თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა

მაგალითად არასტეროიდები ავიღოთ, რომელთა არასწორი მოხმარების დროს სულ ცოტა - გასტრიტი, ხოლო უარეს შემთხვევაში წყლული და კუჭიდან სისხლდენა აქვს გარანტირებული ადამიანს. ისიც არ არის უცხო, თუ როგორ ინიშნავენ ადამიანები ნაცნობ-მეგობარ-ნათესავ-მეზობლის მიერ “გამოწერილ” წნევის დამაქვეითებელ თუ არითმიის მოსაწესრიგებელ წამლებს და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა ადამიანი და დაავადება ინდივიდუალურია, და რომ ის წამალი, რომელიც მეზობელს დაუნიშნა ექიმმა და მას ძალიან წაადგა, სხვისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. არ ფიქრობენ იმაზეც, რომ არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული წამლის აფთიაქრის შემოთავაზებული სხვა “მსგავსი” ან “უფრო იაფი” წამლით შეცვლა, რადგან ექიმმა ეს წამალი თქვენი დაავადების სიმპტომების გამოკითხვის, ანალიზების შედეგების განხილვით, ინსტრუმენტული კვლევის საფუძველზე და თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეგირჩიათ.

სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო განათლება და სამედიცინო კულტურა ჯერ კიდევ ქვის ხანაშია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თითქმის არაფერი არ კეთდება. თუმცა, ჯანდაცვის მესვეურებმა სულ ახლახანს ერთი სიახლე მაინც გვამცნეს, რომელიც ზემოთ მოყვანილ პრობლემას ოდნავ მაინც გამოასწორებს და პაციენტს ექიმამდე მიიყვანს.

მოკლედ რომ ვთქვათ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ანტიბიოტიკებიც, საგულე გლიკოზიდები, ანტიჰიპერტენზიული და არითმიის საწინააღმდეგო წამლები, ვიტამინების გარკვეული ნაწილი, დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, ინექციისთვის განკუთვნილი წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ზოგიერთი სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. ზემოთ ჩამოთვლილი წამლები ეგრეთ წოდებულ მე-2 ჯგუფის მედიკამენტებში მოხვდა.

მეორე ჯგუფის გარდა არსებობს პირველი ჯგუფის მედიკამენტები, რომელშიც ძირითადად ნარკოტიკული, ძლიერმოქმედი და ზოგიერთი ის პრეპარატი შედის, რომლებზე მოთხოვნილებაც, ასე ვთქვათ, “სააფთიაქო ნარკომანების” მხრიდან საკმაოდ დიდი გახლდათ. ეს ჯგუფი “რეცეპტების რეფორმის” პირველ ეტაპზე შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, კარგი გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა, რეცეპტებმა გარკვეულწილად კი შეზღუდა, მაგრამ მაინც ვერ შეაკავა ვერც ფულის მოყვარული ვაი-ფარმაცევტები და ვერც ამ წამლების ბოროტად მომხმარებლები.

შექმნილია კიდევ ერთი, მესამე ჯგუფის პრეპარატების სიაც, რომელშიც ის მედიკამენტები და სამკურნალო საშუალებები მოხვდნენ, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქიდან. აქ ძირითადად თავმოყრილია ის პრეპარატები, რომლებიც ასე ვთქვათ, პირველი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებში თავმოყრილი პრეპარეტების სიების ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ორიოდე სიტყვით ისტორიიდან და პასუხგაუცემელი კითხვები

გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ მედიკამენტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით უნდა გაცემულიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ამ კანონის ამოქმედებამ რვა თვით დააგვიანა. ეს მიზეზი კი ის გახლდათ, რომ “ჯანდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და რეცეპტების დანერგვას ეტაპობრივად განახორციელებს”. საინტერესოა, რა მდგომარეობაზე მიგვანიშნებდნენ 8 თვის წინ და რა გამოსწორდა ამ დროის მანძილზე ქვეყანაში? საყოველთაო დაზღვევა გაფართოვდა?

დიახ, გაფართოვდა და მასთან ერთად გაფართოვდა ის რიგებიც, რომელშიც უამრავი ნერვებმოშლილი ადამიანი დგას და დიდი ხნის მანძილზე ელოდება მისთვის სახელმწიფოსგან გამეტებული დახმარების მიღებას. წამლები გაიაფდა? გაიაფდა კი არა, ზოგიერთმა აფთიაქმა, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ გამოკითხვებით პირველ ადგილს ინარჩუნებდა ყველაზე იაფი მომსახურების შეჯიბრში, წამლების ფასები სხვა აფთიაქების ფასებს გაუთანაბრა. კიდევ ერთი ფაქტიც: თითქმის ყველა სააფთიაქო ფირმამ კვირის სხვადასხვა დღეები ფასდაკლების დღეებად გამოაცხადა, თუმცა, ეს სარეკლამო სვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე წამლის რეალურ გაიაფებას. კიდევ სხვა რა გამომრჩა? ხელფასები გაგვეზარდა თუ პენსიონრებს პენსიები მოემატა ევროსტანდარტების მიხედვით? რეალურად ამორჩევითია საავადმყოფოები და ექიმები, თუ რომელსაც დაზღვევა მიგვითითებს, მხოლოდ იქ უნდა მივიღოთ სამედიცინო დახმარება? როგორ მოიქცეს სოფლის მოსახლეობა, რომლის “ოჯახის ექიმი” რაიონულ ცენტრში ზის?

