახმარებით მიიღება დამატებითი ინფორმაცია საშარდე გზების ობსტრუქციის შესახებ. რეტროგრადული პიელოგრაფია, ულტრასონოგრაფია (“ექო”) და კომპიუტერული ტომოგრაფია ექიმებს დიფერენციალურ დიაგნოსტირებაში ეხმარება.

შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა

შარდსაწვეთში მცირე ზომის (5-6 მმ-ზე ნაკლები) კონკრემენტების 80%-ის გამოძევება კონსერვატიული ანუ მედიკამენტური მკურნალობითაა შესაძლებელი. დიდი ზომის ქვებისა (7-დან 20 მმ-მდე) კი - დისტანციური ლითოტრიფსიით, რომლის ეფექტიანობა ქვების ლოკალიზაციაზე, მათ ზომასა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული. შარდსაწვეთის ქვების მკურნალობის ასევე ეფექტურ მეთოდებად მიიჩნევა ურეთეროსკოპია და კონტაქტური ლითოტრიფსია. ზოგადი ნარკოზის ქვეშ შარდსაწვეთში შეჰყავთ ურეთეროსკოპი, რომლის საშუალებითაც ათვალიერებენ შიდა სივრცეს. შემდეგ პნევმატური, ულტრაბგერითი ან ლაზერული ლითოტრიპტორით კონკრემენტს ნაწილებად შლიან. მსხვილი ნაწილები სპეციალური იარაღით გამოაქვთ, დანარჩენი თავისით გამოდის. ამ ოპერაციის ეფექტიანობა 60-95%-ია. რაც უფრო მაღლაა შარდსაწვეთში ქვა, მით უფრო ნაკლებშედეგიანია კონტაქტური ურეთეროლითოტრიფსია. დისტანციური და კონტაქტური ლითოტრიფსიის დროს გამოვლენილ დიდი ზომის (2 სმ და მეტი) ქვას ლაპაროსკოპიული ოპერაციით უმკლავდებიან. ის დღესაც ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ალტერნატივად ითვლება. როცა ამა თუ იმ მიზეზით (გამოხატული ანთებითი პროცესი ან შეხორცებები საოპერაციო ადგილზე) ამ მეთოდსაც ვერ იყენებენ, მაშინ კეთდება ღია ოპერაცია - ურეთეროლითოტომია. ეს უკანასკნელი ტარდება თირკმელებში მარჯნისებრი ქვების არსებობისას. სხვათა შორის, ღია ოპერაციების დროს მორწყვითაც შესაძლებელია ქვების გახსნა. შარდმჟავასგან ჩამოყალიბებული ქვები ტუტეებით იხსნება, ზოგიერთი სხვა ტიპის ქვა კი - რენაციდინის მეშვეობით.

კვების რეკომენდაციები და პროფილაქტიკა

დიდი რაოდენობით ცხოველური ცილა (ხორცი, თევზი) კალციუმის დაკარგვას იწვევს, რომელიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ეს კი შარდში კალციუმის რაოდენობის მომატებას ნიშნავს, რაც შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამ ეფექტს ნაწილობრივ ამცირებს რაციონში ბევრი კალიუმისა და ვიტამინ B6-ის არსებობა, რომლებიც აუცილებელია მჟაუნმჟავას გასახლეჩად. თუ ქვების წარმოქნისადმი წინასწარი განწყობა გაქვთ, შეზღუდეთ ცილოვანი საკვები. მართალია, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები არ შეიცავს საჭირო შეუცვლელ ამინმჟავებს, მაგრამ სოიის ცილა ამ მხრივ გამონაკლისია. თუ ვეგეტარიანელობას გადაწყვეტთ, - შარდკენჭოვანი დაავადების ხშირმა რეციდივმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილებაც მიგაღებინოთ, - მაშინ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ შეუცვლელი ამინმჟავების შემცველი პროდუქტები. მცენარეული საკვები, უფრო სწორად, ყოველდღიურად 40-50 გრამი მცენარეული ბოჭკოვანი ნივთიერება, აქვეითებს კალციუმის ათვისების ინტენსიურობას და ხელს უშლის დაავადების განვითარებას. 2-2,5 ლიტრი სითხის რეგულარული სმა თირკმელებისა და საშარდე გზების მუდმივ “გამორეცხვას” უზრუნველყოფს. დიდი რაოდენობით ნატრიუმის მიღება (უპირველესად - სუფრის მარილის სახით) ხელს უწყობს შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას. შარდში კალციუმის მაღალმა შემცველობამ კი შესაძლოა თირკმელებში კალციუმშემცველი ქვები განავითაროს. ამიტომ ნუ დაამლაშებთ საკვებს და ნუ შეჭამთ ჩიფსებს, დამარილებულ ხორცს, თევზსა და მჟავე კომბოსტოს. ოქსალატებით მდიდარი პროდუქტები კალციუმთან შეერთებისას მყარ ნალექებს ანუ ქვებს წარმოქმნიან. შეზღუდეთ პარკოსნების, კაკაოს, ხსნადი ყავის, ოხრახუშის, რევანდის, ისპანახის, ჩაის, სტაფილოს, ჭარხლის, შოკოლადის, ქაშაყის, კიტრის, გრეიპფრუტის, კომბოსტოს, ტკბილი კარტოფილის, ბარდის, წიწაკის მიღება - ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ოქსალატებით. შაქრით მდიდარი რაციონი (ჩვეულებრივი შაქარი, სიმინდის ბადაგი, დიდი რაოდენობის ფრუქტოზის შემცველი სიროფი) ასევე ხელს უწყობს შარდში კალციუმის დონის მატებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თირკმელში ქვების განვითარებისთვის. გარდა ამისა, შაქარი ასტიმულირებს ოქსალატებისა და შარდმჟავას (კიდევ ერთი ტიპის ქვების კომპონენტი) შემცველობის მომატებას. კოფეინისა და ალკოჰოლის გავლენით სტიმულირდება შარდით კალციუმის დაკარგვის პროცესი, რაც ზრდის კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნის შესაძლებლობას. კალციუმს შარდით უხვად კარგავენ ქალები, რომლებიც ესტროგენებს იღებენ. ვინაიდან C ვიტამინს გახლეჩის დროს ორგანიზმში ოქსალატი ან მჟაუნმჟავა წარმოიქმნება, ამ ვიტამინის მაღალმა დონემაც შეიძლება კალციუმის ოქსალატის შემცველი ქვები წარმოშვას, თუმცა სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ შარდში ოქსალატების შეცველობა დიდად არ იმატებს, თუ ადამიანი დღეში 6 გრამზე მეტ C ვიტამინს არ იღებს. ამ შემთხვევაშიც რისკჯგუფში შარდკენჭოვანი დაავადებისადმი წინასწარი განწყობის მქონე ადამიანები არიან. აღსანიშნავია, რომ შარდში ოქსალატების შესამჩნევი მატებისთვის თავის არიდება ვიტამინ B6-ის მიღებითაა შესაძლებელი. დაბოლოს, აუცილებელია ისიც ითქვას, რომ საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება გამოჯანმრთელების საზომი არ არის, რადგან უმრავლეს შემთხვევაში (40-50%-მდე) ქვები ისევ წარმოიქმნება. შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა არც ოპერაციული ჩარევის შემდეგ სრულდება - აუცილებელია  გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით  საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციული მკურნალობა წყალმარილოვანი ცვლის კორექციისა და ქვების განმეორებითი წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.