ვინ მოიფიქრა, რომელ ქვეყანას მიბაძა და საიდან გადმოიტანა მავანმა ეს “რეფორმა”? მსგავსი პრეცენდენტი თუ ყოფილა როდესმე რომელიმე ქვეყანაში და გაამართლა თუ არა მან? რამდენი დღით ადრე უნდა ჩავეწეროთ ექიმთან წამალზე რეცეპტის მისაღებად? ამ დღეების გასვლის შემდეგ საერთოდ დაგვჭირდება ეს წამალი, თუ დაავადება ან თავისით გაივლის ან ბოლოს მოგვიღებს? სასწაულის იმედზე ვიყოთ ოცდამეერთე საუკუნეში თუ მომავალ საუკუნეს დაველოდოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების იმედით? ეს ახალი რეფორმა გამოიწვევს თუ არა წამლის ფასის ზრდას? ეხსნება თუ არა გზა “შავ ბაზარს”? კანონიერია თუ არა სხვადასხვა აფთიაქებიდან ჩვენს მობილურ ტელეფონებზე (ამ ტელეფონების ნომრებს საიდან იღებენ ესეც საკითხავია!) ამ დღეებში შემოსული “ესემესები” დაახლოებით შემდეგი ტექსტით: “1 სექტემბრიდან წამლები რეცეპტით გაიყიდება... და... წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი”? რას ნიშნავს ეს? ანუ უნდა გავიქცე აფთიაქში და წამლების გარკვეული მარაგი შევქმნა ოჯახში? ხომ არ არის პანიკის შექმნის მცდელობა? ეს და კიდევ სხვა უამრავი კითხვა პასუხის სასწრაფოდ გაცემას მოითხოვს.

სოციალურ ქსელებსაც გადავხედეთ, სადაც ძირითადად ამ “რეფორმის” უარყოფითი შეფასებები სჭარბობს. აი, ზოგიერთი მათგანი:

“ ... ვურჩევ ბამბაც და ბინტიც შეიტანონ სიაში”.

“დრამინა და პარაცეტამოლიო. გადავირიეეე. უცებ რომ ბავშვის გაყვანა დამჭირდეს სადმე, დრამინაზე ექიმთან უნდა ჩავეწერო??? 3-4 დღით ადრე უნდა ხოლმე ჩაწერა ადგილების უქონლობის გამო... აღფრთოვანებულები ვართ მოკლედ”.

“თბილისს რა უჭირს, იკითხოს რაიონებმა, სასწრაფო ორი საათით რომ აგვიანებს. წამალსაც ვერსად იყიდი!!! ჰოოდა ვიყოთ და ველოდოთ მიქელას ხომ?..”

“ექიმთან ვიზიტი უფასოა ადამიანებოო. რა წამლომანია დაგემართათ? საჭმელი ხომ არ არის? წაიკითხეთ ის სია და  ყველა წამალი იყიდება ურეცეპტოდ, რომელიც ექიმთან მისვლამდე გამოგიყვანთ მდგომარეობიდან” მაგრამ უბედურება ის არის რომ ექიმზე მეტად აფთიაქების თანამშრომლების გჯერათ. ინტერნეტის ფორუმზე გაგონილის და კიდევ ნაცნობ-მეგობრების. ექიმი თქვენი მტერი არ არის _ ეს გაიგეთ. და საერთოდ ჯანმრთელობაზე წამლამდე იზრუნეთ!!!”

“ჩემნაირმა რა ქნას. წამლის ფულს უბედურებით ვშოულობ და ექიმის ფული სად ვიშოვო... სიკვდილი გამომიწერეს...”

“ანუ ერთლარიანი ტკივილგამაყუჩებლის ყიდვის უფლება რომ მივიღო, 30 ლარი უნდა მივცე ექიმს? )))”

“ასაკოვანმა ადამიანებმა რა ქნან? ჩემი მშობლბი ყოველდღიურად იღებენ არითმიის და წნევის წამლებს, რომლებიც ექიმმა დაუნიშნა მუდმივად. ბავშვიანი ოჯახი შეიძლება პარაცეტამოლის და ანალგინის გარეშე? თუ ყველა თავის წამოტკივებაზე სასწრაფოს უნდა გამოვუძახოთ?”

დიახ, ტელევიზიის საშუალებით გვამშვიდებენ, რომ პანიკა არ არის საჭირო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ აფთიაქებში ისხდებიან ექიმები, რომლებიც ადგილზე გასცემენ რეცეპტებს, რომ ნელ-ნელა შევეჩვევით ახალ სიტუაციას (ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ისედაც ბევრი რამ აღარ გვიკვირს), რომ ზოგიერთი წამალი ერთი წლის ვადით გაიცემა და სხვა ამგვარი. რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ყველაფერი მოწესრიგდება და კარგად ჩაივლის, თუმცა, ჯერჯერობით ჰორიზონტზე მხოლოდ ღრუბლები ჩანს.